სომხეთი რუსეთის ლიდერობით მოქმედი ამ ორგანიზაციის წევრია, და მას ვეტოს უფლება აქვს" />

ერევანი მზადაა, “კოლექტიური უსაფრთხოების” ორგანიზაციასთან ბაქოს დაახლოება დაბლოკოს

სომხეთი რუსეთის ლიდერობით მოქმედი ამ ორგანიზაციის წევრია, და მას ვეტოს უფლება აქვს

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რუსეთი, აზერბაიჯანი

რუსეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში, აზერბაიჯანთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ. ამ ორგანიზაციაში აზერბაიჯანის მიერ დამკვირვებლის სტატუსის შესაძლო მიღების შესახებ 12 სექტემბერს რუსეთის ვიცე-პრემიერმა იური ბორისოვმა განაცხადა. ერევანში მზად არიან, დაბლოკონ იმ სამხედრო ბლოკთან ბაქოს ნებისმიერი დაახლოება, რომელშიც თავად სომხეთია გაწევრიანებული.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია – რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის ეგიდით მოქმედებს. როგორც ამ ორგანიზაციის წესდებაშია ჩაწერილი – ეს არის „მშვიდობის, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარება, კოლექტიურ საფუძველზე წევრი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვა“.

ორგანიზაცია სსრკ-ს დაშლისთანავე, 1992 წელს შეიქმნა. საქართველომ, აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რიგები მალევე დატოვეს. და ახლა მის ექვს წევრს – სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი წარმოადგენენ.

საიდან დაიწყო მსჯელობა

იმის შესახებ, რომ სომხეთმა მისთვის არამეგობრული ქვეყნის მხრიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის დამკვირვებლის ან პარტნიორის სტატუსის მიღება შეიძლება დაბლოკოს, თავიდან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ კოჩარიანმა განაცხადა.

მან ამის თაობაზე პარლამენტის საგარეო კავშირების კომისიის სხდომაზე ილაპარაკა. აქ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წესდებაში შესატან შესწორებას განიხილავდნენ. ზოგიერთი დეპუტატი შეშფოთებული იყო იმით, რომ  აზერბაიჯანმა, შესაძლოა, დამკვირვებლის ან პარტნიორის სტატუსი მიიღოს იმ სამხედრო ბლოკში, რომლის წევრიც არის სომხეთი.

როგორც დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განუმარტა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიზანს მისი წევრების უსაფრთხოება წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ქვეყანა პირდაპირ ემუქრება სომხეთის უსაფრთხოებას, რაიმე სტატუსის მიღების მცდელობის დასაბლოკად დამატებითი ფაქტების არსებობა საჭირო აღარ არის; და სომხეთს შეშფოთების განსაკუთრებული მიზეზი არ აქვს, რადგან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წესდება ითვალისწინებს: სტატუსის მქონე ქვეყნები, ვალდებულებას იღებენ, რომ  ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ქმედებები არ განახორციელონ.

იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ან დამკვირვებელი არასდროს გახდება, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში აცხადებდა.

ფაშინიანის თქმით, ერევანი არასდროს დათანხმდება, რომ ქვეყანა, რომელიც „მრავალი წლის განმავლობაში ბომბავს“  სომხეთის დასახლებულ პუნქტებს, „ჩვენთვის მთავარი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი ან დამკვირვებელიც კი გახდეს.“

სამაგიეროდ რუსეთი წინააღმდეგი არ არის

12 სექტემბერს რუსეთის ვიცე-პრემიერი იური ბორისოვი გამოვიდა განცხადებით იმის თაობაზე, რომ რუსეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში  აზერბაიჯანის მიერ დამკვირვებლის სტატუსის მიღებას არ ეწინააღმდეგება.

 „ჩვენ ძალიან გაწონასწორებულ და დაფიქრებულ პოლიტიკას ვატარებთ. რაც შეეხება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან, ასევე აზერბაიჯანთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას, მერწმუნეთ, რუსეთი [ყარაბაღის] კონფლიქტის გაღვივებით დაინტერესებული არ არის, პირიქით, ის ხელს შეუწყობს იმას, რომ კონფლიქტი ჩაცხრეს“.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რუსეთი, აზერბაიჯანი

Photo: azatutyun.am

თუმცა, მოგვიანებით ბორისოვმა დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სომხეთი წინააღმდეგი იქნება, აზერბაიჯანი ორგანიზაციაში რაიმე სტატუსის მიღებას ვერ შეძლებს.

აზერბაიჯანის მხრიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან შეერთებაზე ილაპარაკა   ასევე ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოვალეობების შემსრულებელმა ვალერი სემერიკოვმა:

 „ნებისმიერმა სახელმწიფომ შეიძლება გამოთქვას სურვილი, რომ წევრი, დამკვირვებელი ან პარტნიორი გახდეს, თუმცა ყოველთვის არსებობს გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც ნორმატიულ დოკუმენტებშია გადმოცემული.

მოდით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მიღებული ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზიდან ამოვიდეთ. ყველა გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ის, რაც წევრობას, დამკვირვებლობასა და პარტნიორობას ეხება, კონსენსუსით მიიღება. თუკი ერთი წევრი სახელმწიფოს თანხმობა არ იქნება, ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება“.

ექსპერტების აზრი

პოლიტტექნოლოგი არმენ ბადალიანი მიიჩნევს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ევროპის საბჭოში ერთდროულად წევრობის პრობლემა არ არსებობს, რადგან ეს სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი არ არის. სხვა საქმეა – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია. ეს სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელმაც საგარეო აგრესიის შემთხვევაში, სომხეთი უნდა დაიცვას:

 „სომხეთს აზერბაიჯანთან მოუგვარებელი პრობლემა აქვს. და ეს ნორმალურია, რომ ჩვენმა საომარი კონფლიქტის სტადიაში მყოფმა ქვეყანამ, საკუთარი საგარეო-პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კავშირში აზერბაიჯანის  გაწევრიანება არ უნდა დაუშვას“.

ამ თემაზე სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე აზრი გამოთქვა პოლიტოლოგმა გაგიკ ამბარიანმა:

  „ოფიციალური ბაქო, დიდ ხანია, შანტაჟს აწარმოებს და ცდილობს, მიხვდეს, თუ რა პოზიციას დაიკავებს სომხეთი, თუკი აზერბაიჯანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ან დამკვირვებელი გახდება… აზერბაიჯანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის არც წევრი და არც დამკვირვებელი, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამას ყველა ჩვენი „პარტნიორი“ მოისურვებს.“   


ასევე წაიკითხეთ