ამ დღეს შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი ქვეყნის პარლამენტში შეიჭრა და სპიკერი, პრემიერი და დეპუტატები დახოცა" />

სომხეთში 1999 წლის ტერაქტის მსხვრპლებს იხსენებენ

ამ დღეს შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი ქვეყნის პარლამენტში შეიჭრა და სპიკერი, პრემიერი და დეპუტატები დახოცა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა  ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობის პირებთან ერთად პარლამენტის ეზოში 1999 წლის ტერაქტის მსხვერპლთა ძეგლთან ყვავილები დააწყო. პოლიტიკოსებთან ერთად იქ იმყოფებოდნენ დაღუპული დეპუტატების ნათესავებიც.

რა მოხდა 1999 წლის 27 ოქტომბერს

19 წლის წინათ შეიარაღებული ჯგუფი სომხეთის ეროვნული საკრებულოს შენობაში შეიჭრა. მისმა მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ეს სახელმწიფო გადატრიალება იყო, და დეპუტატებს მობილური ტელეფონების გამორთვა და იატაკზე დაწოლა მოსთხოვეს.

ჯგუფის ლიდერი ნაირი უნანიანი იყო. როგორც მოგვიანებით სხდომათა დარბაზში დამსწრე ჟურნალისტებმა განაცხადეს, უნანიანი სომხეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ვაზგენ სარგსიანისკენ გაემართა და შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: „კმარა ჩვენი სისხლის სმა“, – რაზეც ვაზგენ სარგსიანმა უპასუხა: „ყველაფერი შენთვის და შენი შვილებისთვის კეთდება“.  ნაირი უნანიანმა საპასუხოდ ცეცხლი გახსნა. ვაზგენ სარგსიანი დაიღუპა.

მის გარდა მოკლეს კიდევ შვიდი ადამიანი, მათ შორის   პარლამენტის სპიკერი კარენ დემირჩიანი.

 გაუხსნელი საქმის წვრილმანები, რომლის გახსნა „რიგით მილიციელს“ შეეძლო

მოწმეები აღნიშნავენ, რომ სროლები ქუჩაში, პარლამენტის კედლებს იქით ისმოდა. პირველი სროლებიდან ნახევარი საათის გასვლის შემდეგ პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი შეგროვდა, მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი ძალა.

ტერორისტებმა   დაახლოებით 50 დეპუტატი მძევლად  აიყვანეს და  პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანთან პირისპირ მოლაპარაკება მოითხოვეს.

მოლაპარაკებები შედგა. ტერორისტები მოითხოვდნენ, რომ მათთვის პირდაპირი ეთერით გამოსვლის საშუალება და სამართლიანი სასამართლოს გარანტია მიეცათ.

28 ოქტომბერს მძევლები გაათავისუფლეს, შეიარაღებული ჯგუფის წევრები კი დააპატიმრეს.

რა ბედი ეწიათ შეიარაღებული ჯგუფის წევრებსა და ტერაქტის მოწმეებს

ეროვნული საკრებულოს წევრების დახოცვის შემდეგ სასამართლო განხილვა დაიწყო. ჯგუფის ყველა წევრს, ერთის გამოკლებით, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ჯგუფის ლიდერი ნაირი უნანიანი ციხეში ჯდომას აგრძელებს, თუმცა ბევრი მისი თანამოაზრე, ასევე ტერაქტის მოწმეები, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპნენ.

ედუარდ გრიგორიანი, რომელსაც 1999 წლის 27 ოქტომბრის ტერაქტში მონაწილეობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, 2017 წლის 5 ნოემბერს გარდაიცვალა.

მანამდე ედუარდ გრიგორიანმა 27 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით იმის მოყოლის პირობა დადო, „რის დამალვასაც საზოგადოებისგან ასე ჯიუტად ცდილობენ.“

არსებული ინფორმაციის თანახმად, ედუარდ გრიგორიანს ღამით გულის არეშე მწვავე ტკივილი დაეწყო. სასწრაფო დახმარებამ ის  გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც გრიგორიანი გარდაიცვალა.

ედუარდ გრიგორიანამდე 27 ოქტომბრის ტერაქტის მონაწილე კიდევ რვა ადამიანი გარდაიცვალა.

