პრეზიდენტს მიაჩნია, რომ განვითრების პოლიტიკის ერთობლივად განხორციელების დრო დადგა" />

დიასპორა – სომხეთის მთავარი დასაყრდენი

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ განვითრების პოლიტიკის ერთობლივად განხორციელების დრო დადგა

ფოტო ლიუსი სარგსიანის, JAMnews

26 ნოემბერს სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის 16-ე ყრილობაზე ქვეყნის პრეზიდენტმა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, სერჟ სარგსიანმა თავის სიტყვაში მოულოდნელად დიდი დრო დაუთმო დიასპორასთან ურთიერთობაზე მსჯელობას; და მიუხედავად იმისა, რომ არაფერი კონკრეტული არ უთქვამს, ყურადღების ასეთ გამახვილება შეფასდა როგორც სერჟ სარგსიანის  განზრახვა, “გააერთიანოს” სომხეთი და დიასპორა, და “ერის მამად” იქცეს.    

2008 წლიდან, შეუდგა თუ არა თავის თანამდებობრივი მოვალეობის აღსრულებას, სერჟ სარგსიანი აუჩქარებლად, თუმცა მტკიცედ ავითარებდა ეროვნული სახელმწიფოს იდეას, და აცხადებდა, რომ მთელ მსოფლიოში მცხოვრები 10 მილიონი სომეხის პრეზიდენტობა სურდა, და არა მხოლოდ – სომხეთში მცხოვრები 3 მილიონის. ამ იდეამ სერჟ სარგსიანის 8-წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში სამართლებრივი დადასტურება ვერ ჰპოვა; ასევე, ვერ მოიფიქრეს სომხეთის ცხოვრებასა და სახელმწიფო გადაწყვეტილებებში დიასპორის მონაწილეობის მექანიზმები. მაგრამ სარგსიანის საპრეზიდენტო ვადის მიწურულს არ გამორიცხავენ, რომ შეიქმნება ეროვნული “ქსელური” ორგანო, რომლის სათავეშიც  თავად ის აღმოჩნდება.

დღემდე სომხური დიასპორა, რომელიც კომპაქტურად არის ჩასახლებული რუსეთში (ზოგიერთი მონაცემით, 3 მლნ. ადამიანი), აშშ-ში (2 მლნ), საფრანგეთში (500 ათასი), ახლო აღმოსავლეთში, ირანში – სომხეთის ცხოვრებაში მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურად იღებს მონაწილეობას, ძირითადად – შემოწირულობების დონეზე.

ამავე დროს, სომხეთის საგარეო საქმეთა თითქმის ყველა მინისტრი (რაფი ოვანისიანი, ვაან პაპაზიანი, ვარდან ოსკანიანი), განსაკუთრებით სომხეთის დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზე, დიასპორის წარმომადგენელი იყო, რომლებიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას გლობალური პოლიტიკის სისტემაში განიხილავდნენ, და არა – პოსტსბჭოთა სივრცეში. ეს იყო სომხეთის სუვერენიზაციის ეპოქა, და დიასპორა, ხელისუფლებასთან აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, სიამოვნებით აბანდებდა  ინვესტიციებს სომხეთში. თუნდაც ამერიკელი მილიარდელის კირკ კრკორიანის ფონდ “ლინსისგან” მიღებული დახმარება რად ღირს, რომელმაც რამდენიმე წლის განმავლობაში უანგაროდ ჩადო სომხეთის ეკონომიკაში 220 მლნ. დოლარი.      

გარდა ამისა, ლაპარაკია მძლავრი სომხური ლობის შესახებ აშშ-ში, რიგ ევროპულ ქვეყანაში, აგრეთვე – ლიბანსა და ირანში. სომხური ლობი არამარტო  ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების იდეის წამოწევით იყო დაკავებული, არამედ სუვერენული სომხეთისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური დახმარების გაწევითაც. თურქეთი და აზერბაიჯანი არ მალავენ, რომ თავიანთ მოწინააღმდეგეებად იმდენად სომხეთის რესპუბლიკას არ აღიქვამენ, რამდენადაც – დიასპორას.

