პრესკონფერენციის დროს პრემიერ-მინისტრმა ასევე ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების, ოქროს საბადოს დამუშავებისა და ხელფასების ზრდის შესახებ ილაპარაკა" />

ფაშინიანმა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

პრესკონფერენციის დროს პრემიერ-მინისტრმა ასევე ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების, ოქროს საბადოს დამუშავებისა და ხელფასების ზრდის შესახებ ილაპარაკა

ნიკო ფაშინიანმა სომეხ ჟურნალისტებს შეკითხვებზე უპასუხა

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი ოთხი საათის განმავლობაში სხვადსხვა სფეროში არსებული წარმატებების შესახებ ლაპარაკობდა. მან გამოსვლის ფორმატად  წინა პრესკონფერენციის ჩატარების შემდგომი „მთავრობის 100 მიღწევა“ აირჩია. თავიდან ფაშინიანმა ეს მიღწევები ჩამოთვალა – ხელფასების ზრდით დაწყებული, მუზეუმების დამთვალიერებელთა რიცხვის ზრდამდე; შემდეგ კი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. როგორ ყოველთვის, შეკითხვა ბევრი იყო, და პრემიერი შეეცადა, უკლებლივ ყველა კითხვისთვის გაეცა პასუხი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მორიგი პრესკონფერენცია ტარდებოდა ვანაძორში, რომელიც სომხეთის სიდიდით მესამე ქალაქად მიიჩნევა. როგორ ფაშინიანმა წინასწარვე განაცხადა, მეორე ქალაქს – გიუმრის, როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრის ადგილს ის ტოვებს, რადგან იქ ისედაც ხშირად იმყოფება.

დღის მთავარი სენსაცია

პრესკონფერენციის დროს პრემიერმა იმის შესახებ განაცხადა, რომ ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა არტურ ვანეციანმა გადადგომა მოითხოვა, ის კი დათანხმდა. ვიდრე პრესკონფერენცია მიმდინარეობდა, სომხეთის  პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ვანეციანის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი.

პრემიერ-მინისტრმა უარი განაცხადა იმ წვრილმანების წარმოდგენაზე, თუ რა არ აკმაყოფილებდა მას ეროვნული უშიშროების სამსახურის დირექტორის მუშაობაში. მიზეზად კი ის მოიხმო, რომ ეს ის თანამდებობა არ არის, „რომელზე მსჯელობაც საჯაროდ შეიძლება“:

 „განიხილებოდა არტურ ვანეციანის შემდგომი საქმიანობის რამდენიმე სცენარი. მოცემულ მომენტში ვანეციანი ალბათ უფრო იმაზე კონცენტრირდება, რომ სომხეთის ნაკრები ევროპის პირველობის ფინალში გაიყვანოს [ვანეციანი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიცაა – JAMnews]».

რით იყო დასამახსოვრებელი ეროვნული უშიშროების ხელმძღვანელი

ფაშინიანის განცხადებიდან მალევე ეროვნული უშიშროების Facebook-გვერდზე  ვანეციანმა თავის გადადგომის შესახებ ჩანაწერი გააკეთა:

 „ასეთი გადაწყვეტილება ამ სიტუაციასა და მომავლის კონტექსტში ყველაზე სასურველ და დასაბუთებულ ვარიანტად მიმაჩნია სომხეთისა და სომეხი ხალხისთვის სამსახურში… გადაწყვეტილებების მიღების სტიქიურობა, ქმედებების ქაოსი, პრიორიტეტულის მეორეხარისხოვნისგან არგანსხვავება – ის ის გზა არ არის, რომელსაც მიზნამდე მივყავართ. ამას ოფიცრის ღირსებასთან საერთო არაფერი აქვს. ოფიცერის სამხრეები და მსგავსი პროცესების განვითარება შეუთავსებელია. დაე, ჩემი გადადგომა გახდეს გამოსაფხიზლებელი სიგნალი „შეჩერდი“, ხოლო ყველა სხვა ვარიანტში სამშობლოს წინაშე ვალდებულებამ გაიმარჯვოს. მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანას“, – დაწერა ვანეციანმა.

