ლავროვისათვის დასმული უხერხული შეკითხვა: ჟურნალისტი გათავისუფლებულია

აზერბაიჯანში არკვევენ იმას, თუ სად იწყება და სად მთავრდება ამა თუ იმ ქვეყნისა თუ ორგანიზაციის „შიდა საქმეები“

ტელეკომპანია Lider TV ჟურნალისტმა ანარ ჰასანოვმა დატოვა. მისმა განთავისუფლებამ სკანდალი გამოიწვია – ადგილობრივი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტი დიპლომატ ფოლად ბულბულოღლის (აზერბაიჯანის ელჩი რუსეთში) „დაკვეთით“ გაათავისუფლეს. აზერბაიჯანული მედიის თქმით, დიპლომატს სურდა, დაესაჯა ჰასანოვი იმ პროვოკაციული შეკითხვის გამო, რომელიც მან სერგეი ლავროვს დაუსვა.

მცირე ხნის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია Lider-ის კორრესპონდენტმა, ანარ ჰასანოვმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ასეთი შეკითხვა დაუსვა: „რა პოზიციას დაიკავებს მოსკოვი იმ შემთხვევაში, თუკი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანტიტერორისტული ოპერაციები დაიწყება და ოკუპანტების ძალების წინააღმდეგ სათანადო ღონისძიები გატარდება? როგორ მოიქცევა რუსეთი – აზერბაიჯანის ქმედებების იგნორირებას მოახდენს, თუ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერევა?“. ამ შეკითხვას მინისტრმა ასეთი პასუხი გასცა: „ ეს უკვე აღარ არის მხოლოდ აზერბაიჯანის შიდა საქმე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით“. ის მოვლენები, რომლებიც ამ კითხვა-პასუხს მოჰყვა, მედიასაშუალებებისათვის მთავარ განსახილველ თემად იქცა.

ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით პირველი ოფიცალური კომენტარი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამედიაროვმა გააკეთა:

«აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მთელი მსოფლიო აღიარებს. რაც შეეხება სამშვიდობო პროცესს, მოლაპარაკებები, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამდგომლობით მიმდინარეობს, პრობლემის მოგვარებისათვის საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს და საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს ეფუძნება. კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალი გადაწყვეტილება და რეზოლუცია, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს ეფუძნება».

მაგრამ მამედიაროვის ამ განცხადების მომდევნო დღეებში მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ლავროვისათვის დასმული კითხვის ავტორის, ანარ ჰასანოვის სამსახურიდან გათავისუფლება დიპლომატ ფოლად ბულბულოღლის დაკვეთით მოხდა: «ელჩი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის შეკითხვა და მინისტრის პასუხი ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისათვის ზიანის მომტანი აღმოჩნდა. მისი აზრით, ჟურნალისტის შეკითხვა „პროვოკაციული“ იყო. ლავროვისათვის დასმული შეკითხვის გამო დიპლომატმა შეურაცხყოფაც კი მიაყენა ჰასანოვს».

ანარ ჰასანოვმა ჩვენს ზარს უპასუხა და აღნიშნა, რომ არ ეცალა და მოგვიანებით გათავისუფლდებოდა. ამის შემდეგ ჩვენ კიდევ რამდენჯერმე დავურეკეთ ჰასანოვს, მაგრამ ჟურნალისტმა არ გვიპასუხა. მცირე ხნით ადრე მან მედიასაშუალებებს დაუდასტურა, რომ იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს: «დიახ, სამსახურიდან გამათავისუფლეს. მე აღარ ვმუშაობ ტელეკომპანია Lider-ში. აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. ამის შესახებ საუბარი აღარ მსურს».

აზერბაიჯანის საელჩომ რუსეთში ვებგვერდ «Ölkə.Az»-ს განუცხადა, რომ « საელჩო თავისი სამუშაო აქვს და დიპლომატიურ საქმიანობას ეწევა. Lider TV კი დამოუკიდებელი არხია, რომელმაც თავად უკეთ იცის, თუ ვინ გაათავისუფლოს და ვისთან გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება».

