ხალხი წინააღმდეგია! და მორჩა
რა არ სურთ ტავუშელებს?
უკვე ერთი კვირაა, რაც ტავუშის მოსახლეობა თემების გაერთიანების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს მართავს. რამდენჯერმე ავტომაგისტრალიც კი გადაკეტეს. გზებს ზოგჯერ იმისთვისაც კეტავდნენ, რომ მათ რაიონში ტერიტორიული მმართველობის მინისტრი ვერ ჩასულიყო. ხან კი, ამგვარი ქმედებით იმავე მინისტრთან და გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვდნენ.
გასულ კვირას თემების გამსხვილების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღეო პარლამენტმა, მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრამდე მცირე ხნით ადრე რამდენიმე დეპუტატმა 118 ქალაქისა და სოფლის ბედის განმსაზღვრელი ამ საკანონმდებლო პაკეტის განხილვის გადადება მოითხოვა. ზემოაღნიშნული დეპუტატები, თემების მოსახლეობის მსგავსად, მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე ეს ნაბიჯი გაუმართლებელია.
სიტუაცია ერთი სოფლის მაგალითზე
მთებს შორის, ხეობაში ჩამალულ სოფელ ბარეკამავანს წინათ ასეც ერქვა – “ტაკნაგიუხი” (“დამალული სოფელი”). ბარეკამავანი ტავუშის რაიონის ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია, რომელიც რაიონული ცენტრიდან 48 კილომეტრში მდებარეობს და საზღვრის მიმდებარე რაიონს ზურგს უმაგრებს. ვოსკეპარის ქედის გადაღმა აზერბაიჯანული სოფლებია განლაგებული.
2011 წლის შემდეგ ბარეკამავანის მოსახლეობა 120 ადამიანით შემცირდა. ამჟამად სოფელში 180 მოსახლეა რეგისტრირებული. მათგან 25 სკოლამდელი ასაკის ბავშვია, 30 ადამიანი საშუალო ასაკისაა, ყველა დანარჩენი მოსახლე კი ასაკოვანია. გამსხვილების პროგრამის გამო კი, სოფლიდან კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავა. ასე ფიქრობს გარიკ აბაზიანი, რომელიც, უკვე 8 წელია, სოფელს მართავს.
“გამსხვილება გამოიწვევს სოფლების დაცარიელებას, განსაკუთრებით – საზღვრისპირა დასახლებების. საზღვრის მიმდებარე სოფლებისთვის მაინც უნდა მიეცათ განსაკუთრებული სტატუსი და გაერთიანებული თემების სიებში არ უნდა შეეტანათ.”
თემების გამსხვილების პროგრამამ საპროტესტო ტალღა არამხოლოდ ბარეკამავანში, არამედ მეზობელ სოფლებშიც ააგორა. მოსახლეობაში გაჩნდა საპროტესტო მოძრაობა დევიზით “ჩვენი სოფელი სოფლადვე დარჩება.”
პროტესტის არსი ერთი ადამიანის მაგალითზე
68 წლის გრაჩიკ კარაკეკიშიანი წარმოშობით ბარეკამავანიდანაა. ამბობს, რომ მისი ოჯახის ხუთივე წევრი თემის გამსხვილებას ეწინააღმდეგება. მიზეზი კი მარტივია:
“ერთი თვის წინათ ნოემბერიანში ჩავედი. გოგონას ვუთხარი, – ბარეკამავანიდან ვარ და თუ შეიძლება, მალე გადაწყვიტეთ ჩემი საკითხი, სახლში რომ წავიდე-მეთქი. რაღაც დაწერა ფურცელზე და მომაწოდა: რიგში 51-ე ხართ, მოიცადეთო. და ყოველ ჯერზე ასე უნდა მოხდეს? ამ ხნის ადამიანი ყველა საკითხის მოსაგვარებლად ნოემბერიანში უნდა ჩავიდე? რამდენად სწორია ეს ყველაფერი?
ვერ გეტყვით, მოიტანს თუ არა გაერთიანება რაიმე კარგს, მაგრამ მიპასუხეთ, სამართლიანია თუ არა, რომ ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად ნოემბერიანში უნდა მომიხდეს ჩასვლა. თანაც, ყოველ ჯერზე 5000 დრამი (10 დოლარზე მეტი) ტაქსიში დამეხარჯება; არადა, პენსია სულ რაღაც 28 ათასი დრამი (60 დოლარზე ნაკლები) მაქვს, ჩემს ცოლსაც დაახლოებით ამდენივე აქვს, და არც არანაირ შემწეობას არ ვიღებთ. ჰოდა, ეს რაღა საჭიროა?”
