20 გამყიდველი, ასობით მყიდველი - ყველა წუხს, რომ ბაზრობის მოწყობა წელიწადში ერთზე მეტად არ ხერხდება " />

კერძების ფესტივალი აფხაზეთში – ფოტოისტორია შემოდგომის ბაზრობიდან

20 გამყიდველი, ასობით მყიდველი - ყველა წუხს, რომ ბაზრობის მოწყობა წელიწადში ერთზე მეტად არ ხერხდება

 


ამ საშემოდგომო ბაზრობაზე დაახლოებით 20-მა ადგილობრივმა ფერმერმა ჩამოიტანა საკუთარი პროდუქცია
. ის სოხუმში მიტოვებულ “გუმას” სარკინიგზო სადგურზე გამართეს.


ნატო მიქავა:

 ნატო მიქავა გალის რაიონის სოფელ მზიურიდანაა.მან გასაყიდად ყურძენი, აჯიკა, ლეღვის პასტა, დაწნული ქუდები და კალათები ჩამოიტანა.  

„არ ვიცი, იმ ბალახს რა ჰქვია, მე მას ტბის პირას ვკრეფ და შემდეგ ჩანთებს, საფულეებსა და ათას რაღაცას ვქსოვ. ეს ჩემთვის ბოსტნისგან დასვენების საშუალებაა“.


გაეროს განვითარების პროგრამა

ასეთი ბაზრობა მეორედ ტარდება. როგორც გასულ წელს, მის ორგანიზებაში გაეროს განვითარების პროგრამა დაეხმარათ. მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, თითოეული გამყიდველი რეგისტრაციის შემდეგ  უფასოდ იღებდა დახლს, კარავსა და წინსაფარს.

 


დენიზა ჯგერენაია

დენიზასთან დასალაპარაკებლად დახლებს შორის გაძრომა მოგვიხდა. მისი შებოლილი ყველი და საფირმო „მეგრული“ გოგრები დიდი მოთხოვნით სარგებლობდა.

„წელს ფაროსანამ ნაკლები ზიანი მოგვაყენა. ჩვენ მათ ვწამლავდით, წამალი ხომ უფასოდ დაგვირიგეს, და ამით ძალიან დაგვეხმარნენ. აი, ხედავთ, თხილიც გვაქვს, თან რამხელა“.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა აფხაზეთში ნატურალური მეურნეობით ფულის შოვნა, დენიზა დარწმუნებით გვპასუხობს, რომ შესაძლებელია, ოღონდ მუშაობა გათენებიდან გათენებამდე მოგიწევს, შვებულებისა და გამოსასვლელი დღეების გარეშე.


ასტანდა ჰაშბა

სოფელ პაკუაშში მდებარე ასტანდა ჰაშბას ბაღს ნაკლებად გაუმართლა. ზედიზედ მესამე წელია, ლეღვის მოკრეფას ვერ ახერხებენ, და წელს ისევ ტონობით თხილი დაკარგეს.

„მაგრამ წელს ფაროსანამ ყველაფერი მაინც ვერ გაანადგურა, ძირითადად თხილი დაზარალდა. მაგრამ ხვეულები მაინც გავაკეთე და სათავსო ავავსე, რაც დარჩა ბაზრობაზე ჩამოვიტანე.“

ასტანდა ამბობს, რომ კონსერვირება მისთვის ჰობია, ის ამით ფულის შოვნისკენ არ მიისწრაფვის.

„საქონელი რომ გაიყიდოს – საჭიროა კარგი ეტიკეტები, რეკლამა, გასაღების ადგილი. არც საამისო ძალა მაქვს, და არც სახსრები, ამიტომ ბაზრობებში სიამოვნების მისაღებად ვმონაწილეობ, დანარჩენ დროს კი არ ვვაჭრობ.