Lider TV-ს ახალი ამბების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანარ შუქიუროვმა JAMnews-ს განუცხადა, რომ ანარ ჰასანოვის გათავისუფლება მის მიერ დასმულ შეკითხვას არ უკავშირდება:

«ანარ ჰასანოვის გათავისუფლება ტელეარხის შიდა საქმეს წარმოადგენს. რამდენიმე დღის წინ სხვა თანამშრომელი გავათავისუფლეთ საკადრო ცვლილებები პერიოდულად ყველა დაწესებულებაში ხდება. ეს უბრალო დამთხვევაა. რაც შეეხება ფოლად ბულბულოღლუს დაკვეთას, შემიძლია გითხრათ, რომ მე, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელს, არასდროს მსმენია, რომ იგი ჩვენი ტელეარხის საქმეებში ჩარეულიყო».

 

ანარ შუქიუროვმა ჰასანოვის გათავისუფლების მიზეზები არ დაასახელა და, ამასთან, აღნიშნა, რომ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა ტელეარხის პოზიციას არ გამოხატავს.

იყო თუ არა ტელეკომპანია Lider TV-ს (რომელიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ ტელეარხად ითვლება) კორესპონდენტის მიერ ლავროვისათვის დასმული შეკითხვა რედაქციასთან შეთანხმებული?

პოლიტიკური კომენტატორი აზერ რაშიდოღლუ: «სავარაუდოდ, Lider TV-ის ჟურნალისტს ეს შეკითხვა შეთანხმებული უნდა ჰქონოდა ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან. მისი გათავისუფლება კი რუსეთის პირდაპირი მოთხოვნით არ მომხდარა. უბრალოდ, რომელიღაც ჩინოვნიკმა, რომელიც „ყოჩაღ ძაღლო“-ს ტრადიციის ერთგული აღმოჩნდა, გადაწყვიტა, ჟურნალისტი დაესაჯა, მაგრამ არ უფიქრია იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლებოდა მოეტანა ამ გადაწყვეტილებას.

აზერბაიჯანში რუსეთისა და თურქეთის ზემოქმედების შედეგად აზერბაიჯანში აპატიმრებენ ჟურნალისტებს (მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ რაუფ მირკადიროვი), ხურავენ ტელეკომპანიას (ტელეარხ ANS-ს) უმაღლეს სასწავლებელს (უნივერსიტეტ „კავკაზს“) და სამსახურიდან ათავისუფლებენ ჟურნალისტებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნის გარეთ არსებული ძალები სახელმწიფოს შიდა საქმეებში ერევიან. ეს არის სირცხვილი. მედიასაშუალების ხელმძღვანელს, რომელიც ჟურნალისტს ხელისუფლების, ან სხვა ქვეყნის ძალების ბრძანებით ათავისუფლებს, არც სინდისი აქვს, და არც ღირსება. როდესაც გაზეთ “ზერკალოში“ ვმუშაობდი, მის რედაქტორს, ელჩინ შიხლინსკის არაერთხელ მოსთხოვეს ჩემი გათავისუფლება. ამ მოთხოვნას ის ყოველთვის კონკრეტულად და ლაკონურად პასუხობდ ».

ფოლად ბულბულოღლუს სახელით გავრცელებულ განცხადებაში ჟურნალისტის შეკითხვა შეფასებულ იქნა, როგორც ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობისათვის ზიანის მომტანი და „პროვოკაციული რეპლიკა“. ვალდებულია თუ არა ჟურნალისტი, კითხვის დასმის დროს ორი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებზე იფიქროს? აქვს თუ არა უფლება, რომ ასეთ პრესკონფერენციებზე რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დასვას კითხვები?
Median.cafe-ს რედაქტორი, მედიაექსპერტი როვშან ალიევი ამბობს, რომ შეკითხვების რედაქციასთან შეთანხმება არ არის პრინციპული საკითხი: «წარმოიდგინეთ მძღოლი რომელიც საჭეს მიუჯდა და მანქანა დაქოქა.

