ქართველი ნარკოლოგები საგონებელში არიან" />

წიწვები – ახალი საფრთხე

ქართველი ნარკოლოგები საგონებელში არიან

ერთოთახიანი, სტანდარტული ბინა გარეუბანში. ოთახში სპეციფიკური სუნია – ქიმიის ლაბორატორიებში რომ არის, ისეთი.

ბინის პატრონი 46 წლის დავითია. აქ თავის სტუდენტ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ის ნარკოდამოკიდებულია. ახლა ოთახში მოუსვენრად სცემს ბოლთას და შემაწუხებელ ჰალუცინაციებზე ემოციურად გვიყვება.

‘პირველად ნარკოტიკი აფხაზეთის ომის დროს გავსინჯე. მაშინ ჩემს თაობაში თითქმის ყველა ან ლოთი გახდა ან ნარკომანი,’ – იხსენებს ის და ფანჯრაში იყურება, სადაც სევდიანად ერთნაირი, ნაცრისფერი კორპუსების წყება მოჩანს.
დავითი უმუშევარია. სახლიდან მხოლოდ ერთი მიზეზით გადის – პატარა მაღლობისკენ გაისეირნოს, სადაც რამდენიმე მარადმწვანე ბუჩქი იზრდება. იქ დავითი წიწვებს აგროვებს და შემდეგ ე.წ. ‘ეფედრას ვინტს’ ამზადებს.

ამ ხსნარს ნარკოთრობის ეფექტი აქვს და მან უკვე მიიქცია ქართველი სპეციალისტების ყურადღება. 



ზიანის შემცირების სფეროში მომუშავე სპეციალისტები განგაშის ზარს სცემენ – ‘წიწვების ხსნარის’ პოპულარობა, მისი ხელმისაწვდომობისა და სიიაფის გამო, თანდათან იზრდება.

მცენარე, რომელსაც ქართულ მედიცინაში ცხენისმუხლას სახელითაც იცნობენ, ალკოილოიდ ეფედრინს შეიცავს. ამ წიწვოვანი ბუჩქის სხვადასხვა სახეობა აზიაში, აფრიკასა და ამერიკაშია გავრცელებული. კავკასიაში მისი ოთხი სახეობაა წარმოდგენილი, აქედან ორი საქართველოშიც ხარობს. ნარკომომხმარებლები მცენარეს თრობის მისაღებად სხვადასხვა კომბინაციით იყენებენ.

დავითმა წიწვებისგან ნარკოტიკი პირველად ორი წლის წინათ დაამზადა. თუმცა, თბილისში ‘წიწვების’ ნამდვილი ბუმი რამდენიმე თვის წინათ აგორდა – მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ მცენარე დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ველურად იზრდება. 
 
უმეტესად მას კუსტარული ნარკოტიკის ‘ვინტის’ მოყვარულები ეტანებიან, რადგან მისი ხანგრძლივი ეიფორია (და მიღებული ზიანიც) ‘ვინტის’ მოქმედებას ჰგავს.

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გლობალური ფონდის მეთადონის ჩანაცვლების თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელის, ნარკოლოგ ხათუნა თოდაძეს თქმით, ეფედრას ადიქტიური პოტენციალი მაღალია, ხოლო მაღალი ტოქსიკურობით გამორჩეული ყველა კუსტარული ნარკოტიკი კიდევ უფრო მავნე ხდება, როცა მას ქიმიური ნივთიერების დამატება სჭირდება.

ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია ამბობს, რომ პრობლემა სერიოზულია, რადგან მის კერძო კლინიკას უკვე რამდენიმე პაციანტმა მიმართა, რომელთა ჯანმრთელობა ‘წიწვების ხსნარმა’ შეარყია.

ვადაჭკორიას თქმით, ადიქტიური პოტენციალის გასაძლიერებლად ნარკოტიკების მომხმარებლები ეფედრას ხშირად ამატებენ საძილე აბებს, ბენზინს და სხვა მავნე ნივთიერებებს, მოიხმარენ სუბოქსონთან და მეთადონთან ერთად, რაც ზიანს კიდევ უფრო ზრდის.

‘ამ ხსნარის დასამზადებლად რამდენიმე საათი მჭირდება. აქ მარტო წიწვები არ არის, კიდევ ბევრ რამეს ვამატებ. ეს პროცესი კონცენტრაციას მოითხოვს. არასდროს არ ვხარშავ, როდესაც სახლში ჩემი შვილია. მძაფრი სუნი დგება და მერე ბინას ვანიავებ,’ – ამბობს დავითი.

‘წიწვოვან ხსნარი’ ანუ ‘ეფედრას ვინტი’ სწრაფ ფიზიკურ-ფსიქიკურ დამოკიდებულებას და შეუქცევად სამედიცინო პრობლემებს იწვევს: ორგანიზმის გამოფიტვას, აბსცესებს, სეფსისს, გულის მწვავე უკმარისობას, კანის და სისხლძარღვთა სისტემის ანთებებს, ფსიქოზს, დეპრესიას… ნარკოლოგების საერთო აზრით, მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ ნარკოტიკის მომხმარებელთა შორის ხშირია სუიციდის მცდელობები.