ვინაიდან პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტებმა ეს საკითხი რამდენჯერმე დასვეს, ფაშინიანმა ვანეციანის განცხადებასა და მის გადადგომაზე კომენტარი გააკეთა და ოფიციალურად განაცხადა:

 „არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა,  ვანეციანს ეთქვას, რომ მას „ოფიცერის ღირსებასთან“ დაკავშირებით რაიმე პრობლემა აქვს. არ მესმის, რაზე ლაპარაკობდა“.

არტურ ვანეციანმა ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წელიწადი და ოთხი თვე დაჰყო.

ამულსარის შესახებ –  „სომხეთი მსოფლიოს ეკონომიკურ რუკაზე შავ ხვრელად გადაიქცევა“

ჟურნალისტების პირველივე შეკითხვები ამულსარის ოქროს საბადოს დამუშავებას ეხებოდა. სომხეთში, უკვე წელიწადზე მეტია, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ეკოლოგები და ახლო-მახლო დასახლებების მაცხოვრებლები მისი დამუშავების აკრძალვას მოითხოვდნენ. მათ ის აწუხებთ, რომ ოქროს მოსაპოვებლად აქ წელიწადში დაახლოებით 100 ტონა ნატრიუმის ციანიდს გამოიყენებენ.

ამულსარის საბადოს დამუშავების ასაკრძალად საფუძველი არ არსებობს – სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომხეთის მთავრობამ კომპლექსური ექსპერტიზა დაუკვეთა იმის თაობაზე, დააზიანებს თუ არა გარემოს საბადოს დამუშავება, და ამაში 400 ათასი დოლარი გადაიხადა

იმაზე პასუხის გაცემისას, ეს ფული ამაოდ ხომ არ დაიხარჯა, ვინაიდან ექსპერტებმა მკაფიო პასუხები ვერ გასცეს, ფაშინიანმა თქვა:

 „400 ათასი დოლარი იმაში დაიხარჯა, რომ ამულსარის საბადოს შესახებ სიმართლე მიგვეღო. არ მგონია, რომ სიმართლისთვის ფული დასანანია“.

მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის შედეგები მიიღეს, პრემიერი ორჯერ პირდაპირ ჩაერთო თავის Facebook-გვერდიდან, და თქვა, რომ საბადოს მუშაობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. თავისი პოზიცია პრესკონფერენციაზე მან კიდევ ერთხელ განმარტა:

 „მე თუ საბადოს მუშაობის შეწყვეტას მოვაწერ ხელს, საერთაშორისო ორგნიზაციები მკითხავენ: „რატომ არ არის დაკეტილი ზანგეზურის, სოტის და სხვა [ოქროს საბადოები -JAMnews] და უცბად რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამულსარის პროექტი, რომელიც პროექტის ეტაპზე ორჯერ უკეთესია, და რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, უნდა დაიკეტოს. სომხეთი მსოფლიოს ეკონომიურ რუკაზე შავ ხვრელად გადაიქცევა“.

რაც შეეხება ამულსარის გარშემო მდებარე დასახლებების მაცხოვრებლების მიერ საბადოსკენ მიმავალ, ჯერ კიდევ გადაკეტილ გზებს, პრემიერმა განაცხადა, რომ მათი გახსნის თაობაზე ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არსებობს.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა: თუკი კომპანია „ლიდიანი“, რომელმაც საბადოს დამუშავების ლიცენზია მიიღო, უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფას ვერ შეძლებს, ის დაიკეტება:

„ჩემი და მთავრობის პოზიცია ის არის, რომ ჭეშმარიტება ბოლომდე გამოვლინდეს. ჭეშმარიტება  ერთ ან მეორე გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს. საზოგადოება კი მანიპულაციებს არ უნდა აჰყვეს“.

