სახელმწიფო და საზოგადოება ვერ იცავს ქალებს, რომლებზეც სისტემატურად ძალადობენ " />

ფემიციდი საქართველოში: გამოცხადებული სიკვდილების ქრონიკა გრძელდება

სახელმწიფო და საზოგადოება ვერ იცავს ქალებს, რომლებზეც სისტემატურად ძალადობენ

მკვლელობა გაყრის ნაცვლად

ორი შვილის დედა, 30 წლის ნათია გოგოლაძე 2016 წელს იტალიაში წავიდა სამუშაოდ. ასე ბევრი ქართველი ქალი იქცევა, რადგან საქართველოში სამსახურს ვერ შოულობენ.

იტალიის ქალაქ ბარიში მოხუცს უვლიდა და ხელფასის ნაწილს აგროვებდა, ნაწილს კი  საქართველოში, ოჯახს უგზავნიდა.

საქართველოში ნათია ექვსი თვის წინ დაბრუნდა, იტალიაში დაგროვილი ფულით მშობლიურ ქალაქ ხაშურში პატარა მაღაზია გახსნა, სადაც მეორად ტანსაცმელს ჰყიდდა.

2019 წლის 11 ოქტომბერს ნათიას მაღაზიაში ყოფილმა ქმარმა ირაკლი დეკანოიძემ მიაკითხა. დეკანოიძემ ჯერ ხელყუმბარა შეაგდო მაღაზიაში, რომელიც არ აფეთქდა. შემდეგ რამდენჯერმე გაისროლა და როდესაც ქალმა მაღაზიიდან გაქცევა სცადა, ყოფილი ქმარი დაეწია და თავში ისე ურტყა იარაღის კონდახი, რომ გოგო იმავე დღეს ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 „მისი ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო,“ – თქვა ექიმმა, რომელმაც ჟურნალისტებს ნათია გოგალაძის გარდაცვალების შესახებ ამცნო.

ნათიას ისტორიას მისი ბავშვობის მეგობარი ქეთი გვიყვება. მეგობრებს ორი წელი არ უნახავთ ერთმანეთი – ნათია იტალიაში,  ქეთი კი თურქეთში წავიდა სამუშაოდ.

როცა ნათიას ამბავი გაიგო, ქეთი თურქეთიდან ჩამოვიდა.

„ახალი წელი ერთად უნდა გაგვეტარებინა. ბავშვობაში სულ ერთად ვხვდებოდით ახალ წელს… როგორ ვოცნებობდით ერთმანეთის ნახვაზე,“ – ამბობს ქეთი.

ნათია (მარჯვნივ) და ქეთი. ფოტო პირადი არქივიდან

ნათია 16 წლის იყო როდესაც დაქორწინდა, როგორც ქეთი ამბობს, სიყვარულით. თუმცა, ერთ წელიწადში ცოლ-ქმრის ურთიერთობა აირია.

„მათი ურთიერთობა სულ კარგი, ან სულ ცუდი არ ყოფილა. ასეც იყო და ისეც. ამიტომაც შვილებთან ირაკლიზე ცუდს ვერ ათქმევინებდი. ალბათ, მხოლოდ ერთი წელი გაატარა თავის ქმართან ბედნიერად. შემდეგ იყო ეკონომიკური გაჭირვება, ფიზიკური და ემოციური ძალადობა. სულ შორდებოდნენ და რიგდებოდნენ.  ბოლო ხუთი წლის მანძილზე კი, ერთად აღარც უცხოვრიათ,“- ამბობს ქეთი. 

2019 წლის 11 ოქტომბერს, იმ დღეს, როდესაც მოკლეს, შუადღის 16:00 საათზე ნათიას ქმართან ხელი ოფიციალურად უნდა გაეწერა.

ირაკლი კი, მაღაზიაში დღის 12:00 საათზე მივიდა.

„არ იყო მშიშარა ადამიანი, ძალიან მამაცი იყო. ჩემთან ერთად რამის გეშინიაო, მკითხავდა ხოლმე. ამიტომაც არ მიკვირს, რომ გადაცხრილული მაღაზიიდან გარეთ გამოვარდა თავი რომ გადაერჩინა“,- ამბობს ქეთი.

მკვლელი პოლიციამ იმავე დღეს დააკავა.

ნათია 15 ოქტომბერს ხაშურში, მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს. გამოსვენებისას მისი 11 წლის ბიჭი კუბოს სწრაფად მოაცილეს, 13 წლის გოგო კი დედას დიდხანს ეთხოვებოდა.

