სიკვდილი აზერბაიჯანში: ფასები, რიტუალები, წესები
აზერბაიჯანში ბევრი ასაკოვანი ადამიანი სიცოცხლეშივე იწყებს ფულის შეგროვებას ქელეხისა და გასვენებისათვის; იმიტომ რომ ეს ღონისძიებები ძვირი ჯდება. სოციალურ რიტუალებს შორის ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ გლოვას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ქორწინებასა და დაბადების აღნიშვნისას ადამიანმა შეიძლება, გულგრილობა გამოიჩინოს, მაგრამ მიცვალებული ნათესავის წინაშე თავს ვეღარ იმართლებს. ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა ჩატარდეს – დასაფლავებაც, და ქელეხიც. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვალების აღება გახდება საჭირო.
სამგლოვიარო ბიუროკრატია
თეზა ფირი ყველაზე დიდი მეჩეთია ბაქოში. მის ტერიტორიაზე საკუთრივ მეჩეთი, მედრესე და კავკასიის მუსლიმების სამმართველოა განთავსებული, რომელთა გვერდითაც მდებარეობს შენობა, სადაც გარდაცვლილების ახლობლებს სარიტუალო მომსახურებას სთავაზობენ.
სვეტებიანი ვრცელი დარბაზი საშუალო შეძლების მქონე ადამიანების სადღესასწაულო სახლს ჰგავს. რიგებად განლაგებულ გრძელი მაგიდებზე ჩაი, ჰალვა და კანფეტები აწყვია. დარბაზის თავში პატარა მაგიდა დგას მოლასა და გარდაცვლილის უახლოესი ნათესავისათვის ახლა ამ მაგიდასთან ირადას დედა ზის – გამხდარი ქალი ღია ფერის თმითა და მუქი თავსაფრით. იგი ასეთი თავსაბურავის ტარებას მიჩვეული არ არის. ხშირად ისწორებს თავსაფარს, იმიტომ რომ ეს ნაჭერი თავიდან უცურდება ხოლმე.
ირადამ და მისმა დედა დიდი ხნის წინ გაიგეს, რომ მამა ავად იყო, მაგრამ მის სიკვდილს არ ელოდნენ. მამა მოულოდნელად, ინფარქტის შედეგად დაიღუპა.“წინა დღეს ძალიან სტკიოდა გული. საავადმყოფოში წავედით, მაგრამ იქიდან ვეღარ დაბრუნდა“, – ამბობს ირადა.
აზერბაიჯანში სიკვდილს ბიუროკრატია სდევს თან. შეიძლება ითქვას, რომ ირადას „გაუმართლა“. მამამისი საავადმყოფოში მოკვდა და ამიტომ ექიმმა დაუყოვნებლივ მოამზადა დასკვნა გარდაცვალების შესახებ. «ამასწინათ მოვისმინე ისტორია ერთი გარდაცვლილის ახლობლების შესახებ, რომლებიც დიდხანს ცდილობდნენ, სასამართლოს გზით მიეღოთ გარდაცვალების მოწმობა, — ამბობს ირადა – თუკი ადამიანი სახლში დაიღუპა და მანამდე დიდი ხნის მანძილზე არ გამოჩენილა პოლიკლინიკაში, მის ჭირისუფლებს უარს ეუბნებიან საბუთის გადმოცემაზე, რის გამოც გარდაცვლილის ახლობლები იძულებულნი ხდებიან, სასამართლოს მიმართონ».
ზოგჯერ, როდესაც სიკვდილის მიზეზი ზუსტად არაა დადგენილი, პოლიციასაც იძახებენ.
მუსტაფას დედა მარტო ცხოვრობდა. იგი ორი დღის მანძილზე არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს, რის შემდეგაც უმცროსი ძმა დედას ესტუმრა. დაკეტილი ბინაში შესაღწევად ფანჯრის მინის ჩამსხვრევა გახდა საჭირო. სასწრაფო დახმარების ბრიგადა მალევე მოვიდა. ექიმებმა თქვეს, რომ პოლიციის გამოძახებას აპირებდნენ, იმიტომ რომ მსგავს შემთხვევებში სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლები სამართალდამცავებს ურეკავენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ დედის სიკვდილში კრიმინალური არაფერი იყო (ქალი გარდაიცვალების მიზეზი გულის უკმარისობა აღმოჩნდა, რომელიც ქრონიკული დაავადებების ფონზე განვითარდა), ჭირისუფლები იძულებულნი გახდნენ, ქრთამი მიეცათ პოლიციელებისათვის – რათა ძალოვანებს საქმე არ გაეხსნათ.
