ფაშიზმის წინააღმდეგ მსვლელობის მონაწილეებს თბილისში კვერცხები და ცოცხები დაუშინეს
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ მსვლელობაზე დემონსტრანტებს კვერცხები, ცოცხები, ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს.
“ევროპული საქართველოს” მიერ ორგანიზებული მსვლელობა ფაშიზმის წინააღმდეგ, იყო პასუხი 14 ივლისს თბილისში გამართული “ქართველთა მარშისა”. შეგახსენებთ, რომ “ქართველთა მარშის” ნაციონალისტურად განწყობილი ორგანიზატორები ხელისუფლებისგან არალეგალი ემიგრანტების ქვეყნიდან გაძევებას ითხოვდნენ და ქსენოფობიური ლოზუნგებით გამოდიოდნენ.
“ევროპული საქართველოს” წევრების გარდა, გუშინდელ მსვლელობაში რამდენიმე სხვა ოპოზიციური პარტიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ასევე ის მოქალაქეები მონაწილეობდნენ, რომლებიც არ იზიარებენ “ქართველთა მარშის” იდეას.
“არა რუსულ ფაშიზმს” – ეს იყო გუშინდელი აქციის მთავარი ლოზუნგი. „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, “ქართველთა მარში” რუსული პროექტია და საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვას ემსახურება. მათივე განცხადებით, “ქართველთა მარშის” წარმომადგენლებს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა მფარველობს.
„საქართველოში რუსულმა პროპაგანდამ მიიღო საგანგაშო ფორმა და ის, რასაც ვხედავთ, აგრესია, ძალადობა, ნამდვილი ქართული ტრადიციების ფეხ-ქვეშ გათელვა, განსხვავებული აზრის მიუღებლობა, ქსენოფობია – ეს არის ყველაფერი რუსული პროპაგანდის გამოვლინება და ეს არის ის ყველაფერი, რაც საქართველოს უხურვასევროპული მომავლის კარს. ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ საქართველოში, ქართული ტრადიციების სახელით გაიმარჯვოს იმ რუსულმა პროპაგანდამ, რომელიც სინამდვილეში ებრძვის მთავარ ქართულ ტრადიციებს,“ – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
გუშინდელ მსვლელობას ინცინდენტების გარეშე არ ჩაუვლია. “ქართველთა მარშის” ორგანიზატორებმა იქვე კონტაქციის ჩატარება გადაწყვიტეს და აღმაშენებლის გამზირთან შეიკრიბნენ. ისინი ფაშიზმის წინააღმდეგ მსვლელობის მონაწილეებთან მიახლოებას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად გუშინ აღმაშენებელზე ასობით სამართალდამცავი იყო მობილიზებული.
მსვლელობის დროს „ევროპული საქართველოს“ და „ქართველთა მარშის“ მომხრეთა შორის მაინც მოხდა დაპირისპირება. “ქართველთა მარშის” წევრები “ევროპული საქართველოს“ მსვლელობის მონაწილეების მიმართულებით კვერცხებს, წყლით სავსე ბოთლებსა და ცოცხებს ისროდნენ.
საღამოს რვა საათზე დაწყებული აქცია ათი საათისთვის დაიშალა. “ქართველთა მარშის” ორგანიზატორები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდნენ, რომ უფრო ფართომასშტაბიან აქციაზე და “ევროპული საქართველოს” მსვლელობის მონაწილეებთან დაპირისპირებაზე მხოლოდ იმიტომ თქვეს უარი, რომ ასეთი იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის თხოვნა.
- “ევროპული საქართველო” არის ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელიც წლის დასაწყისში ყოფილი მმართველი გუნდის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაშლის შემდეგ შეიქმნა. ამ პარტიის ლიდერები ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელები – დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა არიან.”ევროპული საქართველოს” მიერ ორგანიზებული აქცია:
“ქართველთა მარშის” წარმომადგენელთა შეკრება: