გიყვებით მოკლედ რა არის სტარტაპი და როგორ მუშაობს თანამედროვე ბიზნესი" />

როგორ იქცევა მარტივი და გენიალური იდეა მომგებიან ბიზნესად და ვინ არიან აქსელერატორები

გიყვებით მოკლედ რა არის სტარტაპი და როგორ მუშაობს თანამედროვე ბიზნესი

ცოტა ვინმე თუ არის ისეთი, ვისაც სიტყვა „სტარტაპი“ არ გაუგია. თუმცა, ბევრს არ შეუძლია მწყობრად ახსნას რა არის ეს და როგორ მუშაობს. კიდევ უფრო ცოტამ იცის, რას ნიშნავს თანამედროვე ბიზნეს-ლექსიკონში შემოსული ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ბიზნეს-აქსელერატორი“, „ინკუბატორი“ და ა.შ.

JAMnews-ი მარტივად და გასაგებად ჩაგახედებთ ამ სამყაროში, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით აგიხსნით ამ სიტყვების მნიშვნელობას და გაჩვენებთ, როგორ ტრანსფორმირდება მარტივი და გენიალური იდეა მომგებიან ბიზნესად.

დავიწყოთ ყველაზე მარტივით. რა არის სტარტაპი?

სტარტაპი არის ახალგაზრდა კომპანია, მცირე რაოდენობის თანამშრომლებით, რომელსაც მოფიქრებული აქვს რაიმე ინოვაციური, სერვისთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროდუქტი. პოტენციურად, ამ პროდუქტს ბაზარზე წარმატების მიღწევა შეუძლია, მაგრამ ის ჯერჯერობით არ არის ჩაშვებული და განვითარების ადრეულ სტადიაზე იმყოფება.

სტარტაპის მომავალი ყოველთვის ბუნდოვანია – ის ან „ათიანში გაარტყამს“ და დაიპყრობს ბაზარს ან დარჩება ბაზრისთვის უინტერესო და შეუმჩნეველი.

მაგალითად, სტივ ჯობსის და სტივ ვოზნიაკის მიერ გარაჟში აწყობილი პირველი კომპიუტერები სტარტაპი იყო, რომელიც შემდეგ გიგანტურ კომპანიად იქცა.

სტივ ჯობსის ბავშვობის სახლი და ფარეხი, სადაც მან და სტივ ვოზნიაკმა პირველი კომპიუტერი ააწყვეს და კომპანია Apple Computers დაარსეს. ლოს ალტოსი, კალიფორნია

ინკუბატორები და აქსელერატორები რას ნიშნავს?

როგორც უკვე ვთქვით, სტარტაპი არის პატარა გუნდი, რომელიც რაღაც პროდუქტს ქმნის და რომელსაც ჯერ არ დაუწყია ბაზარზე სრული სვლით მუშაობა.

ყველა სტარტაპი, როგორც წესი, ერთსა და იმავე პრობლემას აწყდება – ფინანსების ნაკლებობა, ტექნიკური ბაზის და სხვა რესურსების არარსებობა, მარკეტინგში გამოუცდელობა ან უბრალოდ ელემენტარული სამუშაო სივრცის, ოფისის არარსებობა.

სტარტაპ-ინკუბატორები – ეს არის ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირი გაგებით ზრდიან სხვადასხვა პროექტებს ნულიდან – იდეის ეტაპიდან მის კომერციულ რეალიზაციამდე. მათ შორის, სამუშაო სივრცესაც სთავაზობენ და ბევრ რამეში უმართავენ ხელს. ბიზნეს-ინკუბატორში ყოფნის პროცესი შეიძლება ბევრი წელი გაიწელოს. ბევრ ქვეყანაში ბიზნეს-ინკუბატორებს სახელმწიფო აფინანსებს, რომ დაეხმაროს ახალგაზრდა ენთუზიასტებს და განავითაროს ქვეყანაში ბიზნესი და ტექნოლოგიები.

აქსელერატორიც იგივეა?

