კლასიკის კითხვა, ქუჩების დასუფთავება და ნაკლები ყბედობა - მთავარი წესებია" />

მოსაზრება: მიუწვდომელი ნახიჩევანი – ამბავი სახელმწიფოზე აზერბაიჯანის შიგნით

კლასიკის კითხვა, ქუჩების დასუფთავება და ნაკლები ყბედობა - მთავარი წესებია

ნახიჩევანი – ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც აზერბაიჯანისგან გამოყოფილია სომხეთისა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიებით. აზერბაიჯანის კონსტიტუციის თანახმად, ნახიჩევანი სახელმწიფოში სახელმწიფოა. აზერბაიჯანიდან იქ ან თვითმფრინავით უნდა ჩახვიდე, ან ავტობუსით ირანის გავლით.

დადის ხმები, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები ნახიჩევანში ჩასვლას ვერ შეძლებენ – თითქოს, მაშინვე უკან გააბრუნებენ. ჩემი აზრით, ეს უბრალოდ მითია – იქ ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ, მაგრამ არავის არასოდეს ასეთი კითხვები არ დაუსვამს. ჩვენ უბრალოდ ვყიდულობთ თვითმფრინავის ბილეთს და მივდივართ.

მოგიყვებით, რა ვნახე ქალაქ ნახიჩევანში – ეს არის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი – და რა გავიგე ადგილობრივი მცხოვრებლებისგან. 

ნებაყოფლობითი-იძულებითი დასუფთავება „ხანის“ ზედამხედველობის ქვეშ

ნახიჩევანის რესპუბლიკას მართავს უმაღლესი საბჭო, მისი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. 1993 წლიდან ამ თანამდებობაზე ყოველ მეხუთე წელს ხელახლა ირჩევენ ვასიფ თალიბოვს, მანამდე კი ამ პოსტს ჰეიდარ ალიევი იკავებდა.

ნახიჩევანი ლამაზია – ბევრი სკვერი და პარკია, რომლებიც ბაქოსავით მარმარილოში არ არის „ჩამალული“. ამის ნაცვლად არის – ბალახი, სიმწვანე და სურნელოვანი ვარდები. 

ჩემს რამდენიმე წლის წინანდელ ვიზიტთან შედარებით, უფრო მეტი კაფეა. იქ შედიან არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ ქალებიც, პარკებში კი შეყვარებული წყვილები სეირნობენ – ეს ყველაფერი ადრე პატრიარქალური ნახიჩევანისთვის დიდი იშვიათობა იყო.

მთლიანობაში, ქალაქში იგრძნობა „მეპატრონის ხელი“ – აქ სისუფთავეა, სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობები ახალი ან ახალგარემონტებულია. და სუფთაა არა იმის გამო, რომ არ ანაგვიანებენ. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ყველა ადამიანი პერიოდულად გამოდის „შაბათობაზე“, ზუსტად ისე, როგორც საბჭოთა დროს და ასუფთავებენ და წმენდენ ქუჩებს.

თალიბოვი – მისი თვალების გამო უწოდებენ ადგილობრივ „ხანს“ – პირადად აკვირდება, რომ ამ პროცესში ყველამ მიიღოს მონაწილეობა და არავინ იზარმაცოს.

„კლასგარეშე კითხვა“

ცნობილია თალიბოვის ინიციატივა, იზრუნოს მოქალაქეების განათლებაზე – რეკომენდებული წასაკითხი ლიტერატურის სია 30 წიგნისგან შედგება. რა თქმა უნდა, ნახიჩევანში ყველა აიძულო, ეს წიგნები წაიკითხოს, შეუძლებელია, მაგრამ ადგილობრივი მედია არწმუნებს ადამიანებს, როგორ შეუძლიათ.

წიგნებს შორისაა – „ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის მიმართვა აზერბაიჯანელი ხალხისადმი“, ძველი თურქული ეპოსი „დედე გორგუდის წიგნი“, ცნობილი აზერბაიჯანელი ავტორების წიგნები და ასევე, მსოფლიო კლასიკა – ერნესტ ჰემინგუეი, ნიკოლო მაკიაველი, გი დე მოპასანი, ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი.

