გიამბობთ, თუ რით ანაცვლებენ ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიას ქვეყნის ყველაზე ცივ - შირაქის ოლქში " />

სომხეთის ყველაზე ცივი მხარის მაცხოვრებლები გათბობის ალტერნატიულ მეთოდებს იყენებენ

გიამბობთ, თუ რით ანაცვლებენ ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიას ქვეყნის ყველაზე ცივ - შირაქის ოლქში

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში სომხეთის სხვადასხვა ოლქში მზის ენერგიის გამოყენება დაიწყეს. ამ მხრივ,  ყველაზე დიდ  წარმატებას შირაქის ოლქში მიაღწიეს. აქ წელიწადში დაახლოებით 300 ნათელი დღეა, თუმცა ამ მხარეს სომხეთის „ციმბირს“ უწოდებენ.  

წყალი და სახლი შეიძლება მზემ გაათბოს

წინათ ეზოებში ხშირად დაინახავდით ბოთლებსა და წყლიან სათლებს. წყალი მზის სხივებზე თბებოდა, და მას გასარეცხად და საბანაოდ იყენებდნენ, მეცნიერება წინ წავიდა – და ადამიანებს ბოთლები დაავიწყდათ. ისინი შეცვალა მზის ენერგიაზე მომუშავე კოლექტორებმა, რომლებიც წყალს აცხელებს.

  „სოფელ ბასენში ბუნებრივი აირი არ არის, მაგრამ სხვადასხვა ფონდის მხარდაჭერით, წყლის პირველი მზის გამათბობლები დავაყენეთ. ისინი საცდელი და საჩვენებელი იყო. ბევრი ამბობდა – ძვირია, არ ღირს ამაში გაბმა, ჩვენი ტრადიციული სათბობი ჯობს. მაგრამ ახლა სოფელში ხუთასი ოჯახიდან ასი წყლის ამ გამათბობლით სარგებლობს, და ყველა კმაყოფილია“, – ამბობს სოფელ ბასენის  ყოფილი მამასახლისი ჰამლეტ პეტროსიანი.

იმ შენობაში, სადაც ბასენის საბავშვო ბაღი, მედპუნქტი და სპორტსკოლაა განთავსებული, გაეროს განვითარების პროგრამის მიხედვით, წყლის მზის ენერგიით გამათბობელი დანადგარები დადგეს.

ნოვატურული გამოცდილება „აიტაცეს“ ბავშვების მშობლებმაც, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიოდნენ, და ერთმანეთის მიყოლებით დააყენეს თავიანთ სახლებში მზის გამათბობლები.

• ყველაფერი სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ

• უნდა დაიკეტოს თუ არა სომხეთში ატომური სადგური?

• ევროკავშირმა  ერევანში გაჩერებებზე მზის პანელები დადგა   

„მაგალითად დღეს ქუჩაში ქარიშხალია, მზე თითქმის არ ჩანს, მაგრამ ჩვენს გამათბობელზე ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. ყოფაში ეს ჩვენ გვყოფნის: ჭურჭლის და სარეცხის გასარეცხად, საჭმლის მოსამზადებლად. ზაფხულობით ტემპერატურა პლუს 99 გრადუსს აღწევს, ზამთარში საშუალოდ პლუს 65-ია. ეს აპარატი, უკვე რამდენიმე წელიწადია, გვიდგას. 

ეს დანადგარი ლიზინგით [ სესხის ფორმა – გრძელვადიანი იჯარა, საქონლის სრული ღირებულების გადახდის შემთხვევაში, მისი შეძენის შესაძლებლობით – JAMnews] ვიყიდეთ. ყოველთვიურად ხუთი ათას დრამს ვიხდით [დაახლოებით $10]. ასე თუ ისე, ამდენივეს გადავიხდიდით, თუკი ელექტროენერგიას გამოვიყენებდით. მაგრამ ვიცით, რომ რამდენიმე წელიწადში ეს აპარატი ჩვენი გახდება, და ცხელი წყალი უფასოდ გვექნება. ადამიანებს სესხებთან ერთად ამის გადახდა უჭირთ, სხვა შემთხვევაში, ამით კიდევ უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებდა“, – ამბობს ბასენის მკვიდრი აიკაზ კარაპერტიანი.

ბასენის თემის განვითარების ფონდის დირექტორის გურგენ პეტროსიანის თქმით, ტექნოლოგიური პროგრესი გრძელდება, გაჩნდა კოლექტორების ახალი მოდელები. მათი ფასი 380-480 ათასი დრამი გახდა [დაახლოებით $785-990]. ბასენის მცხოვრებლებისთვის, რომელიც მზის ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით, ყველაზე წარმატებულ თემად მიიჩნევა, ასევე გათვალისწინებულია ფასდაკლებები. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ხარჯების გაწევის უფლებას თავს ყველა ვერ აძლევს.

მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც კოლექტორების ეფექტიანობის გამოთვლებით შთაგონებულია და ფოტოვოლტური სისტემით სარგებლობაც სურთ. ეს სისტემა არამხოლოდ წყალს აცხელებს, არამედ  ელქტროენერგიის გამომუშავების საშუალებასაც იძლევა. თუმცა, ამას ორჯერ მეტი ხარჯი სჭირდება.