ბარეკამავანის თემში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ აქვთ. ნოემბერიანთან კავშირს უზრუნველყოფს ერთადერთი სატრანსპორტო საშუალება – პურის მანქანა, რომელშიც მხოლოდ ერთი მგზავრის ადგილია. ბარეკამავანელები ამბობენ, რომ მძღოლი კეთილი კაცია; მიუხედავად იმისა, რომ მგზავრების გადაყვანის უფლება არ აქვს, მაინც ყოველთვის დაჰყავს ადამიანები ნოემბერიანში, თანაც – უფასოდ.
ორიოდე სიტყვა ბარეკამავანის შესახებ
სოფელ ბარეკამავანის ბიუჯეტი 6 მილიონ ხუთას ათას დრამს (დაახლოებით 14 ათას დოლარს) შეადგენს. კიდევ 3 მილიონ 600 ათას დრამს სოფელს თავდაცვის სამინისტრო გადასცემს და მთელი ეს თანხა კავშირგაბმულობასა და ელექტროენერგიაში იხარჯება. საბიუჯეტო სახსრებით კი სოფელი ადგილობრივი ადმინისტრაციის ხუთი სამუშაო ადგილის უზრუნველყოფას ახერხებს. სხვა მიზნების განსახორციელებლად სახსრები აღარ რჩება.
სოფლის ერთადერთი სიმდიდრეა მტკიცე სულის მოსახლეობა. სოფელში სხვა არაფერია – არც საბანკეტო დარბაზი, არც ბიბლიოთეკა და არც საბავშვო ბაღი. სოფლის ადმინისტრაციის პატარა შენობაც კი სავავალო მდგომარეობაშია და რემონტს საჭიროებს.
“ჩემი რვაწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა სოფლის როლს ზრდის, რადგან სამინისტროებს ჩვენი პრობლემების შესახებ დამოუკიდებლად ვესაუბრებით და დადებით შედეგებს ვიღებთ. მაგალითად, საბჭოთა პერიოდში სოფელი არ იყო გაზიფიცირებული, დღეს კი გაზიფიკაცია უკვე დასრულებულია.
გამსხვილების შემთხვევაში, პატარა თემებს უხუცესთა საბჭოში, სავარაუდოდ, საკუთარი წარმომადგენლებიც კი არ ეყოლებათ, რადგან ჩვენ მხოლოდ 150 ამომრჩეველი გვყავს, გაერთიანების სხვა რგოლებს კი (მაგალითად, ნოემბერიანს) – 3 ათასზე მეტი. ბარდავანის თემში 2 ათას ამომრჩეველზე მეტია,” – ამბობს ბარეკამავანის მამასახლისი, გარიკ აბაზიანი.
წარსულის მწარე გამოცდილება
ბარეკამავანის თემს გამსხვილების გამოცდილება წარსულშიც ჰქონდა. ჯერ კიდევ 60-იან წლებში სოფელი კოტის თემს მიუერთეს. მოსახლეობა ირწმუნება, რომ ამას კარგი არაფერი მოუტანია.
ამიტომაც მონაწილეობდა ბარეკამავანის მოსახლეობა აქტიურად რამდენიმე დღის წინათ ნოემბრიანში ჩატარებულ გამსხვილების საწინააღმდეგო აქციაში. აქციის მონაწილეთა შორის იყო ბარეკამავანის მამასახლისის მოადგილე, ჯონიკ მიქაელიანი:
“ცუდი იმიტომ იყო, რომ მოსახლეობა წვალობდა. კოტი ბარეკამავანიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. არადა, ყველა საკითხის მოსაგვარებლად კოტიში ჩასვლა გვიწევდა. რთული იყო. ახლაც იგივე ხდება, უბრალოდ კიდევ უფრო მეტი სირთულე გაჩნდება.”
ირღვევა კონსტიტუცია
ქვეყნის კონსტიტუციის 190-ე მუხლში (ადგილობრივი თვითმმართველობა, მეცხრე თავი, თემების გაერთიანება და დაყოფა) აღნიშნულია – საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ თემები კანონის შესაბამისად გაერთიანდეს, ან დაიყოს. შესაბამისი კანონის მიღებისას ეროვნული კრება ვალდებულია, ამ თემების მოსაზრება გაითვალისწინოს.
ბარეკამავანის მოსახლეობის უმრავლესობისათვის კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი ნაცნობია. ეს კანონი დაირღვა, რადგან ბარეკამავანელებს არ აცნობეს, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ, და თან, მოსახლეობის აზრი არათუ არ გაითვალისწინეს, არამედ საერთოდ არც კი უკითხავთ.
“შესაძლოა, გამსხვილება კარგიცაა, მაგრამ მე არ ვიცი – ჩვენ არ ვართ გათვითცნობიერებულები. ინფორმაცია არ გვაქვს. მოსახლეობა ხელმოწერებს აგროვებს. ვნახოთ, რა მოხდება – ვინ არის მომხრე, და ვინ – წინააღმდეგი.