არა. მართალია, მიზანი აქსელერატერებსაც და ინკუბატორებსაც ერთი აქვთ -პერსპექტიული ინიციატივების მხარდაჭერა, – მაგრამ განსხვავებულია მათი მუშაობის პრინციპი და ფორმატი.

თუ ინკუბატორმა შეიძლება წლები დახარჯოს პროექტის „გასაზრდელად“ და მისი ყველა ეტაპის გასავლელად, ბიზნეს-აქსელერატორი ბევრად ინტენსიურად, სწრაფად და წერტილოვნად მოქმედებს. აქსელერატორი მუშაობს უკვე რაღაც ეტაპამდე მისულ იდეასთან და ამ იდეის განსახორციელებლად შეკრებილ სპეციალისტების (თუნდაც ძალიან მცირე) გუნდთან. აქსელერატორში სტარტაპერები მაქსიმუმ სამ თვეს ატარებენ – იქ იხვეწება და საბოლოო სავაჭრო სახეს იღებს მათი პროდუქტი.

მარტივი შედარება – ინკუბატორი ფიტნეს-დარბაზია, სადაც სხეულს ფორმაში მოიყვანთ, აქსელერატორი კი, პროფესიონალი მწვრთნელი, რომელიც უკვე კუნთებდაყენებულ სპორტსმენს მოკლე დროში ოლიმპიადისთვის მოამზადებს.

აქსელერატორები ძალიან სკურპულოზურად არჩევენ პროექტებს, რომლებსაც „მოსწავლედ“ აიყვანენ. კონკრეტულად გაწერილია სწავლების პროგრამა, მის მიმდინარეობას თვალს ადევნებენ მენტორები. აქსელერატორის მიზანია პროექტი მოკლე დროში ისე სრულყოს, რომ სტარტაპმა ინვესტიციები მიიღოს და მასშტაბურ ბიზნესად იქცეს.

ამგვარად, სტარტაპები, აქსელერატორების დახმარებით სამ თვეში გადიან გზას, რომელსაც მარტო წლები მოუნდებოდნენ.

კონკრეტულად რა აკეთებენ სტარტაპერები აქსელერატორებში?

აქსელერატორში ხვდება პროდუქტი, რომელსაც უკვე აქვს სიცოცხლისუნარიანობის კონტურები. იდეა, რომლითაც აქსელერატორი დაინტერესდება, შესაძლოა,  ჯერ კიდევ  დაუხვეწავი იყოს. მთავარი ყურადღება სტარტაპის დამფუძნებელს ექცევა – აქ აანალიზებენ,  აქვს თუ არა დამფუძნებელს მონაცემები, რომ იდეა ბიზნესად აქციოს.

Demo Day ანუ პროექტის პრეზენტაცია ინვესტორებისთვის Y Combinator-ში

აქსელერატორი ეხმარება ამ პროდუქტს ბაზარზე გასვლაში, აქცევს მას სრულფასოვან პროექტად, რომელიც მზად იქნება მოხიბლოს მომხმარებლები და კონკურენცია გაუწიოს სხვა მსგავს პროდუქტებს ბაზარზე.

აქსელერაციის პროცესში, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაახლოებით სამ თვეს გრძელდება, სტარტაპერთან მუშაობენ მენტორები – მარკეტინგის, ბიზნესის, ტექნოლოგიების, იურიდიულ საკითხების სპეციალისტები. როგორც წესი, სტარტაპერები არიან ენთუზიასტები, რომლებსაც არ ესმით ის ყოფითი პრობლემები, რომლებსაც შეიძლება წააწყდეს მათი ბიზნესი. ამიტომ, აქსელერაცია აძლევს მათ კვალიფიციურ ბიზნეს-ექსპერტიზას.

ხშირ შემთხვევაში, აქსელერატორში მოხვედრის შემდეგ, ბიზნეს-იდეა მთლიანად იცვლება და ეს სავსებით ნორმალურია. ამ ცვლილებას ჰქვია pivot.

