ფრთხილი ურთიერთობები
ფაქტორები, რომლებმაც, შესაძლოა, ხელი შეუშალონ მსხვილი ერთობლივი პროექტების განხორციელებას:
1. ეკონომიკური სიტუაცია რუსეთში
რუსეთში ეკონომიკური კრიზისის გამო, რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებს არ გააჩნიათ აუცილებელი საინვესტიციო თანხები ირანის ეკონომიკაში ჩასადებად.
2. ირანის კანონმდებლობა
ირანის კანონმდებლობა სერიოზულად ზღუდავს უცხოური კაპიტალის არსებობას ნავთობისა და გაზის სფეროში, რომელიც საზოგადოებრივ სიმდიდრედ არის მიჩნეული.
3. ირანი ევროპისაკენ ისწრაფვის
თავის ენერგეტიკულ შესაძლებლობებს ირანი ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში იყენებს. იგი უფრო მეტად იქნება დაინტერესებული ევროპული კომპანიებით, ვიდრე რუსულით, რაც განამტკიცებს ირანის პოზიციას ევროპაში და დააჩქარებს მისთვის სანქციების მოხსნის პროცესს. გარდა ამისა, ევროპული კომპანიების მიზიდვა ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ სფეროში ახალი მაღალი ტექნოლოგიების დანერგვას.
4. რუსულ-ირანული თანამშრომლობის პრეცედენტი
90-იანი წლებიდან მოყოლებული 2006 წლის ჩათვლით რუსული ენერგეტიკული კომპანიების მხრიდან ირანულ ნავთობსა და გაზში ინვესტირების ყველა მცდელობა კრახით დასრულდა, და ეს პრეცედენტია.
5. ირანის პროტექციონიზმი
ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ირანს შორის დღეისათვის არავითარი პერსპექტივა არ არსებობს, ვინაიდან ირანი ატარებს ეკონომიკის პროტექციონიზმის პოლიტიკას. იგი ხელს უწყობს საკუთარ მეწარმესა და საკუთარ ბაზარს.
6. ისტორიული მეხსიერება
ირანში არ დავიწყებიათ არც მე-18 საუკუნის დასასრული, არც მე-19 საუკუნის პირველი მესამედი და არც მე-20 საუკუნის სხვადასხვა ეტაპი. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ირანელთა ცნობიერებაში ღრმად არის გამჯდარი რწმენა, რომ ‘გორ-ჩერნომირდინის შეთანხმების’ ფარგლებში, С-300-ის მიწოდების შესახებ კონტრაქტის დარღვევით რუსეთი მთლად კარგად ვერ მოიქცა და ა.შ. ამიტომ, ირანში რუსეთს აღიქვამენ, როგორც ქვეყანას, რომელსაც არ შეიძლება ენდო, ვინაიდან ნებისმიერ დროს შეიძლება გიღალატოს.
რამ შეიძლება შეცვალოს ვითარება:
1. ირანის გაწევრიანება ვმო-ში
ირანს შეუძლია გახდეს ვმო-ს სრულუფლებიანი წევრი. იგი, შესაძლოა, დაადგეს საკუთარი ეკონომიკური და სავაჭრო სისტემის ნაწილობრივი ლიბერალიზაციის გზას. ევრაზიული კავშირის პარტნიორი ირანი შეიძლება გახდეს არა რუსეთის, არამედ ამ კავშირის სხვა წევრი ქვეყნის, მაგალითად ყაზახეთის, პარტნიორი – სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გათვალისწინებით.
2. ‘აბრეშუმის გზა’
არსებობს რუსულ-ირანული თანამშრომლობის ურთიერთქმედების სხვა სპექტრი ჩინურ ეკონომიკურ პროექტის, ‘აბრეშუმის გზის’ რეალიზაციის ფარგლებში. აქ თანამშრომლობა ორი მიმართულებით განხორციელდება: თანამშრომლობა თეირანსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის და ირანის, ჩინეთისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მონაწილეობა ‘აბრეშუმის გზის’ შექმნის საერთო ფინანსური, სატრანსპორტო, ეკონომიკური პროგრამის განხორციელებაში.
3. გეოპოლიტიკური ინტერესაები
თუ ენერგეტიკულ სფეროში არსებობს ფაქტორები, რომლებიც ობიექტურად უშლის ხელს რუსეთისა და ირანის თანამშრომლობას, გეოპოლიტიკის მხრივ ამ ორ ქვეყანას შორის სრული თანხვედრაა ბევრ რეგიონულ საკითხთან (დიდი ახლო აღმოსავლეთი) დაკავშირებით.
4. თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში
უკანასკნელი თვეების განმავლობაში პოლიტიკური მოლაპარაკებები, მათ შორის ირანისათვის С-300-ის სისტემის მიწოდება, ხელს უწყობდა ქმედებათა კიდევ უფრო დიდ კოორდინაციას მოსკოვსა და თეირანს შორის უსაფრთხოების სფეროში. ორ ქვეყანას შორის არსებობს მთელი რიგი საერთო ინტერესებისა: გარღვევა ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ, რომელშიც რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ირანის იზოლაციიდან გამოსვლის მომავალი ეკონომიკური და პოლიტიკური პერსპექტივები, ასევე საკითხები, დაკავშირებული სირიასთან, ერაყთან და ‘ისლამურ სახელმწიფოსთან’.
5. სამხედრო თანამშრომლობა
მოსკოვსა და თეირანს შორის სერიოზული დაახლოვება მიმდინარეობს. ჩამოყალიბდა სიტუაციური სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი მოსკოვთან ირანის, ერაყისა და ასადის რეჟიმის მონაწილეობით. ამ ალიანსის ილუსტრირება გახდა მფრინავი რაკეტების გაშვება კასპიის ზღვის სამხრეთ აკვატორიიდან , რომლებმაც გადაიფრინეს ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გავლით.
სირიაში რუსეთის სამხედრო-საჰაერო მონაწილეობის ფორმატის გაფართოვება გარდაუვალი ხდება; და ვინიდან რუსული ავიაციისათვის აუცილებელია აეროდრომები, შესაძლოა, გამოიყენონ ირანისა და ერაყის აეროდრომები. გამორიცხული არ არის, აგრეთვე, სომხეთის ტერიტორიაზე განლაგებული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, რადიოსალოკაციო სადგურების ან კავშირგაბმულობის სისტემების გამოყენება.
რა გვაქვს მოცემულ ეტაპზე:
1. სიფრხილე
ირანისათვის სანქციების მოხსნა ამ ქვეყანას მრავალ შესაძლებლობას უხსნის სხვადასხვა სახელმწიფოსთან, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობისთვის. მაგრამ ირანი ჯერჯერობით რუსეთის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და სიფრთხილეს იჩენს თანამშრომლობაში. სავარაუდოდ, ირანი მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმებებზე წავა.
2. ინტერესთა კონფლიქტი
თითქოს სანქციების გაუქმება ირანისთვის, რომელიც ჯერ კიდევ რევოლუციამდელი რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენდა, რუსეთის ეროვნულ ინტერესებსაც უნდა პასუხობდეს. მაგრამ რუსეთს, თავის მხრივ, ვერ გაუხარდება ირანის გაძლიერება – მისი სახით რეგიონში მძლავრი კონკურენტი სახელმწიფოსა და მსოფლიო ბაზარზე გაზისა და ნავთობის ახალი მსხვილი მიმწოდებლის გამოჩენა.
3. კონკურენცია სამხრეთი კავკასიის რეგიონში
რუსულ-ირანული ერთობლივი პროექტები სამხრეთი კავკასიის რეგიონში ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან ორივე სახელმწიფოს ამ რეგიონში ერთი და იგივე მიზანი ამოძრავებს: გააძლიეროს თავისი ზეგავლენა და ყოფნა რეგიონში. იმ დროს, როდესაც ნატო თავის პოზიციებს ამყარებდა, როდესაც მტკიცდებოდა ამერიკული პოზიციები, რუსეთი და ირანი ერთგვარ არაფორმალურ, არასისტემატიზებულ კავშირში იმყოფებოდნენ. დღეს დასავლეთი უკან იხევს სამხრეთი კავკასიიდან, მათ შორის – აზერბაიჯანიდან, რომელც მრავალი წლის განმავლობაში მიიჩნეოდა დასავლური გათვლების დასაყრდენად. ამის გათვალისწინებით, კონკურენცია რუსეთსა და ირანს შორის იზრდება.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტის გათვალისწინებით, მსხვილი სერიოზული ერთობლივი პროექტების განხორციელება ნაკლებსავარაუდოა, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ამ ორი სახელმწიფოს თანამშრომლობის ზეგავლენა სამხრეთი კავკასიის რეგიონზე.
საექსპერტო მოსაზრებები გამოთქვეს: სომხეთის საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის დირექტორმა, ირანისტმა სევაკ სარუხანიანმა და კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, პოლიტოლოგმა, სერგეი მინასიანმა.