"როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ბავშვის გაჩენაზე ვფიქრობდი, საკუთარ თავს ვეუბნებოდი: არასოდეს გავაკეთებ ამას გათხოვების გარეშე"" />

მარტოხელა დედები სომხეთში. ქალების ისტორია, რომლებმაც ეს გაბედეს

"როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ბავშვის გაჩენაზე ვფიქრობდი, საკუთარ თავს ვეუბნებოდი: არასოდეს გავაკეთებ ამას გათხოვების გარეშე"

მარტოხელა დედა, ორსულობა, გათხოვება, ქმარი, მშობლები, ოჯახი, სტერეოტიპები, სომხური ტრადიციები, ხელოვნური განაყოფიერება, мать-одиночка, беременность, замужество, муж, родители, семья, стереотипы, армянские традиции, искусственное оплодотворение, Апмения,

ნუნე და მისი მამა

ნუნე კირაკოსიანი 35 წლის იყო, როდესაც ქმრის გარეშე ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა. მას ესმოდა, რომ ეს სომხეთში არსებულ ტრადიციებს ეწინააღმდეგებოდა და მისი გარემოცვისთვის უჩვეულო და გაუგებარი იყო. თუმცა, ნუნემ გადაწყვიტა და გააჩინა. მისი ქალიშვილი უკვე 11 წლისაა.

„ათი წლის წინ ასეთი ნაბიჯის გადადგმა კიდევ უფრო რთული იყო, მაგრამ მე ბოლომდე ვიბრძოდი. ორსულობის დროს, როდესაც სახლში ვიღაც საუბრობდა, ჩემი გოგო რეაგირებდა, ირხეოდა, მაგრამ როდესაც ლაპარაკს მამაჩემი იწყებდა, ის მიყუჩდებოდა ხოლმე. ჯერ კიდევ არდაბადებული, თითქოს გრძნობდა, რომ მამაჩემი მისი დაბადების წინააღმდეგი იყო“, – მოგვითხრობს ნუნე.

სკანდალური ისტორია სომხეთში: ქალი ამტკიცებს, რომ შვილი გაუყიდეს და მის დაბრუნებას ითხოვს

საკუთარი სხვისი ბავშვი: სუროგატული დედობა სომხეთში

ის 25 წლის გათხოვდა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ქმარს გაშორდა და მშობლების სახლში დაბრუნდა. განათლების მიღება გააგრძელა, ეკონომისტის პროფესიას დაეუფლა, შედგა როგორც პიროვნება და დამოუკიდებლობა იგრძნო. მთელი ამ დროის განმავლობაში, ის ბავშვის გაჩენაზე ფიქრობდა.

„უკვე 32 წლის ვიყავი, მესმოდა, რომ დრო გადიოდა. მთავარი პრობლემა მამაჩემი იყო. ერთხელ ვუთხარი: „მამა, ბავშვს თუ გავაჩენ, ამის გამო ცუდად იქნები?“. მან სარკაზმით მიპასუხა: „რა თქმა უნდა, არა, პირიქით, ქალაქში თავაწეული და დროშით ხელში ვივლი“. ვეუბნები, „მამა, გათხოვება ნებისმიერ ასაკში შემიძლია – 40, 50, 60 წლისასაც, მაგრამ ამ დროს ბავშვის გაჩენას ვეღარ მოვახერხებ“. მე ის გავაფრთხილე, რომ თუ დავორსულდებოდი, აუცილებლად გავაჩენდი ბავშვს“, – გვიყვება ნუნე.

ამ საუბრიდან ერთი წლის შემდეგ ნუნე დაორსულდა. ორსულობის მესამე თვეში ისევ დაელაპარაკა მამას. ამ საუბრის შემდეგ, მამამ მასთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტა.

„ის წელიწადი და ხუთი თვე არ მელაპარაკებოდა. დედამ და ძმამ ჩემი გადაწყვეტილება მარტივად მიიღეს. ჩემი ქალიშვილი იზრდებოდა, მამა კი ჩუმად ყოფნას აგრძელებდა. შემდეგ გავიგე, რომ, როგორც კი სახლიდან გავდიოდი, ის ბავშვთან მიდიოდა, ხელში აჰყავდა, ეთამაშებოდა და ეფერებოდა. დრომ ყველაფერი თავის ადგილას დააყენა. მან გაიგო, რომ ბავშვის გაჩენა – გარყვნილება და უზნეობა არ არის“.

ნუნეს თქმით, 40 წლამდე ასაკის ბევრ ქალს იცნობს, რომლებიც ფიქრობენ, უღირთ თუ არა ასეთი ნაბიჯის გადადგმა და ბევრი უარს ამბობს ამაზე, გარშემომყოფებისგან დაგმობის გამო.

სონას დაქორწინება არასოდეს უნდოდა

39 წლის სონა ბადალიანის ვაჟიშვილი უკვე ორი წლისაა. მისი სიტყვებით, ბევრი ქალი თავად იხშობს ბავშვის ყოლის სურვილს და ამას მშობლებისა და საზოგადოების დამოკიდებულებით ხსნის.

„ისინი უბრალოდ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. საჭიროა მხოლოდ გადაწყვეტა და ჩამოყალიბება – ხელოვნურ განაყოფიერებაზე მიდიხარ თუ მეგობართან ურთიერთობაზე? დანარჩენი პრობლემები ამ ასაკობრივი ჯგუფის ქალებში – გადაწყვეტადია, საქმიანი საკითხებია“, – ფიქრობს სონა.

მისი თქმით, ახლა, როდესაც მოგონებებში იქექება, იხსენებს, რომ არასოდეს ოცნებობდა ოჯახზე. მისი სურვილები ვიზუალურად მხოლოდ ორ ადამიანს აერთიანებდა – მასსა და ბავშვს, მამაკაცის გარეშე.

„არ ვიცი, ეს ეგოიზმია თუ კიდევ სხვა რამ, მაგრამ არაერთხელ დამიჭერია ჩემი თავი ამ ფიქრებში. და სამყარო გამომეხმაურა – მომცა ის, რაზეც ვოცნებობდი. ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა. გარშემომყოფების მოსაზრებებზე არც კი ვფიქრობდი. ჩემი გენერალური გეგმა უფრო მეტი, მნიშვნელოვანი და ძლიერი იყო. ჩემთვის უცნაურიც კია, რომ ქალები, რომლებიც ქმრის გარეშე ბავშვის გაჩენაზე ფიქრობენ, პირველ რიგში ფიქრობენ იმაზე, თუ რას იტყვიან სხვები. პირველ რიგში, ადამიანს საკუთარი თავი უნდა უყვარდეს. ქალები საკუთარ თავზე უნდა ფიქრობდნენ.

ორსულობის დროს თავდახრილს არასოდეს მივლია, არ მრცხვენოდა, იმიტომ რომ ჩემი ქმედება არანაირ გავლენას არ ახდენდა სხვების ცხოვრებაზე და სიხარულს არავის არ ვართმევდი“, – ამბობს სონა.

შვილის გაჩენის შემდეგ, სონამ შეამჩნია, რომ მისმა მეგობრებმა უფრო დააფასეს, გაიზარდა მისი თვითშეფასებაც. თუმცა, ის ოჯახურ პრობლემებს ვერ გაექცა. ბავშვის გაჩენის ფაქტს მშობლები ჯერ ისევ მძიმედ განიცდიან, ძმა კი საერთოდ არ ურთიერთობს მასთან.

„ისინი ამბობენ, რომ მე ეგოისტურად მივიღე ეს გადაწყვეტილება, მათთან არ განვიხილე და მათი თანხმობა არ ვითხოვე მანამ, სანამ საკუთარ ცხოვრებას შევცვლიდი. მე მათ იმავეს ვპასუხობ: რომელიმე თქვენგანი მესაუბრა, სანამ რამეს შეცვლიდა საკუთარ ცხოვრებაში? ან მე ვითხოვდი, რომ რამე ჩემთან შეგეთანხმებინათ? ყველა ადამიანი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს“, – აცხადებს სონა.

როგორ გადაწყვიტო?

40 წლის ემა სარგსიანი აღიარებს, რომ უკვე ხუთი წელია, საკუთარ თავს შვილის გაჩენისთვის ამზადებს:

„როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ბავშვის გაჩენაზე ვფიქრობდი, საკუთარ თავს ვეუბნებოდი: არასოდეს გავაკეთებ ამას, თუ არ გავთხოვდები. მაგრამ დრო და ასაკი გეხმარება ამ გადაწყვეტილებამდე მისვლაში. ყველაზე მთავარია – ფსიქოლოგიურად მზად იყო, მაშინ სხვების ლაპარაკი და მოსაზრებები მეორე ადგილზე გადავა“.

სონა კი ამბობს, რომ მასთან ბევრი მიდის, რათა გამბედაობა მოიკრიბოს და ამ ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტოს:

„მათ ვუხსნი: ყველაზე მთავარი – გადაწყვეტილების მიღებაა. ახლა „გამარჯვებულის“ პოზიციიდან არ ვლაპარაკობ. უბრალოდ ვამბობ, რომ აუცილებელია გაბედული იყო. თუ არ გინდა, რომ ვინმესგან დაორსულდე, შეგიძლია ხელოვნურ განაყოფიერებაზე წახვიდე, მაგრამ ამისიც კი რცხვენიათ“.

ექიმების დახმარება

რეპროდუქციულ ცენტრ „Fertility center“-ში, ყოველწლიურად ათობით დაუოჯახებელი ქალი ხდება დედა ხელოვნური განაყოფიერების შედეგად.

ცენტრის დირექტორი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, ედუარდ ამბარცუმიანი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში იზრდება იმ ქალების რიცხვი, რომლებიც მას მიმართავენ. ათი წლის წინ, მასთან ერთეულები მიდიოდნენ და ეს გმირულ ან ტრაგიკულ ნაბიჯად მიიჩნეოდა:

„ახლა უკვე ეს საკითხი არ განიხილება ბებიებსა და ბაბუებთან, ნებართვას არ ითხოვენ ახლობლებისგან. ახლა ქალს გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად შეუძლია“.

რეპროდუქციული ცენტრის დირექტორის თქმით, მათ ძირითადად 40-45 წლის ქალები მიმართავენ, მაგრამ ის ქალებს ურჩევს, ექიმებთან უფრო ადრე მივიდნენ, რამდენადაც 44 წელი ქალის რეპროდუქციულ ცხოვრებაში ბოლოა. 45 წლის ასაკში ქალების რეპროდუქციული ფუნქცია ოფიციალურად დასრულებულად ითვლება.

„ხანდახან, ჩვენი ძლიერი დამხმარე ტექნოლოგიებიც არ გვაძლევს დახმარების საშუალებას, იმდენად რამდენადაც ქალების კვერცხუჯრედები უკვე არ მუშაობს. ისეც ხდება, რომ ხანდახან შეუძლებელია განაყოფიერებისთვის საჭირო ქალის კვერცხუჯრედის მიღებაც კი. თუკი ქალი დროს აჭიანურებს და ფიქრობს, რომ 45-50 წლის ასაკში გააჩენს ბავშვს, ეს შეიძლება მის შემთხვევაში არ მოხდეს“, – აცხადებს ედუარდ ამბარცუმიანი.

არჩევანის უფლება

დედობაზე ოცნება სხვადასხვა ცენტრში ქალებს, საშვილოსნოსშიდა განაყოფიერებისთვის, 300 ან 350 ათასი დრამი უჯდებათ ($620-720). ამასთან, მათ არჩევანის საშუალება აქვთ.

„ვიღაცას ცისფერთვალა ბავშვი უნდა, ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის მაღალი იყოს, ვიღაცას სურს, თავისი ოცნების მამაკაცს ჰგავდეს, ვიღაცას კი – ადამიანს, რომელთანაც ოდესღაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა“, – ამბობს რეპროდუქციული ცენტრის დირექტორი.

სომხეთის ცენტრებში დონორების მონაცემები არ საჯაროვდება. მაგრამ, ედუარდ ამბარცუმიანის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში ამ საკითხის გადასინჯვა უკვე მიმდინარეობს. იქ დაიწყეს ფიქრი, რომ ბავშვს 18 წლის ზემოთ უნდა ჰქონდეს უფლება, იცოდეს, ვინ იყო დონორი.