ვალდებულია თუ არა იგი, ყოველ წუთში დაურეკოს დირექტორს და ჰკითხოს, თუ სად უნდა გააჩეროს მანქანა? შეუძლია თუ არა, დირექტორთან შეთანხმების გარეშე შეამციროს სიჩქარე ან სხვა ავტომობილს დაუთმოს გზა?
რედაქცია თემას არჩევს, ჟურნალისტმა კი ისეთი კითხვები უნდა დასვას, რომელიც ამ თემას „გახსნის“. რა მნიშვნელობა აქვს, ლავროვს დაუსვამენ ამ კითხვებს, თუ ადგილობრივ ექსპერსტებს? ჟურნალისტებისთვის ყველა თანაბარმნიშვნელოვანია – მაღალჩინოსანიც, წვრილი მოხელეც, მოვლენის რიგითი მონაწილეც და ექსპერტიც, რომელსაც ყოველ წუთს ურეკავს და მოსაზრების გაზიარებას სთხოვს.

სერიოზულ ეჭვს იწვევს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაუმჯობესება, ან გაფუჭება შეუძლია. ამ შემთხვევაში, ან სახელმწიფოს ცნებაა დამახინჯებული, ან – ჟურნალისტის. უბრალოდ ვიღაც განტევების ვაცს ეძებს (რომელსაც თავის პოლიტიკურ წარუმატებლობას დააბრალებს), ან თავისი საქმით არ არის დაკავებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჟურნალისტი თავისი საქმით იყო დაკავებული. მან შეკითხვა დასვა. პოლიტიკური განცხადებით რომ გამოსულიყო, სავსებით გასაგები იქნებოდა ის თუ რატომ იქნა იგი დასჯილი.

გაიხსენეთ 2003 წელი, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ერაყის ტერიტორიაზე შეჰყავდა ჯარები. რა დაემართებოდა ერაყის ტელევიზიის თანამშრომელს, რომელიც ამ დროს იტყოდა, მოდით, შეერთებული შტატების პოზიცია გავაჟღეროთო?
2003 წლის შემოდგომაზე (როდესაც შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს ერაყში ჯარები შეჰყავდათ) ტელეარხ CBS-ის ჟურნალისტმა დენ რედერმა და პროდიუსერმა ჯიმ მერფიმ სადამ ჰუსეინს ინტერვიუ ჩამოართვეს.

ინტერვიუს დაწყებამდე ერაყის მაშინდელმა მეთაურმა ტელეარხის თანამშრომლებს რამდენიმე პირობა წაუყენა. სადამის მოთხოვნით, ინტერვიუ მის ოპერატორებს უნდა ჩაეწერათ, მისი სიტყვები მხოლოდ მის თარჯიმანს უნდა გადაეთარგმნა და ა.შ. ინტერვიუ ერაყშიც აჩვენეს, და შეერთებულ შტატებშიც, რის შედეგადაც საერთაშორისო საზოგადოებამ შეიტყო, თუ რა პოზიცია ჰქონდა სადამ ჰუსეინს.

ბუშისა და ბლერის პოზიცია ყველასთვის ცნობილი იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, CBS-თან დაწყებული მოლაპარაკებების დროს ბუშის მთავრობამ ამ ინტერვიუს საპასუხო კომენტარის მომზადებისათვის დრო ითხოვა; მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა ტელეარხს მაღალჩინოსნების ნაცვლად პრესმდივანს სთავაზობდა მოპასუხედ, გარიგება ვერ შედგა.

რა თქმა უნდა, ამერიკელი ჟურნალისტი ეროვნული ინტერესების ღალატში არ დაუდანაშაულებიათ, და არც ტელეარხისთვის უწოდებია ვინმეს „მოღალატე“. როგორ შეიძლება გააუარესოს ქვეყნებს შორის ურთიერთობები შეკითხვების დასმამ და რესპოდენტის მოსაზრების გაგებამ?»

ჟურნალისტის გათავისუფლების ფაქტს „აზერბაიჯანის პრესის საბჭოს“ თავმჯდომარე, დეპუტატი აფლატუნ ამაშევიც გამოეხმაურა:

«ალბათ, ის შეკითხვა, რომელიც აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, Lider TV-ს კორესპონდენტმა, ანარ ჰასანოვმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს დაუსვა, არ იყო საუკეთესო, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თანამშრომლის გათავისუფლება, ან სამსახურში დატოვება Lider TV-ის ხელმძღვანელობის უფლებამოსილებებში შედის».


ასევე წაიკითხეთ