უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას პოლიტიკურ საკითხებზე" />

კონფლიქტი უკრაინაში: ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეების გაცვლა. რაზე შეთანხმდა ოთხი ქვეყნის მეთაური

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას პოლიტიკურ საკითხებზე

ცეცხლის სრული შეწყვეტა და ტყვეების გაცვლა წლის ბოლომდე “ყველა ყველაზე” პრინციპით – ეს არის აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით პარიზში გამართული მოლაპარაკებების ძირითადი შედეგები, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის მონაწილეობით. შეხვედრები მრავალი საათის განმავლობაში გაგრძელდა და 9 დეკემბერს გვიან ღამით დასრულდა.

REUTERS/Charles Platiau

უკრაინული ტელეკომპანია ჰრომადსკოეს ცნობით, “ნორმანდიის ფორმატში” მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ დოკუმენტში ასევე გათვალისწინებულია ჯარების დაშორიშორების ახალი ზონები, გამყოფ ხაზზე ახალი საგუშაგოების შექმნა, ასევე კონფლიქტის ზონაში ეუთო-ს დამკვირვებლებისთვის სრული წვდომის უზრუნველყოფა.

რაც შეეხება შეთანხმებების პოლიტიკურ ნაწილს, დოკუმენტში აღინიშნა, რომ აუცილებელია უკრაინის კანონმდებლობაში ე.წ. “შტაინმაიერის ფორმულის” გათვალისწინება, რომელმაც უკრაინაში ბევრი წინააღმდეგობა გამოიწვია.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ხაზი გაუსვა ”ფორმულის” მნიშვნელობას, მან ამ წინადადებაზე უკრაინის თანხმობას ”დიდი გარღვევა” უწოდა.

სახელმწიფოების მეთაურები შეთანხმდნენ, რომ ოთხი თვის შემდეგ კიდევ ერთხელ შეხვდებიან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

რაზე ვერ შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს “სრულიად განსხვავებული ხედვა”აქვთ  უკრაინა-რუსეთს საზღვრის უკონტროლო მონაკვეთის კიევის კონტროლის ქვეშ გადასვლის შესახებ. კერძოდ, კიევი დაჟინებით მოითხოვს საზღვრის გადმობარებას  უკონტროლო რეგიონებში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე.

ვლადიმირ პუტინმა ასევე დაადასტურა, რომ იგი და ზელენსკი ამ ამ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

”ჩვენთვის გასაგები და მარტივია: ჩვენ მხარს ვუჭერთ მინსკის შეთანხმებებს. აიღეთ და წაიკითხეთ იქ რაც წერია. ნათქვამია: უკრაინა არჩევნების მეორე დღესვე იწყებს კონტროლის დამყარებას საზღვრის ამ მონაკვეთზე. და საბოლოოდ ეს პროცესი  ყველა პოლიტიკური პროცედურის დასრულების შემდეგ მთავრდება. ხელახლა რატომ უნდა გადავწეროთ მინსკის შეთანხმება? ”– თქვა პუტინმა.

კიევისა და მოსკოვის პოზიციები უკონტროლო ტერიტორიების სპეციალურ სტატუსთან და უკრაინაში საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით განსხვავებულია.

”მე მინდა ხაზი გავუსვა მთელ რიგ პრინციპებს, რასაც მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, არასდროს დავარღვევ და რასაც უკრაინელი ხალხი არ დათანხმდება. ეს არის ის, რომ ფედერალიზაცია შეუძლებელია – უკრაინა არის უნიტარული სახელმწიფო, ეს არის კონსტიტუციის უცვლელი მუხლი და სახელმწიფოს არსებობის ურყევი პრინციპი, ”– თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ არავის აქვს უფლება გავლენა მოახდინოს უკრაინის პოლიტიკურ არჩევანზე.

”უკრაინა არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო, მის განვითარების ვექტორს ირჩევს მხოლოდ უკრაინელი ხალხი”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მესამე “წითელ ხაზად” ზელენსკიმ დაასახელა კომპრომისების შეუძლებლობა ტერიტორიების დათმობის გზით. ”ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თითოეული უკრაინელისთვის დონბასი და ყირიმი უკრაინაა”, – დასძინა ზელენსკიმ.

რა არის ნორმანდიის ფორმატი?

“ნორმანდიის ოთხეული” – ეს სახელი მოლაპარაკებებს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად პირველი შეხვედრის ადგილის წყალობით მიენიჭა. უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი პირველად საფრანგეთში 2014 წლის ივნისში, მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში მოკავშირეების დესანტის გადმოსხმის თარიღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე შეხვდნენ.

სწორედ “ნორმანდიის ფორმატში” – უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მონაწილეობით, 2015 წლის თებერვალში მიღწეული იქნა ე. წ. მინსკის შეთანხმება უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

დოკუმენტი ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას, მხარეთა დაშორიშორებას და კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების დაწყებას ერთიანი უკრაინის ფარგლებში.

