ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების ყველაზე "სიცოცხლისუნარიანი" პრინციპები სომხური გადმოსახედიდან" />

მადრიდის პრინციპების ხიბლი და საფრთხეები

ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების ყველაზე "სიცოცხლისუნარიანი" პრინციპები სომხური გადმოსახედიდან

ეუთოს მინსკის ჯგუფმა კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მადრიდის პრინციპები 2007 წლის ნოემბერში შესთავაზა. ამ პრინციპებს “ყველაზე სიცოცხლისუნარიანი” რეგულაციები შეარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტს ერთმნიშვნელოვნად არც ერთმა მხარემ არ დაუჭირა მხარი, ის მაინც არ უარუყვიათ და დღეს მხარეები სწორედ მის გარშემო წარმართავენ მოლაპარაკებებს. სომეხი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები არაერთგვაროვნად აფასებენ ამ პრინციპებს, მაგრამ ის ადამიანებიც კი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს დოკუმენტი უფრო ადრინდელ შემოთავაზებებზე გაცილებით უარესია, ერთხმად აღნიშნავენ მადრიდის პრინციპების პოტენციალს – გახდეს მოლაპარაკებების გაგრძელების საფუძველი.

დოკუმენტის 13 პუნქტიდან ჯერჯერობით გამოქვეყნებულია მხოლოდ 6.

ამ დოკუმენტთან დაკავშირებული მომხიბვლელი პერსპექტივებისა და საფრთხეების შესახებ თავიანთი მოსაზრებები გაგვიზიარეს – ჟურნალისტმა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხების ექსპერტმა, თათულ აკოფიანმა და პარტია “სომხეთის ნაციონალური კონგრესის” საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარემ, ვლადიმირ კარაპეტიანმა.

მომხიბვლელი პერსპექტივები

1. ყარაბაღის სტატუსის განმსაზღვრელი რეფერენდუმის ჩატარება

 

თათულ აკოფიანი:ეს არის მოცემული დოკუმენტის უმთავრესი პუნქტი – მთიანი ყარაბაღის (არცახის) სტატუსის განსაზღვრა უშუალოდ მისი მოსახლეობის მიერ. რეფერენდუმის ნებისმიერი შედეგი საბოლოო და შეუქცევადი იქნება”.

 

 

 

ვლადიმირ კარაპეტიანი: “მოცემული დოკუმენტის მხოლოდ პირველი პუნქტი (რომელიც მთიანი ყარაბაღის სტატუსის განმსაზღვრელი პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს) გამომდინარეობს სომხეთის ინტერესებიდან. აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, აზერბაიჯანი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საკითხს, ეკუთვნის თუ არა მას ყარაბაღი. ამ დოკუმენტს ყველა სხვა პუნქტი აზერბაიჯანის მოთხოვნით დაემატა”.

 

2. მშვიდობისა და პროგრესის პერსპექტივა

ვლადიმირ კარაპეტიანი: “ამ დოკუმენტის ხელმოწერას შეიძლება დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდეს, რადგან ის, საბოლოო ჯამში, მრავალწლიანი კონფლიქტის დასრულების შემდგომ მიღწეული ერთგვარი პროგრესის კონსტატაციას მოახდენს. პროგრესი კი სერიოზული იქნება და დიდი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის საფუძველს შექმნის”.

3. ბლოკადის მოხსნა

ვლადიმირ კარაპეტიანი: “მადრიდის პრინციპების ხელმოწერა სომხეთსაც გამოიყვანს ბლოკადიდან. გაიხსნება სომხეთ-თურქეთის საზღვარი, რომელიც ყარაბახის კონფლიქტის დაწყების შედეგად დაიკეტა”.

4. ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა

თათულ აკოფიანი: “საერთაშორისო აღიარების შემდეგ მთიან ყარაბახს ექნება პოტენციალი, მიიზიდოს მილიონიანი ინვესტიციები და ეკონომიკური განვითარების ზონად იქცეს”.

5. დაძაბულობის განმუხტვა და განიარაღება

თათულ აკოფიანი: მეტნაკლებად მისაღები შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საზღვრისპირა რეგიონში დაძაბულობა მოიკლებს”.

6. უსაფრთხოების გარანტიები

თათულ აკოფიანი: კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, მოსახლეობის უსაფრთხოებას შუამავლები უზრუნველყოფენ”.

ვლადიმირ კარაპეტიანი: “თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დოკუმენტს საერთაშორისო თანადგომის პირობებში მოეწერება ხელი, საერთაშორისო საზოგადოებამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს მისი შესრულება და, ამდენად, უსაფრთხოების გარანტის ფუნქციაც უნდა შეითავსოს”.

