ტერაქტი ლონდონში. რას ჰყვებიან თვითმხილველები
წინასაწარი მონაცემებით, კვირას ღამით, 4 ივნისს ლონდონის ცენტრში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 48 – საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
ფურგონი ლონდონის ხიდზე (London bridge) დიდი სიჩქარით შევარდა და განგებ დაეჯახა რამდენიმე ფეხით მოსიარულეს, რომელთაგან ზოგი გარდაიცვალა. ამის შემდეგ, პრაქტიკულად მაშინვე იქვე ახლოს მდებარე „ბორო მარკეტის“ რაიონში სამი უცნობი გამვლელებს დანებით თავს დაესხა.
პოლიცია იტყობინება, რომ იყო სამი ეჭვმიტანილი, და შემთხვევის ადგილას მისულმა პოლიციელებმა ყველა მათგანი დახოცეს.
გაჩნდა ლონდონში მომხდარი თავდასხმის შესაძლო მონაწილის ფოტოც:
ლონდონის პოლიციამ დაადასტურა, რომ “ლონდონ ბრიჯსა” და “ბორო მარკეტში” მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად ფასდება.
BBC თვითმხილველთა ნაამბობს გადმოსცემს:
„ადამიანი ჩემ თვალწინ დაჭრეს“
ნატალი და ბენი მეტროსადგურ „ბოროუ ჰაი-სთრითის“ შესასვლელს უახლოვდებოდნენ, როდესაც სირბილით წამოსული უამრავი ადამიანი დაინახეს.
ცოლ-ქმრის თვალწინ ადამიანს დანით დაესხნენ თავს.
„მე დავინახე წითელტანსაცმლიანი მამაკაცი, რომელსაც საკმაოდ დიდი დანა ეკავა, ვფიქრობ, დანის პირი ათი დუიმი (25 სმ) მაინც იქნებოდა, – ჰყვება ბენი, – ის ადამიანს თავს დაესხა და დანა სამჯერ ჩაარტყა, და თან – სრულიად უემოციოდ“.
თავის საქმე დაასრულა, და გზა მშვიდად გააგრძელა. ბენს მოეჩვენა, რომ მას თანმხლებიც ჰყავდა.
„დანიან კაცს ვიღაცამ პატარა მაგიდა ესროლა, ვიღაცამ ბოთლი ჩაარტყა. შემდეგ მე და ჩემმა ცოლმა სამი გასროლა გავიგონეთ და გავიქეცით“.
„მე ყელში დაჭრილი ქალი ვნახე“
ალექს შელამი ამ დროს შეყვარებულთან და ორ მეგობართან ერთად ლონდონის ხიდის ქვეშ მდებარე პაბში იმყოფებოდა.
“საღამოს 10 საათზე პაბში დაჭრილი ქალი შემოვარდა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. მას ყელზე ჭრილობა ჰქონდა და სისხლი თქრიალით სდიოდა – გეგონებოდათ, რომ ყელი ჰქონდა გამოჭრილი. ადამიანები ცდილობდნენ, მისთვის სისხლდენა შეეჩერებინათ. პაბი დაკეტეს“.
„გარეთ საგანგებო სამსახური სხვა ადამიანის რეანიმირებას ცდილობდა. იქ შეიარაღებული პოლიციელები იდგნენ, რომლებმაც გვითხრეს, რომ წავსულიყავით“.
„პოლიციელებმა გვითხრეს, რომ სამზარეულოში მოგვეცადა, ვიდრე ისინი მიმდებარე ტერიტორიას ამოწმებდნენ. შემდეგ რესტორნის დატოვება გვიბრძანეს და, ვიდრე საშიშ ზონას გავცდებოდით, სირბილით გვაცილებდნენ.
„ჩვენ 50 პოლიციელს ვყავდით მიზანში ამოღებული“
კუმი დე კოსტა და მისი ორი დაქალი “ბოროუ მარკეტის” რაიონში მომხდარი თავდასხმის მოწმეები გახდნენ.
“ტაქსის მძღოლმა ბაზრობისკენ გაუხვია, და უცებ სროლის შუაგულში აღმოვჩნდით ჩაკეტილები. ქუჩა ცალმხრივი იყო და მოტრიალება არ შეგვეძლო“.
ისმოდა უამრავი გასროლის ხმა. ეკლესიის უკან ორი ადამიანი მიწაზე იწვა, ორი თუ სამი ადამიანი მათ დასტრიალებდა.
სროლის გამო, ორჯერ ტაქსის იატაკზე მოგვიხდა დაწოლა.
ჩვენ ორმოცდაათ პოლიციელს ვყავდით მიზანში ამოღებული. ერთი ლაზერული იარაღი პირდაპირ ტაქსის მძღოლს უმიზნებდა. ჩვენ ხელები ავწიეთ და მანქანიდან გადასვლას ვცდილობდით. პოლიციელებმა ყვირილი დაგვიწყეს და იქიდან გაგვყარეს.
რესტორნიდან გამოდიოდა მამაკაცი, რომელსაც ყელზე ხელსახოცი ჰქონდა შემოხვეული, და სისხლი სდიოდა. არ ვიცი, დახმარებამ მიუსწრო, თუ უკვე გარდაიცვალა.
ჩვენ პატარა, გვერდითი ქუჩებით წამოვედით. იქიდან პოლიციამ Blackfriars-ის ხიდისკენ გაგვიშვა. ჩანდა, რომ ადამიანები მოაჯირს მიღმა იყურებოდნენ. შესაძლოა, ვინმე ხიდიდან გადახტა“.
დონალდ ტრამპმა ლონდონში მომხდარს გამოეხმაურა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნით, ქვეყანაში უცხოელების შესვლის აკრძალვისკენ მოუწოდა. აშშ-ის პრეზიდენტის ამ მოწოდებას სოციალური ქსელების მომხმარებელთა აქტიური კრიტიკა მოჰყვა. და ტრამპმა მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადა: „აშშ თქვენს გვერდითაა, მზადაა, დაეხმაროს ლონდონს და დიდ ბრიტანეთს, ღმერთი გფარავდეთ“.