პრემიერის გეგმა - გამოიყვანოს ბრიტანეთი ევროკავშირიდან არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა - პარლამენტმა ჩააგდო. არ არის გამორიცხული ხელმეორე რეფერენდუმი" />

ბრიტანეთის ახალი პრემიერის პირველი მარცხი. ყველაფერი “ბრექსითის” შესახებ

პრემიერის გეგმა - გამოიყვანოს ბრიტანეთი ევროკავშირიდან არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა - პარლამენტმა ჩააგდო. არ არის გამორიცხული ხელმეორე რეფერენდუმი

ბრიტანეთის პარლამენტში ახალი მწვავე დისკუსიებია ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით – გაჭიანურებული პროცესი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის „ბრექსიტის“ სახელითაა ცნობილი.

ახლა საუბარია კანონპროექტის განხილვაზე, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ქვეყნის გამოსვლის თარიღის უფრო გვიანი პერიოდისთვის გადაწევა.

• რას ფიქრობს ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი აშშ-ზე, რუსეთზე, თურქეთზე, ირანსა და სხვა ქვეყნებზე

საუბარია დასავლეთ ევროპაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც დაიწყო 2016 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით. მას შემდეგ დაშორების პირობებზე მიდის მოლაპარაკებები. პროცესი ჩიხშია შესული, თან სდევს ინტრიგები და ახალი რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებით დიდ ბრიტანეთში მილიონიანი საპროტესტო აქციები. ეს ყველაფერი სერიოზულ გავლენას ახდენს ბევრ საერთაშორისო პროცესზე.

 

ყველაფერი, რაც ბრექსიტის შესახებ უნდა იცოდეთ: რატომ გაჩნდა ეს ინიციატივა, მისი მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების არგუმენტები.

2 სექტემბერს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმისკენ, რომ აუკრძალოს პრემიერს ევროკავშირთან კავშირის უხეშად გაწყვეტა, რისკენაც ის აქტიურად მოუწოდებს. ხმათა უმრავლესობით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დღის წესრიგის განსაზღვრის უფლება ჩამოართვან ხელისუფლებას და გადასცენ პარლამენტს.

ეს ნიშნავს, რომ პარლამენტმა მიიღო შესაძლებლობა, კენჭი უყაროს ახალ გადადებას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

• ევროკავშირთან კრიზისის გამო დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო ბიზნესი გადის

• დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ფეისბუკის წინააღმდეგ

კენჭისყრა სერიოზული მარცხი იყო ახალი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მთავრობისთვის. მისი მთავარი დაპირება მმართველი პარტიის ახალ ლიდერად არჩევისას სწორედ ის იყო, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს გეგმის მიხედვით დატოვებს – 31 ოქტომბერს.

სწორედ ამიტომ, კენჭისყრის დასრულებისთანავე ჯონსონმა განაცხადა, რომ თუკი დეპუტატები მხარს დაუჭერენ გადადებას – ის რიგგარეშე არჩევნების გამართვის ინიციატივით გამოვა.

ყველაფერი ამ კვირაში გადაწყდება.

• თუკი ამ ბრძოლაში საპარლამენტო უმრავლესობა გაიმარჯვებს – სავარაუდოდ, ბრექსიტი გადაიდება, ბრიტანეთი კი რიგგარეშე არჩევნებს ჩაატარებს და არ არის გამორიცხული არც ახალი რეფერენდუმის გამართვა ქვეყნის ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე.

• თუკი ბორის ჯონსონი გაიმარჯვებს – დიდი ალბათობით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან 31 ოქტომბერს გამოვა.

The Times მიიჩნევს, რომ მოვლენათა განვითარების ყველაზე მოსალოდნელი ვარიანტი – ვადამდელი არჩევნებია, რომელიც ახალი პრემიერისთვის მაქსიმალური პოლიტიკური რისკის ფონზე ჩაივლის, იმდენად, რამდენადაც ოპოზიციას შეუერთდნენ კონსერვატორი დეპუტატები, რომლებმაც ხმა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მისცეს.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის საწინააღმდეგო პროტესტი ლონდონში. 3 სექტემბერი, 2019. REUTERS/Ammar Awad

ყველაფერი ბრექსიტის შესახებ

ტერმინი ბრექსიტი შედგება ორი ინგლისური სიტყვისგან Britain და exit – და ეს ნიშნავს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლას.

ეს სიტყვა დიდ ბრიტანეთში, 2016 წლის მაისში გამართული რეფერენდუმის შემდეგ გაჩნდა, სადაც მინიმალური უპირატესობით (ორ პროცენტზე ნაკლებით) გაიმარჯვეს გასვლის მომხრეებმა.

დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ეს ამ საკითხზე მოწყობილი მეორე რეფერენდუმი იყო. პირველი 1975 წელს გაიმართა და მაშინ ევროკავშირის წევრობის მომხრეებმა გაიმარჯვეს.

