დაპირისპირების მიზეზი ჰესი გახდა" />

ერთი გარდაცვლილი, ოთხი – დაჭრილი. რა მოხდა პანკისში

დაპირისპირების მიზეზი ჰესი გახდა

ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაჭრილი – ადგილობრივები ამბობენ, რომ სისხლიანი გარჩევა პანკისში, სოფელ საკობიანოში ჰესის მშენებლობის გამო მოხდა.

დაჭრილები თელავის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

პანკისში ერთმანეთს ორი ადგილობრივი გვარის – მუთოშვილების და ქავთარაშვილების წარმომადგენლები დაუპირისპირდა. მათ ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

გარდაცვლილია მალხაზ მუთოშვილი.

 ენერგეტიკა პროტესტის ფონზე – რატომ ეწინააღმდეგეებიან საქართველოს რეგიონებში ჰესების მშენებლობას?

ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაღებული კადრები. საავადმყოფოს ეზოში პანკისელები არიან შეკრებილნი.

ისინი ჰყვებიან, რომ ქავთარაშვილების ოჯახი ხელისუფლების დავალებით პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის აგიტაციას ეწეოდა.

პანკისელი სამოქალაქო აქტივისტი ლუიზა მუთოშვილი “მთავართან” ინტერვიუში ამბობს, რომ გარდაცვლილი ბიძამისია:

“დაღუპული არის ბიძაჩემი. ეს ამბავი დაიწყო ჰესის გამო. მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში მთელი საზოგადოება ხედავდა რა პროცესები მიდიოდა ხეობაში. იყო ადგილობრივი ჯგუფი, რომელიც ლობირებდა ამ ამბავს. ეს ჯგუფი იყო გარიგებული მთავრობასთან, სუსთან და მთელი ამ ხნის განმავლობაში ეწეოდნენ კამპანიას ჰესის მშენებლობისთვის. არ ვიცი, რამდენად არის გამართლებული ამ შემთხვევაში ერთი მსხვერპლი მაინც.”

ლუიზა მუთოშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ შეაფასა ჰესის გამო ხეობაში არსებული მდგომარეობა. ის შიშობს, რომ აღნიშნულ ფაქტს, შესაძლოა, პანკისში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა მოჰყვეს:

“ხელისუფლებას რაც უნდა გაეკეთებინა ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ რასაც ვითხოვდით, რომ კომუნიკაცია ჰქონოდა ჩვენთან, აეხსნათ რეალურად მოგება, ზარალი… მაგრამ ხელისუფლებამ მიუშვა ეს პროცესი თავის ნებაზე და დადგა შედეგი, რასაც ახლა ვხედავთ. ადამიანი შეეწირა ამ ამბავს და არ ვიცით ამის მერე რა გველოდება და რა იქნება. 

დაპირისპირება ჰესის მშენებლობის გარშემო პანკისში 2019  წლის გაზაფხულზე დაიწყო. 21 აპრილს პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის ხელჩართული მოხდა ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გამო.

მაშინ დაშავდა 55 ადამიანი,17 ადგილობრივი მცხოვრები და 38 პოლიციელი; დაზიანდა პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

ჰიდროელექტროსადგური “ხადორი -3”, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე უნდა აშენდეს. პროექტის მიხედვით,  ჰესის წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია.

„ხადორი-3“ კომპანია „ალაზანი ენერჯი”-ს რიგით მესამე ჰესია ამ ხეობაში. მდინარე ალაზანზე უკვე აშენებულია “ხადორი-1” და “ხადორი-2”.

პროექტის თანახმად, ახალი ჰესის სოფელ ბირკიანთან უნდა აშენდეს. პროექტის თანახმად, 4,5 კილომეტრის მანძილზე  მდინარე ალაზნის წყლის 90 პროცენტი მილსადენში მოექცევა.

პანკისელები შიშობენ, რომ მდინარეში წყლის შემცირება საძოვრებზე აისახება, საძოვარი კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია – მოსახლეობის დიდი ნაწილი მესაქონლეობით ირჩენს თავს.

გარდა ამისა, არსებობს შიში, რომ ეს კიდევ უფრო გააუარესებს ხეობის სოფლებში სასმელი წყლის ისედაც მწვავე პრობლემას. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალი ჰესის მშენებლობის შემთხვევაში ტურიზმის განვითარებასაც შეეშლება ხელი.

21 აპრილს, ხეობაში ჩასულმა გიორგი გახარიამ, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ადგილობრივებთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამდე, სანამ პროექტს მოსახლეობის 90 პროცენტი მაინც მხარს არ დაუჭერს.

27 ნოემბერს პანკისში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, სატელევიზიო ინტერვიუებში პანკისელები ამბობდნენ, რომ მოსახლეობასთან პრობლემის მოგვარება და მათი გადარწმუნება ხელისუფლებამ არა ღია კომუნიკაციით, არამედ ადგილობრივებს შორის დაპირისპირების ჩამოგდებით გადაწყვიტა:

 


ასევე წაიკითხეთ