ზიმბაბვეს მხცოვან დიქტატორს ულტიმატუმი წაუყენეს

ზიმბაბვეს ჯარს პრეზიდენტის გარემოცვასთან კონფლიქტი აქვს

15 ნოემბერს ზიმბაბვეს დედაქალაქ ხარარში აფეთქებების და სროლის ხმა გაისმოდა.

ზიმბაბველმა ჯარისკაცებმა სახელმწიფო ტელეკომპანია დაიპყრეს. გენერალ-მაიორი მოიო ეთერში გამოვიდა იმ განცხადებით, რომ ჯარი ქვეყნის პრეზიდენტის, რობერტ მუგაბეს გარემოცვის წევრი „დამნაშავეების“ წინააღმდეგ გამოდის. მოიომ ასევე განაცხადა, რომ თავად პრეზიდენტი და მისი ოჯახი უსაფრთხოდ იმყოფებიან და მათ არაფერი ემუქრებათ.

სამხედროები დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ არ ღირს მომხდარის სახელმწიფო გადატრიალებად შეფასება.

რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს უკვე 37 წელია მართავს. რამდენიმე დღის წინ მან ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, ემერსონ მნანგავა გადააყენა. მნანგავა 93 წლის მუგაბეს შემცვლელი უნდა ყოფილიყო. ამჟამად ამ როლზე პრეტენზიას მოქმედი პრეზიდენტის ცოლი აცხადებს. ეს სიტუაცია ჯარსა და ხელისუფლებას შორის კონფლიქტის ბიძგად იქცა.

13 ნოემბერს ჯარის სარდალმა გენერალმა კონსტანტინო ჩივენგამ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში თავისი თანამოაზრეების ამგვარ გადაყენებას არ შეეგუება, და დასძინა, რომ ჯარს შეუძლია ზიმბაბვეს შიდა პოლიტიკაში ჩაერიოს.


ასევე წაიკითხეთ