ოქროს უმსხვილესი საბადო დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ელოდა შემოწმების შედეგებს, რომლებმაც გარემოს დამცველები მაინც არ დააკმაყოფილა" />

სომხეთში ეკოლოგიური პროტესტი შეიძლება პოლიტიკურ დაპირისპირებად იქცეს

ოქროს უმსხვილესი საბადო დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ელოდა შემოწმების შედეგებს, რომლებმაც გარემოს დამცველები მაინც არ დააკმაყოფილა

სომხეთში ეკოლოგიური პროტესტი პოლიტიკურ ხასიათს იძენს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა ამულსარის ოქროს საბადოს კომპლექსური ექსპერტიზის შედეგები, რომლებმაც გარემოს დამცველები მაინც არ დააკმაყოფილა. კომისიამ დაასკვნა, რომ საბადოს დამუშავება ეკოლოგიას ზიანს არ მიაყენებს.

როგორც კი ქვეყნის ხელისუფლება საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, საკურორტო ქალაქ ჯერმუკის მახლობლად ოქროს მოპოვება განახლდება.

ეკოლოგებმა პოლიტიკური კონტექსტის შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რაც ექსპერტიზის შედეგები გახდა ცნობილი.

ისინი ვარაუდობენ, რომ მთავრობა ეკოლოგიურ პრობლემებზე თვალს ხუჭავს, რათა თავიდან აიცილოს სასამართლო გარჩევები იმ კომპანიასთან, რომელსაც საბადოს დამუშავების უფლება აქვს.

სომხეთი: სახიფათო თამაშები

ფოტოისტორია: სომხეთის სამრეწველო ქალაქის კიროვაკანი- ვანაძორის ნანგრევები

პასუხად გაისმა მმართველი პარტიის „ჩემი ნაბიჯის“ წევრი დეპუტატის აიკ გევორგიანის განცხადება. 1in.am-ის ეთერში მან განაცხადა, რომ საბადოს დამუშავების საკითხი ერთი წლის წინათ, სომხეთში „ხავერდოვანი“ რევოლუციისა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტიზირდა:

„პრობლემები [საბადოს დამუშავების] 10 წლის წინათ დაიწყო, მაგრამ არც მოსახლეობას და არც მეწარმეებს არანაირი ნაბიჯები არ გადაუდგამთ.

ეს საკითხი პოლიტიზირებული ერთი წლის წინათ გახდა, როდესაც [საბადოს მიმდებარე დასახლებების მცხოვრებლებმა] საბადოსკენ მიმავალი გზა გადაკეტეს და მისი დამუშავების საშუალება არ მისცეს. ამ მომენტიდან საკითხი პოლიტიკური გახდა, მანამდე კი ის ეკოლოგიური იყო“.

ყველა დეტალი საბადოს, გადამამუშავებელი კომპანიის, მთავრობის პოზიციის, მოსახლეობისა და ეკოლოგების პროტესტის შესახებ:

რა არის კონკრეტულად ნათქვამი დასკვნაში

ლიბანური კომპანია „ელარდი“(Elard), რომელიც ექსპერტიზას ატარებდა, მიიჩნევს, რომ ამულსარის საბადოზე ოქროს მოპოვება „უმართავ რისკებს“ არ შეიცავს. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საბადოს გრუნტის წყლები ჯერმუკის, კეჩუტის წყალსაცავისა და სევანის ტბის გრუნტის წყლებთან კავშირში არ არის. ეს  იმას ნიშნავს, ოქროს მოპოვების შედეგად გამოყოფილი მავნე ნივთიერებები ამ წყალსაცავებში არ მოხვდება. ეს კი საბადოს დამუშავების მოწინააღმდეგეთა მთავარ არგუმენტს წარმოადგენდა.

საქმე ისაა, რომ კომპანია „ლიდიან სომხეთი“, რომელმაც ამულსარის საბადოს ექსპლუატაციის ლიცენზია მიიღო, ოქროს მოპოვებისთვის წელიწადში დაახლოებით 100 ტონა ნატრიუმის ციანიდს გამოიყენებს.

