„კურდღლებივით გვძინავს - გახელილი თვალებით, რათა სროლის შემთხვევაში ბავშვების შეკრება და სარდაფში გაქცევა მოვასწროთ“ " />

ყველაფერი აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სომხური სოფლის, ბერკაბერის შესახებ

„კურდღლებივით გვძინავს - გახელილი თვალებით, რათა სროლის შემთხვევაში ბავშვების შეკრება და სარდაფში გაქცევა მოვასწროთ“

საზღვრისპირა სოფელი ბერკაბერი აზერბაიჯანიდან სულ რაღაც 800 მეტრში მდებარეობს. საზღვრის ორი კილომეტრი ხმელეთზე გადის და იმდენივე ხელოვნურ წყალსაცავზე.

ჯოგაზის წყალსაცავი – 1980-იანი წლებიდან სოფლის და მთელი რეგიონის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. საბჭოთა წლებში მისი წყლით გვერდით მდებარე სომხური ბერკაბერისა და აზერბაიჯანული სოფლის მეზემის მიწები ირწყვებოდა.

ყარაბაღის კონფლიქტმა წყალსაცავი ორივე მხარისთვის მიუწვდომელი გახადა. ის დანიშნულებისამებრ უკვე აღარ გამოიყენება და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულ ბუფერულ ზონად იქცა.

მეთევზეების შესახებ

თათულ მაილიანისთვის ჯოგაზის წყალსაცავი სამუშაო ადგილია. ბერკაბერის 29 წლის მაცხოვრებელი აქ თევზაობს და ოჯახს ამით არჩენს. მის გარდა, სოფელში კიდევ ხუთი მეთევზეა.

ყოველ ჯერზე, წყალსაცავთან მისვლისას თათული იმაზე ფიქრობს – ესვრიან იქითა ნაპირიდან, თუ ისევ გაუმართლებს?

„საფრთხე ყოველთვის არსებობს. მაგრამ რა ვქნათ? ნაპირთან ახლოსაც ვთევზაობთ, და მისგან მოშორებითაც. მაგალითად, წლის ამ დროს თევზის დაჭერა სიღრმეში ჯობს. ბოლო დროს  უფრო მშვიდი სიტუაციაა. ისინი [აზერბაიჯანელები] ზოგჯერ თვითონაც თევზაობენ, თუმცა უფრო იშვიათად, ვიდრე ჩვენ. ის მონაკვეთი, სადაც ახლა მე ვთევზაობ – გადაღმა ნაპირიდან სულ ოთხას მეტრში მდებარეობს. ისინი ჩვენ გვხედავენ, ჩვენ კი მათ. რა უნდა ვთქვა? ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ“, – ამბობს თათულ მაილიანი.

საფრთხის თაობაზე

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს მუდმივად სროლის დაწყებაში ადანაშაულებენ. ბერკაბერელების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სროლა ათეულობით წლის განმავლობაში არ წყდება, მასთან შეგუება შეუძლებელია, და 576-ვე  ადგილობრივი მაცხოვრებელი ცხოვრებას შიშში ატარებს:

„კურდღლებივით გვძინავს – გახელილი თვალებით, რათა სროლის შემთხვევაში, ბავშვების შეკრება და სარდაფში გაქცევა მოვასწროთ. მთელი ეს სიტუაცია არც მშვიდობაა და არც ომი. რასაკვირველია, ვიმედოვნებთ, რომ მალე მშვიდობა დაისადგურებს. მაგრამ სახლს არ ვარემონტებთ. შეიძლება ისევ დაბომბვა დაიწყოს და ყველაფერი დაინგრეს.“  

„და მაინც, აქედან გამგზავრებას არ ვაპირებ. სად წავიდე? ჩემი სახლი აქ არის. თუ მე წავალ, და სხვაც წავა, ვინღა დარჩება? მაშინ კი, ომის შემდეგ, ადამიანები ბავშვების მომავლის გამო მიემგზავრებოდნენ – ვინ ერევანში, და ვინ რუსეთში“, –  ამბობს სამი შვილის მამა, ომის მონაწილე, 45 წლის რობერტ ხუდავერდიანი.

ბევრი აქედან წასული მშობლიურ სოფელში აღარ დაბრუნებულა; ამაზე ადგილობრივი საშუალო სკოლის მოსწავლეების რაოდენობაც მეტყველებს: ომამდე აქ ას მოსწავლეზე არანაკლები იყო, ამჟამად – 47-ია.

