რომელი პოლიტიკური ძალები შევიდნენ ახალ პარლამენტში და რას უნდა ველოდოთ მათგან " />

სომხური არჩევნების კანონზომიერებები და მოულოდნელობები

რომელი პოლიტიკური ძალები შევიდნენ ახალ პარლამენტში და რას უნდა ველოდოთ მათგან

სომხეთში დასრულდა საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგებიც, გარკვეულწილად, მოულოდნელი აღმოჩნდა. სურპრიზს არ წარმოადგენს ის, რომ მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ მიიღო ხელისუფლების ფორმირების შესაძლებლობა, მაგრამ რამდენიმე სხვა პარტიის სრული მარცხი ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა. გარკვეულ წრეებში ვარაუდობდნენ, რომ ეს ძალები აუცილებლად მოხვდებოდნენ პარლამენტში.

“სიურპრიზი” ლევონ ტერ-პეტროსიანისათვის

პარლამენტში ვერ მოხვდა ბლოკი „სომხეთის ეროვნული კონგრესი – სომხეთის სახალხო პარტია“,  რომელმაც წინასაარჩევნო კამპანია  „ყარაბაღის სამშვიდობო ინიციატივაზე“  დააფუძნა – არაპოპულარულ თეზისზე, რომელიც მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლასაც მოიაზრებს.

„სომხეთის ეროვნული კონკრესის“ ლიდერი, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, ლევონ ტერ-პეტროსიანი გამოვიდა ინიციატივით, რომლის მიხედვითაც, ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად სომხეთი „მადრიდის პრონციპებს“ უნდა დასთანხმდეს და პირველი ნაბიჯის სახით ყარაბაღის კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიის ნაწილიდან ჯარები უნდა გაიყვანოს, რითაც აზერბაიჯანს ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას „აიძულებს“.

იგი აღნიშნავდა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ შემოთავაზებული „მადრიდის პრინციპები“ ხელისუფლებისთვისაც მისაღებია და აცხადებდა, რომ მმართველი ჯგუფი მზადაა ტერიტორიები დათმოს. ამ განცხადების  საფუძველზე ბევრი ადამიანი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ  ტერ-პეტროსიანი სარგსიანს გაურიგდა და საზოგადოებას ტერიტორიების დათმობებისთვის ამზადებდა.

ლევონ ტერ-პეტროსიანის პარტიასა და მის სამშვიდობო ინიციატივას ამომრჩეველთა ხმების 2% ერგო, რის საფუძველზეც ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით დათმობებზე წასვლის ინიციატივა უკიდურესად არაპოპულარულია საზოგადოებაში, რომელმაც, შესაძლოა არ მიიღის აზერბაიჯანულ მხარესთან გაფორმებული კომპრომისული შეთანხმებები იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება მაინც მოაწერს ხელს სათანადო დოკუმენტებს.

მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რესპუბლიკელები არახელსაყრელ კომპრომისზე წავლენ – „სომხეთის რესპუბლიკური პარტიის“ იდეოლოგიურ მამად ითვლება გარეგინ ნჟდე, რომელიც „დიდი სომხეთის“ იდეის  გულმხურვალე მხარდამჭერი იყო. ამას გარდა, რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად პარლამენტში „დაშნაკცუთიუნიც“ მოხვდა  –  კიდევ ერთი ნაციონალისტური პარტია, რომელიც, სავარაუდოდ, რესპუბლიკურ პარტიასთან კოალიციას შექმნის. ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ სომხეთში შენარჩუნდეს და  გაძლიერდეს ნაციონალური ბლოკი, რომელთანაც დათმობაზე მოლაპარაკება გაჭირდება.

” 2 აპრილს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით იმ ფიცის შესრულებისკენ, რომელიც მათ საფლავებზე  დავდეთ. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უფრო მტკიცე, ძლიერ და განვითარებულ სახელმწიფოს ავაშენებდით, და ჩვენ ასეთ სახელმწიფოს ავაშენებთ.და ჩვენ ამას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივაღწევთ”, -აღნიშნულია  სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის განცხადებაში.

