„სომხური ლიტერატურა“ და „სომხეთის ისტორია“ - არაჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის სავალდებულო აღარ იქნება" />

ერევნის უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების ახალ რეფორმას აპროტესტებენ

„სომხური ლიტერატურა“ და „სომხეთის ისტორია“ - არაჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის სავალდებულო აღარ იქნება

არაიკ არუთიუნიანი, სომხური ენა, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გაფიცვა, არასავალდებულო საგნები, უმაღლესი განათლება, უმაღლესი სასაწავლებელი

სომხეთში ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა 6 ნოემბრის დილიდან გაფიცვა გამოაცხადეს. ისინი ეწინააღმდეგებიან გარკვეულ პუნქტებს „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების“ შესახებ ახალ კანონპროექტში, რომელიც მოცემულ მომენტში დამუშავების სტადიაზეა.

კერძოდ, ახალი კანონპროექტის თანახმად, საგნების – „სომხური ლიტერატურა“ და „სომხეთის ისტორია“ სწავლება არაჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის სავალდებულო აღარ იქნება.

სტუდენტებისა და არმენისტი პედაგოგების აქციას, რომლებიც ამგვარ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, ჯერჯერობით სომხეთის მთავარი უმაღლესი სასწავლებლის სხვა ფაკულტეტები არ შეერთებიან. თუმცა, უკვე შუადღეს სომხეთის განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტრო გამოვიდა ოფიციალური განცხადებით, რომელშიც ნათქვამი იყო:

 „პროექტის მიღების შემდეგ ნებისმიერი უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილი იქნება გადაწყვიტოს, რომ ეს საგნები აუცილებელი წესით ყველა ფაკულტეტზე უნდა ისწავლებოდეს“.

ენის სახელმწიფო კომიტეტი სომხეთში მშობლიური ენის ფლობის დონით უკმაყოფილოა

სომხური ენა საქართველოში: მისი სახელმწიფოებრივი სტატუსის მომხრეები და მოწინააღმდეგეები

„სომხური ენა – მინისტრის საკუთრება არ არის“

აქციის მონაწილეებს ასევე აღელვებთ, რომ უმაღლეს სასწავლებლებში „არასავალდებულო“ საგნები ისედაც არცთუ საუკეთესო დონეზე ისწავლება:

 „მაგრამ პრობლემისთვის გვერდის ავლა – მისი გადაწყვეტის საუკეთესო გზა არაა. შეგვიძლია ახალი მექანიზმები შევიმუშაოთ, საზოგადოებრივი მოსმენების ორგანიზება მოვახდინოთ, შევქმნათ პროფესიული საბჭო. ისე კი, შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ვიღაცამ სიზმარი ნახა, დილით კი მისი მოყოლა გადაწყვიტა. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ, რადგან საგანი „სომხური ენა“ – მინისტრის საკუთრება არ არის. ის ასევე ანგარიშს უნდა უწევდეს სტუდენტებს, პროფესიონალებს, თუმცა მათი იგნორირება მოხდა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სტუდენტმა გევორგ გიულუმიანმა.

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხური ფილოლოგიის ფაკულტეტის ერთ-ერთმა პედაგოგმა, ლინგვისტმა ვარდან პეტროსიანმა სტუდენტების ინიციატივას დროული უწოდა:

 „ის სომხური ენის, როგორც ეროვნული ენის ინტერესების დაცვისკენაა მიმართული“.

სომხური ლიტერატურის კათედრის დოცენტი არშალუის გალსტიანი მიიჩნევს, რომ მოცემული კანონპროექტი – მშობლიური ენის დაკარგვის საფრთხეს წარმოადგენს:

 „ჩვენი ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭომ კანონპროექტის მიმართ თავისი უარყოფითი პოზიცია გამოხატა. ყველას ისე წარმოუდგენია, რომ ეს XXI-ე საუკუნეში ჩვენი პატარა ერისთვის მშობლიური ენის დაკარგვას ნიშნავს“.