‘ზოგჯერ კედლებს ველაპარაკები, ჰალუცინაციები მაქვს და კრუნჩხვები მტანჯავს. არ მინდა ამ ყველაფერს შვილი ხედავდეს,’ – დავითი გაჩერებულ კედლის საათზე ჩამორჩენილ ისრებს ასწორებს. აკანკალებულ ხელებს ძნელად იმორჩილებს.

დროდადრო დავითთან სოციალური მუშაკები მიდიან და, ზიანის შემცირების პროგრამაში ჩართვით, სამედიცინო დახმარებასაც სთავაზობენ.

ერთ-ერთი სოციალური მუშაკი, გიორგი მჭედლიშვილი ნარკოტიკების მომხმარებლებთან მომუშავე ორგანიზაცია ‘ახალი ვექტორის’ თანამშრომელია. დავითის გარდა, ის წიწვების მომხმარებელ სხვა ბენეფიციარებსაც მრავლად იცნობს და ზედოზირების შემთხვევების მომსწრეც ყოფილა.

‘წიწვების გამოყენების ტექნოლოგია სწრაფად იხვეწება და ისეთ მასშტაბს აღწევს, რომ საზოგადოების სასწრაფო ინფორმირებას საჭიროებს. ამ ნარკოტიკის ბუნება ჯერ კიდევ შეუსწავლელია, რაც კიდევ უფრო ზრდის მისი მოხმარების რისკებს. ის სტიმულატორია, რომლის გავლენით, ადამიანს შეუძლია დღეების განმავლობაში არ ჭამოს და იძინოს. ეს კი ბოლომდე ფიტავს ორგანიზმს.’

‘ახალი ვექტორის’ მსგავსი სხვადასხვა სათემო ორგანიზაციის წარმომადგენელთა გამოკითხვის შედეგად ვადგენთ, რომ სულ რამდენიმე თვეა, წიწვოვანმა ნარკოტიკმა გზა საქართველოს რეგიონებშიც გაიკვალა.

იმერეთში წიწვები თბილისიდან ნედლი სახით ჩააქვთ, კახეთსა და სამეგრელოში კი ის ‘ახალი ხილია’. სათემო ორგანიზაციების მუშაკები ამბობენ, რომ კატასტროფული მდგომარეობაა გორსა და რუსთავში, სადაც, კლიმატური პირობების ხელშეწყობით, ეს მცენარე ისევე წარმატებით ხარობს, როგორც დედაქალაქის მიდამოებში.

‘კარგია, რომ მისი ხელოვნურად გაშენება შეუძლებელია, წიწვოვანის გახარებას ხომ მრავალი წელი სჭირდება,’ – ამბობს რუსთავის ‘ახალი ვექტორის’ ფილიალის კოორდინატორი ლაშა აბესაძე.

ვიდრე ზიანის შემცირების სფეროს სპეციალისტები იმაზე მსჯელობენ, თუ როგორ მოიზიდონ თანხა ‘წიწვების’ ტოქსიკურობის შესასწავლად ლაბორატორიის პირობებში, სახელმწიფო სტრუქტურები თავნება მცენარის წინაშე ღონისძიებებს ვერ გეგმავენ – პოლიციას უფლება არ აქვს, მოქალაქე წიწვებით ხელში დააკავოს.

ნარკოვითარებასთან დაკავშირებულ შსს-ს ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანხმად, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების რიცხვი საქართველოში 49700-ს შეადგენს.

საქართველოში სხვადასხვა ნივთიერებით გამოწვეული აბსტინენციის სინდრომის მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯზე მხოლოდ დეტოქსიკაციის ორკვირიანი, უმეტეს შემთხვევაში უეფექტო, კურსით ხდება; ევროპაში კი ამავე ტიპის მკურნალობა და რეაბილიტაცია, სულ მცირე, ნახევარ წელიწადს მაინც გრძელდება.

დავითს ნაკლებად აინტერესებს, სად არის მისი ადგილი პრობლემური ნარკოტიკების მომხმარებელთა რუკაზე. ის მხოლოდ ხვალინდელ დოზაზე ფიქრობს, რადგან ‘წიწვების’ აბსტინენციის (‘ლომკა’) ეშინია.

‘არასდროა არაფერი დამიშავებია. კარჩეკიტილად ვცხოვრობ. ბევრჯერ ვცადე ამ სიბინძურის გადაგდება, მაგრამ ვერ შევძელი. არ მინდა ჩემსავით სხვებიც განწირულნი იყვნენ ქვეყანაში, სადაც ჩემნაირ ადამიანებს მხოლოდ ციხით კურნავენ,’ – ამბობს ის.

გამოქვეყნდა:21.04.2016


ასევე წაიკითხეთ