ახლა ობლად დარჩენილი ბავშვების ბედი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ბავშვები ამჟამად ბებიასთან, დედის დედასთან და დეიდასთან ცხოვრობენ. თუმცა მზრუნველობის სურვილს მამის ოჯახიც გამოთქვამს.

სოციალური მომსახურების სააგენტომ სასამართლოს მიმართა, ბავშვების მამისთვის, მშობლის უფლებების შეზღუდვის თხოვნით.

„როცა გათხოვდა, ბევრი ოცნებაზე თქვა უარი. უნდოდა სტილისტი გამხდარიყო. ბავშვობაში, სულ მინდორში ყოფნა უყვარდა. გვირილებს კრეფდა და გვირგვინებს აკეთებდა. ამ ახალ წელს მის შვილებთან ერთად შევხვდები, მის გარეშე,“ – ჰყვება ქეთი.

როცა სახელმწიფო მკვლელის თანამზრახველია

2014 წლის 25 ივლისს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი სერგი საცერაძე და მისი ყოფილი მეუღლე, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ზესტაფონში, ცენტრალურ პარკში სკამზე ისხდნენ და საუბრობდნენ.

ცოტა ხანში საცერაძემ ჯიბიდან ტაბელური იარაღი ამოიღო და ხუთი გასროლით ყოფილი მეუღლე ადგილზე მოკლა. შემდეგ საცერაძე პარკიდან გავიდა, თუმცა მალევე მობრუნდა, პოლიციაში დარეკა და სამართლდამცავებს იქვე ჩაბარდა.

როდესაც სალომე ჯორბენაძემ სერგი საცერაძეზე იქორწინა, 16 წლის იყო. სალომეც და სერგიც ზესტაფონიდან არიან.

ლამაზი, მოდელის გარეგნობის გოგონა მშობლიურ ქალაქში პოპულარული იყო. სილამაზის სხვადასხვა კონკურსებში იღებდა მონაწილეობას და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა.

„სალომე ძალიან ამაყობდა თავისი სხეულით, მოსწონდა მოდელობა,“ – ჰყვება მისი დედა ფატი ჭელიშვილი.

სალომე ჯორბენაძის ფოტოები მის მშობლიურ სახლში, ზესტაფონში. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews 

სალომე მეგობრის დაბადების დღეზე წავიდა, იქ საცერაძემ მიაკითხა და მოიტაცა.

სალომეს მკვლელობიდან  ხუთი წლის შემდეგ ზესტაფონში, სალომეს სახლში ჩავდივართ.

ქალაქის ვიწრო ქუჩას მანქანით მივუყვებით და სახლის ზუსტ მისამართს ვეძებთ.

„გოგო რომ დაიღუპა, იმ სახლს ეძებთ?“ – გვეკითხება გამვლელი და ციტრუსების სიმწვანეში ჩაფლული ეზოსკენ მიგვითითებს.

ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე შევდივართ. ოთახის სიღრმიდან ახალგაზრდა, შავებში ჩაცმული ქალი გამოდის, ფერმკრთალი სახით, შავი თმით, და გულზე დამაგრებული ახალგაზრდა ქალის ფოტოთი.

„მე ფატი ვარ, სალომეს დედა,“ – ასე გაგვეცნო, ის.

„13 წლის იქნებოდა, ავარიაში რომ მოვყევით მე და ჩემი მეუღლე. სამი თვე გაუნძრევლად ვიწექი, ვერ დავდიოდი, ვერ ვდგებოდი. ასეთმა პატარამ მომიარა – მაჭმევდა,  მასუფთავებდა, მპრანჭავდა“.

სახლის ყველა კუთხე-კუნჭული იმაზე მიუთითებს, რომ ეს  სალომეს სახლია.

ყველგან მისი ფოტოები და ნივთები აწყვია.

სალომეს ოთახში არაფერი შეუცვლიათ. მუქი შინდისფერ კედლებზე მისი ფოტოებია გაკრული. საწოლზე მისი ტანსაცმელი, მისი ნახატები და რვეულები, მისი წერილები და ლექსებია მიმოფანტული.

ახლა ამ ოთახში სალომეს დედას და მის 7 წლის შვილს, სანდროს სძინავთ.

„სულ შიშში და ჩხუბში ცხოვრობდა ჩემი შვილი,“ – იხსენებს ქალბატონო ფატი სალომეს და სერგი საცერაძის ურთიერთობას.