ქალები კაცებზე მეტნი არიან

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი თავმჯდომარე, ცოვინარ არუთუნიანი მიიჩნევს, რომ ამის ყველაზე თვალსაჩინო მიზეზი მიგრაციაა. კაცები საშოვარზე მიემგზავრებიან. მიგრანტების 80% კი – აქტიური რეპროდუქციული ასაკის მამაკაცები არიან.

„თუ 20-40-წლიანების ჯგუფს განვიხილავთ – და სწორედ ესენი არიან ყველაზე აქტიური რეპროდუქციული ასაკის ადამიანები – ჩვენთან კაცების რიცხვი 40 ათასით ნაკლებია“, – ამბობს ცოვინარ არუთუნიანი.

მისი თქმით, ეს სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან ბევრ ქალს ოჯახის შექმნა სწორედ ამ მიზეზის გამო არ შეუძლია. ისინი კი, ვისაც შვილები სურს, ხელოვნურ განაყოფიერებაზე ფიქრს იწყებენ.

„სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ხელსაყრელი ატმოსფეროს, პირობების შექმნა, რათა ქალებმა, რომლებსაც შვილების ყოლა სურთ და მარტოხელა დედები ხდებიან, ამ უფლებით ისარგებლონ. რაც შეეხება მატერიალურ კეთილდღეობას, ამ  ნაბიჯის გადადგმას ბედავენ ფინანსურად უზრუნველყოფილი ქალები, რომლებსაც სამსახური აქვთ. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები სტერეოტიპების დასამსხვრევად, რათა ქალებმა სრულფასოვნად ისარგებლონ თავიანთი უფლებით ისე, რომ თან დამცირების ობიექტები არ გახდნენ. მეორე მხრივ, ისინი არ უნდა განიხილებოდნენ შვილოსნობის მანქანებად“.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, მგერ მანუკიანი, მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის გადაჭრა ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გამოსწორებითაა შესაძლებელი. სამსახური და ანაზღაურება თუ იქნება, კაცებიც შეძლებენ დაბრუნებას:

 „თუმცა, რაოდენობრივი დისბალანსის გარდა, არის ასევე საგანმანათლებლო და ხარისხობრივი დისბალანსიც. არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ქალები, ჩვეულებრივ, ცოლად მიჰყვებიან იმ კაცებს, რომლებიც თავიანთ ტოლად მიაჩნიათ ან რომლებსაც საზოგადოებაში უფრო მაღალი სტატუსი აქვთ. კაცებისათვის ყველაფერი სხვაგვარადაა – ისინი შესაძლოა ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე ქალზე დაქორწინდნენ.

შემდგარი ქალისთვის, რომელსაც სამსახური და საზოგადოებაში გარკვეული სტატუსი აქვს, არჩევანი ცოტათი შეზღუდულია. არიან 30 და 40 წლის ქალები, რომლებიც ამბობენ, რომ თავიანთი მამაკაცის პოვნას ვერ ახერხებენ. და აქ საქმე მარტო ის არაა, რომ მამაკაცები უფრო მცირერიცხოვნები არიან“.

„ხელოვნური განაყოფიერება გადავწყვიტე“

ემა სარგსიანი თავისი ოცნების მამაკაცს ვერ შეხვდა. თუმცა, უკვე სერიოზულ კარიერულ წარმატებებს მიაღწია, ფინანსურადაც დამოუკიდებელია და შეუძლია, თავისი შვილის ბედნიერი ცხოვრება უზრუნველყოს.

„უკვე გადავწყვიტე ხელოვნური განაყოფიერება. გადავდგამ ამ ნაბიჯს, რათა ცხოვრების საზრისი შევიძინო და ბედნიერი ვიყო“, – ამბობს ის.

ნუნე კირაკოსიანი კი, რომელმაც ეს გზა უკვე გაიარა, ქალებს ურჩევს, იცხოვრონ თავიანთი თავისთვის და არა სხვებისთვის – თუნდაც ისინი მათი მშობლები, ძმები ან სხვა ახლო ნათესავები იყვნენ.


ასევე წაიკითხეთ