შავი მელანთევზას ბურგერი
Vincenzo ახალი კაფეა ცხინვალში, რომელიც გადატრიალებაა ადგილობრივ სარესტორნო ბიზნესში. აღსანიშნავია, რომ:
• ეს არის ევროპული დონის პირველი დაწესებულება;
• Vincenzo-ს შენობა ერთადერთი მრავალდონიანი ნაგებობაა ქალაქში;
• აქ სტუმრებს ერთდროულად სამ (ოსურ, ევროპულ და იაპონურ) სამზარეულოს სთავაზობენ.
ამას გარდა, Vincenzo-ში აქვთ არაჩვეულებრივი და ერთადერთი ჯადოსნური მაყალიც. მაგრამ ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით.
კაფეს ერთ-ერთი მფლობელის, ალბერტ ვალიევის თქმით, აქ ყველაფერი მოდისა და ტექნიკის უკანასკნელი ტენდენციების მიხედვითაა მოწყობილი – არამხოლოდ არქიტექტურა და ავეჯი, არამედ ვენტილაცია, კონდიცირება და მომსახურების ხარისხიც.
მთლიანობაში აქ 80-ზე მეტი ახალგაზრდა მუშაობს. Vincenzo-ს მმართველი, ანდრეი სოკური აღნიშნავს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში თავად ასწავლიდა თანამშრომლებს მუშაობის წესებსა და სტილს.
“მაგიდის გაწყობას, სტუმრებთან სწორად საუბარსა და კლიენტების სწრაფად და ლამაზად მომსახურებას ვასწავლიდი. ჩემთვის მთავარია, რომ არა უბრალოდ ოფიციანტები, არამედ ისეთი პიროვნებები აღვზარდო, რომლებიც მომავალში საკუთარი სახელმწიფოს მართვას შეძლებენ. და დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენი მასტერკლასები გაიარეს, ცხოვრებაში არ დაიკარგებიან.”
ანჟელა კოკოევა ჟურნალისტია, მაგრამ ორი წლის წინათ, სწავლის დასრულების შემდეგ სტაჟირება ტელევიზიაში გაიარა და უცებ მიხვდა, რომ მედიასივრცეში მუშაობა აღარ სურს.
“არ ვიცი, რა დამემართა მაშინ. მიზეზსაც ვერ განვმარტავ. უბრალოდ, ჟურნალისტიკა გადამიყვარდა. აქ ამ დაწესებულების გახსნის დღიდან ვმუშაობ და ძალიან მომწონს. კარგ შემოსავალს ვიღებ – თვეში დაახლოებით 20 ათასი რუბლი [დაახლოებით $300] გამომდის იმის წყალობით, რომ ბევრი კლიენტი “გასამრჯელოდ” საკმაოდ დიდ თანხას მიტოვებს ხოლმე.”
კაფე Vincenzo საკმაოდ ძვირად ღირებულ იდეას წარმოადგენდა, რომელიც საინვესტიციო სააგენტოს დახმარების გარეშე, ალბათ ვერ განხორციელდებოდა. კაფეს თითოეული სართული 200 კვადრატულ მეტრზე დიდ ფართობს იკავებს. სულ ოთხი სართულია. ალბერტ ვალიევის თქმით, მხოლოდ ავეჯზე 5 მილიონი რუბლი [დაახლოებით $ 76 000] დაიხარჯა, სამზარეულოს აღჭურვილობა კი 3,5 მილიონი რუბლი [დაახლოებით $52 000] დაჯდა.
“ჩვენ პროგრამით გათვალისწინებული მინიმალური თანხა, პროექტის საერთო ღირებულების 10 პროცენტი ჩავდეთ და ორი კრედიტი ავიღეთ – წლიური ათი პროცენტის განაკვეთით. თავიდან იმედგაცრუება დაგვეუფლა. დაფინანსების ძირითადი წყარო თანხების მოწოდებას აყოვნებდა, რის გამოც კაფე წინასწარ განსაზღვრულ დროს ვერ გავხსენით. გვინდოდა, რომ Vincenzo 2015 წლის დეკემბერში გაგვეხსნა. მომსახურე პერსონალს უკვე გავლილი ჰქონდა სასწავლო კურსები და მუშაობისთვის მზად იყო! თანამშრომელთა ნაწილი აღარ დაგველოდა. ეს ადამიანები სხვაგან დასაქმდნენ. ამდენად, ჩვენ დავკარგეთ ის აქტივები, რომლებიც მათ მომზადებაში ჩავდეთ.”
