„თუკი არაფერს ვიღონებთ, ხუთი წლის შემდეგ, გაეროს პროგნოზით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობისას გადააჭარბებს“" />

სომხეთში დემოგრაფიული კრიზისის მიზეზები და შესაძლო გამოსავლის გზები

„თუკი არაფერს ვიღონებთ, ხუთი წლის შემდეგ, გაეროს პროგნოზით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობისას გადააჭარბებს“

Армения, рождаемость, депопуляция, смертность, выход, ելք, դեպոպուկյացիա, մահացություն, ծնելիություն, Հայաստան

ხუთი წელი პრობლემის გადასაწყვეტად

სომხეთი დემოგრაფიულ კრიზისამდე მივიდა და ნელ-ნელა დეპოპულაციას უახლოვდება, ანუ ეტაპს, როდესაც სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შესაძლოა შობადობას გადააჭარბოს.

„წელს პირველად, ლორეს ოლქის ისტორიაში, დეპოპულაცია დაფიქსირდა – სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შობადობისას 90 შემთხვევით გადააჭარბა, – ამბობს სომხეთში გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელი, ცოვინარ არუთუნიანი, – რესპუბლიკის მასშტაბით ჯერჯერობით დეპოპულაციის ეტაპზე არ ვართ, მაგრამ თუკი არაფერს ვიღონებთ, ოთხი-ხუთი წლის შემდეგ, გაეროს პროგნოზით, სიკვდილიანობა შობადობას გადააჭარბებს მთელ ქვეყანაში“.

მარტოხელა დედები სომხეთში: ქალები, რომლებმაც ტრადიციის დარღვევა გაბედეს

სომხეთში პირველი შვილისთვის გამოყოფილი შემწეობა 6-ჯერ იზრდება

ექსპერტების აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ საქორწინო ასაკში შედის 1990-იან წლებში დაბადებული თაობა. ეს სომხეთის უახლესი ისტორიის უმძიმესი პერიოდი იყო. მიდიოდა ომი, ქვეყანა ბლოკადაში იყო, ეკონომიკა კი – კრიზისში. ასეთ სიტუაციაში, ბევრი ოჯახი ვერ აძლევდა თავს შვილის გაჩენის უფლებას.

შესაბამისად, 90-იანების თაობა 1980-იანების თაობაზე 40%-ით ნაკლებია და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, ეს არ აისახოს ახლა ოჯახების შექმნასა და შობადობაზე. მით უფრო, რომ 1990-იანების თაობის 20-25 პროცენტი სომხეთიდან ემიგრაციაში წავიდა.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ქვეყანას დეპოპულაცია ემუქრება, არის ის, რომ ახალგაზრდა მამაკაცებს არ სურთ დაოჯახება და ოჯახზე პასუხისმგებლობის აღება.

ამასთან, 20-40 წლის ადამიანებში დარღვეულია დემოგრაფიული ბალანსი – ქვეყანას 60 ათასი მამაკაცი აკლია. ძირითადი მიზეზი – ემიგრაცია.

 უ

რგენ მაგაკიანი 33 წლისაა. ის სომხეთიდან ოჯახთან ერთად, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს წავიდა. ის მოსკოვში ცხოვრობს და ჯერჯერობით დაუოჯახებელია.

„სომხეთში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციაა. არ ვფიქრობ, რომ საცხოვრებლად სამშობლოში დავბრუნდები. აქ უფრო მარტივია ფულის შოვნა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სომეხ გოგოს მაინც მოვიყვან ცოლად. ჩემი ძმა უკვე დაქორწინდა რუს გოგოზე“, – ამბობს ის.

შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტროს დემოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი, არტაკ მარკოსიანი მიიჩნევს, რომ ემიგრაციამ მძიმე კვალი დაატყო სომხეთს, იმდენად, რამდენადაც, ქვეყანა დატოვა რეპროდუქციული ასაკის ხალხმა.

„1992-2002 წლებში შობადობის შემცირებამ ჩვენთან 60 პროცენტი შეადგინა. სხვათა შორის, ეს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მთელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. 10 წლის განმავლობაში მშობიარობის რიცხვი 70 ათასიდან 32 ათასამდე შემცირდა. ემიგრაციამ და დემოგრაფიული სტრატეგიის არარსებობამ დაამახინჯა სიტუაცია“.

