სომხეთი და რუსეთი ეთნიკური აზერბაიჯანელების დისკრიმინაციის ფაქტს უარყოფენ
კლუბ „რა, სად, როდის?“ წევრის, როვშან ასკეროვის ერთ-ერთ ინტერვიუში გაკეთებული განაცხადების თანახმად, იმის გამო, რომ ის რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ ეროვნებით აზერბაიჯანელია, მას სომხეთში თავისუფლად ჩასვლა არ შეუძლია. ინტელექტუალის ამ განცხადებაზე სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა კომენტარები გააკეთეს.
• მოსკოვი აზერბაიჯანს რუსეთის მოქალაქეების – ეთნიკური სომხების -დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
• საქართველოს აეროპორტებიდან ყველაზე მეტი მგზავრი რუსეთში მიფრინავს
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი
სომხეთის საგარეო საქმეთ სამინისტროს პრეს-მდივანმა ანა ნაგდალიანმა განაცხადა, რომ ის მიზეზი, რამაც აზერბაიჯანის მოქალაქეებს, ან სხვა ქვეყნის მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შეიძლება სომხეთში ჩასვლაში ხელი შეუშალოთ, უბრალოდ არ არსებობს.
მისი თქმით, როვშან ასკეროვის განცხადება გაოცებას იწვევს:
„უკვე ორ წელიწადზე მეტია, რაც რუსეთის მოქალაქეები, მათი ეროვნულობის მიუხედავად, სომხეთში შიდა პასპორტებით შემოდიან, რაც ჩვენს ქვეყანაში მათ შემოსვლას მნიშვნელოვნად აიოლებს, და სომხეთს, ტრადიციულად, რუსი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად აქცევს“.
სააგენტო „ინტერფაქსის“ შეკითხვის პასუხად საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთი მუდამ ღიაა ქვეყანაში ჩასვლის ყველა მსურველისთვის, მათ შორის – როვშან ასკეროვისთვისაც:
„სომხეთში ჩამოსულთა გეოგრაფია მოიცავს უკლებლივ ყველა ქვეყანას, ეროვნული ნიშნით რაიმე დისკრიმინაციის გარეშე“.
სომხეთის საგარეო საქმეთა პრეს-მდივანი ამასთან დაკავშირებით იმ ადამიანების აზერბაიჯანში ჩასვლის საკითხსაც შეეხო, რომლებსაც სომხური გვარები აქვთ:
„სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, მათ შორის რუსეთისაც, რომლებსაც სომხური გვარები აქვთ, აზერბაიჯანში ჩასვლა ეკრძალებათ“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი
როვშან ასკეროვის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ეროვნებით აზერბაიჯანელები არიან, სომხეთში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების თაობაზე არც მას და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს არ სმენიათ. მან ასევე მოუწოდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეწოდოს ინფორმაცია ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც რუსეთის მოქალაქეები, აზერბაიჯანული წარმოშობის გამო, ერევნის აეროპორტიდან უკან გააბრუნეს.
რას წერენ სოციალური ქსელებში
სოციალურ ქსელ Facebook-ის სომეხი მომხმარებლები როვშან ასკეროვის განცხადების განხილვაში ასევე ჩაერთნენ. ჩანაწერების დიდი ნაწილი შემდეგი შინაარსის იყო:
„ ურიგო არ იქნებოდა, ასკეროვს ჯერ აქ ჩამოსვლა ეცადა, და ეს განცხადებები შემდეგ გაეკეთებინა“.
აქტიური მომხმარებლები ყველაზე მეტად სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის განცხადებიდან იმ ინფორმაციამ აღაშფოთა, რომელიც სომხური გვარების მქონე ადამიანების აზერბაიჯანში ჩასვლის პრობლემებს ეხებოდა:
„საერთოდ არ მესმის, რა დაკარგვიათ სომხებს აზერბაიჯანში. ხომ გასაგებია, დღეს რა სიტუაციაშიც ვიმყოფებით“.
„არ მჯერა მთელი ამ ისტორიის. რომელი სომეხი წავა აზერბაიჯანში?“
ისეთი მომხმარებელებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ქსელებში გახმაურებულ და სამსჯელოდ ქცეულ იმ ისტორიას იხსენებდნენ, რომელიც აზერბაიჯანში მოსკოველი სომეხი ქალის ჩასვლას ეხებოდა.
ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ჩავიდა აზერბაიჯანელი ქალი ერევანში
ერთ-ერთმა მოსკოვში ცნობილმა ვიზაჟისტმა ქალმა გოარ ავეტისიანმა ორი წლის წინ ერევანში ქორწილი გადაიხადა. მეგობრისთვის მისალოცად მასთან აზერბაიჯანული წარმოშობის კოლეგა ნაზილია მეჰტიევაც ჩავიდა.
მეჰტიევას სომხეთში ჩასვლამ მის სამშობლოში მწვავე რეაქცია გამოიწვია, მან კრიტიკას Instagram-ის საკუთარ გვერდზე უპასუხა. სომხეთის მედია მაშინ მეჰტიევას ჩანაწერს ციტირებდა:
„არ ვიცოდი, თუ აზერბაიჯანელი ხალხის და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ასეთ მკვეთრ რეაქციას გამოვიწვევდი. ყველას ერთად ვუპასუხებ. მე რუსეთში დავიბადე და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვარ. მე აზერბაიჯანსა და სომხეთში მშვიდად შემიძლია ჩავფრინდე … შემეძლო ეს პოსტი არც დამეწერა (მაგრამ რეალურად უკვე კმარა) უბრალოდ, გულზე მომხვდა, რომ ჩემს შვილებსა და ოჯახს ეხებით. დიახ, მე წმინდა სისხლის აზერბაიჯანელი ვარ. იმას კი ვერ ვხვდები ასე რატომ მოგხვდათ გულზე, რომ ერევანში მეგობრის ქორწილში ჩავფრინდი, ვერ ვხვდები, რა არის აქ ისეთი.
საკუთარი ცხოვრებით იცხოვრეთ! ის, რომ მე იქ ჩავედი, ეს თავიდან ბოლომდე ჩემი უფლებაა! ეს ჩემი მეგობრის ქორწილი იყო, მაპატიეთ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეროვნების მიხედვით მეგობრების არჩევა, სრული სიმდაბლეა. თუ ადამიანი კარგია, მაგრამ სომეხია, ესე იგი – მორჩა? მასთან ურთერთობა და მეგობრობა არ შეიძლება?“.