ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის რადას ლუსტრაციის ახალი კანონპროექტი შესთავაზა
გაზიარება
გაზიარება
REUTERS/Hannibal Hanschke
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლითაც ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, ასევე მინისტრთა კაბინეტისა და უწყებების იმ წევრთა მიმართ, რომლებიც მისი პრეზიდენტობის დროს თანამდებობებზე მუშაობდნენ, ლუსტრაციის კანონის გაფართოებას სთავაზობს.
როგორც „ჰრომადსკოე“ იუწყება, პრეზიდენტის გუნდმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელშიც შეთავაზებულია გავრცელდეს კანონის მოქმედება იმ მაღალჩინოსნებისგან და დეპუტატებისგან ხელისუფლების გაწმენდის შესახებ, რომლებიც 2014 წლის 23 თებერვლიდან 2019 წლის19 მაისამდე – ანუ ზელენსკის ინაუგურაციამდე იკავებდნენ თანამდებობებს.
„ყოველდღიური თავსატეხი გამიჩნდა – თუ რა მოვუხერხო მათ (ჩინოვნიკებს). იქნებ ყველა მათგანი ჩვენს ტყვეებში გაგვეცვალა? ან ის უვარგისი ჯავშანეჟილეტები ხომ არ დავურიგოთ, რომლებიც მათ შეისყიდეს და ფრონტის წინა ხაზზე გავგზავნოთ? ვფიქრობ, ყველაზე მცირედი რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია – მათთვის ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობის ყველანაირი შესაძლებლობის ჩამორთმევაა“, –დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
კანონი ხელისუფლების გაწმენდის (ლუსტრაციის) შესახებ უკრაინაში 2014 წელს ხელისუფლების შეცვლისთანავე, ევრომაიდანის გამარჯვების შემდეგ მიიღეს. კანონი ითვალისწინებს ძალაში შესვლის დღიდან ათი წლის განმავლობაში გარკვეული თანამდებობების დაკავების ავტომატურ აკრძალვას იმ პირებისთვის, რომლებიც 2010 წლის 25 თებერვლიდან 2014 წლის 22 თებერვლამდე (ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს) პერიოდში, ერთ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გარკვეულ სახელმწიფო თანამდებობებს იკავებდნენ, ან ევრომაიდანის წინააღმდეგ რაიმე ქმედებებს ახორციელებდნენ.
2019 წლის 21 აპრილს უკრაინის საპრეზიდენტოს არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა კომედიურმა მსახიობმა ვლადიმირ ზელენსკიმ, რომელმაც ხმათა 73 პროცენტი მოიპოვა. მისმა მეტოქემ, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ (რომელიც 2014 წელს აირჩიეს), ხმათა 25% მიიღო.
ზელენსკის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მან ლუსტრაციის კანონი თავად დაარღვია, როდესაც თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა ანდრეი ბოგდანი, რომელიც პრეზიდენტ იანუკოვიჩის დროს სახელმწიფო თანამდებობას იკავებდა. თუმცა, პრეზიდენტის გუნდში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სახელმწიფო ჩინოვნიკი არ არის, შესაბამისად, კანონი ლუსტრაციის შესახებ მას არ ეხება.