 ნ

აიტ მარგარიანი 58 წლისაა, ის მკერავია. ამბობს, რომ მისი ვაჟიშვილი 31 წლისაა, ქალიშვილი კი 36-ის, მაგრამ ისინი ჯერჯერობით ოჯახის შექმნას არ გეგმავენ:

„ჩემი ბიჭი ამბობს, რომ მისი ხელფასით შეუძლებელია ოჯახის შენახვა, შვილების გაზრდა. ახალგაზრდებს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა აშფოთებთ. გოგომ განათლება მიიღო, მუშაობს, მაგრამ საქმროს ვერ პოულობს. მე კი ისევ შვილიშვილებზე ვოცნებობ“.

სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2019 წლის პირველი იანვრისთვის სომხეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 2 მილიონ 965 ათას ადამიანს შეადგენს. წინა წელთან შედარებით, ეს 7600 ადამიანით ნაკლებია.

• 2018 წელს სომხეთში 36 502 ბავშვი დაიბადა;

• 2017 წელს – 37 700;

• 2016 წელს – 40 592.

 

შობადობის საერთო კოეფიციენტი:

 

• 2019 წელს შეადგინა 1,6;

• 1994 წელს – 2,2;

• 1969 წელს – 3,3.

ფინანსური წახალისება შობადობას მხოლოდ დროებით გაზრდის

მრავალი წლის განმავლობაში, სომხეთის ხელისუფლება არ დებდა ფულს დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებაში. დედებს მშობიარობის შემდეგ 3 ათასი დრამის (დაახლოებით, 6 დოლარი) დახმარება ეძლეოდათ.

შობადობის სტიმულირების აუცილებლობაზე ხელისუფლება 2010 წლის შემდეგ დაფიქრდა.

2013 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიწყეს დაფინანსება

 

• 50 ათასი დრამი (დაახლოებით 100 დოლარი) პირველი და მეორე შვილის დაბადებისას;

• 1 მილიონი ლარი (დაახლოებით 2060 დოლარი) მესამე და მეოთხე შვილის დაბადებისას;

• 1,5 მილიონი დრამი (დაახლოებით 3090 დოლარი) მეხუთე და ყოველი შემდეგი შვილის დაბადებისას.

 

ამავდროულად, დაიწყეს დასაქმებული დედებისთვის 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური დახმარების მიცემა შვილის მოვლისათვის, რომელიც ბოლოს და ბოლოს 18 ათას დრამამდე (დაახლოებით 37 დოლარი) გაიზარდა. 2016 წლიდან დახმარების მიცემა დაიწყეს უმუშევარი დედებისთვისაც – ერთჯერადად აძლევენ 126 000 დრამს (დაახლოებით 485 დოლარი).

თუმცა, ბოლო წლების შობადობის მაჩვენებლის ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს ნაბიჯები საკმარისი არ იყო სიტუაციის შესაცვლელად.

 ი

ლიტ პეტროსიანი – საინფორმაციო ტექნოლოგიების ახალგაზრდა და წარმატებული სპეციალისტია. ის ამბობს:

„არ შემიძლია უარი ვთქვა ხელფასზე, 300 ათას დრამზე (დაახლოებით 620 დოლარი) და სახლში დავჯდე. ქმარს ძალიან გაუჭირდება. მხოლოდ მისი ხელფასით ვერ ვიცხოვრებთ. ბავშვი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, მაგრამ ორი თვის შემდეგ გავალ სამსახურში, შეიძლება, დედაჩემმა მიხედოს ბავშვს, არ ვიცი. ამიტომ არის, რომ უკვე ვეღარც ფიქრობ მეორე შვილზე“.

გაეროს მოსახლეობის კვლევის ფონდის წარმომადგენლის, ცოვინარ არუთუნიანის აზრით, სომხეთში პრობლემა ის კი არ არის, რომ ადამიანები მესამე და მეოთხე ბავშვის გაჩენაზე არ ფიქრობენ, არამედ ის, რომ საერთოდ ოჯახების შექმნის სურვილიც კი არ აქვთ. ახალგაზრდობაში მაღალია უმუშევრობის დონე და ცოტა თუ იღებს დაქორწინების გადაწყვეტილებას. სომხური ტრადიციების თანახმად, ჯერ ოჯახი უნდა შექმნა და მხოლოდ ამის შემდეგ იყოლიო შვილები. რაც შეეხება ბავშვების რაოდენობას, ამასთან დაკავშირებით ცოვინარ არუთუნიანი ამბობს:

„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ბევრს სურს სამი შვილის ყოლა, მაგრამ ჰყავთ ერთი ან ორი. სახელმწიფოს მხრიდან მოლოდინებს შორის, როგორც წესი, ასახელებენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, საკმარისი ხელფასის მქონე სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდას, მესამე ადგილზე კი არის ოჯახური ცხოვრებისა და კარიერის შეთავსება“.

