ყარაბაღსა და სომხეთში ქალაქ შუშის გათავისუფლების დღეს აღნიშნავენ. აზერბაიჯანში - შუშის ოკუპაციის " />

ყარაბაღის ქალაქი შუშა/შუში – 27 წელი სომხეთ-აზერბაიჯანის ბრძოლებიდან

ყარაბაღსა და სომხეთში ქალაქ შუშის გათავისუფლების დღეს აღნიშნავენ. აზერბაიჯანში - შუშის ოკუპაციის

8-9 მაისი სამახსოვრო დღეებია აზერბაიჯანსა და სომხეთში. ყარაბაღში ამ დღეებში დიდი ღონისძიებები იმართება.

ყველაფერი დაკავშირებულია ყარაბაღის ერთ-ერთ ქალაქთან, რომელსაც მხარეები სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ: შუშა (აზერბაიჯანული ვერსია) – შუში (სომხური ვერსია).

ყარაბაღსა და სომხეთში ამ დღეებს აღნიშნავენ, როგორც შუშის გათავისუფლების დღეს. აზერბაიჯანში კი – როგორც შუშის ოკუპაციის.

წინაისტორია

1990-იან წლებში, ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებამდე, ქალაქ შუშის მოსახლეობის უმრავლესობას აზერბაიჯანელები შეადგენდნენ. ეს იყო ერთადერთი რაიონული ცენტრი საბჭოთა მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში, რომელშიც აზერბაიჯანელები იყვნენ უმრავლესობაში.

ქალაქი შემაღლებულზეა განლაგებული და იქიდან შესაძლებელი იყო მთიანი ყარაბაღის დედაქალაქის, სტეპანაკერტის დაბომბვა. აზერბაიჯანის არმია ამ უპირატესობას აქტიურად იყენებდა. სწორედ ამიტომ, ამ ქალაქის კონტროლს ორივე მხარისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

1992 წლის 8 მაისს, ქალაქისთვის სასტიკი ბრძოლა გაიმართა. სომხური წყაროების ცნობით, მასში 3 800 სომეხი მოხალისე მონაწილეობდა.

ყარაბაღის თავდაცვით ძალებს არკადი ტერ-ტადევოსიანი ხელმძღვანელობდა. 1992 წლის 9 მაისს, დილის 4 საათზე, მან ინფორმაცია გაავრცელა, რომ „მოწინააღმდეგემ ქალაქი შუში დატოვა და სომხური ციხესიმაგრე გათავისუფლდა“.

ბრიტანელმა ჟურნალისტმა და მწერალმა, თომას დე ვაალმა, შუშის ტრაგედიას ერთი თავი დაუთმო თავის წიგნში, „შავი ბაღი“, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტს მიუძღვნა. კერძოდ, ის წერს:

„რაც უფრო შორს მივდიოდი პასუხების ძიებაში, ამ მკვლელობების პირველადი მიზეზების ძიებაში, მით უფრო გაკვირვებული ვრჩებოდი. არავინ არ თვლიდა საკუთარ თავს რაიმეში დამნაშავედ. ჩემთან საუბრისას რობერტ კოჩარიანმა (სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, ყარაბაღული წარმოშობის) გამოხატა მხოლოდ ზოგადი მოსაზრებები მეგობრობისა და ეთნიკური კონფლიქტის შესახებ.„რა თქმა უნდა, მე მყავს მეგობრები (აზერბაიჯანელთა შორის)… მახსოვს ყველა ჩემი მეგობარი, მათ ვერაფერში დავადანაშაულებ, ჩვენ ვინარჩუნებთ ნორმალურ, მეგობრულ ურთიერთობებს. მაგრამ, როდესაც ეთნიკური კონფლიქტი იწყება, მეგობრობა ყოველთვის უკანა ფონზე გადადის“.

2019 წელი

სტეპანაკერტში

პლაკატზე წერია „შუში“. ფოტო: გევორგ კაზარიანი, JAMnews

8-9 მაისს, სტეპანაკერტში შუშის გათავისუფლებისადმი მიძღვნილი ბევრი ღონისძიება იმართება, მათ შორის, ექსპედიციები ახალგაზრდებისთვის ბრძოლის ადგილებზე.

9 მაისს, სტეპანაკერტის ცენტრალურ მოედანზე აღლუმი გაიმართა, რომელიც ერთდროულად სამ თარიღს მიეძღვნა: შუშის გათავისუფლების, მთიანი ყარაბაღის არმიის ჩამოყალიბებისა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეებს (დიდ სამამულო ომში, როგორც აქ უწოდებენ).

