რა ჯდება საქართველოში არჩევნები?
55 მილიონი ლარი – ეს თანხა დაუჯდა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.
აქედან უშუალოდ საარჩევნო ღონისძიებებზე დაახლოებით 40 მილიონი ლარი დაიხარჯა. დანარჩენი 15 მილიონი კი, ბიუჯეტს პოლიტიკური პარტიების შენახვა დაუჯდა.
რატომ ვუხდით ფულს პოლიტიკურ პარტიებს და რაში ხარჯავენ ისინი ამ თანხებს?
რომელი პარტიები ფინანსდებიან ბიუჯეტიდან?
საკანონმდებლო და პარტიულ ნიუანსებში გაუთვითცნობიერებელი მოქალაქეები ხშირად გაკვირვებულები სვამენ კითხვას – “რატომ იღებს პარტია/კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობას, როდესაც ზუსტად იცის, რომ ვერ გაიმარჯვებს/ბარიერს ვერ გადალახავს?!”
სინამდვილეში, არჩევნებში მონაწილეობა ბევრი პოლიტიკური პარტიისთვის მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში არ არის “მომგებიანი” საქმე. ეს ჩვეულებრივი პროცესია, რომლის დროსაც პოლიტიკოსები დაფინანსებას მოიპოვებენ.
“კვალიფიციური სუბიექტი” – ასე ჰქვია პარტიას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებს. იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტია კვალიფიციური სუბიექტი გახდეს, მან ბოლო საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა და ხმათა 3 პროცენტზე მეტი დააგროვოს. ასეთ შემთხვევაში პარტია ხდება კვალიფიციური სუბიექტი და მას ბიუჯეტიდან დაფინანსება ენიშნება.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებდა 20-ზე მეტი პარტია.
ასევე წაიკითხეთ: გია ნოდიას თვალსაზრისი – ბიძინას არჩევანი
სამპროცენტიანი პარტიის მინიმალური დაფინანსება 300 ათასი ლარია. თუმცა, ეს თანხა იცვლება სხვადასხვა გარემოების მიხედვით – მაგალითად, იგი იზრდება, თუკი პარტიამ მეტი პროცენტი დააგროვა – ვთქვათ, თუ 6 პროცენტი მიიღო, 600 ათას ლარს მიიღებს. ასევე ბონუსი ეკუთვნის პარტიას, რომელიც თავის პარტიულ სიაში გენდერულ ბალანსს დაიცავს და მინიმუმ 30 პროცენტ ქალს ჩაწერს და ა.შ.
იმ შემთხვევაში, თუ სამპროცენტიან ბარიერს საარჩევნო ბლოკი გადალახავს, დაფინანსებას იღებს ამ ბლოკში შემავალი ყველა პარტია.
ეს ის თანხაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში პარტიის ლიდერებს და თანამშრომლებს არჩენს – ხელფასები, ოფისის ხარჯები და ასე შემდეგ.
რატომ ვაფინანსებთ პოლიტიკურ პარტიებს ბიუჯეტიდან?
მეორე კითხვაა, რაში გვჭირდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსება? რატომ ვუხდით მათ ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 12-15 მილიონ ლარს?
თანაც, ბიუჯეტი აფინანსებს არა მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რეალურად მონაწილეობენ, არამედ იმ პარტიებსაც, რომლებიც თითქმის უხილავები არიან.
“რადიო თავისუფლების” მიერ შეჯამებული საარჩევნო სტატისტიკიდან ირკვევა, ბიუჯეტი პოლიტიკურ პარტიებზე უფრო მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე, დევნილთა საარსებო მინიმუმზე, ეროვნული უმცირესობების პროფესიულ გადამზადებაზე, ან მაგალითად, ისეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროგრამაზე, როგორიცაა ქრონიკული დაავადებების მქონე პირების მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მთავარი იდეა იმაშია, რომ ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია არსებობდეს, პოლიტიკაში რაც შეიძლება ნაკლები შავი და კორუფციული ფული ტრიალებდეს და ყველა პოლიტიკურ ძალას კონკურენტუნარიან და ჯანსაღ საარჩევნო გარემოში მოქმედების შესაძლებლობა ჰქონდეს.
ასევე წაიკითხეთ: სად არის სიმართლე? საქართველო „ნომერი პირველი რეფორმატორი ქვეყანაა თუ „ელიტური კორუფციის“ ბუდე?
ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად ბიუჯეტიდან მიღებული ფულით ფინანსდება. ყველა პარტიას როდი ჰყავს ისეთი მდიდარი შემომწირველები და დამფინანსებლები, როგორიც, მაგალითად, მმართველ ძალას და მის კანდიდატს.
შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე ისინი საერთოდ ვეღარ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში, რაც მმართველ პარტიას კიდევ უფრო გაუიოლებს ხელისუფლების შენარჩუნების პროცესს.
სხვა საქმეა, რამდენად ხარისხიანია საქართველოში მოქმედი პარტიები, რა ღირებულებები აქვთ მათ და რას სთავაზობენ ისინი ამომრჩეველს. მაგალითად, პარტიამ, რომელმაც გასულ წელს ბიუჯეტიდან ათასობით ლარი მიიღო, მედიის განვითარების ფონდის ანგარიშის თანახმად, ყველაზე ხშირად იყენებს თავის წინასაარჩევნო რიტორიკაში სიძულვილის ენას და ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევა. საუბარია, “პატრიოტთა ალიანსზე”.
ვინ რა თანხები აიღო ბიუჯეტიდან
2017 წელს ყველაზე მეტი ფული ბიუჯეტიდან “ქართულმა ოცნებამ” მიიღო – თითქმის 4 მილიონი ლარი.
მეორე ადგილზე ბიუჯეტის დაფინანსების მიხედვით, არჩევნებში მეორე ადგილზე გასული ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც გასულ წელს ბიუჯეტიდან 2,5 მილიონზე მეტი ლარი მიიღო.
ცოტა ნაკლები ერგო “ევროპულ საქართველოს” – 2 255 973 ლარი.
ბიუჯეტიდან დაფინანსდნენ გასულ წელს ე.წ. უჩინარი პარტიებიც.
მაგალითად, 2017 წელს “საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირმა” 533 017 ათასი მიიღო ბიუჯეტიდან, “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზამ” – 543 421 ათასი, პარტიამ “ახალი ქრისტიან-დემოკრატები” – 543 017 ათასი ლარი. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის ალბათ დიდი სიურპრიზი იქნება იმის გაგება, რომ ეს პარტიები ჯერ კიდევ არსებობენ.