რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს ფორმულით „ოცდათხუთმეტი ოცდათხუთმეტზე“, ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა სფეროზე პასუხისმგებელმა ადამიანმა, ტატიანა მოსკალკოვამ აცნობა.
კიევში, „ბორისპოლის“ აეროპორტში დაჯდა თვითმფრინავი, რუსეთის მიერ გათავისუფლებული უკრაინელი ტყვეებით.
მოსკოვში, „ვნუკოვოს“ აეროპორტში კი უკრაინის მიერ გათავისუფლებული ტყვეებით სავსე თვითმფრინავი დაეშვა.
კიევში, ასაფრენ ზოლთან უკრაინელებს მათი ახლობლები და ასევე, პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დახვდა.
Українські політв'язні повернулися додому. Олег Сенцов, Олександр Кольченко, Павло Гриб, полонені моряки та інші змогли обійняти родичів pic.twitter.com/y0GJ0x8nAh
— hromadske (@HromadskeUA) September 7, 2019
პირველები თვითმფრინავიდან 24 უკრაინელი მეზღვაური ჩამოვიდნენ. ისინი 2018 წლის 25 ნოემბერს, ქერჩის სრუტეში უკრაინული და რუსული სამხედრო ხომალდების შეტაკებისას დააკავეს. მათ ბრალად საზღვრის გადაკვეთა ედებოდათ.
დაბრუნებულთა შორის არიან პოლიტპატიმრები – ალექსეი სიზონოვიჩი, ოლეგ სენცოვი, ალექსანდრ კოლჩენკო, პაველ გრიბი, ნიკოლაი კარპიუკი, ვლადიმირ ბალუხი, რომან სუშენკო, არტურ პანოვი და ევგენი პანოვი.
• “ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ადამიანი კვდება!” – ვინ არის ოლეგ სენცოვი?
• უკრაინასა და რუსეთს შორის “საავიაციო ომი” გრძელდება
• “უსაფრთხოდ და პროფესიონალურად” – როგორ გამოიყურება აშშ-რუსეთის სამხედრო მეტოქეობა შავ ზღვაზე
5 სექტემბერს კიევის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა ვლადიმირ ცემახი, მალაიზიური „ბოინგის“ საქმის უმნიშვნელოვანესი მოწმე.
ის 2015 წელს დონბასში საჰაერო თავდაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა, როდესაც ტრაგედია მოხდა.
მოგვიანებით ცემახი უკრაინულმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს და დააპატიმრეს.
სავარაუდოდ, მის გასაცვლელთა სიაში შეყვანას ცდილობდა რუსეთი და სწორედ ამიტომ გაიწელა საქმე.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყურადღებით შეისწავლიან ცემახის გათავისუფლების ყველა გარემოებას. ეს ქვეყანა ატარებს გამოძიებას „ბოინგის“ საქმეზე და გამომძიებლებმა უკრაინას ცემახის დაკითხვის უფლება სთხოვეს.
_______________________________
11:30. 7 სექტემბერი
ერთკვირიანი შეფერხების შემდეგ, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლა დაიწყო.
რუსული სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი და კიდევ ათი უკრაინელი შეიწყალა.
უკრაინული არხის, „ჰრომადსკოეს“ ინფორმაციით, 7 სექტემბერს დილით, სამხედრო ტყვეების ადვოკატმა, ნიკოლაი პოლოზოვმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მოსკოვის იზოლატორიდან გაიყვანეს 23 უკრაინელი მეზღვაური, რომლებიც იქ 2018 წლის ნოემბრიდან იმყოფებოდნენ პატიმრობაში.
З московського СІЗО “Лефортово” виїхали два автобуси у супроводі поліцейського кортежу, передає наша журналістка з місця подій pic.twitter.com/PgGaf6tQu5
— hromadske (@HromadskeUA) September 7, 2019
კიდევ ვის გადასცემენ უკრაინას – ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ „გრომადსკოეს“ ცნობით, კიევში, ომბუდსმენის ოფისიდან გამოვიდნენ რუსეთის ციხეში მყოფი უკრაინელი პოლიტპატიმრების ახლობლები: პაველ გრიბას, ოლეგ სენცოვის, ალექსანდრ კოლჩენკოს, ევგენი პანოვისა და სხვების.
რაც შეეხება უკრაინაში დაპატიმრებულ რუსებს, რომლებიც უკრაინელებში უნდა გაცვალონ – წინასწარი ინფორმაციით, ისინი „ბორისპოლის“ სამხედრო აეროდრომიდან უნდა წაიყვანონ. მათ შორის, ვისაც უკრაინული მხარე ათავისუფლებს, მისი ადვოკატის მტკიცებით, არის ჟურნალისტი კირილ ვიჩინსკიც.
მოსკოვის ერთ-ერთ აეროპორტში კიევიდან წამოსული თვითმფრინავის მიღებას ელიან (მაშინ, როდესაც პირდაპირი ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის არ არის).
კიევს კი, ვებგვერდ Flightradar-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი ავიალაინერი უახლოვდება.
ვინ არიან რუსეთში მყოფი უკრაინელი პოლიტპატიმრები?
• 24 სამხედრო მეზღვაური. ისინი ქერჩის სრუტეში რუსული და უკრაინული სამხედრო გემების შეტაკების დროს 2018 წლის 25 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედებათ.
• ოლეგ სენცოვი. უკრაინელი რეჟისორი და მწერალი. ის 2014 წლის გაზაფხულზე ყირიმში, რუსეთის მიერ რეგიონის ანქესიის დროს დააპატიმრეს. მას 2015 წლის აგვისტოში, ტერორიზმის ბრალდებით, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სენცოვმა თავი დამნაშავედ არ ცნო.
