პოსტრევოლუციური ქვეყანა იმედს საინფორმაციო ტექნოლოგიებზე ამყარებს " />

წინასწარი გამოთვლებით სომხეთს ხუთჯერ მეტი პროგრამისტი სჭირდება

პოსტრევოლუციური ქვეყანა იმედს საინფორმაციო ტექნოლოგიებზე ამყარებს

საღამოს 9 საათია, მაგრამ ერევნის გარეუბანში ერთ-ერთი საოფისე შენობის რამდენიმე ფანჯარა მაინც განათებულია. ეს კონსტრუქცია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდშია აშენებული და ძნელად წარმოსადგენია, ამ ტიპის შენობას მაღალ ტექნოლოგიებთან რაიმე კავშირი ჰქონდეს.

«თუკი გლობალურად შევხედავთ საკითხს, შეიძლება ითქვას, რომ სამუშაო ადგილს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ნორმალური კომპიუტერი და ინტერნეტი გქონდეს. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ახალ, უფრო თანამედროვე ოფისში გადასვლისთვის ვემზადებით».

ასობით ტექნოლოგიური საწარმო და ახალი აეროპორტი – ბიზნესის განვითარების ნაბიჯები სომხეთის სამხრეთ რეგიონში

სომხეთში არკვევენ, რის ხარჯზე გაჩნდა რევოლუციის შემდეგ 50 ათასი სამუშაო ადგილი

არავინ გვაწყვეტინებს საუბარს. ჩვენ გარდა ოფისში სულ რამდენიმე ადამიანია. აკოფი 22 წლისაა. იგი სამი „სტარტაპის“ აქციონერი დ ამ პროექტების მმართველი კომპანიიის ტექნიკური დირექტორია.

«ყოველთვის მინდოდა ბიზნესში ყოფნა. არც ახლა ვარ გაჩერებული და ვცდილობ, სხვა სფეროებშიც დავაბანდო კაპიტალი. მომწონს ეს თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ 40-ის ნაცვლად 100-საათიანი სამუშაო კვირა მაქვს, არაფერში გავცვლი იმ თავისუფლებას, რომელიც ამჟამად გამაჩნია».

18 წლის ასაკში „ჯუნიორ დეველოპერად“ დაიწყო მუშაობა, მაგრამ რვა თვეში სამსახური მიატოვა და საკუთარი ფირმა დააარსა. სომხური IT-კომპანიების დამფუძნებელთა დიდი ნაწილის მსგავსად, მანაც „ფრილანსინგით“ დაიწყო ხარისხიანად შესრულებული სამუშაო სულ უფრო მეტ კლიენტს იზიდავდა და, ამის პარალელურად, აკოფის კომპანიაც იზრდებოდა.

«იმ პერიოდში კლიენტმა სამი საინტერესო სტარტაპის რეალიზაციის თხოვნით მოგვმართა და ამის პასუხად დამკვეთს შევთავაზე პირობები, რომლის მიხედვითაც გაწეული მომსახურების საკომპენსაციოდ გარკვეული ფულადი ანაზღაურების გარდა, „სტარტაპების“ აქციებიც უნდა მიგვეღო. ამჟამად შეერთებულ შტატებში, ჰონკონგსა და ესპანეთში მოქმედი „სტარტაპების“ აქციონერი ვარ».

2000

-იანებში სომხური IT-ინდუსტრიის ფორმირება ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო. საბჭოთა სომხეთი სსრკ-ის ერთ-ერთ უმთავრეს ტექნოლოგიურ და ტექნიკურ ცენტრად ითვლებოდა. სწორედ აქ მდებარეობდა ყველაზე მსხვილი საწარმოო სტრუქტურები (მ.შ. სამხედრო ინდუსტრიის ცენტრებიც). თუმცა, 90-იანებში ამ ინფრასტრუქტურისა და, ზოგადად, ქვეყანაში არსებული ტექნოლოგიური აქტივების შენარჩუნება ვერ მოხერხდა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მთელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური კადრების „კოჰორტა“ და წლების მანძილზე ნაგროვები ცოდნა-გამოცდილება საბოლოოდ იკარგებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ, გარკვეულწილად,  ეს შეგრძნება, სულაც არ იყო „ილუზიური“. ტოტალური ყაჩაღობისა და ტექნიკის დაძველების სწრაფი ტემპების პირობებში ინფრასტრუქტურის შენარჩუნებასა და განვითარებაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. მაგრამ კვალიფიციური კადრების გადინების პროცესი ოდნავ განსხვავებულად წარიმართა. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი სპეციალისტი უცხოეთში გაემგზავრა, მაგრამ ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალთა ნაწილი (და მათ შორის  მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების გარკვეული რაოდენობა) სომხეთში დარჩა. სომხური IT ინდუსტრიის მასშტაბები ყოველწლიურად 20-30 პროცენტით იზრდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროს განვითარება კონკრეტული ადამიანების წყალობით გახდა შესაძლებელი.