მუსლიმური ტრადიციების მიხედვით, გარდაცვლილს სიკვდილის დღეს მარხავენ. შესაძლებელია დასაფლავების ერთი დღით გადადება იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი მზის ჩასვლის შემდეგ მოკვდა; იმიტომ რომ დღის ამ მონაკვეთში საფლავებს არ თხრიან.
დასაფლავებამდე გარდაცვლილის ცხედარი მეჩეთში უნდა იქნას გადატანილი, სადაც მას სათანადო რიტუალს ჩაუტარებენ. ეს მომსახურება დაახლოებით 50 მანათი ($26) ჯდება. საავადმყოფოში კატაფალკებსაც აქირავებენ, რაც 100-150 ($50-80) მანათი ღირს.
წესის აგების შემდეგ ცხედარს სახლში მიასვენებენ – იმისათვის, რათა ნათესავებმა მიცვალებული დაიტირონ. ამ დროის მანძილზე საფლავი უნდა გაითხაროს.
ოფიციალური და რეალური სასაფლაო
ბაქოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან არსებული „მოსახლეობის სამოქალაქო მომსახურების ტრესტის“ მთავარი ინჟინრის, საბირ ჰასანოვის თქმით, სულ ბაქოსა და მის გარეუბნებში ასზე მეტი სასაფლაოა, რომელთაგან ტრესტს მხოლოდ 32 ექვემდებარება, დანარჩენი სასაფლაოები კი მუნიციპალიტეტებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ანგარიშზე ირიცხება. მთავარი ინჟინრის თქმით, ერთი ადამიანის დასაფლავების ფასი სახელმწიფო პრეისკურანტის შესაბამისად განისაზღვრება. ამ ნორმის მიხედვით კი ქვეყნის მოქალაქის დაკრძალვა 63 მანათი ($33) ღირს, დაღუპული უცხოელის დასაფლავება კი ჭირისუფალს 79 მანათი დაუჯდება.
” ვინ ამბობს, რომ თითო საფლავი რამდენიმე ათასი ღირს? ინტერნეტში ამბობენ? ინტერნეტში ბევრ რამეს ამბობენ! მაჩვენეთ ის ადამიანი, რომელიც ამას ამბობს!” – აცხადებს აღშფოთებული საბირ ჰასანოვი. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ საფლავის „შეკვეთისას“ ჭირისუფლები პირდაპირ სასაფლაოს დირექტორის კანტორაში უნდა შევიდნენ, სადაც პრეისკურანტია გაკრული. თუკი გარდაცვლილის ახლობლებს განსაზღვრულზე მეტ თანხას მოსთხოვენ, ჭირისუფლებს შეუძლიათ, მაშინვე დარეკონ ცხელ ხაზზე – (012) 501 83 08. სხვათა შორის, ოფიციალურ ფასში მხოლოდ საფლავის მომზადება შედის – გამომდინარე იქიდან, რომ მიწას „უფასოდ იღებენ“. ცალკე უნდა იქნას გადახდილი საფლავის მოსამზადებლად საჭირო მასალების – 2-3 ტომარა ცემენტის, 50-60 ქვის კუბის (მუსლიმებს არა კუბოებში, არამედ სავანეებში მარხავენ და სწორედ ამიტომ აწყობენ ქვებს საფლავზე) და ქვიშის – ფასი, რაც დაახლოებით 75 მანათს ($40) შეადგენს.
“ყველა გარდაცვლილი დაიმარხება, მიწაზე არავინ დარჩება”, – გვარწმუნებს მთავარი ინჟინერი.
კანონის მიხედვით, თითოეულ ადამიანს დასაფლავებისათვის 5 კვადრატული მეტრის ფართობის მიწა ერგება.. სურვილის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია განცხადება დაწეროს, რომელშიც გარდაცვლილის მეუღლის დაკრძალვისათვის საჭირო სათანადო ფართობის მიწის დატოვებას მოითხოვს. ინჟინერი აღნიშნავს, რომ მთლიანობაში, ქალაქის ცენტრში ცოტა ადგილია დარჩენილი. იგი გარდაცვლილთა ახლობლებს ურჩევს, პერიფერიულ სასაფლაოებს მიაკითხონ.
