სარისკო დაბანდება მფლობელისთვის და იმედი ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის " />

ფაბრიკა სომხურ სოფელში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს

სარისკო დაბანდება მფლობელისთვის და იმედი ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის

ხელთათმანების ფაბრიკამ, რომელიც აზერბაიჯანის საზღვარზე, სოფელ ჩორათანში გაიხსნა, ერთგვარად, „ხელთათმანი ესროლა“ როგორც დაუმთავრებელ ომსა და მყიფე მშვიდობას, ისე ემიგრაციას, რომელიც დღითიდღე იზრდება სომხეთში.

ორი წლის წინ კომპანია „თავუშ-ტექსტილმა“ ერევნიდან 223 კმ-ით დაშორებულ სოფელ ჩორათანში საწარმოო ობიექტები გახსნა. მსგავსი საამქროები ქალაქ ბერდში და ჩორათანის მეზობლად მდებარე სოფლებში, არწვაბერდსა და მოვსესშიც დაფუძნდა. მხოლოდ ჩორათანის ფაბრიკაში 165 ადამიანი მუშაობს. მთლიანობაში კომპანიამ 300 სამუშაო ადგილი შექმნა.

«სიგარეტსა და ვერმიშელს უკვე ფულით ვყიდულობთ. ადრე ყველაფერი სხვაგვარად იყო. მაღაზიების მევალეების სიებში არსებული სახელები თანდათანობით იშლება. ეს იყო გააზრებული ნაბიჯი, რომელიც ემსახურება იმას, რომ ადგილობრივმა ახალგაზრდობამ სოფელი არ დატოვოს. ცოტაც და აქაურობა საერთოდ დაცარიელდებოდა. ახლა კი, ღვთის მადლით, სამუშაო გვაქვს. მე, ჩემი ცოლი და ქალიშვილი 400 ათას დრამს [840 დოლარს] ვიღებთ», – ამბობს „თავუშ-ტექსტილის“ მძღოლი, ვალერი ერიციანი, რომელიც სატვირთო მანქანაზე ხელთათმანებით სავსე ტომრების მორიგ პარტიას ათავსებს.

50 წლის ანნა ბაბაიანი ჩორათანში ცხოვრობს. იგი ამბობს რომ არა მხოლოდ მისი, არამედ მთელი სოფლის ცხოვრება შეიცვალა.

«ადამიანების სახეებზე ღიმილი გაჩნდა. ხალხი უფრო მშვიდადაა, ვიდრე ადრე, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სოფლიდან წასული ოჯახები უკან ბრუნდებიან. რა სჭირდება ადამიანს? თუკი ადამიანს სამსახური აქვს, ის თავის სახლში, საკუთარ მიწაზე დარჩება», – ამბობს ჩორათანის ფაბრიკის დამხმარე მუშა.

კომპანია „თავუშ-ტექსტილი“ დააფუძნა თავუშის ოლქის სოფელ არწვაბერდში დაბადებულმა სურენ ერიციანმა, რომელიც ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. 2015 წელს სომხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოსაზღვრე რაიონებში  მდებარე სოფლებში არსებული ობიექტების ინვესტორები გადასახადებისგან გაეთავისუფლებინა. ბიზნესმენმა სურენ ერიციანმა აქ ხელთათმანების  სამკერვალო საწარმოები დააფუძნა.

ჩორათანის ფაბრიკა აზერბაიჯანული პოზიციებიდან 5-6 კილომეტრითაა დაშორებული, სოფელ მოვსესში მდებარე საამქროები კი საზღვრიდან სულ რაღაც 300-400 მეტრში მდებარეობს.

«სახიფათოა თუნდაც მხოლოდ ის, რომ აქ ხალხი ცხოვრობს, სამხედრო პოზიციებზე კი ჯარისკაცები დგანან. სარისკო კაპიტალდაბანდებაა, მაგრამ ინვესტორი მშვიდადაა»,ამბობს ჩორათანის ფაბრიკის საამქროს უფროსი, ოვსეფ ანანიანი.