მეორე მომენტი – ფინანსური მხარდაჭერაა. აქსელერატორს თავადაც შეუძლია ინვესტიციის ჩადება და ასევე შეუძლია სხვა ინვესტორების დაინტერესებაშიც დახმარების გაწევა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ აქსელერატორს კარგი რეპუტაცია ჰქონდეს – ინვესტორები მას უნდა ენდობოდნენ.

პროექტები, რომლებმაც ცნობილი აქსელერატორები გაიარეს, უფრო თამამად ეკონტაქტებიან პოტენციურ ინვესტორებს.

როგორც წესი, აქსელერაციის პერიოდში სტარტაპის გუნდი მთელი სამი თვის განმავლობაში აქსელერატორის შენობაში იმყოფება და გაძლიერებულად.

აქსელერაციის პროცესი სრულდება ყველაზე მნიშვნელოვანი დღით, რომელსაც  Demo Day-ს ეძახიან. ეს არის პროექტის პრეზენტაცია პოტენციური ინვესტორების წინაშე. ზოგი აქსელერატორი ამ დღეს ათასობით ინვესტორის მობილიზებას ახერხებს.

რა დაინტერესება აქვთ აქსელერატორებს? ეს ყველაფერი უფასოა?

ცხადია, არა. ზოგი აქსელერატორი უბრალოდ გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ იყვანს „მოსწავლეს“ (ოღონდ ამ შემთხვევაშიც კონკურსის გავლა აუცილებელია, რადგან აქსელერატორის რეპუტაციას სწორედ მისი „მოსწავლეების“ ხარისხი განაპირობებს).

თუმცა, სტანდარტულად, აქსელერატორები, როგორც წესი, ამ ყველაფერს სტარტაპში გარკვეული წილის მიღების ფასად აკეთებენ (3%, 5% და ა.შ.). თუ პროექტი მომგებიანი გამოდგა, აქსელერატორი მომგებიანი ბიზნესის აქციონერი ხდება.

არის სხვა მიდგომებიც –  მაგალითად, საბანკო სექტორი ხშირად ქმნის საკუთარ აქსელერატორებს. ამ შემთხვევაში ბანკების მიზანია ინოვაციური იდეების მოძიება, რომლებსაც შემდგომ საკუთარ საქმეში გამოიყენებენ.

სტატიის ყველაზე საინტერესო ნაწილი – კონკრეტული მაგალითებით მოგიყვებით როგორ მუშაობს ეს ყველაფერი

2007 წელს MIT-ის სტუდენტი დრიუ ჰიუსტონი ბოსტონიდან ნიუ იორკში ავტობუსით მიდიოდა. გზაში უნდა ემუშავა, თუმცა როდესაც ნოუთბუკი ჩართო, აღმოაჩინა, რომ დაავიწყდა მეხსიერების ბარათი („ფლეშკას“ რომ ვეძახით), სადაც მნიშვნელოვან ფაილებს ინახავდა.

მუშაობა არ გამოუვიდა, თუმცა იქვე ავტობუსში გადაწყვიტა დაეწერა კოდი პლატფორმისთვის, რომელსაც ონლაინ წვდომა ექნებოდა ფაილებთან და მეხსიერების ბარათის მუდმივად თან ტარება არ იქნებოდა საჭირო.

კოდი დაიწერა, იდეა დამუშავდა და ძალიან მალე თავის მეგობართან ერთად ჰიუსტონმა შეიტანა განცხადება ბიზნეს-აქსელერატორში Y Combinator.

ასე გაჩნდა Dropbox-ი – ფაილების გიგანტური საცავი, რომელსაც დღეს 500 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს და მილიარდი დოლარი სუფთა მოგება აქვს.

სწორედ Y Combinator-ის დახმარებით დაიხვეწა Dropbox-ის იდეა და ამ აქსელერატორში იპოვა თავისი მთავარი ინვესტორი -უმსხვილესი ვენჩურული ფონდი Sequoia Capital-ი.