” მეც მასე მოვიქეცი. პირდაპირ დირექტორის კაბინეტში შევედი, – ამბობს სამირი, ირადას ბიძაშვილი, რომელმაც დასაფლავებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების ვალდებულება იკისრა, – დიახ, პრეისკურანტი აქვთ; სახელმწიფო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარიც კი მოგვცეს, მაგრამ საკუთრივ ადგილი გაცილებით უფრო ძვირია. ბიძაჩემი რაზინის სასაფლაოზე დავკრძალეთ (ბაკიხანოვის დასახლება). დირექტორი თავად დაგყვება და სხვადასხვა ტიპის ადგილებს გთავაზობს. უფრო ძვირ მიწას შედარებით უკეთესი მდებარეობა აქვს და, ამ შემთხვევაში, ჭირისუფალს შემოთავაზებული ადგილის კეთილმოწყობის საშუალებაც აქვს. უფრო იაფი ადგილები კი ნაკლებად შეესაბამება მაღალ სტანდარტებს. ბიძაჩემისთვის ნაყიდი მიწა ( მცირე ნაკვეთი მეზობელ საფლავებს შორის) 600 მანათი ($314) ღირდა. კარგი, შემოსაზღვრული ნაკვეთის ფასი 1200 მანათია. ასეთი მიწის შესაძენად ფული აღარ გვეყო.
“სასაფლაოების ბაზარზე“ განსხვავებული ფასებია. ყველაზე იაფი საფლავი 140-150 მანათი ღირს, ყველაზე ძვირი კი (რომელიც „მგლის კარიბჭის“ სახელით ცნობილ სასაფლაოზე, ქალაქის ცენტრში მდებარეობს) – 7000.
” თუკი გაჯიუტდები და იტყვი, რომ ოფიციალურად განსაზღვრულ თანხაზე მეტს არ გადაიხდი, უბრალოდ გეტყვიან, რომ სასაფლაოზე ადგილი არ არის. იძულებული ხდები დასთანხმდე”.
ოფიციალურად, იასამალის ძველი სასაფლაო დახურულად ითვლება, მაგრამ სურვილის შემთხვერვაში აქაც შეიძლება იპოვო ადგილი მიცვალებული ნათესავის ნეშტისთვის. ამ ტერიტორიის ნაწილს ძველი რუსული სასაფლაო იკავებს. აქ ძალიან ძველ, ბალახით მოსილ საფლავებსაც გადააეყრებით. ბევრი სამარხი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდშია გათხრილი. ამ ტიპის საფლავებს კონუსისებური ფორმა აქვთ და თითოეული ასეთი კონსტრუქციის თავზე ვარსკვლავია დამაგრებული. შედარებით უფრო ახალ საფლავებზე ხარიხებიანი ჯვრებია აღმართული. ამ სამარხების გვერდით უცხოური მარკის ავტომობილები მოძრაობენ – ნათესავები დაღუპულებისათვის პატივის მისაგებად მოდიან ხოლმე.
მტვრიან კანტორაში, რომლის უკანაც საფლავის ქვები მოჩანს, ახალგაზრდა კაცი გვეუბნება, რომ ადგილები აღარ არის. “სხვა სასაფლაოებზე ეძებეთ”, – გვირჩევს ის.
მემორიალურ ქვებს რაც შეეხება, ყველაზე ძვირფასი მასალის (შავი გრანიტის) ღირებულება 2000 მანათიდან ($1050) იწყება. შედარებით უფრო იაფია მარმარილოს ფილები, რომელთა ფასიც 1000 მანათიდან ($523) იწყება. ყველაზე იაფი მასალის- უბრლო დამუშავებული ქვის – შეძენა 500 მანათადაც ($261) შეგიძლიათ. ბადამდარის სასაფლაოზე ასეთი ქვა 800-1200 მანათი ღირს ($420-628).