მოგონებებს ფრაგმენტულად აღწერს:

„ერთხელ ჩვენთან სახლში მოვიდა და შვილს ჩემ თვალ წინ მიაყენა შეურაცხყოფა… ჩვენთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობას უკრძალავდა, სწავლას და სკოლაში სიარულს უკრძალავდა“

ცოლ-ქმარი შვილის დაბადებიდან მალევე გაშორდა ერთმანეთს. საცერაძეს არ უნდოდა დაშორება – ეჭვიანობდა, სახლში უვარდებოდა.

რამდენჯერმე ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. სალომე სამართალდამცავებს სთხოვდა დახმარებას – განცხადებაც დაწერა, თუმცა მისი დაცვა სახელმწიფომ ვერ შეძლო.

მეტიც, პოლიციელი სერგი საცერაძე არათუ დასაჯა ვინმემ, სალომეს მკვლელობამდე ხუთი დღით ადრე იგი დააწინაურეს კიდეც.

სალომეს მკვლელს თერთმეტწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ქალბატონი ფატი სალომეს ნივთებს გვათვალიერებინებს და მის ოცნებებზე გვიყვება.

მოდელის კარიერის პარალელურად სალომე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

„პროკურორობა უნდოდა. ჩემი თავი, თავადვე უნდა დავიცვაო, ამბობდა, – იხსენებს მისი დედა, – ცნობილი ადამიანი გავხდებიო ყოველთვის ამას მეუბნებოდა, ლექსებს წერდა, ხატავდა… როგორც მშობელი ყოველთვის ხელს ვუწყობდი. რას ვიფიქრებდი, რომ ასე გახდებოდა ცნობილი“.

შემზარავი სტატისტიკა

სალომეს და ნათიას ისტორიას ერთმანეთს ხუთი წელი აშორებს.

ამ ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში 87 ქალი ყოფილმა ან მოქმედმა ქმარმა თუ პარტნიორმა მოკლა.

ჯერ-ჯერობით არ არის გამოქვეყნებული 2019 წლის სტატისტიკა. თუმცა, არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი – თითქმის თვე არ გავა, რომ არ გავრცელდეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობაზე, რომელიც ქალის მსხვერპლით დასრულდა.

ყველაზე გავრცელებული განმარტების თანახმად, ფემიციდი ეს არის გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობა, რა დროსაც კაცი ქალს კლავს.

საქართველოს კანონმდებლობა ფემიციდს სამართლებრივად არ აღიარებს.

ქალთა მოძრაობის და არასამთავრობო სექტორის არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ფემიციდის შესახებ ინიცირებული კანონპროექტი კანონად არ აქცია.

მთავარი, რაც ამ კანონპროექტში წერია, სწორედ სიტყვა „ფემიციდია“.

ქალთა მოძრაობის წარმომადგენლები ითხოვდნენ, ეს სიტყვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ჩაწერილიყო მკაფიო განმარტებით, რომ ეს არის ქალის განზრახ მკვლელობა, რომელიც ჩადენილია ქმრის, ყოფილი ქმრის, პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მიერ.

„ქალის ყველა მკვლელობა ფემიციდი არ არის. ქალის მკვლელობა იმ შემთხვევაშია ფემიციდი, თუ ამ მკვლელობას კავშირი აქვს, ამ ადამიანის, როგორც ქალის მკვლელობასთან. როდესაც ქალს კლავენ იმის გამო, რომ “არასწორი ქალია” და სჯიან “ცუდი ქალობისთვის”. ეს დანაშაული განსხვავდება სხვა მკვლელობებისაგან, თავისი დისკრიმინაციული ხასიათით და ქალთმოძულეობით და როდესაც ამ დანაშაულს ცალკე გამოყოფ და სახელს დაარქმევ, ამით აღიარებ მას, როგორც განსაკუთრებულად საშიშ მკვლელობას, რომელიც დისკრიმინაციას და სიძულვილს ეყრდნობა,“ – ამბობს  ბაია პატარაია, ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი და ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

მართალია, სიტყვა „ფემიციდი“ ქართულ კანონმდებლობაში არ არის ნახსენები, თუმცა პარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რაც  ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი აღიარებაა.