იმედის შესახებ

ამავდროულად სოფლის მაცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ისინი მომავალს ოპტიმიზმით უყურებენ – და დიდწილად, გასულ წელს მომხდარი „ხავერდოვანი“ რევოლუციის წყალობით, რომლითაც ხელისუფლებაში ახალგაზრდა რეფორმატორი ნიკოლ ფაშინიანი მოვიდა.

„ახლა სოფელში ისეთი ოჯახიც კი გვყავს, რომელიც საზღვარგარეთიდან დაბრუნდა! –  ამბობს სოფლის მამასახლისი არგამ არზრუმიანი, – ადამიანები ახალ იდეებს გვთავაზობენ, ცხოვრებაში ახორციელებენ – ყველაფერს აკეთებენ, რომ სოფელი განვითარდეს. ადამიანები შთაგონებულები არიან, [მათ სწამთ ],რომ ახლა საზღვრისპირა სოფლების მიმართ სწორი მიდგომა იქნება, ყველაფერი სამართლიანად განაწილდება“.   

სხვადასხვა მონაცემებით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ორივე მხრიდან 20-დან 30 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ბერკაბერში ათი ადამიანია დასაფლავებული. ამ აუნაზღაურებელი დანაკლისის გარდა, ადგილობრივი მაცხოვრებლების უმეტესობამ მიწების არცთუ მცირე ნაწილი დაკარგა.

მიწის შესახებ

სოფლის სავარგულების 75 პროცენტი, რომლებიც ამ სოფლის განკარგულებაში იყო, ამჟამად აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშაა.

სოფლის მაცხოვრებელი სურენ ხუდავერდიანი სახლის ფანჯრიდან გვიჩვენებს თავის ნაკვეთს, რომელიც გაღმა ნაპირზე დარჩა. მისი თქმით, ამჟამად სოფლის განკარგულებაში სახნავი მიწის სულ 84 ჰექტარია. ყოველ ოჯახს  5000-6000 კვადრატული მეტრი მიწა აქვს გამოყოფილი – მოსავლის ხარჯზე მაცხოვრებელი ადამიანებისთვის ეს ძალიან ცოტაა.

ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ბერკაბერის მაცხოვრებლები სასათბურე მეურნეობაზე გადავიდნენ.

სათბურების შესახებ

კარ-მიდამოების მახლობლად მდებარე მიწის მონაკვეთებზე თეთრი ცელოფანით გადახურული სათბურები აფრებივით მოჩანს. მამასახლისი არგამ არზრუმიანის თქმით, მოცემული მომენტისთვის სოფელში უკვე 22 სასათბურე მეურნეობა არსებობს. ადგილობრივებს იქ პომიდორი, კიტრი და წიწაკა მოჰყავთ.

სურენ ხუდავერდიანი ჰყვება, რომ მას სათბურის აგებაში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახმანი“ (საზღვარი) დაეხმარა. ორგანიზაციამ სურენს შემდეგი ამოცანა დაუსახა – მთელი ოლქის სასათბურე მეურნეობებისთვის საჭირო ნერგების გაეზარდა:

„ყოველწლიურად დაახლოებით 10 ათას ჩითილს ვზრდით, ადამიანები მათ თავიანთი სათბურებისთვის ყიდულობენ. ისინი მოსავალს უფრო ადრე იღებენ, ვიდრე ქალაქში, ამიტომაც უფრო ძვირად შეუძლიათ გაყიდონ“.

სოფელში ნაყოფიერი მიწაა, ადგილობრივი მაცხოვრებლების მტკიცებით, მათ სოფელში ნებისმიერი ხილის ნერგი ხარობს.
ბერკაბერში სათბურები საბჭოთა დროსაც პოპულარული იყო – მაშინ აქ ლიმონს ზრდიდნენ. სოფელში ყოველწლიურად ორიდან სამ ტონამდე ლიმონს კრეფდნენ. ამჟამად აქ ამ ტრადიციის აღდგენა სურთ.

65 წლის ედიკ არუთიუნიანის სათბურში 31 ლიმონის ხე დგას. ხეები ისე გაიზარდა, რომ მათ შორის გავლა ძნელია. საბჭოთა დროს არუთიუნიანი სოფლის მთავარი აგრონომი იყო, ახლა კი მან ბერკაბერში ორი დიდი ლიმონარიუმის დაარსება გადაწყვიტა.