“სასაფლაოს რუსულ ნაწილზეა მხოლოდ დარჩენილი ადგილები, – ამბობს ქუჩის კიდეზე მჯდარი ასაკოვანი მოლა, – რუსების უმრავლესობა წასულია და მათი გარდაცვლილების საფლავებს არავინ აკითხავს. იქ შეიძლება მიცვალებულთა დამარხვა“. ფასების შესახებ დასმულ შეკითხვაზე მოლამ მზერა აგვარიდა. „ მე რა ვიცი. მე უბრალო მოლა ვარ და იასინს ვკითხულობ. მე არ ვყიდი საფლავებს“. სხვათა შორის, იასინის (მიცვალებულის სახელზე აღვლენილი ლოცვის) წაკითხვა არც ისე ძვირია. როგორც წესი, მოლა ფასს არ ასახელებს და უბრალოდ იღებს იმას, რასაც გასამრჯელოდ მისცემენ. ჩვეულებრივ, ხუთი-ათი მანათი სრულიად საკმარისია.
იმ ადამიანებს, რომლებმაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შეიძინეს ნაკვეთები, გაუმართლათ, იმიტომ რომ, როგორც წესი, ასეთი ტერიტორიები უკვე შემოსაზღვრულია. საბჭოთა პერიოდში ნაშოვნ მიწებზე რამდენიმე ადამიანის ადგილია ხოლმე დარჩენილი. ზოგიერთი ამბობს, რომ ადგილებს სახელმწიფო უფასოდ არიგებდა. ნატალია გარახანოვა იხსენებს: ” ჩემი დიდი ბებია საბჭოთა პერიოდში გარდაიცვალა. ორი მიცვალებულის სამყოფი მიწა მოიგვცეს. მოგვიანებით იმ ტერიტორიაზე ბებიაც დავასაფლავეთ, ბაბუას დასამარხად კი უბრალოდ ოდნავ გადავწიეთ ღობე”.
ახალი კანონი სასაფლაოების შესახებ
მილი მეჯლისის (პარლამენტის) საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და რელიგიური სტრუქტურების კომიტეტის თავმჯდომარემ, სიავუშ ნოვრუზოვმა განაცხადა, რომ მილი მეჯლისს უკვე წარედგინა კანონპროექტი „დასაფლავების შესახებ“. ამ რეგულაციის მიხედვით, ახალ სასაფლაოებზე ერთიანი სტანდარტი იმოქმედებს. ყველა საფლავი ერთი ზომის უნდა იყოს და მათზე განთავსებული ქვებიც ერთნაირი იქნება. ეს ყველაფერი 300 მანათზე ($157) ძვირი არ ეღირება და ამ ფასში საფლავის თხრა და ქვის დადგმაც შედის. ამას გარდა, ცოცხალ ადამიანს საფლავის მიწის წინასწარ შესყიდვა აეკრძალება. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები ცდილობენ, წინასწარ იყიდონ საფლავის მიწები, სასაფლაოებზე სულ უფრო ცოტა ადგილი რჩება.
დაკრძალვის რიტუალები რეგიონებში
ყოველწლიურად ბაქოში დაახლოებით 25 ათასი ადამიანი (ანუ დაახლოებით 70 ადამიანი დღეში) კვდება. შეიძლება ითქვას, რომ „უკანასკნელი სახლისთვის“ განკუთვნილ მიწასთან დაკავშირებული დაძაბული მდგომარეობა და აქედან გამომდინარე წარმოქმნილი უზარმაზარი ხარჯები მხოლოდ ბაქოს პრობლემას წარმოადგენს. დედაქალაქში ბევრი პროვინციელი ცხოვრობს, ბევრ გარდაცვლილს მშობლიურ რეგიონებში მიასვენებენ და იქ მარხავენ ხოლმე.
რეგიონებში მიწისა და სასაფლაოების პრობლემა არ აწუხებთ. სამირა მამედოვა აღნიშნავს: “ჩვენი ყველა ნათესავი შემახაში, მამაჩემის სოფლის სასაფლაოზეა დაკრძალული. სხვათა შორის, ის სასაფლაო ძალიან ძველია. ზოგიერთი საფლავი VII-VIII საუკუნეებშია გათხრილი. ადგილი ყველას ყოფნის. ამას გარდა, არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ნათესავებს ერთ საფლავში მარხავენ – მაგალითად, შვილიშვილს იქ ასაფლავებენ, სადაც მისი ბაბუაა დაკრძალული. ამ გზით მიწაც იზოგება. თუმცა, მიწა ჩვენ არ გვიყიდია”. იგივე მდგომარეობაა ბაქოს სოფლებშიც. ორჰან სულთანოვი აღნიშნავს: „ ჩვენ ნარდარანიდან ვართ. ადგილობრივებისთვის დასამარხად საჭირო მიწა ყოველთვის გამოინახება“. საკუთრივ საფლავის თხრა და სავანის კედლების ქვებით გაწყობა 200 მანათი ($105) ღირს, საფლავის უბრალო თეთრი ქვის ფასი კი 400-600 მანათია.
