რატომ ეწინააღმდეგება უმრავლესობა ოპოზიციის წინადადებას " />

რას ნიშნავს „გერმანული მოდელი“. მოკლედ და გასაგებად

რატომ ეწინააღმდეგება უმრავლესობა ოპოზიციის წინადადებას

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც სრულად პროპორციულ საარჩევნო წესზე გადასვლას ითვალისწინებდა, საქართველოში არ ცხრება პროტესტი.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან დანაპირების შესრულებას და 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვს.

• “ერთად ერთის წინააღმდეგ”. ნოემბრის პროტესტის ისტორია სამ წუთში [ვიდეო]

ხელისუფლება უარზეა. მმართველი გუნდის მთავარი არგუმენტი ასეთია: ცვლილება ერთხელ უკვე ჩავარდა პარლამენტში. იგი ჩავარდება მეორედაც, რადგან „ამბოხებულ“ დეპუტატებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის აზრის საწინააღმდეგოდ წავიდნენ და ხმა რეფორმის წინააღმდეგ მისცეს, აზრი არ შეუცვლიათ. ისინი კვლავ წინააღმდეგ მისცემენ ხმას. არადა, ამ ცვლილებას საკონსტიტუციო უმრავლესობა – 113 ხმა სჭირდება, ანუ „ამბოხებულთა“ ხმები აუცილებლად საჭიროა.

ოპოზიციას, რა თქმა უნდა, არ სჯერა ისტორიის, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილს მისივე თანაგუნდელები აუჯანყდნენ, თუმცა, არსებულ მოცემულობაშივე სთავაზობს ხელისუფლებას გამოსავალს: ოპოზიციის წინადადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა ჩატარდეს არა სრულად პროპორციული სისტემით (რომლის მიღებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება), არამედ კომპრომისული სისტემით – ე.წ. “გერმანული საარჩევნო მოდელით”.

რას ნიშნავს გერმანული მოდელი:

•  „გერმანული მოდელის“ მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ანუ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება – საპარლამენტო არჩევნების დღეს ამომრჩეველს კვლავინდებურად ორი ბიულეტენი დაურიგდება – ერთში მხოლოდ პარტიები იქნება ჩამოთვლილი (ამას პროპორციული წესი ჰქვია); მეორე ბიულეტენში კი ერთი კანდიდატის გვარი ეწერება. ეს ის კანდიდატია, რომელიც კენჭს იყრის კონკრეტულ ოლქში (ეს მაჟორიტარული სისტემაა).

•  “გერმანული მოდელის” ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტში კვლავ  150 დეპუტატი იქნება, რომელთაგან 77 პროპორციული სიით იქნება არჩეული, ხოლო 73 მაჟორიტარული წესით. ისე, როგორც დღეს არის.

•  მთავარი და პრინციპული ცვლილება პროპორციული და მაჟორიტარული ხმების დათვლის მექანიზმსა და ამ ხმების სადეპუტატო მანდატებში კონვერტირების პრინციპშია:

დღეს პარტიების მიერ პროპორციული და მაჟორიტარული წესით მოპოვებული მანდატები მექანიკურად ჯამდება.

• რატომ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა პროპორციული სისტემისთვის. JAMnews-ი დეტალურად ხსნის განსხვავებას ამ ორ სისტემას შორის

“გერმანული მოდელით” კი დათვლა სხვაგვარად მოხდება:

მაგალითად, თუ X პარტიამ პროპორციული წესით 10 პროცენტიანი მხარდაჭერა მოიპოვა, ხოლო 73 მაჟორიტარული ოლქიდან შვიდში ამ პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, აღნიშნულ პარტიას პარლამენტში ჯამში 15 მანდატი ერგება.

ამ 15 დეპუტატის დაჯამება მოხდება ასე: პარლამენტში აუცილებლად მოხვდება მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებული შვიდივე დეპუტატი, დანარჩენი რვა კი პროპორციული, პარტიული სიიდან დაემატება. ანუ რამდენი დეპუტატი გავა პარტიის პროპორციული სიიდან პარლამენტში ეს დამოკიდებული იქნება მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობაზე.