სისხლის სამართლის  კოდექს დაემატა გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაული, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. გამკაცრდა სასჯელი მსგავსი ტიპის დანაშაულზე.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის მთავრი სპეციალისტი ნინო იაკობიძე ამბობს, ცვლილება საკმაოდ პროგრესულია და იმ ცვლილების თანაზომადია, რასაც უფლებადამცველები სიტყვა „ფემიციდის“ გამოყენებით ითხოვდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ მკვლელობა გენდერის ნიშნით აღიარებულია და ისჯება უფრო მკაცრად,“ – ამბობს ის.

 ორდერი, რომელიც ვერ იცავს

საქართველოში ფემიციდის შედეგად დაღუპული ქალების ისტორიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს – ნაადრევად შექმნილი ოჯახი, ეჭვიანობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელსაც ქალები წლების განმავლობაში ითმენენ.

სპეციალისტები ამბობენ, ქალთა მიმართ ასეთი დამოკიდებულების მიზეზი კომპლექსურია და რამდენიმე პრობლემას აერთიანებს. მათ შორის, მათი თქმით, ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მკვლელობები საქართველოში ძალიან ხშირია, სამართალდამცავები მაინც არასაკმარისი სერიოზულობით ეკიდებიან ოჯახური ძალადობის შემთხვევებს.

ამავე დროს შსს-ში აცხადებენ, რომ ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლა მათთვის პრიორიტეტია. შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სწორედ ამ უწყების მიერაა ინიცირებული 2018 წელს კანონმდებლობაში შესული ცვლილებები, რომელთა თანახმადაც ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე სასჯელი გამკაცრდა. შსს-მ ასევე ჩართო ცხელი ხაზი, სადაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლს შეუძლია დარეკოს და ასევე მოქმედებს სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ თავი შეაფარონ ექვსი თვით.

თუმცა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ფაქტია, რომ სამართალდამცავები ხშირად ვერ იცავენ მოძალადისგან მსხვერპლს, რომელმაც მათ დახმარებისთვის მიმართა.

ფემიციდის კვლევამ ცხადყო, რომ როგორც წესი, ქალის მკვლელობას წინ ყოველთვის უძღვის მასზე მრავალჯერადი ფიზიკური და ემოციური ძალადობა.

საკუთარი ქმრების ხელით დახოცილი ქალების დიდი ნაწილი ტრაგედიამდე მიმართავდა პოლიციას. ბევრ შემთხვევაში სამართალდამცავებმა იცოდნენ ძალადობის შესახებ, თუმცა ვერ დაიცვეს მსხვერპლი სიკვდილისგან.

ასე მოხდა სალომეს და ნათიას შემთხვევაშიც – ორივე ისტორია იცოდა პოლიციამ, თუმცა ვერ დაიცვა გოგონები.

სალომეს დედა, ფატი, იხსენებს, რომ ზუსტად იმ დღეს, როდესაც სალომე მოკლეს, იგი ქუთაისში იყო და  პროკურატურაში ყოფილის ქმრის წინააღმდეგ სარჩელი დაწერა.

ეს სალომეს მხრიდან პოლიციაში ჩივილის პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

„პოლიციაში დააბნიეს ბავშვი, ყურადღება გადაატანინეს, ისე არ გაამძაფრეს, როგორც რეალურად სიტუაცია იყო. არადა, ოქმში სალომე წერდა, რომ მისი ქმარი კვლავ იძალადებდა მასზე,“ – ამბობს სალომეს დედა. ის მიიჩნევს, რომ მისი შვილის სიცოცხლე და უსაფრთხოება სახელმწიფომ ვერ დაიცვა.

ვიდრე ერთმანეთს გაეყრებოდნენ, წყვილის თანაცხოვრების პერიოდში,    შემაკავებელი ორდერი პოლიციამ ნათია გოგოლაძის ქმარსაც გამოუწერა. ნათიას მეგობარი ქეთი ჰყვება, რომ ერთ-ერთი ჩხუბისას,  ქმარმა ნათიას თავი დოქით გაუტეხა ისე, რომ ნაკერების დადებაც დასჭირდა.

„მაშინ სახლიდან პოლიციამდე ფეხშიშველი გავარდა. დააწერინეს ყველაფერი, შემაკავებელი ორდერიც გამოწერეს“.

შემაკავებელ ორდერს, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში გაჩნდა, მოძალადის წინააღმდეგ იყენებენ. ის უკრძალავს მოძალადეს მსხვერპლთან მიახლოებას და მასთან ნებისმიერ კომუნიკაციას.

თუმცა, მალე ცხადი გახდა, რომ ამ ქაღალდს ბევრი არაფერი შეუძლია და ის ხშირად ვერ ახერხებს ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვას.