ქელეხი
ყველა ადამიანმა – ღარიბმაც და მდიდარმაც – უნდა გადაიხადოს ქელეხი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება „ეხსანი“ – უფლის სადიდებლად და გარდაცვლილის მოსახსენიებლად მომზადებული უფასო სადილი, რომლითაც ჭირისუფლები ყველა მოსულს უმასპინძლდებიან. ტრადიციის მიხედვით, ადამიანის გარდაცვალების დღეს არაფერს ამზადებენ ჰალვის გარდა, რომელსაც, ჩვეულებრივ, ტრადიციებისა და მზარეულის საქმის მცოდნე ყველაზე პატივსაცემი ნათესავი აკეთებს ხოლმე. როგორც წესი, გარდაცვალებიდან მესამე, მეშვიდე და მეორმოცე დღეებს აღნიშნავენ. ამას გარდა, მეორმოცე დღემდე ყოველ ხუთშაბათს ადამიანებს შეუძლიათ, გარდაცვლილის სახლში მივიდნენ და მის სულს პატივი მიაგონ.
ბოლო პერიოდში, ეკონომიის მიზნით, გარდაცვალებიდან მესამე და მეშვიდე დღეებს ერთად აღნიშნავენ.
სოფელში გაცილებით უფრო ადვილია ქელეხის გამართვა. მდედრობითი სქესის ნათესავები ძველებურად იკრიბებიან და ჰალვასა და სადილს ამზადებენ ხოლმე. კარვის გაშლა პირდაპირ ეზოშივეა შესაძლებელი, თუმცა, სახლის ზომები და ამინდიც თუ უწყობს ხელს ჭირისუფალს, საერთოდ კარვის გარეშეც შეიძლება ქელეხის გამართვა.
პირველ დღეებში არ წყდება ნათესავების ნაკადი. ქელეხისათვის ჭირისუფლები – შეძლების შესაბამისად – ან „კარავს“ (ბრეზენტის დიდ კონსტრუქციას, რომელსაც სარიტუალო მომსახურების მობილური ჯგუფი ამონტაჟებს) დგამენ, ან რიტუალების სახლს მიმართავენ ხოლმე.
ხუთი წლის წინ, ირადას მამამთილის გარდაცვალებისას, ჭირისუფლებმა „კარავი“ დაიქირავეს. ამ კონსტრუქციის ზომები და „დახვეწილობა“ ვარირებს და ქელეხში მონაწილეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული – კარავი ასკაციანიც შეიძლება იყოს, და ორას ორმოცდაათკაციანიც.
მოვიდა სატვირთო მანქანა. რამდენიმე ახალგაზრდამ ეზოში სწრაფად და მარდად გაშალა ძირითადი კარავი, რომელსაც სრულფასოვანი ფანჯრები და კარი აქვს. კონსტრუქცია გაზის ღუმელითაა აღჭურვილი და ზამთარში მიწაზე „ფალასიც“ იფინება ხოლმე. კარავში პლასტიკატის მაგიდები და სკამები დადგეს.
მის გვერდით,“ მიშენების“ სახით, სამზარეულოს აგებენ. მასში საჭმელს ამზადებენ, თეფშებზე ბოსტნეულს აწყობენ და ჩაის ასხამენ (აქვე დიდი სამოვარი თუხთუხებს). პროდუქტებს გარდაცვლილის ოჯახი ყიდულობს, სტუმრებს კი „ქირაია ჩადირის“ (კარვების გაქირავება) ბიჭები ემსახურებიან.
არსებობს VIP კარვებიც. ასეთი კონსტრუქციის ფასი 1000-1500 მანათს ($785) უახლოვდება და ნამდვილად „სამეფო“ იერი აქვს – ესაა კარავი იატაკით, კონდიციონერითაა და ღუმელით.
არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი – „მიარასიმ ევი“ (რიტუალების სახლი“) ანუ სადღესასწაულო სახლის ერთგვარი სამგლოვიარო ანალოგი. ტექნიკურად, ეს არის რესტორანი, რომელიც სამგლოვიარო ღონისძიებების მოსაწყობადაა შექმნილი. აქ ჭირისუფალს შეუძლია, უბრალოდ თითოეულ სტუმარზე დაწესებული ფასი – 10-15 მანათი (დაახლოებით $6) გადაიხადოს და სარიტუალო სუფრა მიიღოს.