ზეიმში მონაწილეობას იღებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეუღლესთან ერთად.

აქვე იმყოფება სომხეთის მესამე პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი.

წინა დღეებში, ყარაბაღის მოქმედმა პრეზიდენტმა ბაკო სააკიანმა და ყოფილმა პრეზიდენტმა არკადი გუკასიანმა სომხეთის გენერალურ პროკურატურას მიმართეს თხოვნით, ყარაბაღის პირველი პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ, რათა მასაც მიეღო მონაწილეობა საზეიმო ღონისძიებებში.

რობერტ კოჩარიანი, რომელიც სომხეთის ექს-პრეზიდენტიცაა, 2018 წლის დეკემბერში, საკონსტიტუციო წყობის დამხობის ბრალდებით დააპატიმრეს. საუბარია 2008 წლის მარტის დასაწყისის მოვლენებზე, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობის აქციის დაშლისას 10 ადამიანი დაიღუპა.

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ყარაბაღის პრეზიდენტებს უპასუხა, რომ ეს საქმე მათ სამართლებრივ კომპეტენციაში არ შედის.

ერევანში

ერევანი, 9 მაისი, 2019. ფოტო: გევორგ კაზარიანი, JAMnews

სომხეთში დასვენების დღეა გამოცხადებული. ერევანშიც სამ თარიღს აღნიშნავენ. დიდი ხანია, 9 მაისს აქ „სამმაგ დღესასწაულს“ უწოდებენ – მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების, შუშის გათავისუფლებისა და მთიანი ყარაბაღის არმიის ფორმირების დღეების გამო.

ერევანში, გამარჯვების პარკში, ვეტერანებისთვის მისალოცად მივიდნენ პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, თავდაცვის მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები. როგორც ყოველთვის, ვეტერანებს მიულოცა სრულიად სომხეთის კათოლიკოსმაც.

სომხეთის პრეზიდენტმა დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა:

„ყარაბაღის ომსა და შუშის გათავისუფლებაში გაიმარჯვა სომხეთის, არცახისა და დიასპორის გაერთიანებულმა ძალამ… ვალდებული ვართ, გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა გამარჯვებები გაგრძელდეს, რათა მშვიდობა სომხეთსა და ყარაბაღში შეუდრეკელი იყოს“.

ბაქოში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა „განცხადება ქალაქ შუშის ოკუპაციის 27 წლისთავთან დაკავშირებით“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქალაქ შუშის ოკუპაცია – აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის სისტემატური აგრესიისა და საოკუპაციო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია“.

ასევე აღნიშნულია, რომ შუშაში დანგრეულია აზერბაიჯანული კულტურის ძეგლები, ქალაქში კი „უკანონოდ დასახლდა ოთხი ათასზე მეტი ადამიანი“.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს იმ ფაქტს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ყარაბაღში სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

„სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ვიზიტი ქალაქ შუშაში, რომელიც ამ ქვეყნის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და ე.წ. გამარჯვების დღის აღნიშვნა, სომხური მხარის კიდევ ერთი პროვოკაციაა და, ამავდროულად, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ქვეყნის უშუალო მონაწილეობას აზერბაიჯანის მიწების ოკუპაციაში“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 1991-1994 წლებში მოხდა. ზავის დადების შემდეგ, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობს, როგორც დე ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, არაღიარებული მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს მიერ, მათ შორის, სომხეთის. აზერბაიჯანი ყარაბაღსა და ომის დროს დაკავებულ მის მიმდებარე ტერიტორიას ოკუპირებულად მიიჩნევს და დაბრუნებას ითხოვს.

კონფლიქტის მხარეები რეგულარულად აკეთებენ განცხადებებს დაპირისპირების ხაზზე დაღუპულთა შესახებ და ერთმანეთს პროვოკაციებში ადანაშაულებენ.

კონფლიქტის დარეგულირების პროცესში გარკვეული ცვლილებები მოხდა 2018-2019 წლებში, სომხეთში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის. მანამდე კი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს ახალი ინიციატივის, „ერების მშვიდობისთვის მომზადების“ შესახებ.

• ყარაბაღის კონფლიქტი: „მშვიდობის შესახებ სერიოზული საუბარი შედგა“

• სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