სომხეთში გაეროს მოსახლეობის კვლევის ფონდის კომუნიკაციების სპეციალისტი, მგერ მანუკიანი ამბობს, რომ სომხური ტრადიციების თანახმად, ქალი იყო პასუხისმგებელი სახლზე, მამაკაცი კი – მის გარეთ. მაგრამ ეს მოდელი დიდი ხანია გამოუსადეგარია:

„ადამიანებს არ აქვთ ბინები, მათ სჭირდებათ იპოთეკის აღება, ამ ფულის გადახდა, ცხოვრება, ბავშვის ყოლა, მისი შენახვა და ფიქრი მომდევნო შვილზე. ეს რთულია, ყველა ვერ აიღებს თამამად და შიშის გარეშე ასეთ სოციალურ პასუხისმგებლობას. ჩვენ მათ შეძლებისდაგვარად უნდა გავუადვილოთ ეს ყველაფერი“.

 ა

რეკ მარტიროსიანი ბუღალტერია, ის 30 წლისაა. ოჯახთან ერთად ერევანში, ბინაში ცხოვრობს. ამბობს, რომ შვილი სამი წლისაა და საბავშვო ბაღში დადის, რათა მისმა ცოლმაც შეძლოს მუშაობა:

„მამაჩემის სახლიდან წამოვედით, იქ მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ჩემი ძმა დარჩა თავის ოჯახთან ერთად. ჩვენი ერთოთახიანი ბინისთვის ვიხდით 70 ათას დრამს (დაახლოებით 144 დოლარს). კარგია, რომ ბავშვი წამოიზარდა – ჩემი ცოლი სამსახურში გავიდა. ასეთ პირობებში მეორე ბავშვზე როგორ უნდა ვიფიქროთ? სახლი არ გვაქვს, ხელფასები მაღალი არ არის და ბინის იპოთეკური სესხით ყიდვა არ შეგვიძლია – ვალს ვერ გადავიხდით. არადა, კიდევ ორ შვილზე ვოცნებობთ“.

საერთაშორისო გამოცდილება – მაგალითი სომხეთისთვის

გაეროს მოსახლეობის კვლევის ფონდის სომხეთის ოფისი საერთაშორისო გამოცდილებას სწავლობს და პერიოდულად სომხეთის ხელისუფლებას ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხეს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარება სხვა ქვეყნებმა.

„ნიდერლანდები, ავსტრია, ინგლისი მიხვდნენ, რომ ძნელია ორი მარჩენლის მოდელიდან ერთი მარჩენლის მოდელზე გადასვლა. მათ აიღეს „ერთ-ნახევარი მარჩენლის მოდელი“: მამაკაცი სრულ განაკვეთს მუშაობს, ქალი კი – ნახევარ განაკვეთზე. როდესაც ქალებს მშობიარობის შემდეგ სამუშაო ბაზარზე დაბრუნების საშუალება მისცეს, ბევრი დაბრუნდა, მაგრამ ნახევარ განაკვეთზე. ასე მათ უკვე მოახერხეს ოჯახისა და ბავშვის მოვლის საკითხის გადაწყვეტა ისე, რომ პარალელურად კარიერაზე არ მოუწიათ უარის თქმა. სომხეთმაც უნდა გადახედოს ქალების დეკრეტული შვებულების მოდელს“, – აცხადებს ცოვინარ არუთუნიანი.

გაეროს „მოსახლეობისა და განვითარების“ პროექტის კოორდინატორი, ანა ოგანესიანი გვიყვება:

„შობადობის საერთო კოეფიციენტი რიგ ქვეყნებში 1,5-ია – მაშინ, როდესაც სომხეთში ახლა შევძელით მარტივ რეპროდუქციულ დონეზე ასვლა ანუ თითქმის ორზე. ამ ქვეყნებში მშპ-დან დემოგრაფიულ პროექტებზე ხარჯები თითქმის გაორმაგდა და გასამმაგდა“.