ერთ-ერთი ახალი ინიციატივა, რის გატარებასაც სახელმწიფო ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით ცდილობს ელექტრონული სამაჯურია, რომელიც  მოძალადეს გაუკეთდება მისი გადაადგილების გასაკონტროლებლად.

საკანონმდებლო ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. კანონპროექტი უწყებამ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შეიმუშავა.

2018 წლის ნოემბრამდე შემაკავებელი ორდერის დარღვევა მხოლოდ შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯებოდა. ახლა ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყოფილი ქმრის მიერ მოკლული სალომე ჯორბენაძის დედა და შვილი. ფოტო: დავით ფიფია , JAMnews

ასი მაშველი სამაჯური

ერთ-ერთი ახალი ინიციატივა, რის გატარებასაც სახელმწიფო ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით ცდილობს ელექტრონული სამაჯურია, რომელიც  მოძალადეს გაუკეთდება მისი გადაადგილების გასაკონტროლებლად.

საკანონმდებლო ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. კანონპროექტი უწყებამ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შეიმუშავა.

ცვლილებების პაკეტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია, თუმცა დეპუტატებს ჯერ მისი განხილვა არ დაუწყიათ.

იმ შემთხვევში თუ საქართველოს პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, შემაკავებელ ორდერთან ერთად, სასამართლოს უფლება ექნება მოძალადეს ელექტრონული სამაჯური დაკიდოს. სამაჯური გააკონტროლებს რა პერიმეტრზე მიუახლოვდა მოძალადე მსხვერპლს.

თუმცა, შსს-ში აცხადებენ, რომ ყველა შემაკავებელ ორდერზე სამაჯურის გამოყენება ტექნიკურად შეუძლებელი იქნება, რადგან სამინისტრო ჯამში ას ცალ  ელექტრო სამაჯურს ფლობს, ოჯახური ძალადობის შემთხვევები კი, გაცილებით მეტია – მაგალითად, 2018 წელს სამინისტრომ 7600 შემაკავებელი ორდერი გამოწერა.

ამდენი სამაჯურის შეძენა ბიუჯეტს ჯერჯერობით არ შეუძლია.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ელექტრონული ზედამხედველობისათვის საჭირო მოწყობილობის მხოლოდ ერთი კომპლექტი 2820 აშშ დოლარი ღირს.

ასი ცალის შესაძენი თანხა შსს-მ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან მიიღო.

2021 წლიდან კი, სამაჯურების შეძენაზე ზრუნვა სრულად  სახელმწიფოს მოუწევს.

ბაია პატარაია ამბობს, რომ ელექტრონული სამაჯურები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ფემიციდის პრევენციისთვის:

 „იმ შემთხვევაში თუ მოძალადე დაკავებული არაა, ის მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს. შემაკავებელი ორდერი ამ საქმეს აშკარად ვერ აკეთებს, ამიტომ ელექტრონული სამაჯური ბევრი ქალისთვის შვება იქნებოდა,“ – ამბობს ის.

ქალთა მოძრაობა, რომელსაც ბაია პატარაია წარმოადგენს, 2014 წელს იმ ქალებმა შექმნეს, რომლებმაც უარი თქვეს შეგუებოდნენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით.

ამ მოძრაობის აქტივისტების დამსახურებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა.

2014 წელს საქართველოს პარლამენტმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.

ასევე პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სექსუალურ შევიწროებას ეხება.

როგორც აქტივისტები ამბობენ, პრობლემა ის არის, რომ ქაღალდზე დაწერილი კანონები ხშირად არ მუშაობს.

მათი პრეტენზიების მთავარი ადრესატი პოლიცია და პროკურატურაა.

 

კიდევ ერთი დამნაშავესაზოგადოება

ფემიციდის მკვლევარები ამბობენ, რომ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობას განაპირობებს განათლების დაბალი დონე, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები და კულტურული და რელიგიური ტრადიციებით.

დღემდე ოჯახურ ძალადობას საზოგადოების დიდი ნაწილი არ განიხილავს როგორც დანაშაულს, არ მიმართავს პოლიციას და არ ცდილობს ქალი საკუთარი ქმრისგან დაიცვას იმ მოტივით, რომ „ოჯახში უთანხმოება ცოლ-ქმრის საქმეა“.

