უკრაინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 მაისს შედგება
უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია ორშაბათს, 20 მაისს შედგება. როგორც ჰრომადსკოე იუწყება, ამის შესახებ გადაწყვეტილება უმაღლესმა რადამ მიიღო.
მანამდე დეპუტატებმა უარყვეს ინაუგურაციის კვირას, 19 მაისს დანიშვნის წინადადება, რასაც თავად ახლად არჩეული პრეზიდენტი სთავაზობდა. მისმა მომხრეებმა რადას წინ საპროტესტო აქცია გამართეს, და ინაუგურაციის ამ თარიღისთვის დანიშვნას მოითხოვდნენ.
ვლადიმირ ზელენსკის შტაბმა პარლამენტის გადაწყვეტილებაზე კრიტიკული რეაგირება მოახდინა. როგორც პოლიტიკურ საკითხებში ზელენსკი მრჩეველმა დმიტრი რაზუმკოვმა განაცხადა, „სახალხო დეპუტატების ნაწილმა ყველანაირი გზით წასვლა ამჯობინა, ოღონდაც ქვეყნის პრეზიდენტისა და არჩევნებში მისი მხარდამჭერი დეპუტატების წინადადებისთვის მხარი არ დაეჭირათ“.
• უკრაინელები ხელისუფლებას ეხუმრნენ
რაზუმკოვმა აღნიშნა, რომ ინაუგურაციის თარიღის ორშაბათს დანიშვნით დეპუტატებმა უცხოელი სტუმრების მოწვევას პრობლემა შეუქმნეს, რადგან საერთაშორისო დელეგაციებისთვის გაცილებით მოსახერხებელი იქნებოდა უქმე დღეზე აწყობა და საკუთარი გრაფიკების კორექტირება. გარდა ამისა, რაზუმკოვი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა, ინაუგურაციის არა- უქმე დღეს, არამედ კვირის პირველ სამუშაო დღეს დანიშვნით კიევის მოსახლეობასაც უზარმაზარი დისკომფორტი შეუქმნა.
როგორც უკრაინაში ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, ზელენსკისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ინაუგურაციის 27 მაისამდე დანიშვნა – ამ თარიღის შემდეგ მას უმაღლესი რადას დათხოვნის საშუალება აღარ ექნება, რადგან მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე ექვსი თვე დარჩება. ზელენსკის პარლამენტის ახლანდელ შემადგენლობაში მომხრეები არ ჰყავს და მას ალბათ მისთვის საჭირო კანონების მიღების მიღწევა გაუჭირდება. თუმცა, თავად არჩეულ პრეზიდენტს ჯერჯერობით პარლამენტის დათხოვნის სურვილი არ გამოუთქვამს.
როგორ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში
ვლადიმირ ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით 21 აპრილს აირჩიეს. მან ამომრჩევლების ხმათა 73 პროცენტი მიიღო, მისმა ოპონენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი – 24 პროცენტზე ოდნავ მეტი.
41 წლის შოუმენმა, მსახიობმა და კომიკოსმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში სახელი გაითქვა, როგორც სერიალ „ხალხის მსახურის“ მთავარი როლის (პრეზიდენტის) შემსრულებელმა. ის მანამდე პოლიტიკურ ცხოვრებში არასდროს მონაწილეობდა და სახელმწიფო სამსახურში არ უმუშავია.
2019 წლის იანვარში გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც იმის დამადასტურებელ ფაქტებს შეიცავდა, რომ ზელენსკი რუსეთში ორ კომპანიას ფლობს. მაგრამ, რა უცნაურიც უნდა იყოს, ამ ინფორმაციამ, სოციოლოგების აზრით, ზელენსკის სასარგებლოდ იმუშავა.
ამ კანდიდატის მთავარი ლოზუნგებია – კორუფციასა და ოლიგარქებთან ბრძოლა, და მოლაპარაკებების გზითა და საერთაშორისო ჩართულობით რუსეთთან ურთერთობის მოგვარება.
მისი მაღალი რეიტინგის მიზეზად ქვეყანაში არსებულ საპროტესტო განწყობებსა და პოლიტიკაში ახალ ადამიანებზე მოთხოვნას ასახელებენ. ვლადიმირ ზელენსკი, პირველ რიგში, ახალგაზრდებისა და უკრაინის რუსულენოვანი ოლქების მცხოვრებელთა მხარდაჭერით სარგებლობს.
ყოფილი პრეზიდენტი 52 წლის პეტრო პოროშენკო – უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. მისი შემოსავლსი წყაროს საკონდიტრო ნაწარმის ბიზნესი წარმოადგენს.
2019 წლის თებერვალში Bihus. Info-ს ჟურნალისტებმა თავდაცვით კომპლექსში არსებული კორუფციული სქემა გახსნეს. ამ სქემაში პრეზიდენტის უახლოესი მეგობრის – ეროვნული უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის მდივნის ოლეგ გლადკოვსკის ვაჟია გარეული. პოროშენკომ გლადკოვსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა და „რეზონანსული პუბლიკაციების“ გამოძიებისკენ მოუწოდა.
პოროშენკოს კამპანია იმაზე იყო აგებული, რომ მის ხელში ჯარის უსაფრთხოება გამყარდა, ხელი მოეწერა ევროკავშირთან უვიზო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი ავტონომია მოიპოვა.
პოროშენკოს მოწინააღმდეგეები მას ძირითადად კორუფციის დამარცხების უუნარობაში ადანაშაულებენ.