ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 1000 კვ/მ ტყის ფართი დაიწვა. ხანძარია ქობულეთის აღკვეთილშიც, სადაც ცეცხლი 2,5-3 ჰა ტყის მასივს უკიდია. ქობულეთის აღკვეთილში მეხანძრეები ამ დრომდე მუშაობენ.
ბოლო 10 დღის განმავლობაში ხანძრის ყველაზე მეტი შემთხვევა – 18 კერა კახეთში დაფიქსირდა. ყველაზე დიდი ფართი – 200 ჰექტარი კი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში დაიწვა.
ხანძარი ლიკვიდირებულია სამეგრელოში – ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, ასევე სოფელ ლიაში, რაჭაში – ხვანჭკარაში, შიდა ქართლში – გოსტიბეში, სამცხე-ჯავახეთში – ლიკანში, აჭარაში – ქობულეთში, იმერეთში – ჭალოვანში.
ღია კერები აღარაა და ნახანძრალის დამუშავება მიმდინარეობს გურიაში – ვაკიჯვარში და რაჭაში – კრიხში;
ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარაა კახეთში, სოფელ გომბორთან, ქვემო-ქართლში – თეთრიწყაროში, გურიაში – გომსა და მამათში.
აქტიური კერებია იმერეთში – ხონსა და ტყიბულში, სამეგრელოში – ეწერში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ხანძრების გახშირება კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მძიმე შედეგია: ხანგრძლივი უნალექო პერიოდის გამო, რომელიც საქართველოში მთელი ზამთრის განმავლობაში შენარჩუნდა, ხანძრების რისკი ტყეებში განსაკუთრებით მომატებულია – გამომშრალია ნიადაგი და ბალახეული საფარი. რაც როგორც ხანძრის წარმოშობას, ასევე მის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს“.
მინისტრის განცხადებით, ტყეში ხანძარი ხშირად ადამიანთა დაუდევრობის გამოც ჩნდება.
რამდენიმე შემთხვევაში ცეცხლი კერძო ნაკვეთებში ნარჩენების დაწვის შედეგად გავრცელდა: სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე საგაზაფხულო სამუშაოების დროს ნარჩენების დაწვა საქართველოში გავრცელებული პრაქტიკაა.
ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულია ეროვნული სატყეო სააგენტოს 150-მდე მეტყევე სპეციალისტი, 1000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ასევე სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი.