რა გადარჩა ხანძრის შემდეგ ან რისი აღდგენა შეიძლება, და როგორ ეხმარებიან საერთაშორისო და ქართველი სპეციალისტები მათ" />

როგორ აღადგენენ აფხაზეთში არქივს, რომელიც 27 წლის წინ, ომის დროს დაიწვა

რა გადარჩა ხანძრის შემდეგ ან რისი აღდგენა შეიძლება, და როგორ ეხმარებიან საერთაშორისო და ქართველი სპეციალისტები მათ

აფხაზეთში გააქტიურდა ეროვნული არქივის მასალების აღდგენის პროცესი, რომელიც 1992 წლის 22 ოქტომბერს, აფხაზეთის ომის დროს სრულად დაიწვა.

კონფლიქტის ორივე მხარეს ბევრი ვარაუდობს, რომ შენობა მაშინ განზრახ დაწვეს ქართველმა მებრძოლებმა. თუმცა, ქართულ მხარეს ისეთიც ბევრია, ვინც ამას უარყოფს. ასეა თუ ისე, ეს ტრაგედია აფხაზეთში მთელ საზოგადოებას შეეხო და დღემდე ბევრი ლაპარაკობს ამ თემაზე მწვავე დანაკარგის შეგრძნებით.

რა მოხდა მაშინ, რა გადარჩა ან რისი აღდგენა შეიძლება და ამაში როგორ ეხმარებიან საერთაშორისო სპეციალისტები, ასევე, ქართველი მეცნიერები – რეპორტაჟი სოხუმის არქივის საცავიდან.

აფხაზეთის უნიკალური ისტორიული დოკუმენტი. ფოტო: პატრიკ სალატი 

არქივები სამხრეთ კავკასიაში არსებობდა და მუშაობდა, როგორც მნიშვნელოვანი სამეცნიერო დაწესებულებები და ეს ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქამდე და მის დროსაც. მაგრამ ბოლოს, საბჭოთა კავშირის დასრულებამ საზოგადოებას ახალი მიზნები გაუჩინა და არქივები მნიშვნელოვანი იარაღი გახდა მათი ისტორიისა და სახელმწიფოებრიობის პერსპექტივების დასადგენად.

ეს შეეხო აფხაზეთის არქივსაც.

„ოდესღაც სოხუმის არქივი 176 ათას არტეფაქტზე მეტს ინახავდა, რომელიც 693 ფონდში იყო გადანაწილებული. ეს იყო ათასობით მძიმე წიგნი, ფოლკლორული ჩანაწერები, ფოტოსურათები. ყველაზე ძველი ნიმუში 1810 წელს მიეკუთვნებოდა. მე-19 საუკუნის დოკუმენტების კოლექცია სრულებით უნიკალური იყო“, – გვიყვება არქივარიუსი, დმიტრი ენიკი.

მაგრამ 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. ის 13 თვე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს შეირაღებული ძალების მარცხით დასრულდა. გადაუმოწმებელი მონაცემებით, ორივე მხრიდან 13 ათასზე მეტი ადამიანი გახდა კონფლიქტის მსხვერპლი, ათასზე მეტი უგზოუკვლოდ დაიკარგა, სხვადასხვა მონაცემით, იძულებით გადასახლდა, დაახლოებით, 300 ათასზე მეტი ადამიანი, რომელთა უმრავლესობაც ქართველები იყვნენ. 

და კიდევ ერთი მსხვერპლი გახდა აფხაზეთის ეროვნული არქივი.

• ყველაფერი კონფლიქტის შესახებ

როგორ განადგურდა აფხაზური არქივი 

ქართველი სამხედროები სოხუმში, აფხაზეთის დედაქალაქში, საომარი მოქმედებების დაწყებიდან 5 დღეში შევიდნენ. ამის შემდეგ, ქალაქს წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ქართული მხარე აკონტროლებდა. 1993 წლის 27 სექტემბრის ბრძოლების შემდეგ, აფხაზმა სამხედროებმა, რომელთაც მხარს უჭერდნენ სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების ძალები, ქალაქზე კონტროლი დაიბრუნეს. 

არქივის შენობა 1992 წლის ოქტომბერში დაიწვა. დღეს, აფხაზეთში აბსოლუტურად ყველა თანხმდება იმაზე, რომ ქართველმა სამხედროებმა განზრახ დაწვეს არქივი, რათა გაენადგურებინათ აფხაზი ხალხის ისტორიის მტკიცებულება.