ეს მოდელი არსებულზე სამართლიანი იმითაა, რომ პარტია პარლამენტში გაიყვანს ზუსტად იმ რაოდენობის დეპუტატს, რამდენი პროცენტი მხარდაჭერაც აქვს.

• რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ვთქვათ პარტიამ 10 პროცენტი აიღო, ანუ 15 დეპუტატი უნდა შეიყვანოს “გერმანული მოდელით”, მაგრამ ამავე დროს 30 მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა.

ასეთ შემთხვევაში პარტიას პარლამენტში გაჰყავს 30 მაჟორიტარი დეპუტატი, მაგრამ არ გაჰყავს არც ერთი დეპუტატი პროიპორციული სიიდან. ანუ მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი უპირობოდ იღებს მანდატს, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი აჩვენა მისმა წარმდგენმა პარტიამ.

მაჟორიტარული მანდატების მიღება შესაძლებელია პარტიის/ბლოკის მიერ ბარიერის ვერდაძლევის შემთხვევაშიც.

• ასევე,  “გერმანული მოდელის” მიხედვით, დაშვებულია საარჩევნო ბლოკებში გაერთიანება. საარჩევნო ბარიერი სამი პროცენტია, დღეს მოქმედი 5 პროცენტის ნაცვლად.

“გერმანული მოდელი” კომპრომისული ვარიანტია. ოპოზიცია მის გამოყენებას ხელისუფლებას დღეს შექმნილი კრიზისის დასაძლევად მხოლოდ ერთხელ – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სთავაზობს.

“ეს მოდელი არ არის საუკეთესო და ძალიან შორს არის იდეალურისგან. აქაც არის არის გარკვეული უსამართლობა. მაგრამ არსებული კონსტიტუციის პირობებში, ეს საუკეთესო გამოსავალია,” – ამბობს ვახუშტი მენაბდე.

რა არგუმენტები აქვს ოპოზიციას „გერმანული მოდელის“ სასარგებლოდ და რას პასუხობს ხელისუფლება?

პირველი არგუმენტი ის არის, რომ ამ მოდელის მიღებას არ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან ეს არ არის საკონსტიტუციო ცვლილება. მის მხარდასაჭერად საკმარისია უბრალო უმრავლესობა ანუ 76  დეპუტატის ხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მიღება თავისუფლად შეიძლება „ამბოხებული“ დეპუტატების მხარდაჭერის გარეშეც.

მეორე და მთავარი არგუმენტია ის, რომ ოპოზციის, „გერმანული მოდელი“ ბევრად უფრო სამართლიანია და ამომრჩეველთა ნებას ადეკვატურად ასახავს.

ხელისუფლებამ ოპოზიციის ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.

25 ნოემბერს უმრავლესობა კიდევ ერთხელ შეიკრიბა “ქართული ოცნების” ოფისში. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ თქვა, რომ “თემა დახურულია” და 2020 წელს არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი შერეული სისტემით და არა ისე, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვს.

ბოლო დღეების განმავლობაში მმართველი პარტიის წარმომადგენლები “გერმანულ მოდელს” ერთადერთი არგუმენტით ეწინააღმდეგებიან. მათი განცხადებების შეჯამება ასე შეიძლება: “გერმანული მოდელის” მიღებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რადგან ამ მოდელის ასამოქმედებლად კონსტიტუციაა შესაცვლელი. ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობას ეს მოდელი ვერ დააგროვებს, რადგან მმართველი გუნდის შიგნით არიან  დეპუტატები, რომლებიც არავითარ ცვლილებას ხმას არ მისცემენ, რადგან სურთ რომ მომავალი არჩევნები დღეს არსებული სისტემით ჩატარდეს.

26 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში პარლამენტის ორ ყოფილ თავმჯდომარეს, მმართველი გუნდის წარმომადგენელს ირაკლი კობახიძესა და “შენების მოძრაობის” ლიდერს დავით უსუფაშვილს შორის დებატები გაიმართა სწორედ “გერმანული მოდელის” ირგვლივ.