შირაქის ოლქში და სხვა რეგიონებშიც უკვე არსებობენ მსხვილი მეწარმეები, რომლებიც ზაფხულში იმაზე მეტ ენერგიას იღებენ, ვიდრე ესაჭიროებათ, და მას შესანახად ელექტროქსელებს გადასცემენ, რათა შემდეგ ზამთარში გამოიყენონ.

„მზის ენერგია ჩვენს მდინარეებს გადაარჩენს. ჰიდროელექტროსადგურებმა მდინარეების ეკოსისტემა დააზიანა. მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან შესაძლოა, სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე უზარმაზარი დანადგარები დადგან, რომლებიც მზის ენერგიას გადაამუშავებს. და ამ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობა დაზარალდება.

 ყველაზე უკეთესია შენობების სახურავების, მთების და უნაყოფო მიწების გამოყენება. მაგრამ ბიზნესი დანადგარებს, სახურავებზე კი არა, მინდვრებში დგამს. საჭიროა ფრთხილად ყოფნა“, – ამბობს ეკოლოგი გევორგ პეტროსიანი.

არამხოლოდ მზის ენერგია

სოფელ ბასენში მზის ენერგიაზე მუშაობს უჩვეულო საწვავის საწარმოო დანადგარი. მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი ბიომასა, რომელსაც სოფლის მაცხოვრებლები წინათ მინდვრებში წვავდნენ, ახლა ბასენის ფონდში ბარდება, სადაც გადამუშავდება, შრება და საწვავ გრანულებად – პელეტებად იქცევა.

პელეტების თივისგან დამზადებას ასევე ეკოლოგიური მნიშვნელობა აქვს –  შეწყდება მასობრივი ხანძრები მოსავლის აღების შემდეგ, რაც ნიადაგის ეროზიას იწვევს.

  „შირაქის ოლქში ზამთარი ექვს-შვიდ თვეს გრძელდება. ჩვენი მიზანი იყო, რომ არსებული რესურსებიდან ყველაზე იაფი მოგვეძებნა. ეს მანქანა წელიწადნახევარია აქ არის. ჩვენი ნედლეული არის – ხორბლის და ქერის ჩალა. გასული წელი გვალვიანი იყო, და ჩალა ძვირი ღირდა, ამიტომ უხარისხო თივაც კი ცხოველების საკვებად გამოდგა, და შეკვეთაც ნაკლები იყო.   

სოფელში დაახლოებით სამი ათასი ადამიანი ჩამოვიდა, რათა ეს ჩვენი აღჭურვილობა ენახათ. წელს ქალაქიდან ჩამოგვქონდა უსარგებლო ნამტვრევები,  პელეტებს ვამზადებდით და ვიყენებდით“, – ამბობს პეტროსიანი და მორიგ სათლს ტომარაში ცლის. ერთი ტომარა მთელი დღის განმავლობაში გასათბობად საკმარისია. პელეტების გამოწვა ხდება სპეციალურ ენერგოეფექტურ ღუმელებში, რომლებიც გაზზე მომუშავე გამათბობლებს ჰგავს. სოფელში გამოთვლილი აქვთ – თუკი ზამთრის განმავლობში შეშის საყიდლად ისინი 80-დან 100 ათასამდე დრამს  [$165-206] ხარჯავენ, პელეტების შემთხვევაში, მათ 30 ათასი დრამი [$61] ჰყოფნით.

„უკანასკნელ ხანს შირაქის ოლქის უკეთ შესწავლის შემდეგ, ბიომასის გამოყენების მეტ შესაძლებლობას ვხედავ. ეს სხვადასხვა სახის ნარჩენებია – ფოთლები, თივა, საყოფაცხოვრებო ნაგავი და ა. შ. სომხეთში იმდენი ბიომასის გამომუშავება ხდება, რამდენი ხეც იჭრება. თუ ჩვენ ბიომასის გამოყენების ტექნოლოგიებს გავაუმჯობესებთ, მათ ხალხისთვის ხელმისაწვდომს გავხდით, გათბობის პრობლემას შეშის გამოყენების გარეშეც გადავწყვეტთ.

ამ საქმეში დიდი როლის შესრულება შეუძლიათ „გადარეულ“ მეწარმეებს, რომლებიც რისკზე წავლენ და ინვესტიციებს ჩადებენ, რათა უფრო იაფი ღუმელები შექმნან და ახალი ტექნიკური აღჭურვილობა აწარმოონ. ამჟამად ეს სარისკოა, მაგრამ თუკი ადამიანები ეფექტიანობაში დარწმუნდებიან, შემოსავალი უზრუნველყოფილია“, – ირწმუნება ეკოლოგი გევორგ პეტროსიანი.

 მიუხედავად ამისა, სოფლის ზოგიერთი მაცხოვრებელი, პელეტების ნაცვლად, ჯერჯერობით მაინც ნაკელისა და შეშის დაწვას ამჯობინებს. თუმცა, მთლიანობაში ენერგიის ალტერნატიური წყაროებით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება, პროცესი ძალას იკრებს.

ბასენში ასევე აპირებენ, რომ ნაკელისგან ბიოგაზი მიიღონ. შემდეგი ნაბიჯი ქარის ძალის გამოყენება გახდება. ადამიანები ცვლილებებისა და ნოვატორობისთვის მზად არიან, თუმცა ამასთან ერთად ფინანსების ჩადებაც საჭიროა.


ასევე წაიკითხეთ