უნგრეთში ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული უნივერსიტეტის დახურვას აპირებენ
გაზიარება
გაზიარება
უნგრეთის ხელისუფლებამ ქვეყნის საზღვრებს გარეთ დარეგისტრირებულ უმაღლეს სასწავლებლებზე კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.
დარტყმის ქვეშ, პირველ რიგში, შეიძლება მოხვდეს ცნობილი ცენტრალურ-ევროპული უნივერსიტეტი, სადაც სოროსის ფონდის მხარდაჭერით, სხვადასხვა ხარისხის პრესტიჟული დიპლომები აქვს მიღებული ასობით ახალგაზრდას, მათ შორის, კავკასიის რეგიონის წარმომადგენლებისთვის.
ცენტრალურ-ევროპული უნივერსიტეტი ბუდაპეშტში ადგილობრივი ინტელიგენციის ჯგუფის მიერ, ჯორჯ სოროსის მხარდაჭერით 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მალევე დაარსდა. უნივერსიტეტი უნდა გამხდარიყო და გახდა კიდეც ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობდა დემოკრატიული საზოგადოების განვითრებას, და ევროპულ ცოდნასა და ფასეულობებს შეიტანდა ყოფილი საბჭოთა კავშირის, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში.
უნივერსიტეტი დარეგისტრირებულია აშშ-ში, თუმცა მას უნგრული რეგისტრაციაც აქვს.
ამ უნიკალური სასწავლო ცენტრის დახურვის შესახებ სახელმწიფოს გეგმების წინააღმდეგ საპროტესტო წერილით გამოვიდა მისი რექტორი მაიკლ იგნატიევი.
„უნგრეთის ხელისუფლება ამუშავებს კანონს, რომელიც პირდაპირ ემუქრება დამოუკიდებელი ცენტრალურ-ევროპული უნივერსიტეტის არსებობას. იმის მტკიცება, რომ ჩვენმა პროგრამებმა აკრედიტაცია ვერ გაიარა, სიცრუეა; როგორც ის, რომ თითქოს ჩვენ რეგისტრაციის ვადები ვერ დავიცავით“, – ნათქვამია რექტორის ღია წერილში.
მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში გაიგზავნა, მთლიანობაში დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს იდეა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ეკუთვნის და 2018 წლის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მისი პოზიციების გამყარების მცდელობას უკავშირდება.
უნგრეთის პრემიერის პოლიტიკური აქტივი:
[yes_list]
ის აქტიურად ეწინააღმდეგება აშშ-სა და ევროკავშირის მიერ უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ შემოღებულ სანქციებს;
არაევროპული ქვეყნებიდან ევროპაში მიგრაციის წინააღმდეგია;
ხალისით დაუჭირა მხარი აშშ-ს ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლას;
ადგილობრივი ლიბერალული პოლიტოლოგების შეფასებების მიხედვით, ვიქტორ ორბანმა და მისმა პარტია „ფიდესმა“, რომელიც ხელისუფლებაში 2010 წლიდან იმყოფება, უნგრეთში ააშენეს „მაფიოზური სახელმწიფო“ , რომელშიც ხელისუფლების ყველა ბერკეტს მხოლოდ პატიასთან და თავად ორბანთან დაკავშირებული ჯგუფი ფლობს.