სტალკერები ნახევრად დანგრეული ქარხნების კოშკებს ეძებენ და მივიწყებულ მიწისქვეშა თავშესაფრებში ჩადიან" />

ნანგრევების მისტიკა საქართველოს ქალაქებში – ფოტოები და ისტორიები

სტალკერები ნახევრად დანგრეული ქარხნების კოშკებს ეძებენ და მივიწყებულ მიწისქვეშა თავშესაფრებში ჩადიან

თბილისიდან გავდივართ და გეზს ტრასისკენ ვიღებთ. ალექსი და ტიტე ხალისით ათვალიერებენ გარემოს და ბეტონის ნახევრად დანგრეულ შენობებს ეძებენ.

„წმინდა ნინოს ძეგლის უკან ერთი ძველი საცავია, რომელშიც შესვლა შეიძლება. გასაოცარი რამაა, მფრინავ თფშს ჰგავს“, – ამბობს ალექსი, როდესაც მარშალ გელოვანის გამზირს გავდივართ.

მცხეთის შემდეგ ისინი იმ სხვა მივიწყებულ და დანგრეულ ობიექტებზეც მიამბობენ, რომლებიც მათ საქართველოს სხვადასხვა ნაწილში აღმოაჩინეს. ბიჭები თავს „ქალაქელ სტალკერებს“ უწოდებენ. საქართველოში მათნაირი სულ რამდენიმე ათეული ადამიანია.

დღეს მათ ქალაქ ხაშურის შუშის ქარხნის მიტოვებული შენობის დასათვალიერებლად მიმიპატიჟეს.

ზოგადად, დანგრეული ურბანული შენობების მკვლევარები სამ კატეგორიად იყოფიან:

დიგერები – ბუნკერებში და მიწისქვეშეთში დაძვრებიან.

რუფერები – სახურავებზე ადიან.

სტალკერები – იკვლევენ და აღწერენ საცხოვრებელ სახლებსა და სამრეწველო ობიექტებს.

“თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი ერთი საქმით ვართ გატაცებული,” – ამბობს ალექსი.

ალექსი ორი წლის წინ გახდა სტალკერი და ამჟამად ის ფბ-გვერდისGeo Stalk -ის ადმინისტრატორია.  მთელ ქვეყანაში გადაღებულ ფოტოებს აქ აქვეყნებენ.

ის ამბობს, რომ საქართველოში ასეთი საზოგადოებები 2006 წლიდან ჩამოყალიბდა, და სამი წელია, რაც პოპულარულები გახდნენ.

„მაგალითი მოგვცეს რუსმა და უკრაინელმა დიგერებმა, რომლებიც ამით ჯერ კიდევ 1980-იან და 1990-იან წლებში დაკავდნენ, და ამჟამად მათ საზოგადოებაში ათასობით ადამიანია გაერთიანებული. საქართველოში კი დაახლოებით 50 კაცი ვართ“, – ჰყვება ალექსი.

შეკითხვაზე, – თუ რა იზიდავს ამ საქმიანობაში პირადად მას, – გვპასუხობს: ადრენალინი. და შემდეგ დასძენს:

„და ასევე მეტის გაგება მინდა ყველა ამ ადგილისა და ისტორიის შესახებ. თანაც ფოტოების გადაღებაც ძალიან სახალისოა“.

როდესაც შუშის ქარხნის ტერიტორიაზე შევედით, ადრენალინი მართლაც შესამჩნევი გახდა. ჭიშკარი ღია იყო და მას არავინ იცავდა. ნახევარ დღეს დავხეტიალობდით ნახევრად დანგრეულ კიბეზე, ნახვრეტებიან იატაკსა და ალაგ-ალაგ ბალახამოსული კედლების გასწვრივ და დაჟანგებულ დაზგებს ვათვალიერებდით.

ობიექტის შესწავლა გამაგრილებელი კოშკისკენ მიმავალ მორყეულ კიბეზე ასვლით დაიწყო. აქ ცხადი გახდა, რომ ჩემგან რუფერი არ დადგებოდა. ქვემოთ რომ ვიხედებოდი მუხლები მიკანკალებდა.

შემდეგ ქარხნის ოთხი ცეხის დასათვალიერებლად წავედით. დაჟანგებულ მექანიზმებსა და აგურის ნანგრევებს შორის ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ოდსღაც აქ ასობით ადამიანი შრომობდა. ახლა ეს ადგილი არარეალურად გამოიყურებოდა, იმ ფილმის ერთ-ერთ სცენას ჰგავდა, რომელიც გლობალური კატასტროფის შემდგომ მსოფლიოს აღწერს. თან ლამაზი იყო.

