აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე დღეს მოაწერს ხელს ბრძანებულებებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რიგი ქვეყნების მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას შეზღუდავს. ამის შესახებ Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოების ცნობით, ტრამპი აპირებს, დროებით აკრძალოს ლტოლვილების მიღება, ასევე ერაყის, ირანის,ლიბიის , სუდანის და იემენის მოქალაქეების (მათ შორის ზოგიერთი ვიზის მქონეს) ქვეყანაში შესვლა შეზღუდოს.
სააგენტოების ცნობით, შეზღუდვებს რამდენიმეთვიანი ვადით შემოიღებენ.
ინფორმაცია ასევე დაადასტურეს ტელეკომპანია CNN-ის წყაროებმაც. ამ მონაცემებით, ბრძანებულებების ხელმოწერა – იმიგრაციის სფეროში კანონმდებლობის გადახედვის „მრავალდღიანი“ კამპანიის მხოლოდ დასაწყისია.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა არაერთი მკვეთრი განცხადება გააკეთა მუსლიმებისა და არალეგალური იმიგრაციის თაობაზე და ამომრჩეველს დაპირდა, რომ არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში, სრულად შეაჩერებდა იმიგრაციას იმ რეგიონებიდან, საიდანაც აშშ-სთვის, ევროპისა და მათი მოკავშირეებისთვის ტერორიზმის საფრთხე მოდის.
ამავდროულად, როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის მიგრაციის საკითხების ექსპერტმა ხიროში მიტომურამ Reuters-თან საუბარში განაცხადა, ხსენებული აკრძალვის შემოღება, შესაძლოა, იურიდიულ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული. მისი თქმით, ყველა ამ ხსენებულ ქვეყანაში მუსლიმური მოსახლეობა ჭარბობს და მოცემული ბრძანებულებები, რომლებიც გარკვეულ რელიგიის წარმომადგენლების დიკრიმინაციას ახდენს, შესაძლოა, ანტიკონსტიტუციურად შეფასდეს.