პრემიერ-მინისტრის ეს დავალება ბევრმა ქვეყანაში მკაცრი ცენზურის შემოღებად აღიქვა" />

სომხეთის უშიშროების სამსახურმა „ფეიკებთან“ ბრძოლა დაიწყო

პრემიერ-მინისტრის ეს დავალება ბევრმა ქვეყანაში მკაცრი ცენზურის შემოღებად აღიქვა

სომხეთში ეროვნული უშიშროების საბჭომ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, „ფეიკებთან“ ბრძოლა დაიწყო

რატომ დაიწყო „ფეიკებთან“ ბრძოლა

პრემიერმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფები სოციალურ ქსელებსა და მედიაში საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებისთვის მილიონებს ხარჯავენ და ეს ეროვნული უშიშროების საკითხს წარმოადგენს. შედეგად, მან ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს ამ პრობლემის გადაჭრა დაავალა:

 „იმედი მაქვს, რომ თქვენი სამსახური კონკრეტული შედეგების უზრუნველყოფას შეძლებს. სოციალურ ქსელებში ჩნდება ყოფილი ხელისუფლების მიმართ ძალადობისკენ მომწოდებელი „ფეიკებიც“ კი, რომლებიც რევოლუციის დროშით გამოდიან. ეს იმის საჩვენებლად კეთდება, თითქოს ამ „ფეიკებთან“ ჩვენ ვართ კავშირში. ამგვარმა მანიპულაციებმა ძალიან მკაცრი კონტრ-დარტყმა უნდა მიიღოს. ვფიქრობ, სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა – რასაკვირველია ისე, რომ  სიტყვის თავისუფლება არავითარ შემთხვევაში ეჭვქვეშ არ დადგეს“.

პირველი შედეგები

„ფეიკების“ წინააღმდეგ ბრძოლის პირველი შედეგების შესახებ უკვე მეორე დღესვე გახდა ცნობილი.

ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა არტურ ვანეციანმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალება შესრულდა. ეროვნული უშიშროების სამსახურმა გამოავლინა სოციალური ქსელ Facebook-ის მომხმარებელი, რომელიც ყალბი ექაუნთით სომხეთის ხელისუფლების საქმიანობის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა:

 „ფეისბუკში არის ძალიან ცნობილი „ფეიკი“, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებს. საუბარია გვერდზე „აიასტანის სულების ღია საზოგადოება“. ამ გვერდის უკან მდგომი ადამიანი … დაკავებულია“.

ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გვერდის ადმინის მიმართ, „რასობრივი, რელიგიური და ეროვნული შუღლის გაღვივების ნიშნების“ მუხლით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ექსპერტები ცენზურის საფრთხეს ხედავენ

სახელმწიფოებრივ დონეზე „ფეიკების“ წინააღმდეგ წამოწყებული ბრძოლის გამო, სომეხი ექსპერტები შეშფოთებულები არიან. მიუხედავად იმის მტკიცებისა, რომ „ამით სიტყვის თავისუფლება არავითარ შემთხვევაში ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს“, ბევრმა ეს ცენზურის დაწესების მცდელობად აღიქვა.

სიტუაციას განსაკუთრებულ ელფერს სძენს ის ფაქტი, რომ პრემიერის დავალებას სწორედ ეროვნული უშიშროების სამსახური ასრულებს. საზოგადოებრივი ორგანიზაციის  „ინფორმაციის თავისუფლების ცენტრის“ პრეზიდენტი შუშან დოიდოიანი მიიჩნევს:

 „არსებობს საფრთხე, რომ არსებულ პირობებში, მანიპულირების წინააღმდეგ ეროვნული უშიშროების სამსახურის პირდაპირი მონაწილეობით ბრძოლა სუბიექტურად იქნება განმარტებული და შექმნის ცენზურის ატმოსფეროს, რომლის დროსაც ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკასა და რეაგირებას შეწყვეტენ, რადგან შედეგების შეეშინდებათ“.

სიტყვის თვისუფლების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აშოტ მელიკიანი დარწმუნებულია, რომ სოციალურ ქსელებში არსებული მანიპულაციებით, სიძულვილის, რასიზმისა და დისკრიმინაციის განზრახ გამოხატვის შემთხვევებშიც კი, დაკავებულები უნდა იყვნენ პრეს-სამსახურები, საგანგებო კომისიები, მაგრამ არამც და არამც – ეროვნული უშიშროების სამსახური:

 „ეროვნული უშიშროების სამსახურს ბევრი ფუნქცია აქვს, და ის თავის საქმეს უნდა აკეთებდეს, სახელმწიფო სისტემაში კი ბევრი სხვა სტრუქტურა არსებობს, რათა მანიპულაციებს გაუმკლავდეს და წინ აღუდგეს“.

საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი სამველ მარტიროსიანი მიიჩნევს, რომ  მსოფლიოში „ფეიკებისა“ და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებული გამოცდილება ჯერჯერობით არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით, ის ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნება, თუკი სომხეთი ახლა საზღვარგარეთ არსებულ სიტუაციას დააკვირდება:

 „რასაკვირველია, შესაძლებელია კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, დღეს ამ გზით ბევრი ქვეყანა მიდის. მაგრამ ეს ცუდი გზაა, რადგან ჯერჯერობით არავის გამოუგონია ისეთი ეფექტური კანონი, რომლის წყალობითაც, ისე შეიძლება „ფეიკებისა“ და პროპაგანდის წყაროების ჩახშობა, რომ  ეს ნორმალურ მედიას არ შეეხოს. როგორც წესი, შედეგი ცუდია ხოლმე, და ეს სიტყვის თავისუფლებაზე ახდენს გავლენას“.

უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პასუხი

10 აპრილს ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, ჟურნალისტების მიერ  ყალბი გვერდების მომხმარებლებისთვის  პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, თქვა:

 „ანონიმურობა – ადამიანის ერთ-ერთი უფლებაა, რომლსაც არავინ უნდა არღვევდეს. სხვა საქმეა, როდესაც ადამიანი სხვისი სახელით მოქმედებს, და ცდილობს, ქსელში ან საზოგადოებაში ისეთი ინფორმაცია გაავრცელოს, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