კოლეგის მოსაზრება გაიზიარა სომხური ენის კათედრის დოცენტმა ნარინე დილბარიანმა. დილბარიანის აზრით, ახალი კანონპროექტი არაჰუმანიტართა შორის ენის ისედაც არცთუ იდეალურ ცოდნას კიდევ უფრო გააუარესებს:

 „ ექიმები რუსულად ლაპარაკობენ, IT-ს სპეციალისტები – ინგლისურად. და კიდევ სომხური ენის მოხსნა გადაწყვიტეს. არაჰუმანიტარული ფაკულტეტებისთვის  სპეციალური ლიტერატურა სომხურად ისედაც არ არსებობს. ამ ლიტერატურას 10 წელიწადში ვინღა გადათარგმნის?“

გაფიცვის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან, მეცადინეობის ბოიკოტირება წლობით გააგრძელონ.

ექსპერტების მოსაზრება

ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ აზრი გამოთქვა განათლების სფეროს ექსპერტმა სერობ ხაჩატრიანმა:

 „თუკი სომხეთის უმაღლეს სასწავლებლებში საგნის „სომხური ენა“ სწავლების მეთოდიკა ბევრს არ მოსწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სასწავლო გეგმებიდან და სავალდებულო დისციპლინათა ჩამონათვალიდან უნდა ამოიღონ“, – აღნიშნა ხაჩატრიანმა.

ფილოლოგმა-არმენისტმა სერჟ სრაპიონიანმა კანონპროექტი „წელს ქვემოთ დარტყმად“ შეაფასა:

 „ამ პროგრამებს მკაფიო ანტისომხური მიმართულება აქვს“.

მისი აზრით, ეროვნული საკრებულოს 132 დეპუტატიდან ისეთი სამიც კი არ არსებობს, ვისაც სომხური ენაზე საკუთარი აზრის გამართულად გადმოცემა შეუძლია:

 „და ახლა კიდევ იმას გვთავაზობენ, რომ სომხური ენა სავალდებულო დისციპლინების სიიდან ამოღებულ იქნას?!»

ა. ალიხანიანის სახელობის (ერევნის ფიზიკური ინსტიტუტის) ეროვნული სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი არპინე პილოიანი ამ მოსაზრებებს არ ეთანხმება. მისი თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში სპეციალიზებული სწავლება ზედმეტად გადატვირთულია მეორეხარისხოვანი საგნებით, და სომხური ენის სწავლა სასარგებლო იქნებოდა, თუკი სწავლების სხვა მეთოდებს გამოიყენებდნენ.

„თუმცა, ამ საგნის ახლანდელი სწავლების პროცესი სასკოლო ცოდნას ახალს არაფერს ჰმატებს. ანუ, დღეს სასწავლო გეგმებში სომხური ენის სავალდებულოდ დანერგვით უბრალოდ, პედაგოგების გარკვეული ჯგუფის დატვირთულობის უზრუნველყოფა ხდება“.

პილოიანის თქმით, სომხური ენის ცოდნის აუცილებელ დონეს სტუდენტები უმაღლესში შესვლამდე უნდა დაეუფლონ, უმაღლეს სასწავლებელში კი სავალდებულო მხოლოდ პროფესიული დისციპლინები უნდა იყოს.

ახალი პროექტის მთავრობასთან ერთად განხილვა

იმის შესახებ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და პორტის სამინისტრომ „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების“ შესახებ ახალი პროექტი შეიმუშავა, 22 ოქტომბერს გახდა ცნობილი. და მასზე არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია ჰქონდათ არამხოლოდ ექსპერტებს, არამედ მთავრობის წევრებსა და პარლამენტის დეპუტატებსაც.

კერძოდ, ეროვნული საკრებულოს ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“დეპუტატმა ივეტა ტონოიანმა ახალი კანონპროექტი დაახასიათა როგორც -„არატოლერანტული“:

 „პროგრამიდან ხდება სამი დისციპლინის ამოღება, რომელთაგან თითოეული სიტყვა „სომხურს“ შეიცავს. არ მესმის, ეს რა არატოლერანტულობაა სომხურის მიმართ. ჩემთვის სომხური ენისა და ისტორიის წინააღმდეგ ამ ბრძოლის მიზანი გაუგებარია“, – განაცხადა დეპუტატმა.