ამ ხელმოწერებს პრეზიდენტ სერჟ სარგიანს გავუგზავნით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს აზრს ანგარიშს გაუწევენ – პირველ რიგში, ეს გვინდა, რომ ხალხს მოუსმინონ. ჩვენ აქ ვცხოვრობთ და უკეთ ვიცით, რა არის ჩვენთვის უკეთესი. ვითხოვთ, რომ ჩვენი მიდგომა (განსაკუთრებით კი საზღვრისპირა სოფლის სტატუსთან დაკავშირებით) გაითვალისწინონ”, – ამბობს სოფლის მამასახლისის მოადგილე, ჯონიკ მიქაელიანი.
ბარეკამავანის მკვიდრის, გრანტ აბაზიანის თქმით, მისთვის და მის თანასოფლელებისთვის განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ინფორმაციის არარსებობა.
“შესაძლოა, ეს პროგრამა კარგიც არის, მაგრამ სოფლის მოსახლეობა ამ საკითხში სათანადოდ არ არის გათვითცნობიერებული. ვიდრე პროექტის განხორციელებას დაიწყებდნენ, შეეძლოთ, სოფელში სერიოზული სპეციალისტები გამოეგზავნთ, რომლებიც ამ მოვლენის დადებით და უარყოფით მხარეებს წარმოგვიდგენდნენ, და მოსახლეობა გადაწყვეტილებას ამის საფუძველზე მიიღებდა. შესაძლოა, ნებაყოფლობითაც კი დათანხმებულიყვნენ. არავის ეგონოს, რომ ხელისფლებას ჩვენთვის სიკეთე უნდა, ჩვენ კი – არა. ჩვენივე კეთილდღეობა მათზე მეტად ხომ თავად გვაღელვებს.
გრანტ აბაზიანი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინათ სოფლის მოსახლეობა ტერიტორიული მართვისა და განვითარების მინისტრს, დავიდ ლოკიანს შეხვდა და მას საკუთარი პრეტენზიები და კითხვები წარუდგინა. თუმცა, პასუხები ვერ მიიღეს.
“ყველა ზემოდან მოსული მათი კაცია. ხომ არ იტყვიან, რომ პროგრამა ცუდია! პირიქით, თავის მართლებას იწყებენ და თითოეულ წვრილმანს მხოლოდ დადებითად წარმოაჩენენ, და არა ისე, როგორც სინამდვილეშია. მაგრამ ხალხს მაინც ვერ აჯერებენ – ნებისმიერს შეგიძლიათ ჰკითხოთ,” – ამბობს ბარეკამავანის მკვიდრი, გრანტ აბაზიანი.
მეზობლებიც წინააღმდეგნი არიან
ხელმოწერები არამხოლოდ ბარეკამავანში, არამედ ტავუშის რაიონის სხვა თემებშიც გროვდება.
ბარეკამავანის მამასახლისი, გარიკ აბაზიანი აღნიშნავს, რომ ეს საკითხი ასე მოულოდნელად რომ არ წამოეწიათ, მას ასეთი გამოხმაურება არ მოჰყვებოდა:
“გამოდის, რომ ერთ მშვენიერ დილას ადამიანი გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ თურმე სხვა სოფელში ცხოვრობს? ფაქტობრივად, ასე გამოდის. ადგილობრივი თვითმმართველობები აძლიერებს ჩვენნაირ სოფლებს, გაერთიანება კი ასუსტებს.
რა უფლებები უნდა ჰქონდეს სრულუფლებიან წარმომადგენელს? ის უფლებები ნამდვილად არ ექნება, რაც სოფლის არჩეულ მამასახლისს აქვს. ჩვენი სოფლის მსგავს დასახლებებში მამასახლისები ბევრ ისეთ საქმეს აკეთებენ, რაც მათ მოვალეობებში არც კი შედის. მაგალითად, სოფლის თავი ჯანდაცვის საკითხებს უწყვეტს თითოეულ ოჯახს. მას შეუძლია, ერთი ავადმყოფი მოსახლის გამო, ერთი-ორი დღით ჩავიდეს ერევანში, რომ პაციენტს სამედიცინო პრობლემები მოუგვაროს და შემწეობის მიღებაში დაეხმაროს.
არ ვამბობ, რომ გაერთიანებული თემის ხელმძღვანელი იგივეს არ გააკეთებს, მაგრამ ის უფრო დატვირთული იქნება და, უბრალოდ, არ ექნება ამის დრო. ეს ბრძოლა თანამდებობისთვის კი არა, თემის კეთილდღეობისათვის ხდება.”
გამოქვეყნდა: 01.07.2016