საფრთხეები

1. ყოფილი ავტონომიური ოლქის მიმდებარე 6 რაიონის დაბრუნება

თათულ აკოფიანი: “ამ საკითხთან დაკავშირებით მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების პოზიცია შეუვალია. მათ მიჩნიათ, რომ აღნიშნული ტერიტორიები არ უნდა დათმონ”.

ვლადიმირ კარაპეტიანი: “მოცემული დოკუმენტის ხელმოწერის შემთხვევაში, დიდი შეთანხმების პირობების შემუშავების პროცესის დაწყების წინ აზერბაიჯანი აშკარა უპირატესობას მოიპოვებს. 2005-2006 წლებამდე გამართული მოლაპარაკებების დროს კელბაჯარისა და ლაჩინის გადაცემის საკითხი არ განიხილებოდა, მაგრამ ეს დოკუმენტი ზემოაღნიშნული ოლქების დაბრუნებას ითვალისწინებს”.

2. ბუფერული ზონის ლიკვიდაცია

თათულ აკოფიანი:საბჭოთა კავშირის დროს ჩამოყალიბებული მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის მიმდებარე ტერიტორიები არ არის მჭიდროდ დასახლებული და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ერთგვარ ბუფერულ ზონას წარმოადგენს. მათი დაბრუნების შემდეგ მოსახლეობისთვის პირდაპირი საფრთხე გაჩნდება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა კი ყველაზე რთულ პრობლემად იქცევა”.

3. აზერბაიჯანელი ლტოლვილების დაბრუნება და დემოგრაფიული სურათის მკვეთრი ცვლილება

თათულ აკოფიანი: არავის დაუთვლია, რამდენმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი ამათუიმ სოფელსა თუ ოლქში. მათი დაბრუნება ერთგვარად არარეალისტური პერსპექტივაა.” 
ვლადიმირ კარაპეტიანი: “ლტოლვილების დაბრუნება ამ ტერიტორიების დემოგრაფიულ მდგომარეობას მკვეთრად შეცვლის, რასაც სამომავლოდ აზერბაიჯანი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და, შედეგად, მოლაპარაკების მომდევნო ეტაპებზე უფრო მტკიცე პოზიცია ექნება. მახლობელ ტერიტორიებზე დაახლოებით 10 ათასი სომეხი ცხოვრობს. არ არის გამორიცხული, მათ მიმართ დისკრიმინაციული ღონისძიებებიც გატარდეს”.

4. გაურკვევლობა მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით.

ვლადიმირ კარაპეტიანი:მთიანი ყარაბაღის სტატუსი პლებისციტის საშუალებით დადგინდება. თუმცა, რა ფორმატით ჩატარდება კენჭისყრა, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. მადრიდის პრინციპებზე ხელმოწერის შემდეგაც ნაადრევი იქნება ყარაბაღის სტატუსზე საუბარი. აღნიშნული დოკუმენტი ამ საკითხს არ განსაზღვრავს”.

5. მთიანი ყარაბაღი არ მონაწილეობს იმ მოლაპარაკებებში, სადაც მისი მომავალი წყდება

ვლადიმირ კარაპეტიანი: “ადრინდელი დოკუმენტებისგან განსხვავებით, მადრიდის პრინციპები მთიანი ყარაბაღის მხრიდან საკუთარი მომავლის განსაზღვრაში მონაწილეობას არ ითვალისწინებს. 1997 წლის დოკუმენტისგან განსხვავებით, მადრიდის პრინციპები არა სამმხრივი, არამედ ორმხრივია. დოკუმენტის განხილვის უკვე საკმაოდ ხანგრძლივ პროცესში ყარაბაღს მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, მადრიდის პრინციპების მიხედვით, მთიანი ყარაბაღი კონფლიქტის მონაწილე მხარედ მიიჩნევა. არსებობს იმის საფრთხე, რომ ყარაბაღისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები მისი თანამონაწილეობის გარეშე გადაწყდეს”.

6. საზოგადოების აღშფოთება

თათულ აკოპიანი:თუკი ტერიტორია სომხეთს დაუბრუნდება, საზოგადოების აღშფოთება გარდაუვალი იქნება. ხალხმა შეიძლება მუხანათური და უხეირო დოკუმენტის ხელმოწერაში დაადანაშაულოს ხელისუფლება”.

photo: Hakob Hovhannisyan


ასევე წაიკითხეთ