აფხაზეთი: ოპოზიციის ლიდერის ხელმეორედ მოწამვლაზე ეჭვმა, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნები ჩაშალოს
ოპოზიციის ლიდერი და აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მომავალ, 22 მარტს დანიშნულ არჩევნებზე, ასლან ბჟანია, უკვე მესამე დღეა მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ და დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არჩევნების ჩაშლით იმუქრებიან.
2019 წლის აპრილის შუაში, ასლან ბჟანია მძიმე მდგომარეობაში მოსკოვის საავადმყოფოში მოათავსეს. მოგვიანებით კი გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც მისი ავადმყოფობა მძიმე მეტალებით მოწამვლას დაუკავშირეს. თავად ასლან ბჟანია და მისი მხარდამჭერები დარწმუნებულები არიან, რომ ის მოწამლეს, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში არ მიეღო მონაწილეობა. გამოძიებამ ამ დროისთვის ეს ვერსია არ დაადასტურა.
საპრეზიდენტო არჩევნები ასლან ბჟანიას გარეშე ჩატარდა. 2019 წლის სექტემბერში, მეორე ტურში გაიმარჯვა და მეორე ვადით პრეზიდენტად აირჩიეს რაულ ხაჯიმბა. თუმცა, ოპოზიცია ამ გამარჯვებას არალეგიტიმურად მიიჩნევდა. 2020 წლის იანვარში მოსახლეობის ბუნტის შემდეგ, როდესაც შტურმით აიღეს პრეზიდენტის სასახლე, არჩევნების შედეგების ანულირება მოახდინეს და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს დანიშნეს. ამ დროისთვის ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ ის აფხაზეთში დაბრუნდა და აქტიური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
კრასნოდარის კლინიკამ, სადაც ამჯერად მოათავსეს ბჟანია, ასეთი დიაგნოზი გაავრცელა: ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია. თუმცა, ოპოზიციას დიაგნოზში ეჭვი ეპარება. ბევრს მიაჩნია, რომ მძიმე მეტალებით მოწამვლისგან ჯერ კიდევ ბოლომდე განუკურნებელი ბჟანია, ახლიდან მოწამლეს.
სწორედ ეს ვერსია გაავრცელეს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტიმ“ და სხვა რუსულმა საინფორმაციო წყაროებმა და ამან სოხუმში აღშფოთება გამოიწვია.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ვალერი ბგანბა აფხაზეთში რუსეთის ელჩს, ალექსეი დვინიანინს შეხვდა და განუცხადა, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებას აფასებს, როგორც „აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზაციის უხეშ მცდელობას, რამაც შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს“.
• აფხაზეთში საპრეზიდენტო რბოლის ლიდერები გაერთიანდნენ
• რა მოხდა აფხაზეთში და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?
ბგანბამ მოითხოვა, დაუყოვნებლივ გადაეცეს აფხაზეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფს წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად „რია-ნოვოსტისათვის“ ხელმისაწვდომი ინფორმაცია და სამედიცინო დასკვნები.
„ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეფასდება, როგორც არამეგობრული აქტი აფხაზეთთან მიმართებით და ვიტოვებთ უფლებას, ვიმოქმედოთ აფხაზეთის სუვერენიტეტისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად“, – განაცხადა ვალერი ბგანბამ.
აფხაზეთიდან ასეთმა მკაცრმა რიტორიკამ სენსაციური ხასიათი შეიძინა. მიზეზი, როგორც ჩანს, აფხაზეთში პოლიტიკური ვითარების ახალი გამწვავებაა. ასლან ბჟანიას თანაქალაქელებმა, ტამიშელებმა, 4 მარტს ფაქტობრივად ხელში ჩაიგდეს პრეზიდენტის სასახლე და მასშტაბური მოთხოვნები წამოაყენეს: ბგანბას, ძალოვანი სტრუქტურების, აფხაზეთის ყველა ქალაქისა და რაიონის ხელმძღვანელის გადადგომა.
ბჟანიას შტაბმა განაცხადა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ამ აქციასთან.
აქციის დროს, „ნუჟნაია გაზეტას“ ორი ჟურნალისტი დაზარალდა. იზიდა ჭანიას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დაარტყა, რადგან მას არ მოსწონს ის, როგორ წერს ჟურნალისტი აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე. მისი ქალიშვილი, ოლგა ჯონუა თითქმის დააგორეს კიბიდან, როდესაც ის თავდამსხმელისთვის ხელის შეშლას შეეცადა.
მხოლოდ საღამოს მიაღწია მოლაპარაკებებმა წარმატებას და აქციის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ არსებული მოედნის დატოვებას დათანხმდნენ.
აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების ბედი ახლა იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ასლან ბჟანიას საბოლოო დიაგნოზი და მისი გამოჯანმრთელების პროგნოზი. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა, პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი – ადგურ არძინბა და ლეონიდ ძიაფშიპა, ასევე ბადრი გუნბა, რომელიც ასლან ბჟანიასთან ერთად ვიცე-პრეზიდენტობისთვის იბრძვის, შეთანხმდნენ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში მიიღებენ შეთანხმებულ გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნების სამომავლო ბედის შესახებ.
თუკი დადასტურდება, რომ ბჟანია კვლავ მოწამლეს – საპრეზიდენტო არჩევნებს, დიდი ალბათობით, გადადებენ.
ყველა ჩინოვნიკი, რომლების გადადგომასაც ასლან ბჟანიას თანაქალაქელები მოითხოვდნენ, ჯერჯერობით საკუთარ თანამდებობებზე რჩებიან.