ამბავი, რომელიც თბილისი-ბათუმის მარშრუტკაში მოხდა" />

მე, ჩემი ზანგი, ქალბატონი ნუნუ, “ლოთი მამა”, თმადამწვარი გოგო და სხვები

ამბავი, რომელიც თბილისი-ბათუმის მარშრუტკაში მოხდა

ფოტო: დავით მძინარიშვილი/ REUTERS

ბლოგი პირველად დაიბეჭდა “ლიბერალში” 2010 წელს

– ერთი კაციც და გავდივართ, –  ნახევარი საათია ყვირის მძღოლი.

დილის 7 საათია. ბათუმში წამსვლელები კი არიან, მაგრამ იმ მარშრუტკაში, სადაც მე ვზივარ, არავის არ უნდა. ერთი უკანა ადგილიღაა დარჩენილი – გადატყავებული სკამი, მორყეული საზურგე და თან იქ თუ დაჯდები, ფეხები ჰაერში უნდა გეკიდოს. ვინც შემოიხედა, უკან გაბრუნდა. ერთი კაცი მძღოლს აუშარდა – “ზანგი ხომ არა ვარ, ეგ ადგილი როგორ შემომთავაზეო?!”

ბოლო მგზავრს ცამეტნი ველოდებით. ქალბატონი ნუნუ, რომელიც ქობულეთში, “ჰასანას სასტუმროში” დასასვენებლად ბარსელონაში მცხოვრები შვილების დაჟინებული მოთხოვნით მიდის, ყველას ინტერვიუებს გვართმევს – ვინ ვართ, საით მივდივართ, რა სოციალური სტატუსი გვაქვს.

• თელავი – შეყვარებული წყვილების და გამოპრანჭული ქალების ქალაქი

• 5 რამ, რაც სომხეთში ჩასულ ქართველს აკვირვებს

 ლაშა ბუღაძე, თბილისი

წინა რიგში ახალგაზრდა ცოლ-ქმარია. 2 წლის ბავშვთან და ნათესავ გოგონასთან ერთად მგზავრობენ. “სიძის ბებიის ტირილში” მიდიან.

– ვაიმეეე, გასკდა თავი! მოგიკვდეს, შვილო, ლოთი მამა!  – ღრიალებს ბოლო ხმაზე ქმარი, “ლიკანით” ასველებს ცხვირსახოცს და გადაღეღილ გულ-მკერდზე ისვამს. მეორე ცხვირსახოცით ცოლი შუბლს უწმენდს და ჟურნალ “თბილისელებით” უნიავებს. მერე უცებ ისეთივე ღრიალით თავის ნათესავ გოგოს მიმართავს:  “გოგო, ხო იცი, სანამ გათხოვდები, ჯერ მე უნდა გამაცნო ის კაცი! ვიღაც ბალერინა არ შემოგვაპარო ნათესაობაში”, – ხარხარებს და თან ცოტა “ლიკანს” თავზეც ისხამს.

უკანა რიგში ორი სტუდენტი გოგო, რომლებიც ქობულეთში “ხუთასებში” მიდიან, დეტალურად განიხილავენ “მათხოჯ თეას” (რომელსაც “ნუ, ტანი ცუდი არა აქვს”) და მის “ლოქო” შეყვარებულს. მათ გვერდით ბათუმელი გოგოა, რომელსაც თბილისში, ერთ-ერთ ცნობილ სალონში თმა დაუწვეს. “ეძახე ახლა შენ თბილისი”, – ირონიულად ამბობს დაზარალებული.

ერთადგილიან რიგში ფარმაცევტული ფირმის თანამშრომელი ზის, რომელმაც სანამ თავის ადგილს დაიკავებდა, ფანჯარა და სავარძლის სახელური სველი ხელსახოცით გაწმინდა. მის წინ  ბათუმელი პროგრამისტია. ქალბატონი ნუნუს კითხვებს უხალისოდ და ოდნავ უხეშადაც კი პასუხობს, რისთვისაც მისგან შენიშვნას იმსახურებს: “უმცროსი უფროსი არ იციან,” – ამბობს ნუნუ.