 საინფორმაციო უსაფრთხოების სპეციალისტი, სამველ მარტიროსიანი აღნიშნავს:

«თავიდან სომხეთში მეტწილად ჩვენი თანამემამულეები ჩამოდიოდნენ და აქ კომპანიების ფილიალებს ხსნიდნენ. ამას გარდა, სპეციალისტების ნაწილი ჩვენს ქვეყანაში ქმნიდა სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც „საზღვარგარეთზე“ მუშაობდნენ. ანუ ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომელიც „აუთსორსინგის“ სახელითაა ცნობილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  ამ სფეროში მოღვაწე ზოგიერთ სპეციალისტს სომხეთში დარჩენისა და მუშაობის საშუალება მიეცა, რაც ცალსახად დადებითად აისახა ქვეყნის განვითარებად ეკონომიკაზე; თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მთელი სფეროს განვითარებისთვის, რადგანაც დამქირავებლისთვის მუშაობისას საერთოდ ვერაფერს იღებ ხელფასის გარდა».

მაშინ სომხეთში ერთდროულად რამდენიმე საყოველთაოდ ცნობილი IT  გიგანტი შემოვიდა და ქვეყანაში საკუთარი ფილიალები გახსნა – მათ შორის აღსანიშნავია «Synopsys»-ი და «Microsoft»-ი, რომელთაც მოგვიანებით «Vmware»-ი და «EPAM»-იც შეუერთდნენ. ამავდროულად, სომხეთში ჩამოყალიბდა რამდენიმე „სტარტაპი“,  რომლებმაც საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. ამ ყველაფერმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა სომხური IT-ინდუსტრია, რომელიც სომხეთის ეკონომიკის  მამოძრავებელ ძალად მოგვევლინა, ხელისუფლებისთვის კი სიამაყის თითქმის ერთადერთ საფუძვლად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას საერთოდ არ მიუძღვის წვლილი ამ სფეროს წარმატებაში.

და მაინც, ზრდის დამაიმედებელი ტემპების მიუხედავად, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრია სომხეთში ისეთ პრობლემას აწყდება, რომლის გადაჭრის გზებიც ჯერჯერობით არ ჩანს. საუბარია კვალიფიციური სპეციალისტების უკმარისობაზე.  

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორი, კარენ ვარდანიანი:

«სომხეთისათვის ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნის სტატუსის დასაბრუნებლად იმაზე 5-6-ჯერ უფრო მრავალრიცხოვანი სამუშაო ძალაა საჭირო, ვიდრე ამჟამად გვაქვს. დღესდღეობით მსოფლიოში მილიონი ვაკანსიაა და არსებობს სფეროები, სადაც მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება შეგვიძლია. რთული ამოცანების გადაწყვეტისა და დიდი მონაცემების (big data-ს) სფეროებს ვგულისხმობ. გასულ წელს მხოლოდ შეერთებულ შტატებში ამ სფეროს 450 ათასი სპეციალისტი დააკლდა. თავის დროზე 10 ათასი მათემატიკოსი რომ მოგვემზადებინა და მათთვის პროგრამირება გვესწავლებინა, ჩვენ ახლანდელ შემოსავალზე (ანუ 500 მილიონზე) ორჯერ მეტს მივიღებდით».

ამჟამად ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს ყველა მიმართულება კადრების უკმარისობას განიცდის. სომხეთში მოქმედ ნებისმიერ IT-კომპანიას ახალი კვალიფიციური პროგრამისტები სჭირდება.

მანქანური სწავლება ნაირისთვის ერთგვარ „სამაშველო რგოლად“ იქცა.  მან რუსულ-სომხური (სლავური) უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ჩვეულებრივი პროგრამირება არ აინტერესებდა. მანქანური სწავლების კურსების გავლა ურჩიეს. ეს მიმართულება მთლიანად მათემატიკას ეფუძნება და ამიტომ ამ შემოთავაზებას მაშინვე დასთანხმდა. ამჟამად ნაირი სომხეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანიაში მუშაობს.