ალბერტ ვალიევი ხუმრობს: “გამოდის, რომ Vincenzo, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ფეხზე არ დამდგარა, ქველმოქმედებას ეწევა – კადრებს უფასოდ ამზადებს.”
საერთოდ, Vincenzo მისი მფლობელებისთვის ერთობ სარისკო ექსპერიმენტია. ამ ობიექტის შესაქმნელად მათ დიდი კრედიტი აიღეს. თუმცა, ამ დაწესებულების გახსნა საინვესტიციო სააგენტოსთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ესაა 2014 წელს შექმნილი, ამ უწყების მიერ ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მიზნით განხორციელებული პირველი ინვესტიცია.
“რესპუბლიკაში საკუთარი ბიზნესის გახსნისა და განვითარების მსურველი მეწარმეების მხარდაჭერა ჩვენი პრიორიტეტია. ამ გზით ერთდროულად ორი მიზნის მიღწევას ვცდილობთ – ინვესტიციების მოზიდვასაც ვაპირებთ, და ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებასაც ვგეგმავთ,” – ამბობს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანამშრომელი, ვილიამ ძაგოევი.
Vincenzo-ს ამუშავების შემდეგ საინვესტიციო სააგენტომ კიდევ ორი პროექტის – ხორცის გადამამუშავებელი ქარხნისა და საბავშვო ბაღის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ სამი განცხადების ბედი ორ თვეში გახდება ცნობილი.
ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი საზოგადოებისათვის Vincenzo არატრადიციული ბარ-რესტორანია, ეს დაწესებულება სამხრეთ ოსეთში ყველაზე პოპულარულია.
პირველი სართული განკუთვნილია ბავშვებისათვის აქ დაბადების დღეეებისა და სხვა დღესასწაულების გადახდა შეიძლება. ეს არის ერთადერთი ადგილი ქალაქში, სადაც სადღესასწაულო ცენტრში შეკრებილ ბავშვებს პროფესიონალი ანიმატორები გაართობენ.
მეორე სართულზე მდებარეობს “ბისტრო”, სადაც ტორტები და ნამცხვრები იყიდება.
მესამე სართულზე განლაგებულია რესტორანი, რომელშიც განსაკუთრებული განათებაა დამონტაჟებული.
მეოთხეზე კი საზაფხულო მოედანია ბარითა და ფიჭვების არაჩვეულებრივი ხედით. აქვეა ზემოაღნიშნული ჯადოსნური მაყალიც, რომელიც რკინისა და აგურისგანაა დამზადებული და მასში როგორც ხორცის, ისე თევზისა და ბოსტნეულის შეწვა შეიძლება.
ყველა სართულზე ოფიციანტებს ერთგვაროვანი და საკმაოდ მოკრძალებული სამოსი აცვიათ. “თავიდან ვვარაუდობდით, რომ ჩვენთან მოსულ სტუმრები ლამაზად იქნებოდნენ გამოწყობილნები, მაგრამ აქ შემოსული მამაკაცების დიდ ნაწილს სპორტული ფორმა, ან შორტები აცვია. ამიტომ, ოფიციანტებისთვის ბაფთების გაკეთება არ ღირს,” – ამბობს მმართველი ანდრეი სოკური.
Vincenzo-ში ყველაზე პოპულარულ კერძად იქცა შავი ბურგერი, რომლის შეფერილობაც შავი მელანთევზასგან დამზადებული ნატურალური საღებავისა და სირბახტის თეთრი მარცვლების დამსახურებაა.
ყველაზე მოთხოვნადი სასმელია რძის კოქტეილი სახელად “ბავშვობიდან”, რომელიც შოკოლადითა და ორცხობილათი მზადდება. ამას გარდა, პოპულარულია ადგილობრივი (პურის, შტოშისა და მსხლის) ნაყენებიც.
ყველაზე გაყიდვადი დესერტია ბანანისა და შოკოლადის ტორტი, რომელიც ვლადიკავკაზის საკონდოტრო საამქროში მზადდება.
ანჟელა კოკოევა:
“ჩვენი რესტორანი ახალი გახსნილი იყო, როდესაც მოხდა შემთხვევა, რომელსაც ყოელთვის ღიმილით ვიხსენებ ხოლმე. ერთმა სტუმარმა სტეიკი შეუკვეთა, და როდესაც მივუტანე, – რომელ ტაფაზე შეწვესო, – მკითხა. განსაკუთრებულ ტაფაზე-მეთქი, – ვუპასუხე. მოეწონა! ამბობენ, – ცარიელ ხელფასზე მხოლოდ ცუდი ოფიციანტები მუშაობენო. ასე რომ, მე კარგი ოფიციანტი ვარ.”
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 09.08.2016