მძღოლის გვერდით ბებია და პუტკუნა შვილიშვილი სხედან. სანამ მარშრუტკის გავსებას ველოდით, ბავშვმა ნახევარი ქათამი და ერთი ხაჭაპური  შეჭამა და კიტრი და პამიდორი იმიტომ ვერ დააყოლა, რომ “გამოშტერებულ ბებიაშენს” მარილი დარჩა.

“ცოტა ხანიც და თუ არავინ არ მოვიდა გავდივართ”,  – მოთმინების ფიალა ევსება მძღოლს, რომელსაც ჩვენზე მეტად ეჩქარება.

ხუთი წუთიც არ გასულა, რომ მარშრუტკასთან ტაქსი გაჩერდა. წინა კარი გაიღო და მანქანიდან  მაღალი, სპორტული აღნაგობის ბიჭი  გადმოვიდა. ჯინსი და თეთრი მაისური ეცვა.  დიდი სამგზავრო ჩანთა მხარზე მსუბუქად გადაიკიდა და მარშრუტკის მძღოლების ბირჟას ენერგიულად  მიუახლოვდა.

– ვაიმეეეეე, ზანგი! – დაიყვირა ვიღაცამ. –  ჩვენ მძღოლთან მივიდა! აქეთ მოდიან!

წამიერად ყველა გაიტრუნა. პირველები აზრზე ის მგზავრები მოვიდნენ, რომლებიც გადატყავებული სკამის აქეთ-იქეთ ისხდნენ.

– ვაიმე, ეს ახლა უეჭველი ჩვენ მოგვიჯდება, – უცებ აუღო ალღო სიტუაციას სტუდენტმა გოგონამ.

– ამათ საშინელი სპეციფიკური სუნი აქვთ, – თავი გააქნია კიდევ ერთმა მგზავრმა.

საპარიკმახეროში დაზარალებული გოგო ადგილიდან წამოხტა და ფარმაცევტული ფირმის თანამშრომელს მიმართა: “გოგონი, გეხვეწები აქ გადმოჯექი, რა! გეხვეწები! მაგ გაფუჭებულ სკამზე მე დავჯდები, შენ ჩემს ადგილას დაგაჯენ. აუ, გავგიჟდები, რა, ეს რომ გვერდით მომიჯდეს!”

ფარმაცევტი, მის მდგომარეობაში შედის, მაგრამ მაინც უარზეა: “მესმის თქვენი გოგონი, მაგრამ მეც გამიგეთ, მგზავრობის დროს ცუდად ვხდები თუ გემრიელად არ ვარ, თან ეს ადგილი უკვე გავასუფთავე”.

დრო ძალიან ცოტა რჩებოდა. მძღოლი “ზანგის” ბარგს უკვე საბარგულში დებდა და წუთი წუთზე იგი მარშრუტკაში შემოვიდოდა.

ამ დროს ფეხზე წამოდგა “ლოთი მამა” და ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო.

“ძმაო, აქ კაცები მარტო მე და შენ ვართ – მიმართა მან  ბათუმელ პროგრამისტს, – გოგოების გვერდით ხომ არ დავსვამთ ახლა მაგ კაცს. მე რომ გადავჯდე უკან იმ ზანგს ჩემს ცოლს ხომ არ მოუსვამ?! ერთადგილიანზე ზიხარ და გადადი, რა, ვაჟკაცურად უკან და ეს ზანგი აქ ცალკე დავსვათ”.

უჟმური პროგრამისტი რამდენიმე წამი დუმდა. მთელი მარშრუტკა მის პასუხს ელოდა. ბოლოს ხმაამოუღებლად ადგა, მკვეთრი მოძრაობით გამოაცურა სავარძლის ქვემოდან  ჩანთა და დაბრდღვნილ სკამზე უსიტყვოდ დაეხეთქა.

– დიდი მადლობა, – უთხრა მას თმადამწვარმა გოგომ და ძალიან თბილად გაუღიმა.

– რა ფერია ახლა ეს?

– ლურჯი.

– საწყალი.

– ერთი მაგის ხელებს შეხედე, რა. მაგითი საჭმელს როგორ ჭამს?!

– მამას ოქრო! ნუ ტირი მამა, აი, შეხედე ეგერ შავი კაცი, შეხედე მამა…

– რა ენაზე ლაპარაკობენ ესენი?

– ამათმა ძირითადად ფრანგული იციან ხოლმე.

