ადრე მუნიციპალიტეტებს უბრალოდ არავინ ამჩნევდა " />

მუნიციპალური არჩევნები აზერბაიჯანში: ყოფილი პოლიტპატიმრები და ფემინისტები კანდიდატების როლში

ადრე მუნიციპალიტეტებს უბრალოდ არავინ ამჩნევდა

A boy playing guitar. Azerbaijani flag

აზერბაიჯანში მუნიციპალური არჩევნებისთვის ემზადებიან, რომელიც ამ წელს განსხვავებულია. ეს იმიტომ, რომ კანდიდატთა შორის – აქტივისტები და ყოფილი პოლიტპატიმრები არიან. გიყვებით, თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი.

რატომ დაივიწყა ყველამ მათ შესახებ? 

აზერბაიჯანში, ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებში არჩევნები, 1999 წლიდან მოყოლებული, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. წელს ის 23 დეკემბერსაა დანიშნული.

ის განსაკუთრებით არასოდეს აინტერესებდა საზოგადოებას, მათ შორის, მის პოლიტიზებულ ნაწილს. ოპოზიციური პარტიები არც ისე აქტიურად საუბრობდნენ მის შესახებ და ფაქტობრივად არასოდეს წარადგენდნენ საკუთარ კანდიდატებს. როგორც წესი, ამას იმით ხსნიდნენ, რომ მუნიციპალიტეტების უფლებები შეზღუდულია, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისგან განსხვავებით.

თუმცა, თუკი ყურადღებით წავიკითხავთ „კანონს მუნიციპალიტეტების სტატუსის შესახებ“ ცხადი გახდება, რომ საქმე უფლებამოსილების არარსებობაში არაა, არამედ იმაში, რომ აზერბაიჯანში მუნიციპალიტეტები საკუთარი უფლებებით არ სარგებლობენ. კანონში გათვალისწინებულია სხვადასხვა აქტივობა, სოციალური გამოკითხვებიდან დაწყებული, საკუთარი ბიუჯეტის ფორმირებითა და საკუთარი სოციალური დახმარების პროგრამებით დასრულებული.

სინამდვილეში, აზერბაიჯანში, მოსახლეობის უმრავლესობისთვის მუნიციპალიტეტები ასოცირდებოდა კარის ქვეშ შემოცურებულ ვიწრო ქაღალდის ფურცლებთან, წარწერით – „ბოლო გაფრთხილება“, საცხოვრისის გადასახადის შესახებ. შეგიძლია წახვიდე „ოფისში“, სადაც პატარა გაურემონტებელ ოთახში, ლინოლეუმი ცვლის მაგიდის გამომშრალ გადასაფარებელს და ოთხი ადამიანი მუშაობს ოჯახურ გარემოში. და შეიძლება, როგორც მალე გაარკვია მოსახლეობის უმრავლესობამ, საერთოდ არ გადაიხადოთ და არც არაფერი დაშავდეს. 

თუმცა, წელს მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობენ კანდიდატები, რომლებიც არ აპირებენ, რომ იქ „უბრალოდ ირიცხებოდნენ“.

ძალიან ცოტა ქალი 

რაბია მამედოვა, ფოტო: Facebook

ფემინისტური მოძრაობის აქტივისტი, რაბია მამედოვა ამბობს, რომ აზერბაიჯანის სახელისუფლებო სტრუქტურებში ქალთა რაოდენობა უმნიშვნელოა: ერთი ქალი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების 80 თანამდებობაზე და 20 ქალი დეპუტატი პარლამენტში (სადაც 125 დეპუტატია):

„თუკი მე დაკავებული ვარ საზოგადოების ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის ღირებულებების გავრცელებით, ვალდებული ვარ, საკუთარი მაგალითით ვაჩვენო, როგორ შეუძლიათ ქალებს პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობა“.

რაბია არჩევნებში მონაწილეობის სხვა მიზეზსაც ასახელებს: ქვეყანაში დანგრეულია თვითონ არჩევნების ინსტიტუტი და მოქალაქეები უბრალოდ არ ენდობიან ამ პროცედურებს. მას სურს, რომ აღადგინოს ნდობა:

„მუნიციპალური არჩევნები – კარგი შესაძლებლობაა ამომრჩეველთან მუშაობის დასაწყებად, რომელმაც საბოლოოდ შეიძლება მიგიყვანოს იქამდე, რომ მოქალაქეებმა გაიგონ – ეს მათი ქვეყანაა“.