ყველაზე მაღალი დონე შვედეთსა და საფრანგეთში უზრუნველყვეს. კერძოდ, შვედეთში ეს მოახერხეს იმით, რომ ქალების წინაშე აღარ იდგა არჩევანი – ოჯახი თუ კარიერა. ამისათვის შეიქმნა მშობლების ერთობლივი შვებულების ძალიან მიმზიდველი მოდელი.

„შეეცადნენ, მამები დაებრუნებინათ ოჯახებში და ახლა ისინი სახლისა და მშობლის ვალდებულებებს ინაწილებენ. წყვილს 480 დღე დეკრეტული შვებულება ეძლევა, აქედან 90 დღე – თითოეულს, დანარჩენი 300 დღე კი მშობლებს ერთმანეთში შეუძლიათ გაინაწილონ. 30 დღე მათ შეუძლიათ ერთად დაისვენონ.

პირველი 300 დღის განმავლობაში სახელმწიფო იხდის თანხას 110 დოლარის ეკვივალენტით. შემდეგ ფინანსური მხარდაჭერა მცირდება. დეკრეტული შვებულების ოპტიმალური ხანგრძლივობა 6 თვეა და მშობლებმა თავიანთი ხელფასის 60-70% მაინც უნდა მიიღონ. ასეთი მოდელი მიმზიდველია როგორც მამებისთვის, ისე დედებისთვის“, – მიაჩნია ექსპერტს.

ამ დროისთვის დეკრეტულ შვებულებებში მყოფი ქალების რიცხვი სომხეთში 12 500-ს შეადგენს.

 

2018 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 10 მილიარდ 163 მილიონი დრამი (დაახლოებით 21 მილიონი) – დასაქმებული დედების 140-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებისა და უმუშევრებისთვის ერთჯერადი დახმარებისათვის.

 

2019 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა სისტემაში დარეგისტრირებული იყო 6004 ისეთი ოჯახი, რომელსაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავს. ამ ოჯახებში, დაახლოებით, 27 ათასი ბავშვი ცხოვრობს.

სომხური კანონმდებლობა მამებს ბავშვების მოსავლელად შვებულების აღების უფლებას აძლევს, თუმცა, სომხეთში მის აღებას ძირითადად დედები ამჯობინებენ ხოლმე.

„მთელ მსოფლიოში, სადაც მოახერხეს შობადობის გაზრდა, მამები აქტიურად არიან ჩართული შვილების მოვლისა და აღზრდის პროცესში, რაც დედებს სამსახურში დაბრუნების საშუალებას აძლევს“, – ამბობს ანა ოგანესიანი.

სომხეთში, ორივე მეუღლე გადის სამუშაო ბაზარზე, იყოფენ სამუშაო ტვირთს, მაგრამ ქალი აგრძელებს „საოჯახო“ ტვირთის ზიდვას – საყოფაცხოვრებო საქმე, ბავშვების მოვლა.

„ევროპული ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ როდესაც ეს ტვირთი ნაწილობრივ ეხსნებათ ქალებს და ეკისრებათ მამაკაცებს, ეს დამატებითი სტიმული ხდება ქალებისთვის, რომ მომდევნო ბავშვი გააჩინონ. არ ვიცი, დაეხმარება თუ არა სომხეთს ასეთი საკანონმდებლო ინიციატივა, იმიტომ, რომ ჩვენთან ახლაც აქვთ მამებს დეკრეტული შვებულების აღების საშუალება. თუკი მენტალური თვალსაზრისით რაიმე შეიცვლება, მაშინ ეს მართლაც დაეხმარება“, – ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის კომუნიკაციების სპეციალისტი, მგერ მანუკიანი.

დემოგრაფიული სიტუაციის გასაუმჯობესებლად, ახლა ხელისუფლებაში სპეციალური საბჭოა შექმნილი.

„პროცესები დაიძრა და ხელისუფლებას ახალ გადაწყვეტებსა და ნაბიჯებს ვთავაზობთ. დემოგრაფიულ პოლიტიკაში ჩართული უნდა იყოს მთელი პაკეტი – უნდა შევთავაზოთ ადამიანებს ეკონომიკური და საკანონმდებლო სტიმულები, ასევე ჩატარდეს სერიოზული პროპაგანდისტული სამუშაოები“, – ამბობს შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტროს დემოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი, არტაკ მარკოსიანი.


ასევე წაიკითხეთ