მის დასაცავად გამოვიდა რიგი საერთაშორისო უფლებადამცავი და კინემატოგრაფიული ორგანიზაცია. 2018 წლის მაისში, კოლონიაში ყოფნისას, ოლეგ სენცოვმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა, და რუსეთში ტყვედ მყოფი ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლებას მოითხოვდა. შიმშილობა 145 დღეს გაგრძელდა.
• ვლადიმირ ბალუხი – ყირიმის მკვიდრი. ფერმერი, პროუკრაინელი აქტივისტი, 2014 წლის შემდეგ უკრაინის მოქალაქედ დარჩენილი, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. 2016 წლის 29 ნოემბერს მან საკუთარ სახლზე გამოკიდა აბრა „ციური ასეულის გმირების ქუჩა“.
8 დეკემბერს ის იარაღის უკანონოდ ტარებისთვის დააპატიმრეს, მოგვიანებით მას ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობა დასდეს ბრალად, და ხუთი წელიწადი მიუსაჯეს. უფლებადამცავმა ცენტრმა „მემორიალმა“ ის პოლიტიკურ პატიმრად ცნო.
• ნიკოლაი კარპიუკი, უკრაინელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პარტია УНА-УНСО-ს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე.
2014 წლის მარტში რუსეთში შესვლის დროს ის ჩეჩნეთის პირველ ომში ფედერალური ჯარის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენის ბრალდებით დააკავეს. 2016 წლის მაისში მას 22, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რუსულმა უფლებადამცავმა ორგანიზაცია „მემორიალმა“ ის პოლიტპატიმრად აღიარა.
• პაველ გრიბი, 19 წლის უკრაინელი სტუდენტი, 2017 წლის სექტემბერში ბელარუსის ტერიტორიაზე დაიკარგა. როგორც ღმოჩნდა, ის იქ იმ გოგონასთან შესახვედრად გაემგზავრა, რომელთანაც მიმოწერა ჰქონდა.
ბელარუსში ის დააკავეს და რუსეთის ქალაქ კრასნოდარში გადაიყვანეს. გრიბს ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდება წაუყენეს – თითქოს ის თავის ნაცნობ გოგონას რუსეთის სკოლის გამოსაშვებ შეკრებაზე თვითნაკეთი ბომბის აფეთქებისკენ უბიძგებდა.
კიევის მონაცემებით, პოლიტიკური მოტივებით, რუსეთში უკრაინის სულ 70 მოქალაქეა დაკავებული ან მსჯავრდებული.
პატიმრები უკრაინაში, რომლებსაც კიევი რუსეთს თავის მოქალაქეებში უცვლის
სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, მათი რიცხვი სულ 33-დან 35 ადამიანამდეა.
ყველა მათგანი, ერთის გამოკლებით – ის პირები არიან, რომლებიც უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეიარაღებულ კონფლიქტში იღებდნენ მონაწილეობას, და იქ დააკავეს, უმეტესობა – იარაღით ხელში. ერთადერთი სამოქალაქო პირია – ჟურნალისტი კირილ ვიშინსკი, რომელიც კიევში რუსეთის საინფორმაციო სააგენტო РИА-ს წარმოამდგენლობას ხელმძღვანელობდა.
მას ბრალად ედება სახელმწიფოს ღალატი – ინფორმაციის გავრცელების გზით, დონბასში არსებული კონფლიქტის გამართლება. სამი დღის წინათ ვიშინსკი, უცნობის პირის პირადი თავდებით, ციხიდან შიდა პატიმრობაში იქნა გადაყვანილი.
პატიმრების გაცვლის პირველი მცდელობა რუსეთსა და უკრაინას შორის 30 აგვისტოს ღამით განხორციელდა.
რუსეთსა და უკრაინას შორის 30 აგვისტოს ღამით ტყვეების გაცვლა დაიწყო. როგორც „ჰრომადსკოე“ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რუსეთში ტყვედ მყოფი უკრაინის მოქალაქეების ნაწილი უკვე უკრაინისკენ გზაშია. თუმცა, ხელისუფლებები ამას ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ.
„გაცვლა დასრულდა: მეზღვაურები, სენცოვი, კარპიუკი, ბალუხი, გრიბი სახლისკენ მიფრინავენ“, – ეს ცნობა უკრაინის ახალმა გენერალურმა პროკურორმა რუსლან რიაბოშაპკამ გაავრცელა. „გაცვლა ჯერ არ დასრულებულა, პროცესი გრძელდება“, – განაცხადეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და უშიშროების სამსახურში.
„გაცვლის დასაწყებად კიდევ გარკვეული დროა საჭირო საბუთების გასაფორმებლად“, – ამბობს რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს „ინტერფაქსის“ წყარო.
ერთ-ერთი უკრაინელი მეზღვაურის ადვოკატმა აიდერ აზამატოვმა „ჰრომადსკოეს“ დაუდასტურა, რომ რუსეთში ტყვედ მყოფი უკრაინელი მეზღვაურები ღამით კიევში გადაიყვანეს.
ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსანდრ დანილიუკმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის იმედი აქვს, თუმცა დასძინა, რომ ამის შესახებ კომენტარს მხოლოდ მაშინ გააკეთებენ, როდესაც ყველაფერი დასრულდება. „ჰრომადსკოეს“ კორესპონდენტი გრომადილ დანილიუკს „ბორისპოლის“ აეროპორტში შეხვდა.