ტურისტების დაუჯერებელი თავგადასავლები საქართველოში
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობა სტაბილურად იზრდება. მხოლოდ მაისში ჩვენთან 522 ათასზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა. ტურიზმის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ ეს მაჩვენებელი 15 პროცენტით მეტია ერთი წლის წინანდელზე. წელს მხოლოდ ორი კვარტალის განმავლობაში 2 მილიონზე მეტი უცხოელი გვესტუმრა.
თუკი ამ ყველაფერს ფულად მაჩვენებლებში გადავიყვანთ, გამოვა, რომ საქართველოში საერთაშორისო ტურისტებმა მხოლოდ წელს თითქმის 2 მილიარდი დოლარი ჩამოიტანეს.
ის, რომ საქართველოში ბევრი ტურისტია, შეუარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს; განსაკუთრებით ჩემთვის – მე ხომ თბილისის ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრატორად ვმუშაობ. ყოველდღე ათობით ადამიანს ვხედავ. ბევრი მათგანი პირველად ჩამოდის საქართველოში. ჩვენი სტუმრების ასობით შეკითხვას ვპასუხობ და ზოგჯერ თავადაც ვსვამ ხოლმე კითხვებს ჩემთვის საინტერესო საკითხებზე. ზოგჯერ კი თვითონვე მიყვებიან ყველაფერს.
მაგალითად, ყატარელმა ახალგაზრდა კაცმა, ალამ მოჰამედმა საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ნავთობის ბიზნესი, სამწუხაროდ, ისეთი მოგებიანი აღარაა, როგორიც ადრე.
“ნავთობის მარაგები ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო,” – ამოიოხრა ალამმა და “რისეფშენში” მდგარ დახლს დაეყრდნო.
ვფიქრობ, ნავთობის ფასების გლობალური დაცემის გამო, ალამმა გადაწყვიტა, ქამრების შემოჭერის პოლიტიკისთვის მიემართა და ტურისტული ვიზიტი საქმიან მივლინებას დაამთხვია.
“მე და მამაჩემს გვსურს, რომ ფული, ნავთობის გარდა, სხვა სფეროშიც ჩავდოთ. იმისთვის ჩამოვედით, რომ მიწის ნაკვეთი შევარჩიოთ და ვიყიდოთ. ალბათ, სასტუმროს ავაშენებთ საქართველოში,” – გულწრფელად მიზიარებს თავის გეგმებს ალამი.
როგორც სტატისტიკური მონაცემებით, ისე დაკვირვებით, აშკარაა, რომ ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოში თურქეთიდან ჩამოდის. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, რომელსაც მოსდევს სომხეთი. მომდევნო ადგილებს კი რუსეთი და უკრაინა იყოფენ.
ჩემი მორიგი თანამოსაბრე მოსკოველი იგორ სმირნოვია. ისიც ცდილობს, რომ სასიამოვნო სასარგებლოს შეუთავსოს. მისი ხანმოკლე შვებულება მივლინების გაგრძელებაა.
ვარაუდობდა, რომ მივლინების შემდეგ მშვიდად დაისვენებდა – ისეირნებდა, ლამაზ ადგილებს დაათვალიერებდა და თან ღვინოს მოწრუპავდა. საქართველოში ჩამოსვლისას კი აღმოაჩინა, რომ ექსტრემალური დასვენების ზონაში მოხვდა.
“შოკში ვარ აქაური საგზაო მოძრაობით, – გაცნობისთანავე, მისალმების ნაცვლად მომახალა იგორმა, – ასეთი რამ სხვაგან არ მინახავს.”
ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მასზე მოახდინა არა მთებმა, სუფრამ, ან პოლიფონიამ, არამედ იმან, რომ ქართულ გზებზე რაღაც ძალიან უცნაური წესები მოქმედებს, რომლებსაც უცხოელი ვერაფრით მიხვდება.
“ყველა განსაკუთრებულად ემოციურია, ყველა ასიგნალებს, ყველა დარწმუნებულია, რომ სიმართლე მის მხარესაა და მზადაა, ეს სიმართლე კბილებით დაიცვას.”
თუმცა, საქართველოში მანქანებთან დაკავშრებული ყველა გამოცდილება ნეგატიური არ არის. აი, მაგალითად, კიდევ ერთი მოსკოველი, სახელად ანატოლი, ძალიან გაოცდა, როდესაც ვუპასუხე მის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა ქუჩაში პარკირება. ანატოლი სასიამოვნოდ გაოცდა.
“რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და გასაოცარია, რომ საქართველოში აღარც კი ახსოვთ, რომ ღამით ქუჩაში დატოვებული მანქანა შეიძლება გაიძარცვოს. აქ ასეთი რამ უბრალოდ არ ხდება, მაგრამ ჩამოსულისათვის ეს ძალიან უცნაურია.”
გმადლობ კეთილი სიტყვებისთვის, ანატოლი.
ჩემი სხვა სტუმრის, საუდის არაბეთიდან ჩამოსული ჰოსამ ელ მასრის ნაამბობმა კი თმის ძირებამდე გამაწითლა. ყველაფერი კი ასე მოხდა.
ჰოსამმა მთხოვა, რომ ტაქსი გამომეძახებინა, და როდესაც მანქანა მოვიდოდა, მძღოლისთვის გადამეხადა. მექანიკურად გამოვართვი ფული და შემდეგ დავხედე იმას, რაც ჩემმა სტუმარმა გამომიწოდა – ხელში სამი ახალი ასლარიანი (ანუ დაახლოებით 130 დოლარი) მეჭირა. მგზავრობა, სულ ცოტა, ათჯერ უფრო ნაკლები უნდა ღირდეს.
ჰოსამი აშკარად ვერ მიხვდა ჩემი გაოცების მიზეზს – რადგან, სწორედ ამდენი მოსთხოვა ტაქსის მძღოლმა აერპორტიდან სასტუმრომდე მოყვანის სანაცვლოდ.
ეჰ, მაპატიე, ჰოსამ, ჩვენ შორის თაღლითებიც მოიძებნებიან.
ძალიან მიხარია ხოლმე, როდესაც საქართველოში მოგზაურობით მიღებლი სიამოვნება აშკარაა და ეჭვს არ იწვევს. ასეთ შემთხვევებში, ჩემს სტუმრებს თვალები უბრწყინავთ, და ამბობენ, რომ აუცილებლად ჩამოვლენ კიდევ. სხვათა შორის, ბევრი მართლაც ჩამოდის – ზოგჯერ იმავე სეზონზეც კი. ზოგიერთი იმდენად იხიბლება, რომ ქართულის ენის სწავლას იწყებს. ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები მათ და სიამოვნებით გავესაუბრები ქართულად.