უსუფაშვილი, რომელიც “გერმანული მოდელის” შემოღების ინიციატორია, ამტკიცებდა, რომ “გერმანული მოდელი” თავსებადია კონსტიტუციასთან და მისი მიღება ქვეყანას პოლიტიკურ კრიზისს აარიდებს. მისი თქმით, “გერმანული მოდელი” მისცემს საშუალებას ყველა პოლიტიკურ პარტიას თანაბარ წინასაარჩევნო ბრძოლაში ჩაერთოს.

უსუფაშვილმა შესთავაზა კობახიძეს, რომ “გერმანული მოდელის” საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად, იგი ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს:

“მზად ხარ იმისთვის, რომ მე და შენ ახლა ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და ვთქვათ, რომ ამ მოდელს ერთად ვაგზავნით ვენეციის კომისიაში და ვამბობთ, მოდი, განგვსაჯეთ, მიუკერძოებელო ექსპერტებო?! იტყვის ვენეციის კომისია, რომ არაკონსტიტუციურია? – მორჩა…  იტყვის, რომ კონსტიტუციურია? – მაშინ პარლამენტმა მიიღოს 76 ხმით”, – მიმართა უსუფაშვილმა კობახიძეს დებატებისას.

კობახიძის თქმით, “გერმანულ მოდელზე” მსჯელობა ჯერ ქვეყნის შიგნით უნდა გაიმართოს.

“ამ საკითხზე ჯერ იურიდიული დისკუსია უნდა შედგეს და შემდეგ პოლიტიკური. მოდი, დავსხდეთ და ჯერ იურიდიული კუთხით განვიხილოთ ეს საკითხი ნებისმიერ ფორმატში, ჩავრთოთ ნებისმიერი ექსპერტი, NGO, უცხოელი და შინაური და ჯერ ჩვენ გავარჩიოთ შიგნით. თუ დავადგენთ, რომ არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი, ამ შემთხვევაში, მოდით, ბანანის რესპუბლიკად ნუ წარმოვჩინდებით და ასეთ კაზუსს ნუ გავუგზავნით ვენეციის კომისიას”, – უპასუხა კობახიძემ.

ექსპერტების არგუმენტები

იურიდიული დისკუსია ამ თემაზე უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს.

ქვეყნის ყველაზე ცნობილი კონსტიტუციონალისტები, იურისტები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ “გერმანული მოდელის” ამოქმედებას საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება და მისი მიღება პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში დღევანდელ პარლამენტს მარტივად შეუძლია.

ექსპერტების განცხადებით, იურიდიული დეტალების წინ წამოწევით, ხელისუფლება ცდილობს აირიდოს ოპოზიციის ეს წინადადება, რადგან პოლიტიკური რეიტინგის ვარდნის ფონზე, “გერმანული მოდელის” ამოქმედების შემთხვევაში, 2020 წელს უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდება.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე წერს “ფეისბუკზე”:

“გერმანული მოდელი” (მისი მოდიფიცირებული ვერსია) სრულებით შეესაბამება კონსტიტუციას. ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტი შედგება “პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 წევრისგან”. დღეს მოქმედი სისტემით პროპორცია ითვლება 77-დან, ხოლო გერმანული მოდელის მიხედვით დაითვლება 150-დან. ეს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, რადგან კონსტიტუცია არ განსაზღვრავს საიდან უნდა დაითვალოს პროპორცია”.

კონსტიტუციონალისტ ალიკა კუპრავას თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება:

„პოლიტიკური კონსენსუსი სჭირდება ამ გადაწყვეტილების მიღებას. „ქართული ოცნება“ არ არის ამისთვის მზად. მას სურს, რომ მაჟორიტარულ სისტემაში დაინახოს მხოლოდ ის შინაარსი,  რაც აძლევს მათ საშუალებას, პარლამენტში ჰყავდეთ იმაზე მეტი დეპუტატი, ვიდრე ლოგიკურად შეიძლება ჰყავდეთ. „გერმანული მოდელის“ შემოღების შემთხვევაში კი იქნება საფრთხე, რომ ეს ასე ვეღარ იქნება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ამ წესით ჩატარების შემთხვევაში, ისინი აბსოლუტურ უმრავლესობას, 76 დეპუტატს, პარლამენტში დამოუკიდებლად ვეღარ შეიყვანენ“.


ასევე წაიკითხეთ