• ფოტოარქივი – ქართული ოჯახები ტოვებენ აფხაზეთს 1992-1993 წლებში

• ზაქარეიშვილი: „ადრე თუ გვიან, ხელისუფლებას ჩემი იდეების გათვალისწინება მოუწევს“ 

• კომენტარები: ქართულ-აფხაზური ჩიხი თუ ქართული კანონი ოკუპაციის შესახებ, როგორც პრორუსული აქცია 

„არსებობს მიზეზი, რომ ქართველი სამხედროები დაადანაშაულონ აფხაზეთის არქივის განადგურებაში. თუმცა, ეს ისტორია იმდენ განსხვავებულ გადაუმოწმებელ მოთხრობაში გადაიზარდა, რომ ის თავად გადაიქცა ერთგვარ ისტორიულ ლეგენდად აფხაზეთში“, – ამბობს პოლიტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი.

აფხაზეთის უნიკალური ისტორიული დოკუმენტი. ფოტო: პატრიკ სალატი 

დღეს არქივის ადგილას 

დღეს, სოხუმში, არქივის ადგილზე, მისი შემახსენებელი არანაირი ნიშანი არ არის. იქ პატარა მინდორია, ზაფხულში მწვანე, ზამთარში კი – მონაცრისფრო-მოყვითალო. იქვე ახლოს სანაპიროა, ასე რომ, როდესაც იქ დგახარ, ზღვის სუნი გცემს.

„ცოტა ხნის წინ, ჩვენ ისტორიული ექსპოზიცია შევქმენით რიწის ტბაზე. ძალიან გვინდოდა ამ ადგილის ისტორიის მოყოლა დოკუმენტებზე დაყრდნობით, მაგრამ დოკუმენტები არ არსებობს. ყველაფერი, რაც შეგვიძლია – ეს არის, დავეყრდნოთ ზეპირ მოთხრობებს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ძველ ფოტოსურათებს, რომლებიც ზოგიერთ ოჯახში შემოინახეს“, – ამბობს ტაისია ალანია, რომელიც სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში მუშაობს.

პრობლემის მეორე მხარე – ეს არის დამწვარი ათასობით პერსონალური საბუთი: დაბადების მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ინფორმაცია სამუშაო სტაჟის შესახებ და ა.შ. 

„თეორიულად, მათთვის გამოსავალი არსებობს, – ამბობს ტაისია ალანია. – საბჭოთა კავშირში არსებობდა ასეთი სისტემა – „არქივი არქივში“ – ანუ აფხაზეთის არქივიდან ბევრი საბუთის ასლი თბილისში, რესპუბლიკურ არქივში იგზავნებოდა. ისევე, როგორც ბევრი ქართული ისტორიული დოკუმენტის ასლი იგზავნებოდა მოსკოვში ან პეტერბურგში“.

მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად. პრაქტიკული წვდომა ამ საბუთებზე აფხაზეთის მცხოვრებლებს 1990-იანების კონფლიქტის შემდეგ აღარ აქვთ

აფხაზეთის ეროვნულ არქივში კოლექციის განახლება. ფოტო: პატრიკ სალატი

ქართველ სპეციალისტებთან თანამშრომლობა 

საკუთარი საბუთის აღსადგენად, აფხაზეთის მცხოვრები თბილისში უნდა წავიდეს. თეორიულად ამისთვის არანაირი ბარიერი არ არსებობს. ქართული მხარე ყველანაირად მიესალმება აფხაზეთის მცხოვრების თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქში ჩასვლას და ამასთან, ძალიან მარტივად შეიძლება, ენგურის ხიდზე გადასვლით, ქართულ მხარეს აღმოჩნდე.

თუმცა, გადაუწყვეტელი კონფლიქტის პირობებში, ეს შესაძლებლობა აფხაზეთის მცხოვრებთა უმრავლესობისთვის რთულად შესასრულებელია.

არცთუ ისე ცოტა ადამიანი გადადის აფხაზეთიდან თბილისში სამკურნალოდ. საქართველოში სამედიცინო სფეროში მაღალი დონეა და ასევე, არსებობს სპეციალური პროგრამა აფხაზეთის მცხოვრებთათვის: პრაქტიკულად ყველა სამედიცინო პროცედურა და საავადმყოფოში მკურნალობა მათთვის უფასოა.