„მკაცრი წესრიგის“ გვერდითი ეფექტები 

შაბათობებსაც და ლიტერატურულ რეკომენდაციებსაც ნახიჩევანის მოსახლეობის უმრავლესობა იღებს, როგორც მეპატრონის ერთგვარ ზრუნვას მათზე. მაგრამ რესპუბლიკაში ცხოვრების „ეკონომიკური ნაწილი“ არც ისე მიმზიდველია.

აქ ცხოვრება სულ უფრო რთული ხდება და მთავარი პრობლემა – უმუშევრობაა. რამდენიმე წლის წინ გახსნილ ავტომობილების ქარხანა NAZ-Lifan-ს არ შეუძლია ყველა მსურველი სამსახურით დააკმაყოფილოს. ადამიანები მასობრივად მიდიან ბაქოში, ირანში, თურქეთსა და რუსეთში ფულის გამოსამუშავებლად.

საკვები პროდუქტები ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაძვირდა. როგორც ერთმა ქალმა თქვა, „ან პომიდორს ვყიდულობ, ან კიტრს – ორივეს ერთად შეძენა ძალიან ძვირია“. ხალხი საკუთარ ბაღებსა და ეზოებში მოყვანილი ბოსტნეულითა და ხილით იკვებება.

ძალიან ბევრი მოქალაქე პერიოდულად მიდის მეზობელი თურქეთის სასაზღვრო ქალაქ იღდირში, სადაც ნახიჩევანთან შედარებით გაცილებით იაფად ყიდულობენ მთელი თვის საკმარის პროდუქტს – ბრინჯს, მარცვლეულს, კარაქს, ყველანაირ საყოფაცხოვრებო ქიმიას, მაგალითად, სარეცხის ფხვნილს.

აკრძალული ჩაიხანა – საკმარისია უსაქმურობა! 

უნდა ითქვა, რომ ნახიჩევანში ცხოვრება უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალიან გართულდა. ადრე ცხოვრებაზე წუწუნი, ხელისუფლების ლანძღვა და საუბარი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, შეიძლებოდა აზერბაიჯანისთვის ტრადიციულ ფორმატში – საყვარელ ჩაიხანაში ჭიქა მაგარი ჩაის ფონზე.

ყოვლისმომცველი ვასიფ თალიბოვის გადაწყვეტილებით, მრავალრიცხოვანი ჩაიხანები დაიხურა და მთელ დედაქალაქში დარჩა მხოლოდ ერთი, „ისტორიული“ ჩაიხანა XVIII საუკუნის ჰამამის (აბანოს) შენობაში.

რატომ აკრძალეს ჩაიხანები, გაუგებარია. იქ ან ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ პოლიტიკაზე, ან კიდევ, უბრალოდ, თალიბოვს არ უნდა, რომ ადამიანები დიდხანს ისხდნენ უსაქმურად.

არშემდგარი ბიზნესი 

ნახიჩევანში ძალიან ლამაზი ბუნებაა, ძალიან ბევრი ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლია, საზღვარგარეთ ცნობილი სამკურნალო კურორტიც კი არის, ერთი სიტყვით, ყველა წინაპირობაა სხვადასხვა ტიპის ტურიზმის განვითარებისთვის. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, რესპუბლიკის თავს არ სურს ქვეყანაში ჩამოსულების დაშვება. რითაც თალიბოვი ცნობილია კიდეც აზერბაიჯანში.

ეს რაში გამოიხატება? პირველ რიგში იმაში, რომ ხელისუფლება აკვირდება, რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია „გავიდეს გარეთ“. ინტერნეტი არც ისე გავრცელებულია და, ნახიჩევანელების თქმით, „ზემოდან“ კონტროლდება. იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ შეიძლება ჩახვიდე ნახიჩევანში, მსოფლიოში უბრალოდ ძალიან ცოტამ თუ იცის.

თუკი ნახიჩევანში ტურისტები არიან, ისინი ის ადამიანები არიან, რომლებმაც ამ ქვეყნის შესახებ აქ მცხოვრები ახლობლებისა და ნაცნობებისგან შეიტყვეს.

ამრიგად, ადგილობრივი მოქალაქეებისთვის შემოსავლის შესაძლებლობა, ნახიჩევანის „დახურულობის“ ლეგენდის მსხვერპლი გახდა.


ასევე წაიკითხეთ