კომპანია Ucom-ის მანქანური სწავლების გუნდის წევრი, ნაირი აკოფიანი:  

«შეიძლება ითქვას, რომ მანქანური სწავლების კურსების გავლამდე ინფორმაციული ტექნოლოგიების ამ ნაწილს საერთოდ არ ვიცნობდი. მხოლოდ რამდენიმე ჩემ ნაცნობს ჰქონდა მცირე გამოცდილება ამ სფეროში. ვხვდებოდი, რომ ეს იყო განვითარებადი დარგი, რომელიც მათემატიკასთან და ყველასთვის მეტნაკლებად ნაცნობ ნეირონულ ქსელებთანაა დაკავშირებული. გადავწყვიტე, ამ სფეროში მეცადა თავი. სწავლას შევუდექი და მალევე მივხვდი, რომ მანქანური სწავლება ჩემთვისაა შექმნილი».

მანქანური სწავლება ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება და ამ სფეროს სპეციალისტები დიდი მოთხოვნით სარგებლობენ მთელს მსოფლიოში. ერევნის ერთ-ერთი ბიზნესცენტრის ვრცელ ოფისში მხოლოდ კლავიატურის წკაპუნი ისმის. ოციოდე სპეციალისტი გულმოდგინედ მუშაობს პროექტზე, რომელიც 100 უმსხვილესი ამერიკული იურიდიული ფირმისთვის სათანადო სერვისის შექმნას ისახავს მიზნად.

შეიძლება ითქვას, რომ ეს მომსახურება მთლიანად მანქანურ სწავლებაზეა დაფუძნებული. პროექტი ელექტონული ფოსტის სისტემიზაციისთვის შეიქმნა. პროგრამა ათზე მეტი პარამეტრის ანალიზს ახდენს და ელექტრონულ წერილებს მათი მნიშვნელოვნების მიხედვით ახარისხებს. ასეთი სისტემა დროს დაუზოგავს იურისტებს, რომელთა ელექტრონულ მისამართებზეც ყოველდღიურად ასობით წერილი მიდის.

კომპანია ZeroApp-ის თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი, გევორგ კარაპეტიანი:

«თავიდან საერთოდ არ გვყავდნენ მომზადებული სპეციალისტები. კარგი მეცნიერები და მაღალკვალიფიციური ინჟინრები გვყავდნენ, რომლებიც ცოდნას იმაღლებდნენ, ამ სფეროს აუმჯობესებდნენ და საბოლოოდ მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ. ხშირად ვეუბნები ჩემი გუნდის წევრებს – და თავადაც კარგად ხვდებიან – რომ ისინი უბრალოდ ერთ რიგით სომხურ კომპანიაში კი არ მუშაობენ, არამედ ისეთი ორგანიზაციის სახელით იღწვიან, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული პრობლემების აღმოფხვრაზეა ორიენტირებული. ისინი საუკეთესო სპეციალისტებად ყალიბდებიან – პროფესიონალებად, რომლებიც ამ პრობლემებს აგვარებენ».

მაგრამ კომპანიას უფრო მეტი სპეციალისტი სჭირდება. უახლოეს მომავალში ამ ორგანიზაციის გაფართოება და 1000 მსხვილი ამერიკული იურიდიული ფირმის ბაზრის ათვისება იგეგმება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი საქმიანობის მასშტაბები რამდენჯერმე გაიზრდება.

ამჟამად სომხეთში 400-ზე მეტი IT კომპანია მოქმედებს. ყოველწლიურად ათობით ახალი „სტარტაპი“ ჩნდება. ახალი კადრების მოსაზიდად internship-ებს აცხადებენ, მაგრამ მოთხოვნის მასშტაბები მიწოდების ტემპებზე სწრაფად იზრდება. ამ პრობლემის გადაჭრას უმაღლესი სასწავლებლებიც ვერ ახერხებენ. კვალიფიციური პროგრამისტების უკმარისობამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ამ პრობლემამ, შესაძლოა, მთელი ინდუსტრიის განვითარება შეაფერხოს.

სპეციალისტების უკმარისობამ ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალების ხელფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ზოგადად, სომხეთში მოღვაწე საშუალოსტატისტიკურ პროგრამისტს დაახლოებით ისეთივე შემოსავალი აქვს, როგორიც მის რუს და უკრაინელ კოლეგებს. არაა გამორიცხული, რომ სამომავლოდ ადგილობრივი პროგრამისტების მომსახურების ტარიფები კატასტროფულად გაიზარდოს, რაც სომხურ ბაზარს მიმზიდველობას დაუკარგავს. ამ პირობებში სერვისის მაღალი ხარისხი ბაზრის ერთადერთ დადებით მხარედ რჩება.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