კომისიამ ასევე დაასკვნა, რომ წყლების შერევა მიწისძვრის დროსაც კი შეუძლებელი იქნება. ექსპერტიზა არ იძლევა შეფასებას მდინარე ვოროტანზე, დარბსა და არპაზე საბადოს გავლენის შეფასებას, თუმცა საკმარისად მიიჩნევს  ბუნების დაცვისთვის მიღებულ იმ ზომებს, რის გარანტიასაც საბადოს გადამამუშავებელი კომპანია „ლიდიან სომხეთი“ (LydianArmenia) იძლევა.

ექსპერტიზის შედეგების თანახმად, ოქროს მოპოვება  ადგილობრივი ჰაერის ხარისხზე არსებით ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს. გარდა ამისა, ექსპერტების დასკვნაში შეთავაზებულია ზომების გატარება, რომლებიც გარემოზე საბადოს დამუშავების ზეგავლენას კიდევ უფრო შეარბილებს.

საბადოსა და გადამამუშავებელი კომპანიის შესახებ

ამულსარის მაღარო სომხეთის ყველაზე მსხვილი ოქროს საბადოა. ის საკურორტო ქალაქ ჯერმუკიდან 13 კილომეტრში მდებარეობს, და მდინარე არპასა და ვოროტანს შორისაა განლაგებული. საბადო დაახლოებით 100 ტონა მადანსა და 40 ტონა სუფთა ოქროს შეიცავს.

„LydianArmenia“ -მ  ოქროს საბადო 2005 წელს აღმოაჩინა. 2012 წლამდე კომპანია ინვესტორებს ეძებდა და საბადოს გადამუშავების პროგრამას ადგენდა. იმავე 2012 წელს  „LydianArmenia“-მ და სომხეთის ხელისუფლებამ ხელი მოაწერეს საბადოს დამუშავების შესახებ ხელშეკრულებას, კომპანიამ საბადოს  ექსპლუატაციის უფლება მიიღო.

რატომ გაჩნდა ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა

 2018 წლის გაზაფხულზე, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სომხეთში ამულსარის საბადოს ექსპლუატაციის თაობაზე კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ ისევ აქტიურად ალაპარაკდნენ. მისი ამოქმედების მოწინააღმდეგეებს სომხეთის „რევოლუციური“ მთავრობის მხრიდან თავიანთი პოზიციის მხარდაჭერის იმედი გაუჩნდათ.

მაგრამ საბადოს დამუშავების საწინააღმდეგო პროტესტი იქამდე დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ამ პროტესტში მიმდებარე დასახლებული პუნქტების მცხოვრებლები და ეკოლოგები მონაწილეობდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ ოქროს მოპოვებამ, შესაძლოა, ქალქ ჯერმუკის, სევანის ტბის და ზოგიერთი მდინარის ეკოლოგიაზე  ნეგატიური გავლენა მოახდინოს. მაშინ გაჩნდა ასევე ინიციატივა „ჯერმუკი საბადო არ გახდება“. ის აცხადებდა:

 „ჯერმუკისა და ჯერმუკის ახალგაზრდობის მომავლის გაფუჭების უფლებას არ მოგცემთ“.

2010 წელს უკვე საბადოს დამუშავების საწინააღმდეგო ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. აქტივისტებმა არაერთხელ გადაკეტეს საბადოსთან მისასვლელი გზები და მძიმე ტექნიკის მუშაობას ხელს უშლიდნენ. 2018 წელს კი მათ ოქროს მოპოვების შეჩერებას მიაღწიეს.

იმავე წელს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გარემოსთვის ზიანის მიყენების ეჭვით საქმე აღძრა. კითხვებზე პასუხები საერთაშორისო ექსპერტიზას უნდა გაეცა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მანამდე აცხადებდა, რომ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ამულსარის საბადოს ექსპლუატაცია გაგრძელდება:

 „თუკი დასაბუთდება, რომ ექსპლუატაცია სევანისა და ჯერმუკის წლის სისტემისთვის უსაფრთხოა, პროექტი განხორციელდება. თუმცა, თუკი საფრთხე არსებობს, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, მიუხედავად ყველაფრისა, მისი ექსპლუატაციის ნებართვას ვერ გავცემ“.

სამთავრობო შენობასთან ისევ ეკოლოგების მიტინგია

ამულსარის საბადოს დამუშავების მოწინააღმდეგეები მთავრობის შენობასთან მიტინგს 15 აგვისტოს დილიდან მართავდნენ. ანუ აქცია მეორე დღესვე დაიწყო მას შემდეგ, რაც საგამოძიებო კომიტეტმა ექსპერტიზის შედეგები გამოაცხადა.

აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ გარემოზე საბადოს ექსპლუატაციის გავლენასთან დაკავშირებით  საგამოძიებო კომიტეტის განცხადებები მხოლოდ მანიპულაციურ ხასიათს ატარებს. მათი აზრით, საგამოძიებო კომიტეტმა ექსპერტიზის დასკვნიდან მხოლოდ ის პუნქტები გამოყო, რომლებიც მთავრობას ხელს აძლევდა.

სამოქალაქო ინიციატივის „სომხეთის ეკოლოგიური ფრონტი“ წარმომადგენელი ანა შაჰნაზარიანი მიიჩნევს, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება არასრული იყო, ხოლო გადამუშავების უფლება ყალბი მონაცემების საფუძველზე გაიცა:

  „ამ საფუძვლით გადამუშავების პროექტის დამტკიცება უკანონოა. გარემოზე ზემოქმედების შეფასება არასრული იყო, საჭიროა შეფასება თავიდან მოხდეს.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ეკოლოგები მართლები არიან“,  „Elard-ის შეფასების საფუძველზე, Lydian-ს უფლება უნდა ჩამოერთვას“.

აქციის მონაწილეები მთავრობის სხდომაზე 5 ადამიანის დასწრებას მოითხოვდნენ, რათა ამულსარის ოქროს საბადოს დამუშავების ირგვლივ რეალური სურათი წარმოედგინათ.

მათ შენობაში შეღწევა სცადეს, მაგრამ პოლიციელებმა მათ გზა გადაუკეტეს და განაცხადეს, რომ ეს განსაკუთრებულად დაცული ობიექტია, და იქ შესასვლელად საგანგებო საშვია საჭირო.

„Lydian“-ში ექსპერტების დასკვნით კმაყოფილები არიან

კომპანია „Lydian International“-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ედვარდ სელერსმა ექსპერტების დასკვნის შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ექსპერტიზის ასეთი შედეგი „საკმაოდ მოსალოდნელი მოვლენა იყო“.

კომპანია კმაყოფილია იმით, რომ „ამულსარის პროექტის ათასობით პირდაპირი და ირიბი ბენეფიციარისთვის რთული წელიწადი დასრულდა…,  რადგან სომხეთის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ „ლიდიანი“  „ამულსარის“ პროგრამის მუშაობის გაგრძელებას ექსპერტიზის შედეგებიდან გამომდინარე შეძლებს“.  სელერსმა ასევე განაცხადა:

 „ახლა დასკვნის სრულ ტექსტს უნდა გავეცნოთ… ასევე, ჩვენთვის სასიამოვნოა იმის გათვითცნობიერება, რომ ექსპერტების დასკვნასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან  სასამართლო დევნის არავითარი საფუძველი არ არსებობს“.

რატომ არის ამულსარის საბადო ასეთი მნიშვნელოვანი

ამულსარის საბადოს ექსპლუატაციის უფლება მიიღო კომპანია „ Lydian“-მა, რომლის საინვესტიციო პაკეტი დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში ყველაზე მსხვილი აღმოჩნდა. სტრუქტურა 325 მილიონი დოლარის ოდენობის ციფრს აანონსებდა. ვარაუდობდნენ, რომ საწყის ეტაპზე, ანუ სამშენებლო სამუშაოებში, 1300 ადამიანი ჩაერთვებოდა, ხოლო ექსპლუატაციის სტადიაზე – 770 ადამიანი.

კომპანიის გამოთვლებით, საბადოს დამუშავებამ სომხეთის მშპ-ს წლიური ზრდის 1.4% ან 185 მილიონი აშშ დოლარი უნდა უზრუნველყოს. კომპანია  „Lydian“, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 50 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადით, სომხეთის  ყველაზე მსხვილ გადამხდელთა ხუთეულში მოხვედრას ვარაუდობს. ხოლო, წინასწარი გამოთვლებით,  ექსპორტის მაჩვენებლები, შესაძლებელია, წელიწადში 286 დოლარამდეც გაიზარდოს.


ასევე წაიკითხეთ