რატომ წაიღებენ ნაგავს მოსკოვიდან ჩრდილოეთში და რას უქადის ეს რეგიონს" />

„ნაგვის პროტესტი” მოსკოვში

რატომ წაიღებენ ნაგავს მოსკოვიდან ჩრდილოეთში და რას უქადის ეს რეგიონს

რუსეთის ჩრდილოეთით მდებარე არხანგელსკის ოლქის აქტივისტები ნაგვის პოლიგონის მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვენ. გეგმის მიხედვით, ამ პოლიგონზე მოსკოვიდან ნაგავს ჩაზიდავენ. მეპროტესტეები ამტკიცებენ, რომ ახალი ნაგავსაყრელი არამხოლოდ ეკოლოგიურად არის საშიში, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც სრულიად არახელსაყრელია. საპროტესტო გამოსვლები, რომლებზეც ადამიანები სხვადასხვა რეგიონიდან ჩადიან, უკვე ნახევარ წელიწადს გრძელდება და აქტივისტები შეჩერებას არ აპირებენ.

რუსული „ნოვაია გაზეტას“ პუბლიკაციის მიხედვით

არხანგელსკის ოლქში მდებარე რკინიგზის სადგურ შიესში გახსნილ კარვების ბანაკში რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან ყოველდღიურად ათობით აქტივისტი ჩადის, რათა ისინი შეცვალონ, ვინც სადარაჯოზე უკვე იდგა. საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღე-ღამის განმავლობაში მილიცია ყარაულობს.

ფოტო: ანა შულიატიევასაგანგებოდ „ნოვაია გაზეტასთავის“

დაბა სიეშში (მახვილი პირველ მარცვალზე) არავინ ცხოვრობს: აქ მიყრუებული ადგილებია, ირგვლივ მხოლოდ ტყე და ჭაობია. სწორედ ჭაობი იქცა იმის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რომ ადამიანები პოლიგონის წინააღმდეგი არიან.

ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ნაგვის გახრწნილი ნარჩენები და ნაგავსაყრელის გაზი წყალს მოწამლავს.

• რუსეთი: ხელისუფლება ახალგაზრდობას უტევს

• რუსეთში საპენსიო ასაკი გაიზარდა და გადასახადებმა მოიმატა. რატომ მიიღეს არაპოპულარული გადაწყვეტილებები?

„კანონით, ჭაობიან ადგილას ნაგავსაყრელის მოწყობა აკრძალულია“ განმარტავს კარვების ბანაკის მუდმივი წევრი, არხანგელსკელი დმიტრი სეკუშინი.

„მოსკოველებისთვის ჭაობი, უბრალოდ ჭაობია. ჩრდილოელებისთვის კი ეს არის ის, რაც ჩვენ გვკვებავს: ხილი, სოკო. და, რაც მთავარია – ეს წყლის წყაროა“.

იმის შესახებ, რომ შიესში მოსკოვის ნაგვისთვის ნაგავსაყრელი უნდა აეშენებინათ, რუსეთის ჩრდილოეთის მაცხოვრებლებმა გასული წლის აგვისტოში შეიტყეს.

ნოემბერში გაირკვა, რომ ოლქის გუბერნატორი იგორ ორლოვი, ადგილობრივი ბიუჯეტის 1/30-ის სანაცვლოდ, სხვისი ნაგვის მიღებას დათანხმდა – მოსკოვმა ვალდებულება აიღო, რომ სამ წელიწადში არხანგელსკს 6 მილიარდ რუბლს [დაახლოებით 92 მილიონი დოლარი] გადაუხდიდა.  

მოსკოვური კომპანიის „ტექნოპარკი“ ბუკლეტში, რომელიც პოლიგონს აშენებს, ბევრი ცნობაა იმის შესახებ, თუ როგორ ჰპირდება კომპანია ადგილობრივებს გარემოს დიდი სიფრთხილით დაცვას, თუ რა წამყვან ტექნოლოგიებს გამოიყენებს საამისოდ, და როგორი მონდომებით მოაგვარებს მონიტორინგს.

„თუკი ყველაფერი ამდენად უსაფრთხოა, მაშინ რატომ არ სურთ ამ ყველაფერის მოსკოვში დამარხვა?გაოცებულია ერთ-ერთი მეპროტესტეთაგანი, სტუდენტი სახელად დობრინია, რომელიც შიესში მოსკოვიდან ჩავიდა.

არხანგელსკის ოლქი შეიძლებოდა, რომ რუსეთის ყველაზე მდიდარი მხარე ყოფილიყო.

„გვაქვს ტყე, ბუნებრივი აირი, ნავთობი, მენდელეევის მთელი ცხრილი. დაბებში კი ბუნებრივი აირი აქამდე არ არის“, — ამბობს პოლინა, რვა წლის ინვალიდი გოგონას დედა, რომელიც ბანაკში ქალაქ სიკტივარიდან ჩავიდა

დაბა კოტლასიდან ჩასული ტანია ჰყვება, რომ ნაგავსაყრელი მისი სახლიდან 60 კილომეტრში იქნება. თითქმის ყველა მის ნაცნობს ბინა იპოთეკით აქვს ნაყიდი. როგორც კი ბინების გვერდით ნაგავსაყრელი გაჩნდება, მათ ვერც კი გაყიდი, რათა გადაიხადო და სადმე გაემგზავრო: საცხოვრებლის ფასები დაეცემა.

მეწარმე ოლეგ მანდრიკინმა შიესის შესახებ საბუთები შეისწავლა და ხელში კალკულატორი აიღო. მან ნაგავსაყრელის მშენებლობის ხარჯები გამოითვალა და, ნაგვის დახარისხების ხარჯებს შეადარა.

„გამოვიდა, რომ ალბათ შესაძლებელია თითოეული მოსკოველისთვის ხუთი ოქროს სათლის ჩუქება, რათა ნაგავი დაახარისხონ. რატომ არის, რომ მუშახელისთვის გადასახდელი ფული აქვთ, და გადამამუშავებელი ქარხნისთვის – არა?“ — ამბობს ოლეგის ცოლი ირინა.

ირინა ქმართან ერთად შიესში იმისთვის ჩავიდა, რომ ხელისუფლებისთვის ეკითხათ: ნუთუ მოსკოვს არ სურს, რომ ცივილიზებული ევროპული ქალაქი იყოს, და მხოლოდ ის უნდა, რომ რუსეთის განაპირა რეგიონები წველოს?

აქტივისტების თქმით, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.


ასევე წაიკითხეთ