მე ჩვენი მგზავრების ამ საუბრის პასიური მსმენელი ვიყავი. ერთხელ, როცა როგორც ჟურნალისტს (ნუნუს ინტერვიუ მეც გავიარე) მკითხეს “მართლა აქვს თუ არა ზანგებს სპეციფიკური სუნი”,  უბრალოდ ვუთხარი, რომ უხერხული იყო მთელი ეს დიალოგი.

და, როცა სურამთან, საჭმელად გეგმიური გაჩერების შემდეგ მძღოლმა მანქანა დაქოქა და იკითხა ყველანი ადგილზე ხომ ხართო, “ლოთი მამა” მომიბრუნდა და გამეხუმრა – “გოგონი, მგონი თქვენი ზანგი გვრჩება”.

ქობულეთამდე  (ქობულეთში ჩავედი და ამიტომ მერე რა ხდებოდა არ ვიცი) ჩემი მარშრუტკის მთავარი თემა შავკანიანები  და მათი ზნე იყო. თითქმის ცამეტივე მგზავრი ერთმანეთს ეცილებოდა შავკანიანებთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილების გაზიარებას.

– ჩემს მეზობლად, ჩემი მეჯვარის ეზოში მთლად ზანგი არა, მაგრამ ინდოელი ცხოვრობს. ისიც მაგარი შავია. ჩემ მეჯვარეს მამა რომ გარდაეცვალა ისე იტირა, თავის შვილს არ უტირია ისე, – მოჰყვა “ლოთი მამა”.

– ჰო, ეგენი ძალიან გულჩვილები არიან თურმე. ბავშვისთვის სულ მოაქვს ხან ტოფიტა, ხან ჩუპა-ჩუპსი. ჩემი დედამთილი კი მეჩხუბება მაგის დანაკავებს ბავშვს როგორ აძლევო, მაგრამ რა უჭირს, შეხვეულია მაინც”, – თემას აგრძელებს მისი ცოლი, რომელმაც პირველად ამოიღო ხმა.

თინეიჯერი გოგო ამბობს, რომ “ყველაზე მეტად ჩინელებს ვერ იტანს”. თურმე მისმა მეზობელმა, რომელიც სამინისტროში მუშაობს, მოიტანა ამბავი, რომ ჩინელებს სპეციალურად ასახლებენ საქართველოში, რომ გადავგვარდეთ.

თავისი ისტორია აქვს ქალბატონ ნუნუსაც: ” ბინას ვაქირავებდი ვაკეში. ადრე იქ ვცხოვრობდით, მერე ჩემმა გოგომ ახალაშენებული გვიყიდა მთაწმინდაზე… ჰოდა მაკლერმა ზანგები არ მომიყვანა?! რა მექნა? ყავაც დავალევინე, გავუმასპინძლდი, როგორც ჩვენი,  ქართული წესია. ელიტარული ზანგები კი იყვნენ, მაგრამ მაინც ვერ გავრისკე. მერე ის მაკლერი კარგად კი გამოვჯორე”, – იცინის ქალბატონი ნუნუ.

“ზანგი”, რომელსაც საბოლოო ჯამში, მარშრუტკის საუკეთესო ადგილი ერგო, მთელი გზა მშვიდი სახით ისმენდა ამ დიალოგს. (კიდევ კაი, “ამათმა” მარტო ფრანგული იციან).

ქობულეთს რომ ვუახლოვდებოდით, მძღოლმა რუსული ესტრადა, როგორც იქნა, დაადუმა და რადიო ჩართო. რაღაც თოქ-შოუ გადიოდა, სადაც საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე ლაპარაკობდნენ. ვიღაც ექსპერტი, ვერ ვიცანი ვინ იყო, ჰყვებოდა, რომ მალე საქართველოში ინვესტიციებს დონალდ ტრამპი ჩადებს, რომ ბათუმი ნამდვილი სასწაულია და რომ საქართველოში ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ უცხოელი ტურისტი ჩამოვიდეს და კარგი დრო ატაროს. ქალბატონი ნუნუც, “ლოთი მამაც”, თმადამწვარი გოგოც და ფარმაცევტული ფირმის თანამშრომელიც დაეთანხმნენ, რომ საქართველო ნამდვილი სამოთხეა უცხოელი ტურისტებისთვის.

ავტორი: სოფო ბუკია, JAMnews-ის რედაქტორი თბილისში

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