ზოგჯერ „რიტუალური სახლის“ „სერვის პაკეტში“ ქელეხების „წამყვანი“ მოლას მომსახურებაც შედის, თუმცა, ასეთი გზით შერჩეული მოლები დიდი გულმოდგინებით არ გამოირჩევიან – სწრაფად კითხულობენ „იასინს“ და პაუზებს სულისათვის მარგებელი საუბრებით არ ავსებენ, ითვლება, რომ რიტუალის შესასრულებლად უმჯობესია საკუთარი, გამოცდილი მოლას მოყვანა, რომელსაც ჭირისუფლების რამდენიმე ათეული ნათესავი მაინც ეყოლება „გაცილებული“.
თუკი მიაჯლისი, ანუ ქელეხი, მამაკაცებისთვის და ქალებისთვის ცალ-ცალკე იმართება, ორი მოლას დაქირავებაა საჭირო – მამაკაცებისათვის მამაკაც მოლას უხმობენ, ქალებისათვის კი – მდედრობითი სქესის მოლას. მაგრამ ბოლო პერიოდში ქალებისა და მამაკაცების ქელეხებს ხშირად უთავსებენ ერთმანეთს და ამ შემთხვევაში რიტუალს მხოლოდ ერთი, მამრობითი სქესის მოლა ასრულებს.
სწორად წარმართული რიტუალი
– წავიდა ჩემი ნამცეცა, წავიდა, ვაი!
გაზაფხულზე სიხარული, ზაფხულში კი … ვაი!
ცეცხლით დაშანთა ჩვენი გულები,
მხოლოდ ოთხი თვის მანძილზე სუნთქავდა დედამისი მის სურნელს! – მჭექარე ხმით წარმოთქვამს მოლა მიარსიის (რელიგიური სამგლოვიარო საგალობელის) სიტყვებს. მიარსიამ „ცრემლი უნდა მოჰგვაროს“ შეკრებილ საზოგადოებას – რათა გარდაცვლილი სათანადოდ იქნას დატირებული.
მოლა – ჰიჯაბში გამოწყობილი ჩაფსკვნილი ქალი – მაგიდის თავში ზის. ქურქებში გამოწყობილი, სუნამონაპკურები ქალები ხმადაბლა საუბრობენ და ალმაცერად უყურებენ მოლას, რომელიც აღშფოთებით უწევს ხმას ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ლოცვის დროს დაწყებულ საუბარს ამჩნევს.
მსმენელები ცრემლებს იწმენდენ. ზოგჯერ მიარსიია განსაკუთრებით სულისშემძვრელია ხოლმე და შეკრებილებს იმ ადამიანებს ახსენებს, რომლებიც დაეღუპათ. ქურქებში გამოწყობილი ქალბატონები სუფრას მისჩერებიან, მაგრამ მოლას ნებართვის გარეშე ტრაპეზიდ დაწყება არ შეიძლება. დარბაზის ბოლოს ბიჭები ჩამწკრივდნენ. თითოეულ მათგანს ლანგარი უჭირავს ხელში. ისინიც მოლას სიგნალს ელოდებიან.
მოლა არ ჩქარობს. იგი პატიოსნად გამოიმუშავებს თავის ჰონორარს. ბაქოს გარეუბანში, ბუზოვნაში მცხოვრები ადამიანისთვის 50 მანათი საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს.
ერთმანეთის მიყოლებით წარმოითქმება მუსლიმი წმინდანების – ფატიმას, ჰუსეინისა და ალის გალექსილი ბიოგრაფიები. ამის შემდეგ ლირიკაზე გადავიდნენ („ჩემო საყვარელო დეიდა, მე მოვკვდი, მაგრამ შენ ჩემ გვერდით ხარ. მოდი, სუდარა გადამაფარე“). რიტმისათვის მკერდზე, ან მუხლებზე ურტყამდნენ ხელებს.
რეგიონებში გაცილებით უფრო „ემოციური“სამგლოვიარო რიტუალები ტარდება. რაიონებში მიარსიია ჯგუფური თერაპიის ერთგვარ სეანსს ემსგავსება ხოლმე, სადაც ქალები ერთ გუნდად მოთქვამენ, აქეთ-იქით ქანაობენ და ქვითინებენ. ზოგიერთ სოფელში გლოვის ნიშნად ლოყების დახოკვის ტრადიციაც შემორჩა.
მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყო გარდაცვლილი – ბავშვი, ბერისკაცი, ქალიშვილი თუ მამაკაცი – მოლას ყველასთვის გამოძებნის საჭირო სიტყვებს. „ჩემი მეგობარი არაბისტია. ერთხელ დედამისმა უთხრა, მოდი თავსაფარს მოგახვევ და ასე იარე გასვენებებში, ლოცვები იკითხე და ფული იშოვეო, – ამბობს ლეილა, – მაგრამ, როგორც ვხვდები, ამ საქმის კეთებისას განსაკუთრებული შთაგონება გჭირდება იმისთვის, რომ ასეთი რიტუალების ჩასატარებლად მოგიწვიონ“.
ლოცვების ნაკრების გარდა, კარგმა მოლამ ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული რამდენიმე იგავი უნდა იცოდეს, მსოფლიო სიახლეებში უნდა ერკვეოდეს („დაე ალაჰმა დასაჯოს ეს ამერიკელები!“), არ უნდა დაავიწყდეს იმის თქმა, რომ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით და უფალს ბრძოლის ველზე დაღუპული ჯარისკაცების სულები უნდა შეავედროს.
ანანასები
და აი, ბოლოს მოლა იმის ნიშანს იძლევა, რომ ჭამა შეიძლება. მაგიდაზე მარინადები, ბოსტნეული და ჰალვა დევს. ოფიციანტებს ცხელი ხორციანი ფლავი მოაქვთ. ყველა ჭამას იწყებს. თავიდან ჩუმად არიან, 10-20 წუთის შემდეგ ქალები ხმადაბლა იცინიან და ჭორაობას იწყებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადათი არ არსებობს, მდიდარი ბაქოელების ქელეხების სუფრებზე თანდათანობით იზრდებოდა კერძების რაოდენობა, რაც გამოწვეული იყო გარდაცვლილთა ახლობლების სურვილით, რაც შეიძლება კარგად „გაეცილებინათ“ მიცვალებული. ქელეხებზე უკვე ეგზოტიკური ხილისა და კანფეტების დამატების წესი იყო „დამკვიდრებული“, როდესაც მუსლიმმა სასულიერო პირებმა გადაწყვიტეს, ამ სფეროში ჩარეულიყვნენ.
2014 წლის შემოდგომაზე კავკასიის მუსლიმების სამმართველომ გამოაქვეყნა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც მორწმუნემ თავი უნდა შეიკავოს მდიდრული ქელეხებისგან და მაგიდაზე მხოლოდ ჩაი, შაქარი, ჰალვა და ფინიკი უნდა იდოს. „ისლამის კანონების მიხედვით, აღაპის დროს გაშლილი მდიდრული სუფრა მფლანგველობის ნიშანია, მფლანგველობა კი ჰარამად (ცოდვად) ითვლება. ადამიანები საუბრით ერთობიან და სრულიად ივიწყებენ ლოცვასა და მიხცვალებულს”, – განმარტა ზაქათალაში მდებარე ჯუმას მეჩეთის იმამმა, გაჯი ფარჰად ეფენდიმ. ეს რეკომენდაცია ნებაყოფლობით-იძულებითი ხასიათის უნდა ყოფილიყო და ამ რეგულაციის დაცვის ვალდებულება ადგილობრივ ხელისუფლებასა და სასულიერო პირებს უნდა დაკისრებოდათ. მათვე უნდა დაეჯარიმებინათ ზოგიერთი დამრღვევი.
მიუხედავად იმისა, რომ . რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის უფროსი ირწმუნებოდა, რომ მკაცრი აკრძალვა არ არსებობს, ინტერნეტში ხშირად ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ ქვეყნის ამა თუ იმ რაიონში გამართულ ქელეხებს ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობენ და სპეციალურად აღაპისთვის მომზადებულ კერძებს პირდაპირ მაგიდებიდან იღებენ. აღსანიშნავია, რომ ეს აკრძალვა რიტუალურ სახლებზე არ ვრცელდება.
როგორც ჩამს კანონი ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა, რეკომენდაცია კი, საბოლოო ჯამში, რეკომენდაციად დარჩა.