"ქართული ოცნება" — 23%, ოპოზიცია — 41%. და სხვა მნიშვნელოვანი ციფრები IRI-ის კვლევიდან
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. ეს პირველი კვლევაა, რომელიც 2019 წლის ზაფხულის ქუჩის აქციების შემდეგ გამოქვეყნდა. მკვლევარებმა 1500 ადამიანი გამოკითხეს.
• რატომ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა პროპორციული სისტემისთვის
• სოციოლოგიური კვლევა: საქართველოში უმრავლესობას სჯერა, რომ ხელისუფლება კორუმპირებულია
რომელ პარტიას მისცემდით ხმას?
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ხმას ვის მისცემდით, მხოლოდ 23 პროცენტი პასუხობს, რომ ხმას მმართველ გუნდს, “ქართულ ოცნებას” მისცემდა.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიებს, ისინი ჯამში თითქმის ორჯერ მეტ ხმას აგროვებენ (41 პროცენტი), ვიდრე მმართველი გუნდი.
ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ (15 პროცენტი) აქვს.
ამ რეიტინგის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ პრორუსულ პარტიები ჯამში მხოლოდ 6 პროცენტს აგროვებენ.
დეტალურად შედეგები ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება“ – 23%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 15%; „ევროპული საქართველო“ – 5%; „ლეიბორისტული პარტია“ – 5%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 4%; „ახალი საქართველოსთვის“ – 2%; ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობაა“ – 2%; „ლელო“ – 2%; „გირჩი“ – 1%; „შენების მოძრაობა“ – 1%; სხვა – 1%; არცერთი – 4%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 32%
რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ?
საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ აირჩიეს ამ პოსტზე, მოსახლეობის 70 პროცენტი უარყოფითად აფასებს.
ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის არაფორმალური ლიდერი და ადამიანი, რომელიც ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, არ მოსწონს მოსახლეობის 57 პროცენტს.
თბილისის მერი კახი კალაძე არის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი მმართველი გუნდის წევრებს შორის. მას 49 პროცენტი დადებითად აფასებს. მისი რეიტინგი მხოლოდ ექვსი პროცენტით ნაკლებია ბიძინა ივანიშვილის და სალომე ზურაბიშვილის ჯამურ რეიტინგზე.
პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგის უცვლელი ლიდერია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. ის არის პოლიტიკოსი, რომლის საქმიანობასაც გამოკითხულები (57 პროცენტი) ყველაზე დადებითად აფასებენ.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე დაბალი მოწონების რეიტინგი აქვთ ირმა ინაშვილს და ნინო ბურჯანაძეს. ორივე პოლიტიკოსი პრორუსული და ნატოს მიმართ უარყოფითი განცხადებებით გამოირჩევა. ინაშვილი და ბურჯანაძე გამოკითხულთა 59-59 პროცენტს არ მოსწონთ.
რაც შეეხება გიორგი გახარიას, რომელსაც კვლევის ჩატარების მომენტისთვის სულ რამდენიმე დღის დაკავებული ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი, მას 39 პროცენტი დადებითად აფასებს, 59 კი, უარყოფითად.
ინსტიტუციების ნდობის რეიტინგი
გამოკითხულებს ყველაზე მეტად ქართული ჯარის საქმიანობა მოსწონთ (86%).
აქამდე, წლების განმავლობაში, ინსტიტუციებს შორის ნდობის რეიტინგში პირველ ადგილზე ყოველთვის ეკლესია იყო. ამჯერად ეკლესიამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მის საქმიანობას დადებითად 85 პროცენტი აფასებს. აპრილში ეს მაჩვენებელი 89 პროცენტი იყო.
გასათვალიწინებელია ისიც, რომ აღნიშნულ გამოკითხვაში ვერ აისახებოდა ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებული სკანდალური მოვლენები (ბრალდებები ჰომოსექსუალობასა და პედოფილიაში), რადგან გამოკითხვა მანამდე ჩატარდა.
მესამე ადგილზე ნდობის რეიტინგში მედიაა. ბოლოს წინაზე სასამართლო, ხოლო ბოლოდან მეოთხეზე – პრეზიდენტის აპარატი.
მთავრობას მოსახლეობის თითქმის 60 პროცენტი არ ენდობა, პარლამენტს კი, სამოცზე მეტი.
რუსეთი და საგარეო ურთიერთობები
კითხვაზე, რომელი ქვეყანაა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი, გამოკითხულთა უმრავლესობა 52 პროცენტი ამბობს, რომ აშშ. მეორე ადგილზეა ევროკავშირი 50 პროცენტით. პოლიტიკურად მნიშვნელოვან ქვეყანად მიაჩნიათ უკრაინაც (32 პროცენტი).
ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად გამოკითხულები ასევე ევროკავშირს (37 პროცენტი) და აშშ-ი (33 პროცენტი) ასახელებენ.
გაცილებით ერთსულოვნებაა პოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხეების რეიტინგში. აქ უპირობო ლიდერი რუსეთია. 83 პროცენტი ამ ქვეყანას საქართველოს ნომერ პირველ პოლიტიკურ საფრთხედ მიიჩნევს, 72 პროცენტი კი, ეკონომიკურ საფრთხედ.
მოსახლეობის 80 პროცენტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ნატო“-ში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 71 პროცენტია. ევროკავშირისგან საქართველოს მოქალაქეები უფრო ეკონომიკურ ბენეფიტებს ელიან, ნატოსგან კი უსაფრთხოებას.
სხვა მნიშვნელოვანი ციფრები კვლევიდან
• გამოკითხულების 68 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქართული დემოკრატიისთვის უკეთესია, თუ ხელისუფლებაში ბევრი პარტია იქნება
• კითხვაზე, რა არის დღევანდელი მთავრობის მთავარი მიღწევა, ლიდერობს პასუხი “არაფერი” (21 პროცენტი). გამოკითხულთა 13 პროცენტი მთავარ მიღწევად ჯანდაცვის პროგრამას ასახელებს.
• კითხვაზე, რა არის ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი ჩავარდნა, უმრავლესობამ უპასუხა, რომ ეს არის დაპირებების შეუსრულებლობა (12 პროცენტი). საგულისხმოა, რომ გამოკითხვა ჩატარებულია 14 ნოემბრამდე, ანუ მანამდე, ვიდრე “ქართული ოცნების” ხელისუფლება დაპირების მიუხედავად პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტს ჩააგდებდა. ჩავარდნების ჩამონათვალში მეორეზეა ლარის კურსის ვარდნა, მესამეზე – 20 ივნისის მოვლენები.
• აღმოჩნდა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ზოგადად გულგრილია პოლიტიკური პროცესების მიმართ. 77 პროცენტმა თქვა, რომ საერთოდ ან თითქმის საერთოდ არ საუბრობს პოლიტიკაზე, როდესაც ახლო ნათესავების ან მეგობრების წრეში ხვდება.
• მთავარი საკითხი, რომელიც თბილისის მერმა კახა კალაძემ უნდა მოაგვაროს, უმრავლესობის აზრით, არის ეკოლოგიური პრობლემები (23 პროცენტი). ეს ციფრიც სიახლეა ასეთი ტიპის კვლევაში, რადგან აქამდე გარემოსდაცვითი საკითხები მოსაგვარებელი პრობლემების პირველ სამეულში იშვიათად ხვდებოდა.