თუმცა, შეთანხმების მიუხედავად, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა. საერთაშორისო თანამეგობრობა ხელშეკრულებების დარღვევაში რუსეთს ადანაშაულებს, შესაბამისად, მოსკოვის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები მოქმედებს.

სახელმწიფოების მეთაურთა ბოლო შეხვედრა “ნორმანდიის ფორმატის” ფარგლებში 2016 წლის სექტემბერში შედგა.

ტყვეთა გაცვლა და “შტაინმაიერის ფორმულა”ნაბიჯები მოლაპარაკებების განახლებისკენ

პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, ყოფილა კომიკოსმა მსახიობმა, რომელმაც გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში 2019 წლის აპრილში, დონბასში მშვიდობის დამყარება ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა.

2019 წლის სექტემბერში უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლა მოხდა. თითოეული მხრიდან მხარეებმა 35 ადამიანი გაცვალეს.

გათავისუფლებულ უკრაინელებს შორის იყო 24 მეზღვაური, რომლებიც 2018 წლის ნოემბერში, ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებთან შეტაკების დროს დააკავეს, ასევე რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელიც 2014 წლიდან მოსკოვში ციხეში იმყოფებოდა.

ამავე დროს, ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ უკრაინამ, თავის მხრივ, მოსკოვს 2014 წლის მალაიზიური ბოინგის კატასტროფის მთავარი მოწმე ვლადიმერ ცემახი გადასცა.

• რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

2019 წლის ოქტომბერში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა თანახმაა ეგრეთ წოდებულ “შტაინმაიერის ფორმულაზე” – გერმანიის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული მინსკის შეთანხმებების შესრულების გეგმაზე.

კერძოდ, კიევი დათანხმდა სპეციალური სტატუსის მინიჭებას ქვეყნის აღმოსავლეთით უკონტროლო ტერიტორიებისთვის, თუ იქ სამართლიანი არჩევნები გაიმართება.

ეს გადაწყვეტილება უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა მოიწონეს, მაგრამ უკრაინულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

მოგვიანებით ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც უკრაინა რუსეთთან საზღვრის კონტროლს დაიბრუნებს.

ამავე დროს, სწორედ შტაინმაიერის ფორმულაზე თანხმობა იყო რუსეთის მთავარი პირობა ნორმანდიის ფორმატით მოლაპარაკებების განახლებისათვის.

უკრაინული საზოგადოება ასევე აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლებას ფრონტის გარკვეულ სექტორებში ჯარების გაყვანის და “პოზიციების დათმობის” გამო.

• კაპიტულაცია თუ დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა? რას დათანხმდა უკრაინა

რას აპროტესტებს ოპოზიცია

8 დეკემბრის საღამოს, “კაპიტულაციისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის” მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისთან კიევში კარვებისა და სცენის მოწყობა დაიწყეს და ე.წ “წლის მორიგეობის” დაწყება გამოაცხადეს.

REUTERS/Valentyn Ogirenko 

უკრაინული ტელეკომპანიის ჰრომადსკოეს ცნობით, აქციის მონაწილეების მიზანია პრეზიდენტი ზელენსკის “ეროვნული ინტერესები არ დაათმობინონ”.

8 დეკემბრის დღის მეორე ნახევარში, კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე მრავალათასიანი აქცია “წითელი ხაზები ზელენსკისთვის” გაიმართა.

ხალხს შეკრებისკენ უკრაინულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მოუწოდეს – პარტია “გოლოსმა”, ”ევროპულმა სოლიდარობამ” (ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ხელმძღვანელობით) და “ბატკივშჩინამ”.

მომიტინგეების მოთხოვნებს შორისაა:

  • არავითარი კომპრომისები უნიტარულ სახელმწიფოსთან დაკავშირებით და არანაირი ფედერალიზაცია.
  • არავითარი კომპრომისი ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით.
  • არ ჩატარდეს არჩევნები დონბასის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და დეოკუპაციის პირობების შესრულებამდე, ანუ რუსული ჯარების გაყვანამდე და სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის დამყარებამდე.

მოლოდინები

არც ოფიციალური პირები და არც ექსპერტები შეხვედრისგან რაიმე გარღვევას არ ელოდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი, მათ შორის ნორმანდიის ფორმატით, ევროპის ინტერესებშია.

”ომი არ დასრულდება 10 დეკემბერს,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იულია მენდელმა.

ამავე დროს, მან გაიხსენა, რომ “ბოლო სამი წლის განმავლობაში ომის დასრულების საქმეში მცირედი პროგრესიც არ მიღწეულა”.

ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ კონფლიქტის გარშემო განვითარებული მოვლენები საშუალებას მისცემს ევროპის ლიდერებს დააყენონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების ან შემსუბუქების საკითხი. თუმცა, შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ დღესდღეობით სანქციების მოხსნის არანაირი წინაპირობა არ არსებობს.

 


ასევე წაიკითხეთ