მეტიც, ტონოიანმა კანონპროექტის ავტორებს მიმართა და მოუწოდა, რომ სომხეთის მთავრობაში მისი განხილვა არც კი მოხდეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა არაიკ არუთიუნიანმა განმარტა, რომ არსებობს გადაწყვეტილება, რომ სკოლების მაღალ კლასებში სომხური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის უფრო ხარისხიანი სწავლების სტიმულირება მოხდეს. მინისტრს ასევე უფრო მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ უმაღლეს სასწავლებლებს მიეცეთ უფლება, რათა გათავისუფლებული საათები სპეციალური საგნების სწავლებისკენ მიიმართოს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრეს-მდივანმა ანჟელა კჯრიანმა განაცხადა, რომ კანონპროექტი ჯერჯერობით საზოგადოების წინაშე სამსჯელოდ გატანილი არ არის. მან განმარტა, რომ პროფილური დაწესებულებებში პროექტის განხილვის შემდეგ მიღებული დასკვნები და ექსპერტების მოსაზრებები განზოგადდება, პროექტი დაიხვეწება და საზოგადოების სამსჯავროზე მხოლოდ შემდეგ წარდგება.

ახალი წესები შესაძლოა მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებს არ შეეხოს

2018 წლის ივლისიდან სომხეთში ასევე აქტიურად оმსჯელებენ სკოლებში საგნის – „სომხეთის ეკლესიის ისტორია“ სწავლების ბედზე.

მაშინ სომხეთის მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სომხეთში აშშ-ს ელჩმა როგორ  განაცხადა, რომ მას სასკოლო პროგრამებში საგნის „სომხეთის ეკლესიის ისტორიის“,  და ამასთან კავშირში რელიგიურ უმცირესობებზე ზეწოლის არსებობა აშფოთებს.

სომხეთის იეზიდები საკუთარ პრობლემებს თავად წყვეტენ

მაშინ განათლების მინისტრმა განაცხადა:

 „ჩვენ მართლაც ვიღებთ ამ საგნის შესახებ საჩივრებს. მაგრამ ასევე მრავალი მომართვა არსებობს იმ მოქალაქეებისგან, რომლებსაც მისი შენარჩუნება სურთ. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ და გადაწყვეტილებას სკოლებში თითოეული საგნის სწავლების მიზანშეწონილობის მიხედვით მივიღებთ, მათ შორის – სომხეთის ეკლესიის ისტორიის თაობაზე“.

ახლახან მან „თითოეული საგნის  არსებობის მიზანშეწონილობის“ შესახებ კვლავ გააკეთა კომენტარი:

 „ჩვენ პერიოდულად ვხვდებით სრულიად სომხეთის კათოლიკოსსა და ეკლესიის წარმომადგენლებს, რათა სასკოლო პროგრამაში ამ საგნის არსებობის საკითხზე ვიმსჯელოთ. საბოლოო სასწავლო გეგმები 2023 წლიდან შეიცვლება“, – განაცხადა არუთიუნიანმა.

საბოლოოდ ამ საკითხმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანამდე მიაღწია:

„სასწავლო პროგრამებში დისციპლინა „სომხეთის ისტორიის“ არსებობის პირობებში, საგნის „სომხეთის ეკლესიის ისტორიის“ სწავლება ლოგიკას მოკლებულია“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა 4 ნოემბერს, Facebook-ის საკუთარ გვერდზე პირდაპირი ჩართვის დროს.

ფაშინიანმა ეს იმით განმარტა, რომ მოსწავლეთა შემეცნებაში სომეხ ხალხსა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიას შორის დაყოფა ჩნდება, რაც სინამდვილეში არ არსებობს.

მან ასევე დასძინა, რომ თუკი საგანი – „სომხეთის ეკლესიის ისტორია“ „სომხეთის ისტორიის“ კურსში ჩაერთვება, ამით მოსწავლეები მხოლოდ მოიგებენ, რადგან შედეგად, დატვირთვა მხოლოდ შემცირდება. ეკლესია ხომ ქვეყნის ისტორიაში დიდ როლს ასრულებდა, და დაყოფა მიზანშეუწონელია. 

საგანი  „სომხეთის ეკლესიის ისტორია“ 4-5  კლასების სავალდებულო სასკოლო პროგრამაში 2003 წლის იანვარში შეიტანეს, ხოლო 2005 წლიდან ის 4-10 კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდა. ზოგიერთ სკოლაში ამ საგანს სასულიერო პირები ასწავლიან, დანარჩენ სკოლებში კი – ისტორიის მასწავლებლები.  


ასევე წაიკითხეთ