მაგრამ ისინი, ვინც გადადიან – ამას საზოგადოებისგან მალავენ. აფხაზეთში ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. 

• იცოცხლო თუ მოკვდე – არავისთვისაა საიდუმლო, რომ აფხაზები სამკურნალოდ საქართველოში გადადიან 

• აფხაზეთში მიტოვებული ქართული სოფლების შესახებ – ვიდეო

„არაერთხელ დავხმარებივარ ადამიანებს აფხაზეთიდან, თბილისის არქივიდან საბუთების მიღებაში“, – ამბობს ქართველი ისტორიკოსი, გია ანჩაბაძე. – მიუხედავად იმისა, რომ მათი მოძიება ხშირად ძალიან რთულია“.

გია ანჩაბაძე დიდი პატივისცემით სარგებლობს როგორც ქართულ, ისე აფხაზურ საზოგადოებაში და ლექციებს კითხულობს თბილისშიც და სოხუმშიც.

ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დამწვარი აფხაზური არქივის აღდგენაში დაეხმარა და დაიწყო ქართული არქივებიდან, მე-19-მე-20 საუკუნეების დოკუმენტების ასლების მიწოდება. შემდეგ, ამ პროექტში სხვა ქართველი სპეციალისტებიც ჩაერთნენ:

„ამის შესახებ აფხაზეთში ფართოდ არაა ცნობილი, მაგრამ ქართულ-აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის ფარგლებში, ჩვენ აფხაზურ მხარეს არცთუ ისე ცოტა არქეოლოგიური დოკუმენტი და ასევე, სოხუმის ძველი რუკა გადავეცით. მიუხედავად იმისა, რომ რთულია შეთანხმება არაპოლიტიკურ საკითხებზეც კი, რომელთა შესახებაც ქართულ არქივებში ინახება დოკუმენტები“, – გვიყვება მარინა ელბაქიძე, კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის პროექტების ხელმძღვანელი.

ირაკლი ხვადაგიანს, თბილისის „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ თანამშრომელს, ისტორიული დოკუმენტების მოგროვების დიდი გამოცდილება აქვს. მთავარ პრობლემად ის ქართულ არქივებზე წვდომის მაღალ ღირებულებასა და სირთულეს მიიჩნევს.

„ჩვენ, ძირითადად, ოჯახურ არქივებს ვიყენებთ. სახელმწიფო არქივთან წვდომისათვის ძალიან ბევრი ფულია საჭირო, იქ საბუთების ასლის გაკეთება ძალიან ძვირი ღირს. ზოგიერთ საბუთთან კი საერთოდ არ გვაქვს წვდომა“.

 დასავლური ორგანიზაციების დახმარება 

1992 წელს, ხანძრის დროს, რომელმაც აფხაზეთის არქივი გაანადგურა, იმ ადამიანებმა, ვინც პირველები მივიდნენ, საბუთების ასლების ორი ყუთის გადარჩენა მოახერხეს.

ისინი მოგვიანებით ფოტოფირებზე გადაიტანეს, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მათი გამოკვლევა ვერ ხერხდებოდა.

„ეს ნეგატივები ძალიან ძველია, მათგან ინფორმაციის მიღება ძალიან რთული და ძვირია“, – გვითხრა ჩეხმა არქივარიუსმა, ივანა სოკოლოვამ, რომელიც ფოტომასალების რესტავრაციის პროექტშია ჩართული. 

არქივარიუსი დმიტრი ენიკი. ფოტო: პატრიკ სალატი

ჩეხმა არქივის თანამშრომლებმა საკუთარი დახმარება აფხაზურ მხარეს 2017 წელს შესთავაზეს. რესტავრაციის პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ეგიდით ხორციელდება.

არქივის დირექტორის მოადგილე დმიტრი ენიკმა გვაჩვენა, როგორ მიდიოდა აღდგენის პროცესი. ფრთხილად გაწმენდა, დაფორმატება, კომპიუტერული დამუშავება, დაბეჭდვა – რის შემდეგაც დოკუმენტები საცავში იგზავნება.

უკვე, დაახლოებით, 5 ათასი გვერდია აღდგენილი. ამან აფხაზეთის არქივის თანამშრომლებს საშუალება მისცა, ორი ახალი ფონდი შეექმნათ.

მაგრამ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, რამდენადაც საბუთების ათასობით გვერდი ჯერ ისევ ნეგატივის ფორმითაა და საფუძვლიან დამუშავებასა და შესწავლას ელოდება.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. 
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