„არსებობს ფინანსური სიძნელეები, ეს არც ისე ადვილია, მაგრამ მინდა ამ საქმეს ხელი მოვკიდო. ახალ სათბურში 200-300 ხე იქნება. წელს ჩვენს სათბურს სულ ერთი თვის განმავლობაში ვათბობდით – გათბობა ძვირი ჯდება. თუ სოფელში ბუნებრივ აირს გაიყვანენ, ეს სულ სხვა საქმე იქნება“, – ამბობს არუთიუნიანი.

პრობლემების შესახებ

აქ თავის სარჩენად ფულის შოვნა ადვილი არ არის. ადამიანები ბანკებიდან სესხებს იღებენ, რათა თავიანთი საქმე რამენაირად განავითარონ, შემდეგ კი უფრო რთულ სიტუაციაში ხვდებიან – პროცენტებს ვერ იხდიან.

სურენ ხუდავერდიანი ამბობს, რომ 3 მილიონი დრამის ოდენობის სესხი აიღო (6 ათას დოლარზე მეტი), რათა თავის სათბურში გათბობა გაეყვანა. ეს იმ უპირატესობას იძლევა, რომ მოსავალი შეიძლება ზამთარშიც მიიღო. თუმცა, წელს შეშის საყიდლად ფული საკმარისი არ იყო. იანვრის შემდეგ სათბურის გათბობა ვერ მოვახერხეთ, და ყინვის გამო ყველა ჩითილი დაიღუპა.

მოლოდინების შესახებ

სურენ ხუდავერდიანის აზრით, სოფლის მაცხოვრებლებს წელში გასამართად არც ისე ბევრი სჭირდებათ. მას მიაჩნია, რომ სახელმწიფო საზღვრისპირა სოფლებს მეტ ყურადღებას უნდა უთმობდეს:

„სახელმწიფო უნდა გვეხმარებოდეს. მათ უნდა მოიფიქრონ, რაიმე პროგრამა უნდა შეიმუშაონ,  მოიზიდონ ინვესტორები, რომლებიც აქ რაიმე წარმოებას დააფუძნებენ. კანონით, ისინი გადასახადებისგან გათავისუფლებულები იქნებიან, რადგან ბერკაბერი საზღვრისპირა სოფელია“,  – სთავაზობს სურენ ხუდავერდიანი.

გარდა ამისა, სახელმწიფომ საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლები მიწის გადასახადისგან გაათავისუფლა, მაგრამ ბერკაბერელებისთვის ეს უმნიშვნელო რამაა, რადგან მიწების ნაწილი მათ უკვე აღარ ეკუთვნით. ასევე, სომხეთის საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლები ბუნებრივ აირში ნახევარ ფასს იხდიან. თუმცა, ბერკაბერში ბუნებრივი აირი ჯერაც არ არის. ამიტომაც, ბერკაბერელებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ელექტროობის შეღავათიანი ტარიფი, რომელსაც სახელმწიფო ყველა საზღვრისპირა სოფელს სთავაზობს.

ამიტომაც, რობერტ ხუდავერდიანს მიაჩნია, რომ სოფელი ამოისუნთქავდა, თუკი აქ სახელმწიფო ან კომერციული საწარმოები გაჩნდებოდა:

„რაიმე მცირე საწარმო რომ გაეხსნათ, ადამიანები დასაქმდებოდნენ. სხვა არაფერია საჭირო, ამით ხალხს ეშველებოდა“.

სოფელში რამდენიმე მცირე საწარმო ახლაც მუშაობს. ამ საქმიანობის დაწყებაში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახმანი“ დაეხმარათ, წარმოების შენარჩუნებაში კი სომხური დიასპორა ეხმარებათ.

მათ შესახებ, ვინც დახმარებას არ ელის

არმინე ეგანიანმა, სოფლის სხვა ქალებთან ერთად, ოთხი წლის წინათ საკუთარი ბიზნესი დააარსა. ისინი ეკოლოგიურად სუფთა ძაფებისგან ეკო-სათამაშოებს ქსოვენ. თავიანთ პროდუქციას მათ უცხოური სახელწოდება მოუფიქრეს – “Berkabertoys” – და სათამაშოებს საზღვარგარეთ ყიდიან. შეკვეთების დიდი ნაწილი აშშ-დანაა.  