რით არიან ის უკმაყოფილო ბრიტანელები, რომლებმაც ხმა ევროკავშირიდან გასვლას მისცეს? 

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეები, ძირითადად, კონსერვატიული პარტიის მხარდამჭერები არიან, ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ აქვთ.

ამ ადამიანებს სჯერათ, რომ ევროკავშირიდან გასვლა მეტ სამუშაო ადგილს გააჩენს ქვეყნისთვის ტრადიციულ სფეროებში – მაგალითად, სოფლის მეურნეობასა და თევზის ინდუსტრიაში, ასევე, შეაჩერებს მიგრანტების ნაკადს ბრიტანეთში.

რატომ არის ახალგაზრდობა და ოპოზიცია ბრექსიტის წინააღმდეგი?

ბრექსიტის მოწინააღმდეგეები, ძირითადად, ახალგაზრდები არიან, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ და ბიზნესკომპანიებში მუშაობენ. პარლამენტში ბრექსიტის წინააღმდეგ გამოდის ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტია“, მაგრამ მის პოზიციას იზიარებს ზოგიერთი დეპუტატი მმართველი, კონსერვატიული პარტიიდანაც.

ეს ადამიანები საკუთარ კარიერას უკავშირებენ, ძირითადად, არა დიდი ბრიტანეთისთვის ტრადიციულ მეურნეობებს, არამედ, სამუშაო ადგილებს მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში. სწორედ ეს სამუშაო ადგილები დაზარალდება ბრექსიტის შემთხვევაში და ახალგაზრდობის ამ ნაწილს პერსპექტივაში ქვეყნის დატოვება და ნიდერლანდებში ან გერმანიაში გადასვლა მოუწევთ.

რაც შეეხება ოპოზიციის მხარდაჭერას, ბევრი ექსპერტის აზრით, ამაში გამოიხატება ლეიბორისტების ბრძოლა პოლიტიკური ოპონენტების – კონსერვატორების წინააღმდეგ.

რატომ არ არის ევროკავშირი ბედნიერი ამ პერსპექტივით?

დიდი ბრიტანეთი – მეხუთეა თავისი ზომით მსოფლიო ეკონომიკაში. მისი დაკარგვა – დარტყმაა მთელი ევროკავშირის ეკონომიკისთვის.

საზოგადოების გაყოფა ბრიტანეთში და სეპარატიზმის საფრთხე

2016 წლის რეფერენდუმის შედეგებმა მასშტაბური გაყოფა გამოიწვია არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ დიდი ბრიტანეთის პარლამენტსა და ხელისუფლებაშიც.

ამას გარდა, ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგ მკვეთრი პოზიცია დააფიქსირეს ამომრჩევლებმა გაერთიანებული სამეფოს სამი ნაწილიდან – შოტლანდიიდან, უელსიდან და ჩრდილოეთ ირლანდიიდან. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, შოტლანდიის მმართველი პარტია საკუთარი რეფერენდუმის გამართვით იმუქრება – რომლის საკითხიც შოტლანდიის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლა იქნება.

ხელისუფლება ბრექსიტთან დაკავშირებით გაიხლიჩა. მაგრამ 2019 წლის მარტის შემდეგ ეს აღარ არის არსებითად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ხელისუფლებას ბრექსიტის პროცესის ხელმძღვანელობის შესაძლებლობა ჩამოერთვა. გადაწყვეტილების მიღების უფლება პარლამენტს გადაეცა.

თუმცა ამის გაკეთება ძალიან ძნელი აღმოჩნდა. რეფერენდუმზე მხოლოდ ერთი კითხვა იყო, რომლისთვისაც ან „დიახ“, ან „არა“ უნდა გეპასუხა და ეს საკითხი წყდებოდა უბრალო უმრავლესობით. პარლამენტში კი საჭიროა ბრექსიტთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტა, რომლებზეც ბრექსიტის მოწინააღმდეგეები და მომხრეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ბოლო ვადა 2019 წლის 29 მარტი იყო. მაგრამ ქვეყანამ ვერ მოახერხა შეთანხმების მიღწევა. გასვლის ახალ თარიღად 12 აპრილი დასახელდა. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა, რომ ვადა 30 ივნისამდე გაუგრძელონ.

ყველაზე მოსალოდნელი სცენარი ამ ეტაპზე

ყველაზე სარისკო სცენარად ითვლება ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა (no deal Brexit). ეს დიდი დარტყმა იქნება ბრიტანეთის ეკონომიკისთვის, რომელიც ღრმად არის ინტეგრირებული ევროპაში. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაიხუროს ათობით წარმოება, ათობით ათასი ადამიანი დარჩეს სამსახურის გარეშე, მოსალოდნელია ფასების სერიოზული მატება და საქონლის დეფიციტი, მაგალითად, წამლების.

ამ დროისთვის ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა 31 ოქტომბერსაა დანიშნული.


ასევე წაიკითხეთ