„ქვეყანაში ბევრი ადამიანი მიცნობს – რატომ არ უნდა გამოვიყენო შანსი?“ 

მეჰმან ჰუსენოვი, ფოტო: Facebook

ცნობილი აზერბაიჯანელი ბლოგერი და ყოფილი პოლიტპატიმარი, მეჰმან ჰუსეინოვი ამბობს, რომ სურს პირდაპირ მიიღოს მონაწილეობა მოქალაქეთა სოციალური პრობლემების მოგვარებაში.

„ყველამ ვიცით, როგორ ტარდება არჩევნები აზერბაიჯანში: ირჩევს არა ხალხი, არამედ ხელისუფლება. თუმცა, ახლა ჩვენს ხელშია სოციალური მედია. ეს მნიშვნელოვანი ძალაა, იმდენად, რამდენადაც ხალხი ახლა ტელეარხებს აღარ უყურებს. ქვეყანაში ბევრი ადამიანი მიცნობს, რატომ არ უნდა გამოვიყენო ეს შანსი?

ახლა ხალხი გააქტიურებულია და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. თუ შევძლებთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა, წარმატება ჩვენს მხარეს იქნება.

თუ პირიქით მოხდება, ეს იქნება ძლიერი არგუმენტი იმ ფაქტის სასარგებლოდ, რომ რეფორმები, ახალგაზრდა კადრები და მსგავსი სიახლეები, რომლის შესახებაც ხელისუფლება საუბრობს – მხოლოდ და მხოლოდ ზღაპარია. ასეთი სცენარი აჩვენებს, რომ სიტუაციის შეცვლის ერთადერთი საშუალება – მასობრივი საპროტესტო აქციებია. თუმცა, მჯერა, რომ ვაჩვენებთ რა საკუთარ ძალასა და კოორდინაციას, ჩვენ შევძლებთ ამ ეტაპზე გამარჯვებას“. 

ექვსი ტოლია ორის 

ელგიზ გახრამანი. ფოტო: Facebook

ელგიზ გახრამანი – მოძრაობა NIDA-ს აქტივისტი და ასევე, ყოფილი პოლიტპატიმარია. ის 2014 წელსაც იყო კანდიდატი და, მისი თქმით, არჩევნების დროს აშკარა გაყალბების ფაქტებს შეეჯახა. ერთ საარჩევნო ოლქში მას ხმა მისცა საკუთარი ოჯახის შვიდმა წევრმა, არჩევნების შედეგებმა კი აჩვენა, რომ მას მხარი მხოლოდ ორმა კაცმა დაუჭირა.

წელს, მის პატიმრობასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული პროცედურების გამო, ელგიზს მხოლოდ ორი დღე დარჩა ხელმოწერების შესაგროვებლად (საჭიროა 75 ადამიანის ხელმოწერა), მაგრამ მან ეს მოახერხა.

ელგიზი თავიდანვე გეგმავდა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, მუნიციპალიტეტში მუშაობას კი უყურებდა, როგორც მოსახლეობასთან ურთიერთობისა და გამოცდილების დაგროვების შანსს.

„რაში გჭირდება მუნიციპალიტეტი?“ 

ვაფა ნაგი, ფოტო: Facebook

ვაფა ნაგი – კანდიდატია ნეფთჩალის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან.

„როდესაც ხელმოწერებს ვაგროვებდი, სოფლის ქალები დაცინვით მეკითხებოდნენ: „რაში გჭირდება მუნიციპალიტეტი?“. მათ წარმოდგენაში, მუნიციპალიტეტებში შეიძლება მუშაობდნენ მხოლოდ მამაკაცები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის შეცვლა კი საერთოდ არ შეიძლება.

იმის ნაცვლად, რომ დამკვირვებელი ვიყო, გადავწყვიტე, პირდაპირ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა და ვაჩვენო ქალთა ქცევის ახალი მოდელი“.

მას ოპტიმიზმის საფუძველი აქვს: სოფელში ადამიანები ამბობენ, რომ ამჯერად წავლენ და ხმას მომცემენ“.

ვაფა ნაგი პრობლემას ქალებისთვის სამუშაო ადგილების არარსებობაში ხედავს და შეეცდება, რომ ეს საკითხი მოაგვაროს.


ასევე წაიკითხეთ