2000 წელს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, საკუთარ საკანში, ოფიციალური მონაცემებით, დენის დარტყმით გარდაიცვალა საქმეში ეჭვმიტანილი ნორაირ ეგიაზარიანი, რომელიც სპეციალობით ელექტრიკოსი იყო. სასამართლო-სამედიცინი ექსპერტიზის თანახმად, ეგიაზარიანი 220-ვოლტიანი მუხტით დაიღუპა. ამავდროულად, ნორაირ ეგიაზარიანს თავზე აღმოაჩნდა დარტყმის კვალი, რაც ოფიციალურად არ დადასტურდა. მოგვიანებით, 2004 წელს, ოფიციალური ვერსიით, საკუთარ საკანში თავი მოიკლა 27 ოქტომბრის ტერაქტის მონაწილე ვარამ გალასტიანმა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

სასამართლო განხილვის დროს ვარამ გალასტიანი პერიოდულად აცხადებდა, რომ მას ფსიქოტროპულ პრეპარატებს უკეთებდნენ და ყველანაირად უბიძგებდნენ სუიციდისკენ, რათა ადამიანებს ჭეშმარიტება არ შეეტყოთ. 2010 მაისში იმავე სასჯელ-აღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა ჰამლეტ სტეპანიანი, რომელსაც 27 ოქტომბრის ტერაქტის საქმეზე 14-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მისი პატიმრობის ვადა ორ წელიწადში იწურებოდა. წინასწარი დასკვნის მიხედვით, 57 წლის ჰამლეტ სტეპანიანის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა. თუმცა, მისი დამცველები ამტკიცებდნენ, რომ სტეპანიანს მანამდე გულის პრობლემა არ ჰქონია.

ჟურნალისტი, საზოგადოებრივი ტელევიზიის საბჭოს თავმჯდომარე ტიგრან ნაგდალიანი, რომელიც ნაირი უნანიანს ახლოს იცნობდა და 27 ოქტომბრის საქმეზე მოწმედ გამოდიოდა, 2002 წელს ერევანში თავისი მშობლების სახლიდან გამოსვლისას მოკლეს.

2004 წელს აპარანი-ერევანის ავტოსტრადაზე ავარიაში მოხვდა დეპუტატი მუშეგ მოვსისიანი. თავის დროზე ის 27 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ის გაათავისუფლეს. ავარიის შემდეგ მას რამდენჯერმე გაუკეთეს პერაცია, თუმცა მოვსისიანი გონს მოუსვლელად გარდაიცვალა. იმავე 2004 წელს ასევე ავარიის შედეგად აშშ-ში გარდაიცვალა პარლამენტის ყოფილი მედდა როზა ოგანესიანი, რომელიც ამ საქმის მოწმე იყო. ტერაქტის დღეს ის პარლამენტში იმყოფებოდა.

2004 წელს ეროვნული საკრებულოს შენობაში თავი ჩამოიხრჩო პარლამენტის ოქმების განყოფილების თანამშრომელმა, 45 წლის ასმიკ აბრამიანმა. ის ასევე ამ საქმის მოწმე იყო. 2014 წელს აშშ-ში გარდაიცვალა ერთ-ერთი მთავარი მოწმე.  სომხეთის ეროვნული ტელევიზიის კომენტატორი და კორესპონდენტი, ნაირი უნანიანის ახლო მეგობარი ტიგრან ნაზარიანი, რომელიც ტერაქტის დღეს ეროვნული საკრებულოს შენობის დარბაზში შევიდა, და შეიარაღებული ჯგუფის მეთაურს ორი საათის განმავლობაში ესაუბრა.

გახსნილია თუ არა დანაშაული

დანაშაულის შემსრულებლები დაისაჯნენ, თუმცა სომხეთში ბევრი მიიჩნევს, რომ იყვნენ ასევე დამკვეთები, რომელთა სახელები აქამდე უცნობია. ასევე გაურკვეველი რჩება დანაშაულის ჭეშმარიტი მოტივიც.

არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთის მიხედვით, სომხეთის პარლამენტში მომხდარი ტერაქტი სხვა სახელმწიფოების სპეც-სამსახურების მიერ იყო ორგანიზებული.

სხვა ვერსიის მიხედვით, დანაშაულის ორგანიზატორი მაშინ მოქმედი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი იყო. და თითქოს, მას ამ გზით  პოლიტიკური კონკურენტების – ტერაქტის დროს მოკლული სპიკერის დემერჩიანისა და პრემიერ სარგსიანის ჩამოშორება სურდა.

გაიხსნება თუ არა ისევ ეს საქმე

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საქმის ხელახლა აღსაძვრელად ახალი დეტალები უნდა გაჩნდეს.


ასევე წაიკითხეთ