მოსკოვი აზერბაიჯანს რუსეთის მოქალაქე ეთნიკური სომხების დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს აზერბაიჯანში მოგზაურობის დაგეგმვისას უფრო ფრთხილად ყოფნის რეკომენდაციას აძლევენ:
„ყარაბაღის კონფლიქტის მოუგვარებლობის საბაბით, აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმას აგრძელებს იმ პირებისთვის, რომლებსაც, მათი მოქალაქეობის მიუხედავად, სომხურ ეროვნულ კუთვნილებასთან პირდაპირი ან ირიბი კავშირის ნიშნები აქვთ. ეს ამ პირთა პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეუძლებლობით არის მოტივირებული.
რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანული მხარისთვის არაერთხელ გაკეთებული მიმართვა, რომ დაუშვებელია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩასული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოქმედებების გამოყენება, იგნორირებულია.
ზემოთ ჩამოთვლილი ვითარებების გათვალისწინებით, დაბეჯითებით ვურჩევთ რუსეთის მოქალაქეებს, აზერბაიჯანში მოგზაურობის დაგეგმვისას მოსალოდნელი რისკები დაწვრილებით აწონ-დაწონონ“.
• უკვე ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა
• თაფლობის თვე აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობებში
ბაქოს ოფიციალური რეაქცია ჯერჯერობით არ არის. პოპულარულმა აზერბაიჯანულმა ვებ-გვერდმა 1news რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებას „არამეგობრული ნაბიჯი“ უწოდა.
არაოფიციალური აკრძალვა
აზერბაიჯანში არ არსებობს არავითარი კანონი, რომლებიც გარკვეული ეროვნებისა და მოქალაქეობის მქონე პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. მიუხედავად ამისა, როდესაც საზღვრის გადაკვეთას სომხური გვარის ადამიანი ცდილობს, საქმეში ის სახელმწიფო სტრუქტურები ერთვებიან, რომლებიც უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს. სწორედ ისინი წყვეტენ, უნდა ეთქვას თუ არა ადამიანს ქვეყანაში შესვლაზე უარი.
მიუხედავად ამისა, ბაქოს ოფიციალური პირები ყოველთვის აცხადებენ, რომ ქვეყანაში შესვლის წესები არანაირად არ არის ეროვნულობასა და მოქალაქეობაზე დამოკიდებული.
სომხური წარმოშობის უცხოელი მოქალაქეები აზერბაიჯანში, მართლაც, ჩადიან. მაგრამ ამისთვის სასურველია ხელისუფლებისადმი წინასწარი მიმართვა.
პრეცედენტები
იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მთიანი ყარაბაღის გამო, გადაუწყვეტელი ტერიტორიული კონფლიქტი არსებობს, აზერბაიჯანში არც ისე ბევრი სომხური გვარის მქონე ადამიანი ჩადის.
ერთ-ერთი მათგანია – რუსეთის მოქალაქე კრისტინა გევორკიანი, რომელიც, მისივე თქმით, 2019 წლის დასაწყისში ბაქოში ახალი წლის აღსანიშნად მიემგზავრებოდა. კრისტინამ აეროპორტში 13 საათი დაჰყო, და უკან გაფრინდა. ამ ინციდენტს ბევრი ხმაური მოჰყვა, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ეს რუსეთის მოქალაქეების უფლებების უხეშ დარღვევად შეაფასა.
„აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის ყოველთვის ღიაა და ჩამოსულებს შორის სომხური წარმოშობის რუსეთის მოქალაქეებიც არიან ხოლმე“, – უპასუხა ამაზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ლეილა აბდულაევამ.
ექსპერტის მოსაზრებები
JAMnews-ის პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი მიიჩნევს, რომ არაფერია კანონსაწინააღმდეგო იმაში, რომ აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურები ქვეყანაში შესვლაზე უარს ეუბნებიან გარკვეულ მოქალაქეებს, ვის მიმართაც მათ ეჭვი უჩნდებათ. მაგრამ ეს ოფიციალურად უნდა გაფორმდეს.
„ჩემი აზრით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ 1990 უნდა გამოეცა მკაფიო დოკუმენტი, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ სომხური სახელის ან გვარის მქონე ადამიანებს რეკომენდაცია ეძლევათ, რომ ვიზიტის წინ წინასწარ მიმართონ შესაბამის სამსახურებს და უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა ითხოვონ.
მათ ხომ მხოლოდ საზღვარი არ აქვთ გადასაკვეთი, კიდევ სასტუმროებში უნდა დაბინავდნენ, ფული გადაახურდაონ, გადასახადები გადაიხადონ. აზერბაიჯანი კი – კონფლიქტში დაზარალებული მხარეა, აქ ასობით ათასი დევნილია, გაუთვალისწინებელი რეაქციებით, ყველას თვალ-ყურს ვერ ადევნებ, და ვერც თითოეულ სომეხ მოქალაქეს მიამაგრებ თითო პოლიციელს. ნებისმიერი ინციდენტი კი ქვეყნის იმიჯს ძლიერ ავნებს.
ამიტომაც, საზღვარზე არსებული ფრთხილი პოზიცია გასაგებია, თუმცა ვისურვებდი, რომ ეს საგარეო საქმეთა ვებ-გვერდზე წინასწარ კანონიერად გაფორმდეს. ამით ჩვენი ტოლერანტულობა არ დაზარალდება, პირიქით – მოიგებს“.