ზურმუხტოვან ტყეებში ჩაკარგულ ჩორათანში სიჩუმეა. სოფლის მამასახლისი, ვარუჟან ბაგმანიანი ამბობს, რომ ყველა თავისი საქმითაა დაკავებული – ყველა მუშაობს და მუშაობის მსურველ ნებისმიერ ადამიანს მოეძებნება საქმე: 

«ჩორათანი სომხური სოფლების იმ მცირე კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც მოსახლეობა დასაქმებულია და ემიგრაცია არ ფიქსირდება.  მეტიც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენს სოფელში ექვსი ოჯახი გადმოსახლდა – ოთხი რუსეთიდან დაბრუნდა, ორი კი კოტაიქის ოლქის ქალაქ ბიურეგავანიდან გადმოვიდა».

ამჟამად საზღვრისპირა სოფელში ათასზე მეტი ადამიანი  ცხოვრობს. ფაბრიკის გარდა, სოფლის მოსახლეები თემის ადმინისტრაციაში, სკოლაში და საბავშვო ბაღში მუშაობენ. მალე ჩორათანში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცენტრი გაიხსნება, სადაც კიდევ 25 ადამიანი დასაქმდება.

ფაბრიკაში შეკერილი მუშის ხელჯაგები რუსეთსა და უკრაინაში გადის ექსპორტზე. ყოველდღიურად თანამშრომლებს 5-დან 8 ათასამდე დრამს (10-16 დოლარს) უხდიან (თანხა მათზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად განისაზღვრება). ფაბრიკაში სამუშაოდ მეზობელი სოფლებიდანაც ჩამოდიან – მამასახლისის თქმით, საწარმოს მუშახელი აკლია და კიდევ 10 თანამშრომელი სჭირდება.

არმენუი ჰაკოფიანი  ჩორათანში იჯევანიდან გადავიდა. იგი დეიდის სახლში ცხოვრობს და უკვე სამი თვეა, რაც „თავუშ-ტექსტილის“ ოპერატორად მუშაობს.

«ხელთათმანებს ვაგროვებ, ვნასკვავ და ტომრებში ვათავსებ. შემდეგ კი მანქანებს ვრთავ და ნართს ვტვირთავ; ამ საქმეს მუშაობის პროცესში ვსწავლობდი. ახლა კი მშვიდად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან მოშორებით ვცხოვრობ», – ამბობს არმენუი.

მერი ვირაბიანი მეზობლად მდებარე სოფელ ვერინ კარმირახპიურში ცხოვრობს. უკვე ორი წელია, რაც ყოველდღე ჩორათანში ჩამოდის სამუშაოდ: «ზოგი ერევნიდან და გიუმრიდანაც ჩამოდის. რა ქნას ხალხმა? საზღვარგარეთ წასვლას და იქ სამსახურის ძებნას სახლიდან მოშორებით, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში მუშაობა სჯობს».

სოფლის მამასახლისი ამბობს, რომ რამდენიმე  წლის წინ სოციალურ დახმარებას 70 ჩორათანული ოჯახი იღებდა, დღეს კი სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა 10-ს არ აღემატება.

«მთელი მოსახლეობის ცხოვრება შეიცვალა მას შემდეგ, რაც ფაბრიკა გაიხსნა. ხალხს ფული გაუჩნდა და მოსახლეობას ვალების გადახდა და კრედიტების დაფარვა შეუძლია. თითოეულ ადამიანს საკუთარი თავის რწმენა განუმტკიცდა.  უკვე დიდი ხანია, რაც არაფერი გაურემონტებიათ საკუთარ სახლებში, ახლა კი კარ-ფანჯარას ცვლიან. თითოეული ადამიანი საჭიროდ გრძნობს თავს და ხვდება, რომ აფასებენ. ესაა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ ფაბრიკას ნებისმიერ სოფელში შეაჩეროს ემიგრაცია და ხალხის დაბრუნებას შეუწყოს ხელი», – მიიჩნევს მამასახლისი.

საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა საკუთარი ცხოვრების წესითა და მუშაობით მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება. სროლები, პოზიციები და სამხედროები კი მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა – «ასეთი ბედი გვარგუნა განგებამ», – ამბობენ ისინი.  

სოფელ ჩორათანის მოსახლეებს შორის კონტრაქტორი სამხედრო პირებიც არიან. ისინი სასაზღვრო პოსტებს არ ტოვებენ – მიუხედავად იმისა, რომ ფაბრიკა მათ უსაფრთხო სამუშაოს სთავაზობს.

ჩორათანის 34 წლის აიკ ბაბაიანი ჩორათანში ცხოვრობს და უკვე 12 წელია, რაც საკონტრაქტო სამსახურშია.  ყოველი თვის ნახევარს სამხედრო პოსტებზე ატარებს, მეორე ნახევარს კი – სახლში. მისი ვაჟები – 5 წლის ოვსეფი და 9 წლის ერიკი – მამის გარშემო ირევიან. აიკი სულ ახლახან დაბრუნდა სამსახურიდან.

«ეს ჩემთვის სამსახური არ არის. მთელი არსებით ვარ ჩაფლული ამ საქმეში – ჩემს ოჯახსა და სოფელს ვიცავ. რუსეთშიც ვიყავი წასული სამუშაოდ, მაგრამ დავბრუნდი. ეს ერთადერთი საქმეა, რომელიც მიყვარს. სადამდეც შემეძლება, სანამ ფეხზე დგომის თავი მექნება, ვიმსახურებ და ჩემს ოჯახსა და სოფელს დავიცავ », –  ამბობს აიკ ბაბაიანი.

35 წლის მანუშაკ ბაბაიანის სახლი მაღლობზე მდებარეობს. აქედან  ხელისგულივით მოჩანს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი. ჩორათანის ყველა სხვა მცხოვრების მსგავსად, მანუშაკმაც მშვენივრად იცის, სად მდებარეობს სომხური სამხედრო ნაწილები და სადაა განლაგებული აზერბაიჯანული მხარის პლაცდარმები.

«მოშორებით სომხური სოფელი ჩინარი მდებარეობს, უფრო მაღლა კი აზერბაიჯანული სოფლებია განლაგებული. ამჟამად ჩემი ქმარი სამსახურშია – სამწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ძალიან ვდარდობ. სანამ გათენდება, ნახევარი ცხოვრება გადის ხოლმე. დილაობით გვირეკავს.  მას ხომ ყოველ წამს საფრთხე ელის!» –  ამბობს მანუშაკი და ხელს საზღვრისკენ იშვერს.

იგი სადილს ამზადებს, მის გარშემო კი ბავშვები ირევიან.  ოთახში მანუშაკის დედამთილი, 82 წლის სირანუშ კალანტარიანი შემოდის.

«ხელთათმანების ფაბრიკაში მუშაობა არ სურს. მე პირადად ძალიან მინდოდა, საწარმოში დაეწყო მუშაობა, მაგრამ არას სამხედრო სამსახური ურჩევნია», – ამბობს სამხედრო მოსამსახურის დედა.

საღამოს სოფლის ქუჩებში უფრო მეტი ხალხი ჩანს – ჩორათანელები სამსახურიდან ბრუნდებიან.

«მთავარი სამუშაოა. სხვა პრობლემები მოგვარდება. სამუშაო გვაქვს და ამიტომ   უიმედობაც თანდათან ქრება. მთავარია ხალხის გადინება შეჩერდეს. როდესაც რეგიონი მოსახლეობისგან იცლება, სამხედროებს აღარავინ რჩებათ დასაცავი», – ამბობს სოფლის მამასახლისი ვარუჟან ბაგმანიანი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