Y Combinator-ი მსოფლიოში ნომერ პირველი ბიზნეს-აქსელერატორია. მან ისეთ სტარტაპებს გაუმართა ხელი, როგორიცაა  Airbnb, Dropbox, Reddit, Twitch, Quora. ამ აქსელერატორის ანგარიშზე 19 „მარტორქაა“ (ასე ეძახიან კომპანიებს, რომლებიც მილიარდი დოლარი ღირს).

Y Combinator-ის ფრთის ქვეშ მოხვედრა სტარტაპერებისთვის ოცნებაა.

კიდევ ერთი მაგალითი – ბინების გაქირავების სერვისი Airbnb.

იდეა, რომელიც შემდგომ ბინების გაქირავების მსოფლიო ქსელად იქცა, გამოუვალმა მდგომარეობამ წარმოშვა. ორ სან-ფრანცისკოელ მეგობარს – ბრაიან ჩესკის და ჯო გებიას ერთხელაც ბინის ქირის გადახდა ისე გაუჭირდათ, რომ გადაწყვიტეს გარკვეულ თანხად, მსურველებისთვის მათ ბინაში ღამის გათევის საშუალება მიეცათ – აქირავებდნენ გასაბერ ლეიბს საკუთარ სახლში ისე, რომ თავადაც იმ სახლში ცხოვრობდნენ. სულ სამი გასაბერი ლეიბი დატიეს. სერვისში შედიოდა დილით საუზმით გამასპინძლებაც.

შემდეგ პატარა საიტიც გააკეთეს, ვებგვერდის შესაქმნელად საქმეში მესამე მეგობარი, ნათან ბლეჩარჩიკი ჩართეს და პროექტს Airbed & Breakfast დაარქვეს (სიტყვასიტყვით – „გასაბერი ლეიბი და საუზმე“).

თუმცა, პროექტმა წელიწადნახევარი ისე იარსება, არავის შეუმჩნევია. 2008 წელს, როდესაც საქმე იდეაზე ხელის ჩაქნევამდე მიდგა, მეგობრები Y Combinator-ს მიადგნენ.

Airbnn-ის დამფუძნებლები, მეგობრები ბრაიან ჩესკი, ჯო გებია და ნათან ბლეჩარჩიკი

ეს გარდამტეხი დღე აღმოჩნდა მათ კარიერაში. აქსელერატორში მათ სხვაგვარად დაანახეს საკუთარი ბიზნესი. შედეგად, პატრონიან ბინაში გასაბერი ლეიბის გაქირავების ნაცვლად, იდეა გადაიქცა ბინების და სახლების გაქირავების სერვისად. ამ ბინებს, სადაც ადამიანები თავს ისე იგრძნობდნენ, როგორც საკუთარ სახლში, კონკურენცია უნდა გაეწია სასტუმროებისთვის. და ასეც მოხდა.

შემდგომი 10 წლის განმავლობაში ამ სტარტაპმა სამი მილიარდი დოლარი ინვესტიცია მიიღო.

კიდევ ერთი უმსხვილესი აქსელერატორია 500 Startups. ამ აქსელერატორის ანგარიშზე დღეს 10 „მარტორქაა“. 500 Startups-ის ხელში გაიარეს ისეთმა წარმატებულმა კომპანიებმა, როგორებიცაა SendGrid, Twilio, Grab, Canva , Credit Karma, GitLab და სხვა.

ეს აქსელერატორი 2010 წელს შეიქმნა და ამ ხნის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან, სანდო და მოდურ აქსელერატორად იქცა სილიკონის ველში. თუმცა, აქ მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე ჰარვარდში – პრეტენდენტებს უზარმაზარი კონკურსის გავლა უწევთ.

იგივე კონკურსია კიდევ ერთ აქსელერატორ-გიგანტში – Techstars. ამაქსელერატორის რვა კურსდამთავრებული უკვე მილიარდიანი ბიზნესის მფლობელია. მის მ“ოსწავლეებს“ შორის არიან DigitalOcean, SendGrid, Twilio და სხვები (ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი სტარტაპით რამდენიმე აქსელერატორი ინტერესდება, ამიტომაც მეორდება სახელები).


ასევე წაიკითხეთ