„სოციალ-დემოკრატიული“ „ნახევარპოზიცია“

პარლამენტში ორი ბლოკი  შევიდა – „ცარუკიანი“ და „იელქი“ (გამოსავალი). წესით ეს ძალები ნაციონალისტური ფრთის ოპოზიციად უნდა იქცნენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქ გაგიკ ცარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“ თავს ოპოზიციად ასაღებს, ამ პოლიტიკური ძალის „ოპოზიციურობის“  არავის სჯერა. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, როდესაც ამომრჩევლები სერჟ სარგსიანისა და ხელისუფლების გაკრიტიკებას ცდილობდნენ, გაგიკ ცარუკიანი საზოგადოებას  „ამ პრობლემის პოლიტიზებისაგან“ თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა.

მან თავისი იდეოლოგია „კეთილი ოლიგარქის“ იმიჯზე დააფუძნა. ანალიტიკოსების აცხადებენ, რომ მცირე მასშტაბის ქველმოქმედებით  მან ქვეყანაში შექმნილი საპროტესტო განწყობები გადაფარა. შესაძლოა, ცარუკიანის ბლოკი პარლამენტის „ოლიგარქიულად სოციალურ“ პოლუსად იქცეს, რომელიც ქვეყანაში არსებული მონოპოლიურ-ოლიგარქიული სისტემის დამანგრეველი გადაწყვეტილებების მიღებას დააბრკოლებს.

ბლოკი „იელქი“ გამოირჩევა იმით, რომ ამ ძალას ყველა შანსი აქვს იმისთვის, რომ რეალურ დემოკრატიულ ოპოზიციად იქცეს.  ამ ბლოკში მრავალი სამოქალაქო აქტივისტი შევიდა, რომლებიც ბლოკის ფორმირებამდე ქუჩის აქციებით ცდილობდნენ დემოკრატიული ღირებულებებისათვის ბრძოლას. მაგრამ ამ ძალას პარლამენტში მხოლოდ 9 წარმომადგენელი ეყოლება.  

სომხეტის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პარლამენტის 101 მანდატიდან 55 „სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ „მიიღო, 30 ადგილი ბლოკ „ცარუკიანს“ ერგო, 9 მანდატით მესამე ადგილზე ბლოკი „იელქი“ („გამოსავალი“) გავიდა, „დაშნაკცუთიუნმა“  კი 7 მანდატი მოიპოვა.

რესპუბლიკური პარტია პარლამენტში საკმარისი რაოდენობის მანდატს იღებს იმისთვის, რომ სტაბილური უმრავლესობა შექმნას და კოალიციის ფორმირების გარეშე ჩამოაყალიბოს მთავრობა.

სომხეთის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია არ იცვლება

სომხეთი პრორუსული ბლოკების – ევრაზიული კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის – წევრია; თუმცა, არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ქვეყნის პარლამენტმა  ევროკავშირთან დადებული ახალი ჩარჩო-ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა. კენჭისყრამდე დიდი ხნით ადრე რუსეთის ელჩმა სომხეთში, ივან ვოლიკინმა განაცხადა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნების შემდეგ სომხეთის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია არ შეიცვლება.

შეიძლება ითქვას, რომ ვოლიკინი მართალი აღმოჩნდა. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ – ერთადერთმა პარტიამ, რომელიც „ევრაზიული კავშირიდან“ და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციიდან გამოსვლისა და ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივით  გამოვიდა – ხმების მხოლოდ 2% დააგროვა.და, მიუხედავად იმისა, რომ „იელქის“ წინასაარჩევნო პროგრამაში ევრაზიული კავშირის წევრობის საკითხის გადახედვისა და ევროკავშირთან ურთიერთობის გამტკიცების საკითხიც შედის, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბლოკი ამ თეზისის წინ წამოწევას არ დაიწყებს და უფრო შიდა პრობლემების გადაწყვეტით დაკავდება.

ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საგარეო პოლიტიკა პოპულარულ თემად არ იყო მიჩნეული, და რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობა (ისევე, როგორც ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობა) ეჭვქვეშ  თითქმის არავის დაუყენებია. სხვათა შორის, წინასაარჩევნო  პერიოდში სერჟ სარგსიანი ბრიუსელშიც ჩავიდა და „ნატოს“ ხელმძღვანელებსაც შეხვდა.  პრეზიდენტმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერი სომხეთში დაპატიჟა.

არჩევნების შემდგომი პროტესტები

წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ინციდენტს. ჩვეულებრივ, ამ ექსცესების მთავარ მოქმედ გმირად ბლოკი „ოგანიანი-რაფი-ოსკანიანი“ („ორი“) გვევლინებოდა, რომლის შემადგენლობაშიც ორი ყოფილი მინისტრი (შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ყოფილი ხელმძღვანელები) გაერთიანდა. ბლოკი ცდილობდა, ხელისუფლების შემცვლელი ძალის იმიჯი შეექმნა და თავიდან ამ მიზნის მიღწევას არჩევნების გზით აპირებდა. მაგრამ ბლოკის წევრები ნართაულად აღნიშნავდნენ, რომ მზად იყვნენ, ხალხი ქუჩის აქციებზე გაეყვანათ –  იმ შემთხვევაში, თუკი სახელისუფლებო პარტია თვითაღწარმოებას მოახდენდა.

ბლოკი „ორო“ ღიად უჭერდა მხარს მეამბოხეთა დაჯგუფება „სასნა ცრერს“, რომელიც 2016 წლის ივლისში ორი კვირის განმავლობაში პოლიციის საპოსტო-საპატრულო სამსახურის  შენობაში იყო გამაგრებული. გასული წლის ზაფხულში ამბოხებულებმა ერევანში დისლოცირებული პოლკის ტერიტორია დაიკავეს. ამჟამად დაჯგუფების წევრები საპატიმროში იმყოფებიან და სასამართლოს განაჩენს ელოდებიან.

ამას გარდა, კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი, სამველ ბაბაიანი დააკავეს, რომელსაც ბლოკ „ოროს“ იდეურ მამასა და კოორდინატორს უწოდებდნენ. ბაბაიანს კონტრაბანდისტულ საქმიანობაში ადანაშაულებენ. ბრალდების მტკიცებით, ექსმინისტრმა სომხეთში „გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „იგლა“ შეიტანა.  ზოგიერთი მედიაგამომცემლობა წერდა, რომ გარკვეული წრეები სერჟ სარგსიანის თვითმფრინავის ჩამოგდებას ლამობდნენ.

სამველ ბაბაიანის დაპატიმრებას საპროტესტო განწყობა არ გამოუწვევია, რის საფუძველზეც გაჩნდა ეჭვი, რომ არჩევნების შემდეგ ხალხი ქუჩაში არ გავიდოდა.

არჩევნებიდან მეორე დღეს პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიები  საჯარო განცხადებები გაავრცელეს, რომლებშიც  არჩევნების ნაკლოვანებებსა და უსამართლობაზე იყო საუბარი, მაგრამ ხალხის ქუჩაში გამოყვანის ინიციატივით არავინ გამოსულა.

ამას გარდა, ოპოზიციამ ხალხი ხმების გაყიდვაში დაადანაშაულა და და განაცხადა, რომ მოსახლეობა უარს ამბობს საკუთარ მომავალზე.

პარლამენტის გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალების განცხადებები

ბლოკი „ოგანიანი-რაფი-ოსკანიანი“:

  „ეს არ იყო არჩევნები.  ეს იყო ბაზარი და ხელისუფლების მიერ ორგანიზებული სისტემური ფალსიფიკაციის ღონისძიება, რომლის შედეგებიც საზოგადოების რეალურ განწყობებსა და ხალხის ინტერესებს არ გამოხატავს. შედეგად, ამჯერადაც უკანონო გზით ფორმირებული არალეგიტიმური ხელისუფლება მივიღეთ, რაც პოლიტიკური მონოპოლიის გაღრმავებას გამოიწვევს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს კოშმარი დიდხანს ვერ გაგრძელდება. ცვლილებები გარდაუვალია და ჩვენ იმ ძალების მოწინავე რიგებში ვიქნებით, რომლებიც ქვეყანას ცვლილებებს მოუტანენ“.

სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ პეტროსიანი, საარჩევნო ბლოკის „კონგრესი-სომხეთის სახალხო პარტია“ ლიდერი:  

“ამიერიდან საზღვარზე მოკლული თითოეული ადამიანის ხსოვნის წინაშე მორალური  პასუხისმგებლობა პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკური ძალებს დაეკისრებათ. ჩვენ მხოლოდ მადლიერებას გამოვხატავთ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი კატასტროფის თავიდან აცილებასაც მოახერხებენ, ყარაბაღსაც შეინარჩუნებენ და მიწებსაც არ გასცემენ“.

“სომხური აღორძინება”:

 “2 აპრილის საპარლამენტო არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის,  ოლიგარქიული დაჯგუფებებისა და „უბნის ავტორიტეტების“ მასშტაბური გამოყენების ფაქტები აღინიშნა. პარტია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებს არ გაასაჩივრებს და არჩევნების შემდგომ მასობრივ მანიფესტაციებსა და მიტინგებში მონაწილეობას არ მიიღებს”.

არჩევნებს სოციალურ ქსელებშიც აქტიურად განიხილავდნენ. გთავაზობთ დისკუსიის ყველაზე პოპულარულ თემებს.

პირველი ტენდენცია: ხალხმა ისეთი პარლამენტი მიიღო, როგორსაც იმსახურებდა

“როგორ შეიძლებოდა იმ ძალის არჩევა, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის ხალხი არაფერს წარმოადგენს. ისინი საკუთარ პრობლემებს წყვეტენ. ოჰ, რამხელა ტკივილს იგრძნობთ, როდესაც იმედები გაგიცრუვდებათ! და ეს ძალიან მალე მოხდება”.

რევოლუცია გადაიდო. ყველა არჩევნები ერთნაირია და ნამდვილი არჩევნები არ არსებობს”.

მეორე ტენდენცია: არჩევნები არაფერს წყვეტდა

“ალბათ, მალე დაიწყებენ საუბარს იმაზე, რომ სწორედ ასეთ ხელისუფლებას იმსახურებენ საკუთარი ხმების გამყიდველი მოქალაქეები. ფუჭი ლაპარაკი იქნება. უბრალოდ სურთ, რომ ყველაფერი ხალხს დააბრალონ, მაგრამ სინამდვილეში ფალსიფიკაციის  შემოქმედებად ხელისუფლება და მასთან აფილირებული „პოლიტიკური“ ტილები მოგვევლინენ”.

მესამე ტენდენცია: შეუძლებელი იყო ადეკვატური არჩევანის გაკეთება

“ირონია და აღშფოთება. ხალხმა „სომხეთის რესპუბლიკური პარტია“ აირჩია. ჰო… ვიღაცას უბნის ავრორიტეტმა მოსთხოვა, სხვებს კი ცვლილებები არ უყვართ. ზოგიერთს უბრალოდ ეშინია სიახლის. მავანს რესპუბლიკურმა პარტიამ  სამსახური მისცა და ამ სამუშაო ადგილის დაკარგვის ეშინია. ვიღაცამ ფული აიღო და იმდენად პატიოსანი აღმოჩნდა, რომ ხმა იმ პარტიას მისცა, რომლისგანაც ეს თანხა მიიღო. გამიკვირდებოდა, ხალხს „სომხეთის აღორძინება“, ან „ორო“ რომ აერჩია. ასეთი არჩევანი ნამდვილად გაუგებარი იქნებოდა”.

“ამ არჩევნების შედეგად არა ხელისუფლება, არამედ ოპოზიცია გადადგა. უფრო სწორად, ოპოზიციური ძალების შემადგენლობა შეიცვალა. არჩეულ ოპოზიციას კი მოუწევს იმის დამტკიცება, რომ მართლაც არჩეული ოპოზიციაა”.


ასევე წაიკითხეთ