ყარაბაღის პრობლემის შესახებ

პრემიერ-მინისტრმა თავისი განცხადების თაობაზე – „არცახი – ეს სომხეთია და მორჩა!“ – რომელიც სტფანაკერტში 5 აგვისტოს გამართულ მიტინგზე გაისმა, კომენტარი გააკეთა.

 • „არცახი -სომხეთია, და მორჩა! – სომხეთის პრემიერ-მინისტრი

მთავრობის მეთაურმა თავისი სხვა განცხადება გაიხსენა – კონფლიქტის ნებისმიერი გადაწყვეტა სომხეთის, ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ხალხისთვის მისაღები უნდა იყოს:

„მე ვიყავი სომხეთის პირველი მეთაური, რომელმაც აზერბაიჯანელი ხალხისთვის მისაღები გადაწყვეტილების თაობაზე ასეთი პოზიცია გამოთქვა. ჩვენ მოველით, რომ აზერბაიჯანი იგივეს გვიპასუხებს. ჯერჯერობით ეს არ ჩანს. პირიქით, მათი მიდგომა ისეთივე მაქსიმალისტურია. თუმცა, სამუშაო მსჯელობების დროს მინსკის ჯგუფი ვარაუდობს, რომ სტატუსი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს – მათ შორის, აზერბაიჯანის გარეთაც. აზერბაიჯანი ამბობს, რომ გადაწყვეტილება შესაძლებელია მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ფარგლებში. მაგრამ თუკი მათი მიდგომა ასეთი კატეგორიულია, მაშინ ჩვენი პრინციპიც ასეთია: „არცახი სომხეთია, და მორჩა!“

პრემიერმა აღნიშნა, რომ მზადაა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, მაგრამ სომხეთი და ყარაბაღი ზეწოლისა და მუქარის ქვეშ დათმობაზე არ წავა:

 „კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. ჩვენ მოგვარების მიღწევა გვსურს, და არა თავის მოჩვენება, თითქოს ვმუშაობთ“.

 „ახალი“ სომხეთის შესახებ

გამოსვლის დროს ფაშინიანმა ასევე წარმოადგინა ეკონომიკური მაჩვენებლები. მან, პირველ რიგში, განაცხადა მშპ-ს ზრდის შესახებ, რომელმაც 2019 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით,  6,8% შეადგინა.

გარდა ამისა, ფაშინიანის თქმით,  25%-ით გაიზარდა საგადასახადო შემოსავლები. სომხეთის პოსტრევოლუციური მთავრობისთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანს ის წარმოადგენს – რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ 2018 წლის მაისიდან ქვეყანაში  65 037 სამუშაო ადგილი გაჩნდა.

დადებითი დინამიკა შეინიშნება

• მრეწველობაში – ზრდა 8,4%;

• მშენებლობაში – 4,5%;

• საქონელბრუნვაში – 8,9%;

• საშუალო ხელფასის მხრივ – 5,9%.

ტურიზმის სფეროში წარმატებების შესახებ

ნიკოლ ფაშინიანმა ტურიზმის სფეროში დადებითი დინამიკის შესახებ ილაპარაკა. საუბარია 12,8%-იან ზრდაზე. 2019 წლის პირველ ნახევარში სომხეთში უფრო მეტმა ტურისტმა დაიწყო ჩამოსვლა გერმანიიდან, ჩინეთიდან, ნიდერლანდებიდან, შვეიცარიიდან.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2019 წელს, აგვისტოს ჩათვლით, ტურისტებმა სომხეთში 200 მილიონი დოლარით მეტი დახარჯეს, ვიდრე გასულ წელს.

რაც შეეხება ტურისტების რიცხვის ზრდას, 2019 წლის იანვარ-ივნისში ზრდის მაჩვენებელმა 60% შეადგინა.

 „კერძოდ, თუკი 2018 წლის პირველ ნახევარში სომხეთის სასტუმრო ობიექტებში ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების 20% ცხოვრობდა – ეს დაახლოებით 140 ათასი ადამიანია, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 29%, ან 222 ათას ადამიანზე მეტი შეადგინა“, – განმარტა პრემიერმა.


ასევე წაიკითხეთ