„შეკვეთებს სხვადასხვა ქვეყნიდან ვიღებთ. შეკვეთები ძირითადად სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის, ზაფხულობით კი სოფელში ტურისტები ჩამოდიან, და ყიდულობენ. ესკიზებს მე ვხატავ. ვქსოვთ ძაღლებს, სპილოებს, ჟირაფებს, კურდღლებს, არის პანდებიც. ჩვენი საუკეთესო სპეციალისტი დღეში ერთი სათამაშოს მოქსოვას ასწრებს. თითო სათამაშოში 2000 დრამს (4 დოლარი) ვიღებთ. საშუალოდ, თვეში 50 ათასს (103 დოლარი) გამოვიმუშავებ“, – ჰყვება არმინე.

ახალგაზრდობის შესახებ

არა ხუდავერდიანი ყოველწლიურად 20-30 ტონა ხურმას კრეფს. მას ჯოგაზის წყალსცავის ნაპირას დიდი ბაღი აქვს.

„ომის შემდეგ ადამიანები საზღვარზე რაიმეში ფულის ჩადებას ერიდებოდნენ, ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა ყველაფერი დაეკარგათ. ისინი აქ მომავალს ვერ ხედავდნენ. მაგრამ ჩვენმა თაობამ ეს სტერეოტიპები დაამსხვრია. სოფელში ბევრი ახალგაზრდა ადამიანია, ვინც საკუთარი საქმე წამოიწყო. მე 30 ტონა ხურმისგან დაახლოებით ხუთ ტონა ორგანულ ჩირს ვიღებ. უკვე ორი წელიწადია, რაც ჩირის ბიზნესით ვარ დაკავებული“, – ჰყვება არა ხუდავერდიანი.

ამბობს, რომ საქმე მაშინ დაიწყო, როდესაც საამისოდ გრანტი მიიღო. შემდეგ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა, საკუთარი პროდუქცია დუბაისა და ლონდონში წარადგინა:

„არიან დაინტერესებული ადამიანები, არსებობს შეკვეთები. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ სომხეთში ორგანული ჩირი ცოტაა, დამკვეთებს კი დიდი მოცულობით სურთ მისი მიღება. რადგან მოთხოვნა არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთში ორგანული სოფლის მეურნეობა აუცილებლად უნდა განვითარდეს“.

ტურიზმის შესახებ

ბერკაბერის გეოგრაფიული მდებარეობა თავისებურია: მაღლობები და უფსკრულები, თვალწარმტაცი ხეობები, ჯოგაზის წყალსაცავი – ეს ყველაფერი ტურისტებზე შთაბეჭდილებას ახდენს. ბოლო წლებში აქ მუდმივად ჩამოდიან სომხეთის სხვა რეგიონების მაცხოვრებლები.

მამასხლისი არგამ არზრუმიანი ამბობს, რომ სოფელს აქ ტურიზმის განვითარების იმედიც აქვს:

„თავიდან არ მეგონა, რომ ჩვენს მდგომარეობაში ტურიზმის განვითარება შესაძლებელი იყო, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ შესაძლებელია. აქ ძალიან ლამაზი ბუნება, უნიკალური ჰაერი და წყალია, სიმშვიდის შეგრძნება. ერთ-ერთ სტიმულად შეიძლება იქცეს კაფე „ექსტრიმიც“.

კაფე ზედ წინა ხაზზეა აგებული, შემაღლებულ ადგილას – საგანგებოდ ექსტრიმის მოყვარულთათვის. ფანჯრებიდან აზერბაიჯანული სოფლები, ჯოგაზის წყალსაცავი და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო საგუშაგოები მოჩანს.

მოცემულ მომენტში აქ რემონტი მიმდინარეობს, მაგრამ ზაფხულამდე კაფე მზად იქნება. და ტურისტებს შეეძლებათ, რომ აზერბაიჯანული პოზიციებიდან სულ რაღაც 500 მეტრის მოშორებით ფინჯანი ყავით დატკბნენ.

თავად ბერკაბერელებისთვის კი ეს კაფე იმის სიმბოლოა, რომ მიუხედავად ჯერ ისევ მოუგვარებელი კონფლიქტისა, ცხოვრება გრძელდება.


ასევე წაიკითხეთ