ქარხანა 1960 წელს ააშენეს, და მან 1990 წლამდე იმუშავა. მისი დახურვის შემდეგ მძარცველები აქ აშკარად არაერთხელ იყვნენ ნამყოფები – გაჰქონდათ აგური და ლითონი, და ან საშენ მასალად ყიდდნენ, ან მეურნეობაში იყენებდნენ, – ამიხსნეს ჩემმა ექსკურსიამძღოლებმა.

მაგრამ ნამდვილ განძს მიტოვებულ ადმინისტრაციულ შენობაში წავაწყდით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ადამიანები აქედან ნაუცბათევად წავიდნენ – გასახდელებში ტანისამოსი, კედლებზე კი საბჭოთა დროის პლაკატები და რეპროდუქციები დატოვეს. ახლა ამ ყველაფერს მტვრის სქელი ფენა ედო.

იმ შენობაში, სადაც ძველი რესპირატორები ინახებოდა, ბიჭებმა იპოვეს იატაკზე დაგდებული ფურცელი, რომელზეც სიცილი აუტყდათ. ეს აღმოჩნდა 1997 წელს დაწერილი ახსნა-განმარტებითი ბარათი. მისი ავტორი სინანულს გამოთქვამდა იმის გამო, რომ სამსახურში უკვე მეორედ გამოცხადდა ნასვამ მდგომარეობაში.

შემდეგ იქიდან გამოვედით და ეს საბუთი ისევ იქ დავტოვეთ, სადაც ვიპოვეთ. სტალკერები მხოლოდ ფოტოებს იღებენ, მათ არც არაფერი მიაქვთ და თავადაც არაფერს ტოვებენ იმ ადგილებში, სადაც დადიან.

მივიწყებული ქარხნის შენობაში დავხეტიალობდით და არავინ შეგვხვედრია – თუ არ ჩავთვლით ძროხებს, რომლებიც ახლომახლოს ბალახობდნენ. ალექსის თქმით, ქალაქის გარემოს მკვლევარებს, როგორც წესი, პოლიციასთან პრობლემები არ ექმნებათ:

„თუმცა არსებობს სტრატეგიული ობიექტებიც, სადაც, შესაძლოა, პრობლემები წარმოიქმნას. ამიტომ, ყოველთვის უნდა იცოდე, სად მიდიხარ“.

მეორე ექსპედიცია

მეორე ასეთი ექსკურსია – თბილისის ცენტრში მიწისქვეშა თავშესაფარში გვქონდა. თუმცა, იქ სულ სხვა განცდა გამიჩნდა. ვიწრო ოთახების იმ ლაბირინთში, გამოცდილი თანმხლების გარეშე, ადამიანს შეიძლებოდა გზა აბნეოდა.

ამ თავშესაფრის ნაწილი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე აშენდა, მისი დასრულება კი მოგვიანებით მოხდა.

„ეს ადგილი გაძარცვულია, მაგრამ თბილისში სხვა – უფრო დიდი და კარგად შემონახული თავშესაფრებიც არის. თითოეულს ორი შესასვლელი და ერთი სავენტილაციო მილი მაინც აქვს, საიდანაც იქ ჩასვლას ვახერხებ“, – ჰყვება ალექსი.

დიგერებსა და ქალაქის სტალკერებს აქვთ ობიექტების ადგილმდებარეობის რუკები, რომლებსაც მხოლოდ ახლო მეგობრებს უზიარებენ. ისინი ვიდეოებსა და ფოტოებს აქვეყნებენ, მაგრამ ობიექტის მდებარეობის შესახებ მონაცემებს -არასდროს. ამას კი იმით ხსნიან, რომ ცდილობენ, ობიექტები ადამიანების დიდი მასისგან და შესაძლო დაზიანებისგან დაიცვან.

ალექსი ყველაზე მეტად ამაყობს 2017 წლის ზაფხულის ჩერნობილის ექსპედიციით. მან ფოტო და ვიდეოანგარიში ფეისბუკზე გამოაქვეყნა და გამართა პრეზენტაცია, რომელსაც მისი 20 თანამოაზრე ესწრებოდა.

ამჟამად ის ტურისტული კომპანიის შექმნასა და უცხოელი ტურისტებისთვის მიტოვებულ ადგილებში ტურების მოწყობაზე ოცნებობს. ის დარწმუნებულია, რომ წლების შემდეგ საბჭოთა ეპოქის დროინდელი დანგრეული ობიექტებისადმი ინტერესი მხოლოდ გაიზრდება.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