“დიასპორად”, როგორც წესი, არა “საბჭოთა” სომხები მოიაზრებიან. სომხები, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ცხოვრობენ, როგორც წესი, ასიმილირებულები არიან, არავითარი გავლენა არ აქვთ იმ ქვეყნების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, სადაც ცხოვრობენ, და დიდად არც  ისტორიულ სამშობლოსთან კავშირი აინტერესებთ. განსაკუთრებულად ეხება ეს რუსეთს, სადაც დიასპორა სომხეთზე მოსკოვის ზეგავლენის მოსახდენი ბერკეტი უფროა, ვიდრე რუსეთში სომხების ეროვნული ინტერესების დამცავი. მეორე მხრივ, ბოლო წლებში რუსეთმა პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავის გავლენის აღდგენაზე დაიწყო ზრუნვა, და სომხეთში რუსეთიდან სულ უფრო მეტი შეძლებული სომეხი გამოჩნდა, რომლებიც ბუნებრივად ეწერებიან პოლიტიკურ სისტემაში. მაგალითად, 2015 წელს კომპანია “სომხური ელექტროქსელები” რუსული ინტერ რაო-სგან იყიდა რუსმა მილიარდერმა სამველ კარაპეტიანმა (კოპანია “ტაშიირის” ჯგუფი).

უფრო ადრე კი სომხეთის განათლებასა და ტურიზმში აქტიურად აბანდებდა ფულს  ცნობილი ინვესტორი და მეცენატი რუბენ ვარდანიანი. 2016 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა რუსული “გაზპრომის” მენეჯერი კარენ კარაპეტიანი.

ამგვარად, ბოლო წლებში სომხეთის საქმეებში დიასპორის მონაწილეობის დიდი წილი რუსეთიდან მოდის. თუმცა, დასავლური დიასპორა აგრძელებს მნიშვნელოვანი საქმის კეთებას, და  სომხეთისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური დახმარების გაწევას, მაგრამ მისი მონაწილეობა სულ უფრო ნაკლებად შესამჩნევი ხდება. დასავლელი ინვესტორებიდან სომხეთში დარჩა მხოლოდ არგენტინელი სომეხი ედუარდო ერნეკიანი, რომელიც აეროპორტ “ზვარტნოცის” და სომხური ფოსტის კონცესიონერია.

ქვეყანაში კი ისევ არ შექმნილა ინსტიტუტი, რომელიც სომხური დიასპორის მიერ საკუთრივ სომხეთში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას დააკანონებდა. დიდხანს მსჯელობდნენ ორპალატიანი პარლამენტის დაარსებაზე, რომელშიც სენატი დიასპორიდან აირჩეოდა. მაგრამ არჩევის მექნიზმები ვერ შეიმუშავეს, თუ  სომხეთში დიასპორის მიერ გადაწყვეტილებების ვერმიღების რაიმე სხვა მიზეზიც არსებობდა, ცახდია, რომ “ეროვნული სახელმწიფოს” შექმნა პათოსურ იდეად დარჩა.   

ამ იდეის მომხრეები არიან დასავლური და აღმოსავლური დიასპორის წარმომადგენლები, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ჭკუაში არ უჯდებათ მათ, ვისაც  რუსეთზე უფრო მეტად დამოკიდებულ სომხეთი მოსწონს. ნაციონალურ სენატს ხომ შეუძლია ჩააგდოს მოსკოვის ნებისმიერი “ინტეგრაციული” პროექტი, რომლებიც სომხეთში, როგორც წესი, მკვეთრად გამოხატული ექსპანსიონისტური ხასიათით გამოირჩევა.

 თუმცა, ამ საკითხზე მაინც მსჯელობენ, შესაძლოა, სერჟ სარგსიანის მომავლის კონტექსტში, და სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე წარმოთქმული მისი სიტყვა – ამის დასტურია. “ეკონომიკურ, სამართლებრივ, სოციალურ, სამცნიერო, კულტურულ, საინფორმაციო და სხვა სფეროებში მუშაობის ორგანიზებისთვის უკვე თითქმის ყველა წინაპირობაა შექმნილი. დადგა დრო, როდესაც სომხეთი-დიასპორის საერთო საქმეში ერთი მნიშვნელოვანი დამატება უნდა შევიტანოთ. ეს არის ერთობისა და პასუხისმგებლობის შეთავსება”, – თქვა სერჟ სარგსიანმა. მაგრამ არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა. არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ლაპარაკი იყოს ზესახელმწიფოებრივი ეროვნული საბჭოს შექმნაზე.   