 


აფხაზეთის საჩუქრები“

კომპანია „აფხაზეთის საჩუქრები“, პირიქით –  მურაბის, ჯემებისა და კომპოტების პროფესიონალურად დამზადებით არის დაკავებული. ჯერჯერობით მხოლოდ შიდა ბაზრისთვის, თუმცა საკუთარი პროდუქციის რუსეთში გატანას გეგმავს.

„ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენს საწყობებში საკმარისი რაოდენობის პროდუქცია გვქონდეს. თუკი დამკვეთი განაცხადს აკეთებს, ჩვენ ის სრული მოცულობით უნდა დავაკმაყოფილოთ,  ჯერჯერობით კი მცირმცირე მოცულობები გვაქვს. სახსრები არ გაგვაჩნია, რომ ერთბაშად ბევრი ვაწარმოოთ“, – ჰყვება კომპანიის დირექტორი ელდარ შოხინი.

„აფხაზეთის საჩუქრებმა“ ეკონომიკის სამინისტროს სესხის მოთხოვნით მიმართა, იმედი აქვთ, რომ დაეხმარებიან“

 

ტატიანა ახმეტშინა

„ჩვენი კლიენტები – ეს ქორწილებია“, – ამბობს ტატიანა ახმეტშინა, კომპანია „აფაზური ზღაპარის“ წარმომადგენელი.

ამ კომპანიასაც წარმოების მცირე მოცულობა აქვს, და სხვებსაც. ლუდის გამომხდელმა ვლადიმირ მირონოვმა გვიამბო, რომ უკვე წელიწადნახევარია, მხოლოდ ერთი რესტორნისთვის ხდის შავ და თეთრ ლუდს.

„ზაფხულობით ჩვენი ჩამოსასხმელი ლუდი კარგად იყიდება, ამ ზამთარს კი ბოთლებში ჩამოსხმას ვაპირებთ“.  


ირინა უსოვა

ირინა უსოვა საპონს ამზადებს და აბაზანებისთვის ზეთოვან მინარევებს ქმნის.

„მე ჩემს საპონს ძირითადად ინტერნეტის საშუალებით ვყიდი, ინსტაგრამს ყველაფერი შეუძლია. აფხაზეთში წერტილოვანი გაყიდვები კი ცუდად მუშაობს. ქირა ძალიან ძვირია, და რეკლამაც არაეფექტურია.

აფხაზეთში წარმოების ქონა ძალიან ძნელია, ამბობს ირინა. რთულია აუცილებელი ინგრედიენტების შოვნა, რაც ბიზნესზე არცთუ კარგად მოქმედებს.

 

 

შიიტაკეს სოკოები

ბაზრობაზე ეგზოტიკიდან შიიტაკეს იშვიათი სოკოები იყო წარმოდგენილი. მოყვარულებისთვის გამომშრალი სახით ამ სოკოს ამ რაოდენობით ნახვა დიდი წარმატებაა. როგორც წესი, აფხაზეთში ბაზრობაზე მათი შოვნა შეუძლებელია ხოლმე.

იულია მაქსიმოვა

აღმოჩნდა, რომ ამ სოკოებს სოფელ ატარა არმიანსკაიაში ზრდიან. იულია მაქსიმოვამ სოკოს საშენი შეიძინა, შიიტაკეს მორებზე ზრდის, და ინტერნეტით ყიდის. ძირითადად რუსეთიდან ყიდულობენ.

„აფხაზეთში ამ სოკოებს არ იცნობენ, და არ ყიდულობენ, საზღვარგარეთ კი მათზე დიდი მოთხოვნაა. მართალია, გაგზავნას ბევრი თავის ტკივილი  ახლავს, მაგრამ ეს მაინც უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ადგილობრივების მხრიდან ამ სოკოსთან მიჩვევა, აქ სოკოების შეგროვების ტრადიცია არ არის, არც იმის, რაც ტყეში უბრალოდ იზრდება“.

მომავალი ბაზრობა – მომავალ სექტემბერსაა. თუმცა, ყველა, ვისაც შევეკითხეთ, ამბობს, რომ აქ ყოველ უქმეებზე სიამოვნებით მოვიდოდნენ.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