სიუჟეტებში, რომლებსაც ტელეჟურნალისტები ფემიციდის ფაქტების შესახებ ამზადებენ, ხშირად მოვისმენთ მეზობლების, ახლობლები, თვითმხილველების კომენტარებს, სადაც ისინი არა მოძალადეს, არამედ მსხვერპლს ადანაშაულებენ.

„როდესაც ქმარს ეტლიკინები და ეურჩები, აბა რა მოგივა,“ – ეს ფრაზა  ახალგაზრდა ქალის მკვლელობაზე მომზადებული ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტიდანაა.

გენდერის მკვლევარები ამბობენ, რომ ჟურნალისტები ხშირად თავად უწყობენ სტერეოტიპების გავრცელებას ხელს, როდესაც ფემიციდის ფაქტებს აშუქებენ. მაგალითად, ხშირია, როდესაც ჟურნალისტები მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობას ასახელებენ, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მსხვერპლს „ვიღაც ყავდა“, რაც მოძალადის ქმედების ლეგიტიმაციას ემსგავსება.

როგორც ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი, თამარ ცხადაძე ამბობს, ფემიციდის ერთ-ერთი გამომწვევია ქართულ საზოგადოებაში არსებული მასკულინობის ნორმა, რომელიც კაცის ღირსების ნაწილად წარმოადგენს მისი პარტნიორი ქალის სექსუალურ ქცევას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობა უშუალოდ უკავშირდება ძალაუფლებას; და უდავოა, რომ მამაკაცებს მეტი ძალაუფლება აქვთ ქალებზე და მეტად მიაჩნიათ თავი უფლებამოსილად, იძალადონ… ქალი აღიქმება როგორც სექსუალური ობიექტი და არა სუბიექტის აღქმა. ანუ ქალისთვის შეუფერებელია ინიციატივა ან არჩევანი სექსუალურ საკითხებში და თუ ის ამ ინიციატივას გამოიჩენს, დაისჯება“, – ამბობს ცხადაძე.

თუ საქართველოში ფემიციდის შემთხვევებს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ფემიციდის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან ქალები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლას გადაწყვეტენ ქმრის სურვილის წინააღმდეგ.

მაგალითად, იღებენ გადაწყვეტილებას, რომ გაშორდნენ ქმარს და დამოუკიდებლად იცხოვრონ.

 „ქმრები და ახლობლები არ აძლევენ საშუალებას ქალს, დამოუკიდებლად დაიწყოს ცხოვრება და რეალურად თავისი ნება გამოიჩინონ, როგორც ადამიანებმა. დღემდე მიიჩნევა, რომ ქალი უნდა იყოს მორჩილი, უნდა დადიოდეს სხვის ჭკუაზე, უნდა ემორჩილებოდეს მამას, ძმას, ან ქმარს, როგორც კი ის იჩენს საკუთარ ინიციატივას, მას ხვდება დიდი წინააღმდეგობა”,- ამბობს პატარაია. 

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ პრობლემები ოჯახში შვილების აღზრდიდანვე იწყება:

„მშობლები ანთებული თვალებით უყურებენ თავისი ვაჟის სექსუალურ აქტიურობას, რომ მას ბევრი პარტნიორი ჰყავს და ამაყობენ ამით, ხოლო გოგო არანაირ უფლებას არ აძლევენ. დღემდე და ვალდებულია ძმას შარვალი გაუუთოვოს, საჭმელი გაუმზადოს და ა.შ. ეს სტანდარტი ოჯახში უნდა დაინგრეს. მშობლებმა შვილებს უნდა აუხსნან რას ნიშნავს მათი თავისუფლება, როგორც გოგოს, ისე ბიჭს“.

ბაია პატარაიას აზრით, სახელმწიფო ძალიან ცოტას აკეთებს ამ კულტურული სტერეოტიპების დასამარცხებლად და ქალთა გასაძლიერებლად:

„ჩვენ გვჭირდება ქალთა გაძლიერება, რომელსაც სჭირდება ძალიან სიღრმისეული რეფორმა, დაწყებული განათლების სისტემიდან, სადაც სკოლიდან უნდა ისწავლებოდეს ქალთა უფლებები. ქალთა გაძლიერება უნდა ხდებოდეს ეკონომიკურად, პოლიტიკურად  და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა. შესაძლოა, კანონებს ვიღებთ და სამართლებრივად ვმუშაობთ, მაგრამ ამ მხრივ ძალიან სერიოზული ჩამორჩენა გვაქვს,“ – ამბობს ის.

“მედიაქსელის” მხარდაჭერით

ასევე წაიკითხეთ