სომხეთში ამბობენ, რომ ხელისუფლება დიასპორას ყოველთვის იყენებდა “მეწველ ძროხად”, რომელიც ერის წინაშე ხარკს იხდიდა, და თან სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების საშუალება არ ჰქონდა. დიასპორა დღემდე იხდის თანხებს, თუმცა – უფრო მეტად შემოწირულობებს, და არა განვითარების მიზნით –  ინვესტიციებს. ზუსტი ციფრი არავინ იცის, თუ რა თანხა აქვს დიასპორას სომხეთში ჩადებული, მაგრამ არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ სომხეთიც და ყარაბაღიც სწორედ დიასპორის წყალობით არსებობენ და ინაჩუნებენ სტაბილურობას.

სულ ახლახან, 24 ნოემბერს, ლოს-ანჟელესში(აშშ) ჩატარდა უკვე რიგით მე-19 ტელემარათონი, რომლის ორგანიზატორია საერთოსომხური ფონდი “სომხეთი”. ამ მარათონებზე გროვდება შემოწირულობები სოციალური ამოცანების გადასაჭრელად, ასევე სომხეთსა და ყარაბაღში გზების გასაყვანად. წელს დაახლოებით 16 მილიონი დოლარი შეგროვდა – დაახლოებით ასეთი თანხა იკრიბება ყოველწლიურად.

თავის დროზე დაინერგა “ეროვნული ხარკის” გაღების იდეა, რომელიც თითოეულ სომეხს ავალდებულებდა გარკვეული თნხის გადახდას, და ეს საბოლოოდ, საერთო ეროვნულ ინტერესებს მოემსახურებოდა. მაგრამ, ეს იდეა ვერ განხორციელდა – და ქველმოქმედება ისევ შეძლებულ სომხებსა და სომხურ ორგანიზაციებს დააწვა მხრებზე.  

ბევრს ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ დიასპორის კაპიტალი ბიზნესში ინვესტირებისთვის მიეზიდათ. ამერიკულ-სომხური კაპიტალის სომხეთში მიზიდვის საქმეში სომხეთში აშშ-ს ელჩებიც კი იყვენენ ჩართულები, თუმცა ყველა მათგანი აღიარებდა, რომ ამერიკელი სომხები დიდად არ ენდობოდნენ სომხეთის ხელისუფლებას და მათ კორუმპირებულობაზე ეჭვობდნენ. მით უმეტეს, რომ დიასპორას ჯიუტად არ აკარებენ იმ პოლიტიკურ ინსტიტუტებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა კონტროლის განხორციელება.  

სომხეთის საინვესტიციო მონაცემები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. 2016 წლის პრველ ნახევარში სომხეთმა პირველად უჩვენა უარყოფითი ციფრები – ინვესტიციების გადინება აჭარბებდა მათ შემოდინებას. საგარეო ვალის ზრდის ფონზე, რომელიც უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს აღემატება, ინვესტიციების არარსებობა სომხეთის ეკონომიკისადმი უნდობლობად ფასდება; მათ შორის – დიასპორის მხრიდანაც. დიასპორას სურს თანხების ჩადება და გაკონტროლება, მაგრამ ჯერჯერობთ ის ასეთი მქანიზმებს არ ფლობს.  

“ჩვენი ზოგიერთი თანამემამულის პირადი და ინსტიტუციონალური  შესაძლებლობები, სომხეთში რაიმეს განვითარების თვალსაზრისით, გაცილებით აღემატება ერთად აღებული რამდენიმე სახელმწიფო უწყების შესაძლებლობებს. და ეს ადამიანები მართლაც დაინტერესებულები არიან სომხეთის განვითარებით. ესე იგი, განვითარების პოლიტიკის ერთობლივად განხორციელების დრო დადგა”, –  განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

შეძლებული სომხების კაპიტალი ხშირად მართლაც უტოლდება სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტს. თუმცა ამ კაპიტალის სომხეთში მოსაზიდად ხელისუფლებას მოუწევს, შექმნას გამჭვირვალე სახელმწიფოებრივი სტრუქტურები და ტრადიციულ სფეროებში მონოპოლიებისგან გათავისუფლდეს. შესაძლოა, ეს ეროვნული, ქსელური სტრუქტურების საშუალებით მოხდეს.   

 გამოქვეყნებულია: 06.12.2016


ასევე წაიკითხეთ